ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე

ვიზუალური ვექტორის მთავარი თვისება, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევს – ესაა დემონსტრაციულობა. მას სურს, რომ გამოირჩეოდეს სხვებისგან, როგორც გარეგნობით, ჩაცმულობით, ასევე ინტელექტით, კულტურული ღირებულებებით. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ვიზუალური ვექტორის ამოცნობა ყველაზე ადვილია.
დემონატრაციულობა სხვადასხვა განვითარების მქონე ვიზუალში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ნაკლებად განვითარებული ადემონსტრირებს მხოლოდ თავის გარეგნობას, სხეულს, ჩაცმულობას. შედარებით უკეთ განვითარებული ადემონსტრირებს უფრო შინაგან სილამაზეს, ვიდრე გარეგნულს. ადემონსტრირებს, თუ როგორ უყვარს ცხოველები (უკეთეს შემთხვევაში ადამიანები), ხოლო მაღალი განვითარების შემთხვევაში მასში მეტია რეალური სიყვარული ყოველი კონკრეტული ადამიანის მიმართ და ნაკლებია ამ ყველაფრის დემონსტრაციის სურვილი.
უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ვიზუალი განვითარების ნებისმიერ მდგომარეობაში ადემონსტრირებს საკუთარ შინაგან მდგომარეობას და ფასეულობებს. მაღალი განვითარების პირობებში კი ის ხდება სიყვარულის მდგომარეობის გამტარი, უბრალოდ ამ ფასეულობის დემონსტრირება სახეს იცვლის და გარეთ საჯარო დემონსტრირების ნაცვლად ახდენს სიყვარულის მდგომარეობით საკუთარი თავის განმსჭვალვას, ამ დროს მისი სიყვარული და თანაგრძნობა მოიცავს თითოეულ ცოცხალ არსებას, ოღონდ არა ყველას ერთიანობაში, არამედ თითოეულ ცალკეულს.
დემონსტრაციულობა ვლინდება იმაშიც, რომ სურვილი აქვს ისაუბროს, მოყვეს საკუთარ თავზე, საკუთარ ფასეულობებზე. მისი საუბარი შეიცავს დამახასიათებელ სიტყვებს: ლამაზი; მახინჯი; კეთილი; ბოროტი; მკაფიო; აშკარა; საშინელება; შეხედეთ; ვერ ხედავთ?.. საუბრისას ვერბალურად გადმოსცემენ თავიანთ ემოციებს: „აღფრთოვანებული ვარ“, „მეშინია“, „შოკში ვარ“, „დათრგუნული ვარ“…
დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გარშემო უმეტესობა ვიზუალები არიან. ეს განპირობებულია იმით, რომ დიდ ქალაქებში, და განსაკუთრებით დედაქალაქებში ვიზუალების პროცენტული რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე სხვაგან. ასევე მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც გვიმზერს ტელეეკრანებიდან, ჟურნალებიდან, სოც. ქსელებიდან – ვიზუალები არიან.
ვიზუალებს ადვილად იცნობთ დიდი, მგრძნობიარე თვალებით. განვითარებული ვიზუალების შემთხვევაში (რომლებსაც სიყვარულის, თანაგრძნობის და ემპათიის დიდი უნარი აქვთ), მათი თვალები წყლიანია, ოდნავ ცრემლიანია. მათი თვალები მათი სულის სარკეა. ვიზუალებს ყველაზე მეტყველი და გამოკვეთილი თვალები აქვთ. და მაინც, ვიზუალ ქალებს უყვართ თვალების უფრო მეტად გამოკვეთა მაკიაჟით. ასევე ხშირად გამოკვეთენ ხოლმე თავიანთ ფახულა და დიდ წამწამებს.
