ვექტორების დომინანტურობა

 

 

სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში სამი დომინანტი ვექტორია – სმენა, ყნოსვა და ურეთრალური ვექტორები.

დომინანტობის განსაზღვრა შეიძლება მათი ფუნქციების სირთულისა და ჯგუფზე ორიენტირებული აზროვნების მიხედვით. როგორც ვიცით, ურეთრალის ფუნქცია ლანდშაფტის ექსპანსიაა – ახალი ლანდშაფტის შექმნა ფიზიკურ დონეზე. ის ჯგუფის ბელადია და ახალ ფიზიკურ მოცემულობაში ევალება მისი გადაყვანა. სმენა სულიერი ლიდერია. შესაბამისად, მისი მოვალეობა ახალი მეტაფიზიკური ლანდშაფტის ფორმირებაა – იდეის პოვნისა და განვითარების გზით. ყნოსვის ფუნქცია ურეთრალის ხელდასხმა და ჯგუფის ჯგუფის უსაფრთოხების უზრუნველყოფაა. როგორც ვხედავთ, სამივე ვექტორის ფუნქცია მთელი ჯგუფისა და მისი მომავალი განვითარების უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული.

ვექტორების სურვილები, როგორც ვიცით, პირდაპირ კავშირშია მათ ფუნქცებთან. შესაბამისად მათი ფუნქციებიც, სურვილებიც და თვისებებიც ყველაზე მასშტაბურია, ყველაზე რთულია ასავსებად და სარეალიზაციოდ. სწორედ ამიტომ ეს სამი ვექტორი დომინანტურ ვექტორად ითვლება.

რას გულისხმობს დომინანტურობა? მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც დომინანტი ვექტორი აქვს, ყოველთვის იქნება კონცენტრირებული სწორედ მის ავსებაზე. დომინანტი ვექტორის მოთხოვნილებები და ინტერესები ყოველთვის ავლენს თავს და შესამჩნევად ცვლის ადამიანის ინტერესებსა და ხასიათს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის სცენარში. მაგალითად,  სმენის ვექტორიანი კან-ვიზუალი ეცდება, თავისი ღირებულებები სმენური ფორმებით გამოხატოს, სმენურად გაამასშტაბუროს ან სულაც გააფანატუროს, მისი აზროვნება და შეხედულებები უფრო მეტად სმენური იქნება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სმენა სცენარში არაა, მისი სურვილების ავსების მოთხოვნილება  რჩება.

როგორც წესი, დომინანტი ვექტორი, თუ მას არ აქვს განსაკუთრებული დაზიანებები – ყოველთვის სცენარშია. ყველაზე ადვილი ეს ურეთრალის შემთხვევაშია, რადგან როგორც წესი, ქვედა ვექტორების განვითარების დონეები ერთმანეთთან მიახლოებულია და მხოლოდ ძალიან მძიმე დარღვევებმა (მაგ. ფუძისეულმა რღვევამ) შეიძლება შეუშალოს ხელი სცენარში მის ამოსვლას (შემთხვევები, როდესაც ურეთრალური ვექტორი ვერ ხვდება სცენარში, იხილეთ ლექციებში ვექტორული კომბინაციების შესახებ). ამიტომ, უმეტესად, ადამიანს, რომელსაც ქვედა ვექტორებიდან ურეთრალიც აქვს, სცენარშიც ეს უკანასკნელი ჩაუჯდება ხოლმე. თავად  კი თავს მოცემულობით მიიჩნევს ლიდერად და ეცდება, ჰყავდეს თავისი ჯგუფი,  გაუძღვეს, უბელადოს  მას.

სმენისა და ყნოსვის ვექტორის შემთხვევაში სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. ვექტორი შეიძლება არ იყოს სცენარში დაზიანებების გამო. თუმცაღა, ამ ვექტორების მქონე ადამიანების თვისებები და ქცევა ყოველთვის იქნება მათი გავლენის მქონე.

