ვიზუალური ვექტორის გამოვლინებები (3)

  კანური და ვიზუალური ფსიქოტიპები, მსგავსებები და განსხვავებები

  ერთი შეხედვით კანის და ვიზუალური ფსიქოტიპები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან და მათ შორის საერთო თითქმის არაფერია. კანი პრაგმატულია, ანგარიშიანი, გრძნობებს და ემოციებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ყველაფერში სარგებელს ეძებს, უმიზეზოდ, ,,მუქთად“, სარგებლის გარეშე პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, ყველაფრის (მათ შორის ემოციების) კონტროლი სურს. ვიზუალი პირიქით, ემოციურია, მგრძნობიარე, გააჩნია თანაგრძნობის და სხვების დახმარების უზარმაზარი სურვილი. ვიზუალებს შეუძლიათ საკუთარი ფასეულობები სიცოცხლის ფასადაც კი დაიცვან, ხშირად მიდიან ჰუმანიტარული მისიით ცხელ წერტილებში, ეხმარებიან დაჭრილებს, დაზარალებულებს. ერთვექტორიანი კანისთვის ასეთი რამ სრულიად გაუგებარია. რა სისულელეა, რატომ გაწიროს თავი ვიღაც დამშეული აფრიკელი ბავშვისთვის, მას ხომ არც კი იცნობს?! ვიზუალისთვის კანური მოტივებია უცხო. როგორ შეიძლება ისეთი გულქვა იყო, რომ სხვისი ტკივილი არ გაღელვებდეს, როგორ უნდა გადაგივიდეს ყელში ლუკმა, როცა იცი, რომ სადღაც პატარა ბავშვები შიმშილობენ?! ამ ორი ვექტოპრის აზროვნება, მიდგომები და ფასეულობები იმდენად განსხვავებულია, რომ ერთი შეხედვით მათ საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

თუ სიღრმისეულად შევხედავთ, ამ ორ ფსიქოტიპს შორის არც თუ ისე ცოტა მსგავსებას აღმოვაჩენთ. ურთიერთობებში ორივე მათგანი მოქნილია, ორივე ცდილობს მაქსიმალურ ლავირებას, კანი ეფექტურობის და მორიგების, ვიზუალი კი მორალისა და ემოციების გავლით.

ორივე მათგანის ბუნება პირდაპირ კავშირშია აკრძალვებთან და შეზღუდვებთან. კანი აწესებს აკრძალვებს კანონის დახმარებით. კანონი ქმნის საზღვარს დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, ეს არის ჯგუფის წევრთათვის მათივე უსაფრთხოებისთვის შექმნილი თამაშის წესები, რომლის დამრღვევს ასევე კანური კანონი სჯის. კანური კანონი განსაზღვრავს ვინ რამდენი დააშავა და რა საფასური უნდა გადაიხადოს ამისთვის. ასევე აკრძალვებსა და შეზღუდვებს აწესებს ვიზუალური ზომაც, მაგრამ არა კანონის, არამედ მორალის და ეთიკის საშუალებით. იქ სადაც კანონი არ მუშაობს, ან არ არის საკმარისად ეფექტური, იქ საქმეში ერთვება მორალის ცნება. უზნეობაა, ამორალურია – ამ ცნებების გავლით ახდენს ვიზუალური ფსიქოტიპი ადამიანის ცხოველური ბუნების ტაბუირებას. ხშირ შემთხვევაში კი მორალის ცნება კანონზე ძლიერია. კანური კანონი და ვიზუალური მორალი ერთიანობაში ქმნიან ჯგუფის და მისი თითოეული წევრის დაცვის მექანიზმს. ვიზუალური ზომა ესწრაფვის შეინახოს მთლიანობა ამ მთლიანობის თითოეული შემადგენლის შენახვით. კანური ზომა ავლებს საზღვარს ჯგუფსა და გარე სამყაროს შორის და ასე იცავს ჯგუფს დაშლისაგან.

კიდევ ერთი შტრიხი, რაც ამ ორ ვექტორს აქვს საერთო, არის წერტილოვანი ლიბიდო და სექსუალურობა. წინა ლექციებში, როდესაც ჩვენ განვიხილავდით ქვედა ვექტორების ლიბიდოს, ვთქვით, რომ ურეთრალის ლიბიდო – ხანძარს ჰგავს, უეცრად აბრიალდება, ირგვლივ ყველაფერს შთანთქავს, შემდეგ კი ჩანავლდება რათა თავიდან აალდეს. ანალის ლიბიდო მარადიული ცეცხლივითაა, ის მუდმივად ერთ ზომაზე ანთია, ძლიერად, სტაბილურად, მაგრამ არა ყოვლისმომცველ მასშტაბებში. კუნთის ლიბიდო მინავლული ნაკვერჩხალივითაა – მუდმივად დაკონსერვებულია და აალებისთვის გარე ფაქტორების ზეგავლენაა საჭირო. მათთან შედარებით კანური ლიბიდო ასანთის ღერებს ჰგავს – ხშირ-ხშირად ენთება, მაგრამ მცირე ხნით. ზედა ვექტორებში ლიბიდოს მუშაობა ოდნავ განსხვავებულია და მნიშვნელოვანწილად დართულ ქვედა ვექტორზეა დამოკიდებული, თუმცა მათ მაინც შეაქვთ საკუთარი შტრიხები: ორალური ვექტორი, თავისი ტიტანური ცხოველური ენერგიის წყალობით, ნებისმიერი ქვედა ვექტორის ლიბიდოს ახუთმაგებს, სმენის ვექტორი, რომელიც ხშირად მთლიანად მოწყვეტილია ფიზიკურ სამყაროს, ამ მოწყვეტილობის გამო, ქვედა ვექტორების ლიბიდოს ათჯერ ამცირებს. ყნოსვა შავი ხვრელივითაა, ნებისმიერ მდგომარეობას, ნებისმიერ განცდას შიგნით იხვევს, მართალია ქვედა ვექტორების ლიბიდოს ის არც ამცირებს და არც ზრდის, მაგრამ ყველაფრის შიგნით შეტანისა და ერთ წერტილში კონცენტრირების უნარის წყალობით, ქვედა ვექტორების ლიბიდოს ის უცნაურ ქარიზმას და დემონურ შარმს ძენს. ვიზუალური ვექტორი ამ მხრივ სრულიად უნიკალურია, მართალია თავისი სიფრიფანობის და ჰაეროვნების გამო, ქვედა ვექტორების ლიბიდოს თითქმის ანახევრებს, მაგრამ თავისი ბრწყინვალების, სიყვარულის საოცარი უნარის და მაღალი ემოციური ამპლიტუდის წყალობით, ის საოცარ სექსუალურობას ძენს ნებისმიერ ქვედა ვექტორს.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე