ანალური ვექტორის გარეგნული იერსახე

ანალური ვექტორის მქონე ადამიანის (განსაკუთრებით ერთვექტორიანის) ამოცნობა ადვილია. აქვთ ფართე სახე, ხშირად განიერი ყბები, დიდი, ზოგჯერ ორად გაყოფილი „ნებისყოფიანი“ ნიკაპი. არიან ძვალმსხვილები, ჯმუხები, სრულები, ხშირად ჭარბწონიანებიც. აქვთ მოკლე, ოდნავ მოღუნული ფეხები (თუ კანის ვექტორი არ ერთვის), რომლებიც ერთი შეხედვით მძლავრები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში მათი ფეხები სუსტია და ვერ უძლებს მძიმე დატვირთვას. მათი სიარული „ბაჯბაჯს“ მოგაგონებთ. დადიან ხვნეშით, თითქოს სხეულის ტარება უჭირთო. არ ეხერხებათ ცეკვა (თუ კანი არ ერთვის) და მათი ცეკვა ასევე დათვის მოუხეშავ მოძრაობებს მოგაგონებთ. სამაგიეროდ აქვთ მძლავრი და ენერგიული ხელები. „ოქროს ხელები“ სწორედ ანალების ხელებია.
ანალური ვექტორის ფუძე წარსულია. შესაბამისად ისინი წარსულის ადამიანები არიან და უყვართ ყველაფერი ტრდიციული. მათ შორის ჩაცმულობაც, წვერ-ულვაშის ტარების სტილიც (მამაკაცებში) და ვარცხნილობაც (ქალებში). მამაკაცები წვერს ატარებენ არა მოდურად (ვიზუალებივით), არამედ უფრო ტრადიციულად, როგორც მამა-პაპები ატარებდნენ. ამით ხაზს უსვამენ თავიანთ მამაკაცურობას და ასაკს (ანალური ვექტორის წარმოდგენებში მამაკაცი ცალსახად დომინანტია, განსაკუთრებით ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში, ასაკი კი შესაბამისად ანალური ავტორიტეტულობის მაჩვენებელია). თუ თან ახლავს ვიზუალური ვექტორი, წვერის ტარებას ემატება გარკვეული მოდურობა და სილამაზე (კარგად მოვლილი და გაკრეჭილი, ან ორიგინალური სტილის წვერ-ულვაში). ხშირად მელოტდებიან (როგორც წესი გამელოტება ეწყებათ თხემის მიდამოდან), და სიმელოტის დასაფარავად თმას ხშირად საერთოდ იპარსავენ. ასევე უყვართ ქუდის ტარება. ქალებს უყვართ უკან გაშვებული ან თავზე შემოხვეული ნაწნავი (კოსა). ხშირად, გარკვეულ ნაციონალურ თუ რელიგიურ ტრადიციათა შემთხვევებში, და განსაკუთრებით ხანშიშესულ ასაკში, ხმარობენ თავსაბურავს.
მათი ჩაცმულობა გამოირჩევა მორიდებულობით და აკურატულობით. არ აქვთ პრეტენზია ბრწყინვალებაზე, მოდურობაზე და ორიგინალურობაზე (თუ ვიზუალი არ ერთვის). არამედ აცვიათ უფრო მეტად ის, რაც „არ ძველდება“. არ უყვართ სამკაულები, განსაკუთრებით იაფფასიანი. ურჩევნიათ ერთი ოქროს ჯაჭვი ან ყელსაბამი გაიკეთონ, ისიც მაშინ, თუ თეატრში მიდიან, ან სტუმრად. მხოლოდ ახალგაზრდულმა ასაკმა შეიძლება შეიტანოს ამაში კორექტირება, მაგრამ აკურატულობა აქაც უცვლელია. უყვართ ყველაფერი კლასიკური, შესაბამისად ჩაცმის სტილიც. აცვიათ იდეალურად სუფთა, იდეალურად დაუთოვებული ტანსაცმელი (თუ სტრესში არ არიან). უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური მასალისგან შეკერილ ტანსაცმელს. მეტ აქცენტს აკეთებენ ხარისხზე. განსაკუთრებით საგულდაგულოდ არჩევენ ფეხსაცმელს. უყვართ თბილი და მასიური (ხშირად ტყავის, ყავისფერი, ან შავი) ფეხსაცმელი. ყიდულობენ ისე, რომ მინიმუმ 2 წელი გაუძლოთ (გამომდინარე იქიდან, რომ ფეხები ანალებს სუსტი აქვთ, და ამით უფრო მეტად დაცულად გრძნობენ თავს). ფატალურად უყვართ ფეხსაცმლის გასუფთავება. ბინძური ფეხსაცმლით არასოდეს გამოვლენ სახლიდან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანალური ვექტორი ბინძურ მდგომარეობაშია).
უყვართ ყავისფერი და ფერფლისფერი. ხშირად ატარებენ ძველებურ ყავისფერ ჩემოდნებს ან კვადრატულ ტყავის პორტფელებს. ანალური ადამიანის ფსიქიკა მოითხოვს დიდ მოცულობას. თავის საცხოვრებელ სივრცეს ისინი ასევე მასიური დეტალებით აფორმებენ, რომლებთანაც მიჯაჭვულნი არიან მთელი ცხოვრების მანძილზე – საყვარელი ტყავის სავარძელი, საყვარელი მასიური და თბილი ჩუსტები, საყვარელი საათი (მამისგან სახსოვრად დატოვებული). უყვართ რაც შეიძლება დიდი ზომის მანქანები (ჯიპები).
ანალის ვექტორიანებს განსაკუთრებით უყვართ ბუხარი. პირველყოფილ ჯოგში მათი ერთ-ერთი ფუნქცია ცეცხლის კერის დაცვაც იყო. ლაშქრობებშიც კი, მათ განსაკუთრებით უყვართ ცეცხლის გაჩაღება და მისთვის თვალ-ყურის დევნება (ზოგადად ანალებს ლაშქრობები და შორეული მოგზაურობები არ უყვართ, თუ კანის ვექტორიც არ ერთვის, ან თუ საქმე არ ეხება რომელიმე ისტორიული ძეგლის მონახულებას).
ანალის ვექტორიანების ფუნქციაა ასევე მასწავლებლობა (წარსული ინფორმაციის მომავალი თაობისთვის გადაცემა), ამიტომ მათ ჟესტებში ხშირია საჩვენებელი თითის დამრიგებლური მოძრაობები. არა მკვეთრი და ამკრძალავი (როგორც კანებში), არამედ დინჯი და დამრიგებლური. ასევე ახასიათებთ მუქარა, და დამუქრების მანიშნებელი ჟესტიკულაცია (ხშირად მუშტით მუქარა, ან გულში მჯიღის ცემა).
იდეალურ შემთხვევებში მათ არ უყვართ ბილწსიტყვაობა და უცენზურობა, და იუმორთანაც მწყრლად არიან (თუ ორალი არ ერთვის) მაგრამ სტრესის შემთხვევაში ხშირად ხმარობენ წელსქვემოთა იუმორს. არ უყვართ ტყუილები (თუ ორალი არ ერთვის) და თვალშისაცემია მათი ხშირად გადაჭარბებული გულწრფელობა და პატიოსნება. არიან მორცხვები და გაუბედავები (თუ ორალი არ ერთვის). ხშირად იყენებენ მოსაფერებელ სიტყვებს: „შვილიკო“, „გიორგუნა“… მამაკაცებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთთვის საყვარელი ქალების მოფერებით ცხოველებთან შედარება: „ფისუნია“, „გოჭუნია“… ამით ხაზს უსვამენ (ქვეცნობირად), რომ ხარისხით ქალი მამაკაცზე დაბლა დგას (ერთვექტორიანი ანალისთვის მამაკაცი უპირობოდ დომინანტია). მსგავს მოფერებით სიტყვებს ვიზუალებიც იყენებენ, და ამ შემთხვევაში ქვეცნობიერი მოტივი შედარებით განსხვავებულია.