განუვითარებელ სმენას ახასიათებს სხვა ვექტორთან შერწყმა და მისი თვისებების აგრეგირება. როდესაც სმენა გადადის რომელიმე ზედა ვექტორის მდგომარეობაში, მაშინ ის თავის ფანატიურობასა და აბსტრაგირების თვისებებს სწორედ ამ ვექტორის თვისებებში ავლენს.  ქვედა ვექტორის მდგომარეობაში გადასვლისას  კი მთლიანად იღებს ამ უკანასკნელთა თვისებებს და აასმაგებს მათ მასშტაბებს, მაგალითად, კანის შემთხვევაში, შეიძლება გახდეს უსაზღვროდ ძუნწი, ანალის შემთხვევაში კი არანორმალურად პატრიოტი, ანუ თვისება თუ ქმედება კარგავს აზრსა და მიზანს.

როგორც აღვნიშნეთ, ყნოსვის ვექტორის მთავარი დანიშნულება უსაფრთხოებაა, ამიტომ ყნოსვის ვექტორიანი ადამიანის უმთავრესი ფუნქცია, რომლის შესრულებასაც ყოველთვის ეცდება არის ჯგუფის უსაფრთხოების დაცვა და რანჟირება. ეს ადამიანი, დაჯილდოებული ყნოსვური ინტიუიციური ინტელექტით, ჯგუფის გადარჩენის ამოცანას ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს.

რა ხდება, როცა ადამიანს ერთი კი არა, ორი, ან სამივე დომინანტი ვექტორი აქვს? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურეთრალური ვექტორი, უმეტეს შემთხვევაში, სცენარში იქნება, სმენის განვითარების დონის მიხედვით, შეიძლება ჩამოყალიბდეს ურეთრალ-სმენის სცენარი, ან რომელიმე სხვა ვექტორით (თუ სხვა ზედა ვექტორი ახლავს ადამიანს), სმენური გავლენებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ურეთრალ-სმენის სცენარი ერთ-ერთი ყველაზე რთული სცენარია და არასწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს სრულად „სმენური“ და სრულად „ურეთრალური“ პერიოდები. ერთ შემთხვევაში ეს არის სრული დეპრესია და აპათია, მეორეში კი აბსოლუტური აწყვეტილობა და ფიზიკურ სამყაროში გადაშვება. სმენის მიერ ურეთრალის ბოლომდე დათრგუნვისას შეიძლება მოხდეს  ორი რამ:  ადამიანი სრულად „გასმენდეს“ და მატერიალური სამყაროდან ამოვარდეს, მთლიანად დააგინოროს ის, ან ურეთრალის მაგივრად სცენარში ანალის ვექტორი ჩაჯდეს ურეთრალის ნაცვლად.

ძალიან საინტერესოა ურეთრალ-ყნოსვის სცენარი. აქ ერთ ადამიანში ერთიანდება ბელადი და მრჩეველი, ვიღებთ ლიდერს, რომელიც არამარტო ბუნებრივად ახერხებს ხალხის მართვას, არამედ წინასწარ გრძნობს საფრთხეებს და, ფაქტიურად, დაუმარცხებელი ხდება. სწორედ ეს სცენრი ჰქონდათ მსოფლიოში ცნობილ დამპრყობლებს, იულიუს კეისარს, ჩინგიზ ყაენს, თემურ ლენგსა და სხვებს.

როგორც ვიცით, ყნოსვისა და სმენის ვექტორები ორივე დომინანტური და, ამასთანავე, კონტრარულიცაა ერთმანეთის მიმართ. რა ხდება, როცა ადამიანს ორივე ვექტორი ერთვის?  როგორც ვიცით, ყნოსვით ძირითადი ფუნქცია უსაფრთხოებაა ყველა დონეზე. სმენა კი სრული აბსტრაქციაა, ახალი იდეებისა ძიების, რეალიზაციისა და მეტაფიზიკური განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა. ყნოსვა სმენების რანჟირებასაც ახდენს, რაც ყოველთვის კარგი შედეგით არ მთავრდება და მისი ძალაუფლებისადმი მიჯაჭვულობის გამო, საერთო განვითარება ფერხდება. როდესაც ეს ორი ვექტორი ერთ ადამიანშია მოქცეული, მსგავსი წინააღმდეგობრიობა მისთვისაც ხდება დამახასიათებელი. თუმცაღა ამან შეიძლება უფრო განვითარებული და „გაფილტრული“, ასევე რეალობასთან „შეთანხმებადი“ იდეაც შვას. სცენარში კი,  უფრო ხშირად მათ შორის უფრო მეტად განვითარებული ვექტორი ჩაჯდება.

