ანალური ფსიქოტიპის დამოკიდებულება ტყუილთან

ანალის ვექტორიანს ისიც ძალიან აღიზიანებს თუ სადმე ტყუილს, ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს აწყდება. ყველაფერს თავისი ფუნქციიდან გამომდინარე აღიქვამს. არავითარი შელამაზება, არავითარი გაზვიადება, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ინფორმაციის დამახინჯებას ნიშნავს. ერთვექტორიან ანალებს საერთოდ არ შეუძლიათ რაღაც ტყუილი მოიგონონ, არ შეუძლიათ სიტყვებით ითამაშონ. ანალის ვექტორიანები მოუქნელები არიან ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც, ყველაფერი რაც კი ფსიქიკაშია გამოვლინებას პოულობს ფიზიკურ სხეულზე და პირიქით.

ერთვექტორიან ანალებს არ შეუძლიათ ვინმეს ქრთამი მისცენ, ან თავად აიღონ. თუ ვინმე რაღაცის სანაცვლოდ ქრთამს მოთხოვს, თავად ქრთამს ვერ იძლევიან, მაგრამ თუ ვინმე ,,საქმეს ჩაუწყობს“ და ეტყვის, რომ ყველაფერი მოგვარებულია, შენ მხოლოდ ამა და ამ ადამიანთან მიხვალ და ფულს მისცემო, ისინი ამ ქრთამს ისე უხეშად და სახალხოდ აძლევენ, რომ ყველაზე გაქნილი მექრთამეც კი თავს უხერხულად იგრძნობს. ერთვექტორიანი ანალები თვლიან, რომ ქრთამის მიცემა უსამართლობაა, ქრთამი კი არა, თავს მაშინაც კი უხერხულად გრძნობენ როდესაც ვინმეს საჩუქარს ჩუქნიან, ცუდი არაფერი იფიქროსო. ამიტომ თუ ადამიანს ძალიან კარგად არ იცნობს, ისე საჩუქარს არ აჩუქებს, არც თვითონ მიიღებს საჩუქარს უცნობისგან, ეტყვის უცხოსგან არაფერი მჭირდებაო. აი მეგობრისგან თუ იღებენ საჩუქარს, ეს ძალიან უხარიათ, რადგან მათი აზრით, ეს სუფთა გულით მოძღვნილი საჩუქარია. როდესაც ვინმესგან საჩუქარს იღებენ, ამ საჩუქარს მთელი ცხოვრება ინახავენ, სახსოვრად. თუ ანალის ვექტორიანს საჩუქარს ჩუქნით, უმჯობესია, ეს ისეთი რამ იყოს, რაც პოტენციურად დიდხანს შეინახება, მაგალითად: წიგნი, ჭურჭლის სერვიზი.