ვიზუალი და მისი მოჩვენებითი თვითიდენტიფიკაცია

 

მოგეხსენებათ, რომ ვიზუალური ვექტორი, ესაა ინტელექტის ხატ-სახეობრივი და ემოციური ტიპი. იგი აღიქვამს ხატ-სახეებით და ყველაზე დიდ ემოციურ კავშირში შედის მათთან. აქედან გამომდინარეობს სწორედ ვიზუალებისთვის დამახასიათებელი მოვლენა, რომელსაც პირობითად “ხატ-სახესთან თვით-იდენტიფიკაციას” დავარქმევ.

ვიზუალი კითხულობს წიგნს, ან უყურებს ფილმს, და ძლიერ ემოციურ კავშირს განიცდის მის გმირებთან. და თუ გმირი მოეწონა, ძალიან ადვილად შეუძლია თავი გააიგივოს მასთან, მოეჩვენოს, რომ ყველა მისი თვისება მასაც გააჩნია. წარმოიდგინეთ ვიზუალი, რომელსაც მთელი ცხოვრება შეგნებულად ჭიანჭველაც არ მოუკლავს, და კითხულობს გმირზე, რომელიც სამართლიანობის სახელით და რაღაც ღირებულებების დასაცავად უმოწყალოდ უსწორდება (კლავს) “ბოროტ” ადამიანებს. იმ მომენტში ეს ადამიანი სრულიადაა განმსჭვალული გმირის ხასიათით (მათ შორის სისასტიკითაც).

თუკი რაღაც ხატ-სახესთან ვიზუალი ხშირად აიგივებს თავს და განსაკუთრებული სიმპათია უჩნდება მის მიმართ, უკვე ცხოვრებაშიც ცდილობს, რომ დაემსგავსოს. თუ ასეთ ვიზუალს სმენის ვექტორიც ერთვის, ხშირად მას მიდრეკილება უჩნდება, რომ მისტიური და მაგიური “აურა” შესძინოს საკუთარ თავს და ფენტეზის, ფანტასტიკის, კომიქსების და ა.შ. გმირებთან გააიგივოს თავი (ბეტმენი, ჯოკერი, სუპერმენი, ჰარი პოტერი, მერლინი და ა.შ.), რადგანაც სმენა სამყაროსეულ და “სუპერ”-მასშტაბებს სძენს ვიზუალს.

ხშირად იგივე პრინციპი მოქმედებს ზოდიაქოებზეც. ასტროლოგიით დაინტერესებულთა 99% ვიზუალური ვექტორის მატარებელია (გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებშიც ასტროლოგია ეროვნული ტრადიციული ცოდნაა). როდესაც ვიზუალი ხშირად კითხულობს რომელიმე ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს (მითუმეტეს ბავშვობიდან), ძალიან ადვილად შეუძლია მასთან გააიგივოს თავი და ხშირად იძენს კიდეც ამ თვისებებს. ანუ სწორედ ასეთი ხდება. არადა სინამდვილეში ასტროლოგია გაცილებით უფრო ღრმა ცოდნაა, ვიდრე “მზის ნიშნით” გაგებული ზოდიაქოები.

ასევე ვიზუალები აიგივებენ თავს ნებისმიერ სხვა ვექტორთან, რომელიც მოსწონთ, “ეგმირებათ” ან “ემისტიურებათ” (განსაკუთრებით ურეთრალურ, ყნოსვის და სმენის ვექტორებთან).

ეს ყველაფერი ვიზუალისთვის ბუნებრივია, ამით იგი ტკბობას იღებს, და ხშირად სწორედ დადებითი გმირები ხდებიან მაგალითები და მოტივატორები მათ ცხოვრებაში, მაგრამ ზოგჯერ ეს თვით-იდენტიფიკაცია პათოლოგიურ ხასიათს იღებს და ხელს უშლის ადამიანს საკუთარი რეალური სახისა და თვისებების დანახვაში, ზოგჯერ კი (განსაკუთრებით სმენის ვექტორთან კომბინაციაში) ეს ყველაფერი პარანოიის ფორმას იღებს.

თუკი უფრო ღრმად გაეცნობით ვიზუალური ვექტორის ფუნქციას და სიღრმისეულ მახასიათებლებს, მაშინ ეს ფენომენი უფრო გასაგები გახდება.

გამოიკვლიეთ თქვენი არაცნობიერის ღრმა მექანიზმები სვფ-სთან ერთად…

 

სტატიის ავტორი: მამუკა გურული