რა ხდება, როცა ყნოსვისა და სმენი ვექტორები განვითარების ერთ დონეზე იქნებიან? აქ ორი შემთხვევა იქნება განსახილველი: როცა ორივე ერთნაირად განვითარებულია და ერთნაირად განუვითარებელია.

თუ ის ბედნიერი შემთხვევა დგება, როცა ორივე ვექტორი ერთნაირად განვითარებულია, მაშინ სცენარში დაჯდება სმენის ვექტორი, ყნოსვას კი დამბალანსებელ-შემავსებლის როლი მიენიჭება. სმენას უფრო მეტ ადექვატურობას, სიფრთხილეს, დიპლომატიურობას მიანიჭებს და მისი იდეები უფრო დახვეწილი, მასშტაბური და რეალური იქნება.

მაშინ კი, როდესაც ორივე ერთნაირად განუვითარებელია, ადამიანის სხვა ზედა ვექტორებს უნდა შევხედოთ. თუ მას სხვა ზედა ვექტორი არ აქვს, გვაქვს ორი ვარიანტი – სმენამ და ყნოსვამ გაანეიტრალონ ერთმანეთი და ისე ჩანდეს, თითქოს ადამიანს ზედა ვექტორები საერთოდ არ აქვს. ან, სმენა დაჯდეს სცენარში, თუმცაღა ცუდი გამოვლინებებით, გაუკუღმართებული – ე. წ. დესტრუქციული სმენის სცენარი, როდესაც ის ხდება მანიაკივით – შთანთქავს ყნოსვის ცუდ თვისებებს და საკუთარ განუვითარებლობას ამატებს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გვქონდეს ჩამოუყალიბებელი, მუდმივად გარდამავალი სცენარი ყნოსვასა და სმენას შორის.

როდესაც ამ სცენარში ზედებიდან, გარდა დომინანტებისა, ვიზუალის ან/და ორალის ვექტორებიც ერთვის ადამიანს, მაშინ, სმენა და ყნოსვა ისევ ანეიტრალებენ ერთმანეთს და სცენარში შედარებით განვითარებული ვექტორი ამოდის ხოლმე, როგორც წესი, ვიზუალი. ორალის სცენარში ჩაჯდომის შემთხვევები საკმაოდ იშვიათია და  ძლიერად დაზიანებული ვიზუალის ან ორალის უფრო მაღალი განვითარების დონის შემთხვევაში ხდება.

აღსანიშნავია, რომ სმენის ორალის მდგომარეობაში ყოფნისას და ვიზუალის არქონისას საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს – ყნოსვა ორალის ხარჯზე გაძლიერდეს და სცენარში ამოვიდეს.

და ბოლოს, რა ხდება, როდესაც ადამიანს სამივე დომინანტი ვექტორი აქვს? კარგ შემთხვევაში ყალიბდება ურეთრალ-სმენის სცენარი, ყნოსვა კი მათი დამხმარე და დამბალანსებელი ხდება. თუ გვაქვს ურეთრალ-ყნოსვის სცენარი, მაშინ სმენა უკვე სისტემურობასა და ფართო ხედვას მიანიჭებს ადამიანს. ცუდ შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ ძალაუფლების მოყვარე, ცივსისხლიანი დიქტატორი და ტირანი. თუ კი სმენისა და ყნოსვის ვექტორები ერთმანეთს გაანეიტრალებენ, მაშინ ზემოთ აღწერილ შემთხვევებთან მივდივართ და ვუყურებთ, რა შეიძლება ამოვიდეს სცენარში. როგორც წესი, ეს ვიზუალია ხოლმე. საკმაოდ სარისკო ვარიანტია ორალის სცენარში დაჯდომა, რადგან ამ დროს ურეთრალურ აწყვეტილობას ორალური ცხოველურობა ემატება და ადამიანმა შეიძლება ძალიან ცუდად დაასრულოს სიცოცხლე – ციხეში, ნაადრევად, ძალადობრივი სიკვდილით და ა. შ.

 

 

ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili

 

One thought on “ვექტორების დომინანტურობა

Comments are closed.