არ დაექვემდებაროთ კონტროლს (2)

ამ ლექციის პირველ ნაწილში საუბარი გვქონდა მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანს ემოციები მართავენ და ისინი ემოციებს აყოლილნი მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებენ.

ამის საპირისპირო მდგომარეობაა ემოციის გამოხატვის სრული უუნარობა. აქ ვხედავთ ერთი შეხედვით ,,სქელკანიან“ ადამიანებს, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ ისინი არაფერს განიცდიან. შინაგანად ისინი ყველაფერს ჩვეულებრივად გრძნობენ, წყინთ, უხარიათ, მათაც სურთ იმხიარულონ და დატკბნენ ცხოვრებით, მაგრამ არ შეუძლიათ. არ იციან როგორ გამოხატონ ემოცია. წარმოგიდგენიათ რა მძიმე მდგომარეობაა ეს? როდესაც არ შეგიძლიათ იმხიარულოთ, არ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი და მხიარული. წარმოიდგინეთ, ასეთ ადამიან მეგობარი უკეთებს საჩუქარს, მას მთელი არსებით უხარია, მადლობასაც იხდის, მაგრამ სახეზე არავითარი ემოცია არ აწერია, მან არ იცის ეს როგორ გამოხატოს. ეს კი რა თქმა უნდა ცხოვრებას ურთულებს. ხშირად ამას ისიც ემატება, რომ ასეთ ადამიანებს ემოციის გამოხატვის უუნარობა საკუთარი არჩევანი ჰგონიათ. ფიქრობენ რომ თავს ბოლომდე აკონტროლებენ და ამიტომ არ გამოხატავენ ემოციებს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია, როდესაც ემოციის გამოხატვის უუნარობა ვლინდება მდედრობით სქესში. მამრების შემთხვევაში არსებობს გავრცელებული არქეტიპული შეხედულება, რომ ,,კაცი ემოციას არ უნდა გამოხატავდეს“, რომ ,,ვაჟკაცები არ ტირიან“. რა თქმა უნდა ეს რეალურად ასე არ არის, მაგრამ ეს სტერეოტიპი ამ კატეგორიის მამრებს შედარებით უადვილებს არსებობას. მაგრამ მდედრებთან საქმე ბევრად უფრო რთულადაა. რადგან ასეთ შემთხვევაში მათ პრაქტიკულად ,,უემოციო სტერვას“ იმიჯი აქვთ გარანტირებული. ემოციების გამოხატვის უუნარობას ზოგი ფსიქოლოგი ზერაციონალურობას უკავშირებს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ თვით ყველაზე ჭეშმარიტი ემოციების გამოხატვაც კი. წარმოიდგინეთ, ადამიანი რომელიც ვერ ახერხებს სიხარულის გამოხატვას. რაღაც ეტაპზე ის საკუთარ მდგომარეობაში კი არ ეჭვდება, არამედ იწყებს გამოსავლის ძებნას ილუზიური კითხვით ,,არსებობს თუ არა საერთოდ სიხარული? იქნებ ტანჯვა ნორმაა?“. (რაღაც ეტაპზე ეს დამოკიდებულება უკვე ცხოვრების სცენარად იქცევა, თუ ასეთ ადამიანს ერთვის სმენის ვექტორი, მაშინ მან შეიძლება შექმნას მთელი ფილოსოფია, იმის შესახებ, რომ სიხარული ილუზიაა, რომ ადამიანი ტანჯვისთვის გაჩნდა და ა.შ. – მთარგმნელის შენიშვნა).