მათ სახლში ხშირად ნახავთ სხვადასხვა სახის კოლექციებს (წიგნების, მარკების, საათების, პეპლების და ა.შ.) მათი ჰობია თევზაობა, ნადირობა (თუ კანიც ერთვის). სპორტი დიდად არ იზიდავთ (გარდა კრივისა), მაგრამ კანის ვექტორთან კომბინაციაში უპირატესობას ანიჭებენ ველოსიპედს, ნიჩბოსნობას, მკლავჭიდს, კრივს, ჭიდაობას და რაგბს (უმეტესად ისეთ სახეობებს, რომლებიც ძალას და გამძლეობას მოითხოვს).
ანალური ვექტორის მქონე ადამიანებს ძალიან უყვართ ტუალეტში დიდხანს ჯდომა. ეს მათთვის ერთგვარი სტრესის მოხსნის და განტვირთვის საშუალებაა, და ვერ იტანენ, როცა აჩქარებენ (დაჩქარებას ანალები ვერაფერში ვერ იტანენ).
უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ და ფოლკლორულ, ან უბრალოდ ძველ და დროით გამოცდილ პოპ მუსიკას, ხოლო სმენასთან ერთად მძიმე როკს, ბლუზს და კლასიკას. უყვართ მუსიკის ჟანრის ამოჩემება, და მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ ნოსტალგია იმ მუსიკაზე, რომელიც ბავშობაში და ახალგაზრდობაში უყვარდათ. თუ ავტორიტეტულმა პირმა არ ურჩია, რაიმე ახალ ალბომს და მათთვის უცნობ ჟანრს არ მოუსმენენ (თუ სმენა არ ერთვის).
სხვადასხვა ანალური სტრესების გამოვლინებებია: ენაბლუობა, მუდმივად უკმაყოფილო და ნაწყენი სახე ქვემოთ დაშვებული ტუჩის კუთხეებით (რაღაცით ბულდოგს ჰგვანან), შეკრული კოპები. საუბრისას უყვართ მეტისმეტად ჩაკირკიტება და „ტვინის ბურღვა“. ინტერნეტ-ტროლინგი და ყველაფრის გასვრისკენ მიდრეკილება სწორედ დასტრესილი ანალური ვექტორის გამოვლინებაა (როგორც წესი ორალთან კომბინაციაში). თანაც, თუ კარგი განვითარების შემთხვევაში არგუმენტირებულად მსჯელობს, განუვითარებლობის ან სტრესის შემთხვევაში პირიქით, სრულიად უარგუმენტო და უსაფუძვლო კრიტიკას მიმართავს (და რა თქმა უნდა თვითონ ჰგონია, რომ აქვს ამის საფუძველი). ხშირად აქვთ აუდიტორიის წინ, ან ტელევიზიით საჯაროდ გამოსვლის კომპლექსი.
ძლიერ სტრესზე რეაგირებენ გაშეშებით, ანალური უძრაობით (სტუპორით). სტრესისას ხშირად უზიანდებათ მომნელებელი სისტემა, ემართებათ დიარეა, ზოგჯერ კი ყაბზობა (შეკრულობა). თუ აწყენინეს, უჩნდებათ საპასუხო რეაგირების (შურისძიების) გადაულახავი სურვილი, რაც პირველ რიგში გამოიხატება სიტყვიერი მუქარით, შემდეგ კი მოქმედებით.
ანალების დამახასიათებელი მოძრაობაა – ხელების ფშვნეტა და სრესვა (თუ ამ ჟესტს მეტისმეტი ჩაციებით ხმარობს, ეს შესაძლოა პედოფილური გადახრისაკენ მიანიშნებდეს), ისე, თითქოს ხელებს საპნით იბანენ (საპნით ხელების ხშირად დაბანა ასევე ანალების მახასიათებელია).
მათი კომფორტის ზონა უფრო მეტად სოფელია, ვიდრე ქალაქი. მიჯაჭვულნი არიან თავიანთ მშობლიურ კერაზე, ან განსაკუთრებით იმ სახლზე, რომელიც თვითონ ააშენეს.
სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა გამოიხატება ძირითადად ნათესავებთან, ახლობლებთან და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობით. „ფრენდ-ლისტს“ აგროვებს ხარისხობრივად, და არა რაოდენობრივად. შესაბამისად მათი მეგობრების სია მცირეა (თუ არ ერთვის სმენის, ან კანის ვექტორი).