მათი კომფორტის ფერი მწვანეა, მაგრამ უყვართ ყველა ფერი, და ძალიან კარგად შეუძლიათ ფერების ერთმანეთთან შეხამება. პრაქტიკულად არ არსებობს მხატვარი ვიზუალური ვექტორის გარეშე. ასევე ვიზუალურ ვექტორს შეხვდებით ყველა სტილისტში, დიზაინერში. მოდის სამყარო – ვიზუალების სამყაროა.
ასევე არ არსებობს კარგი რეჟისორი, ოპერატორი და ფოტოგრაფი ვიზუალის გარეშე. მსახიობური უნარები, და განსაკუთრებით ემოციური მანიპულირების უნარი – ყველა ვიზუალის დამახასიათებელი თვისებაა. მსახიობების აბსოლუტური უმრავლესობა ვიზუალური ვექტორის მატარებელია (კანთან კომბინაციაში). უყვართ ემოციური და მგრძნობიარე მუსიკა. და საერთოდ, უყვართ ყველაფერი, რაც ემოციებს ეხება. სხვადასხვა რელიგიური მრევლის დიდი უმრავლესობა ასევე ვიზუალური ვექტორის მატარებელია.
მათ ჟესტიკულაციაში ყველაზე მეტად შეიმჩნევა ემოციურობა, თეატრალურობა, დემონსტრაციულობა. როცა საკუთარ თავზე ან საკუთარ გრძნობებზე საუბრობენ, ხშირად მიაქვთ ხელი გულ-მკერდის ცენტრთან. ვექტორებს შორის აქვთ მიმიკებისა და ჟესტების ყველაზე ვრცელი პალიტრა. თუ ორალიც ერთვის, ამას ემატება მაღალი ემოციურობა ვერბალურ გამოხატულებებშიც.
სტრესები და გადახრები ვიზუალურ ვექტორში ვლინდება სხეულის გადამეტებულ ქირურგიულ სახეცვლილებებში, უცნაურ და არაორდინალურ იმიჯებში (პანკები, ჰიპები, გოთები, ემოები და ა.შ.), უჩვეულო ჩაცმულობაში, ექსჰიბიციონიზმში. შიშის მდგომარეობაში მყოფ ვიზუალებს აქვთ ზედმეტად გაფართოებული თვალები. უყვართ საშნელებათა ფილმები და დიდ სიამოვნებას განიცდიან ამ სახით შიშის ემოციის მიღებისგან. არიან კაპრიზულები. ისტერიული ნევროზი – სწორედ ვიზუალებისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა. ხშირად არიან უაზროდ მტირალები ან უაზროდ მხიარულები. უჭირთ ემოციების კონტროლი. მაზოხისტურ მდგომარეობაში მყოფ კანთან კომბინაციაში ხშირად აქვთ მეტისმეტად ბევრი ტატუ, პირსინგები.
სტრესის დროს ახასიათებს თვალების ხშირი სრესა (ამოჩიჩქნამდე). ემოციების მოზღვავებისას მარჯვება ხელის მიტანა მკერდთან, თითქოს გული უვარდება და ხელით უნდა დაიჭიროსო. ძლიერი ემოციური შოკისას ერთი და იგივე ნაწილაკს ან შორისდებულს დაახლოებით ასე იმეორებს: „მე, მე, მე ა, ა, არ ვიცი…“ ოღონდ ეს გამოწვეულია არა ანალური ენაბლუობით, არამედ სიტყვების ემოციური დაფანტვით.
სოციალური ქსელები – ძალიან კომფორტული სივრცეა ვიზუალებისთვის (განსაკუთრებით თუ სმენაც ერთვის), რადგანაც აქ გაცილებით ადვილად შეუძლიათ ადემონსტრირონ თავიანთი გარეგნობა (კარგად შერჩეული ან დამუშავებული ფოტოებით), დაბალ-, ან მაღალ-კულტურული ფასეულობები. აქ გადმოსცემენ თავიანთ განწყობებს, ემოციებს, აღშფოთებებს, შეშფოთებებს, აღფრთოვანებებს, აზიარებენ (ადემონსტრირებენ) თავიანთ საყვარელ მუსიკას, ფილმებს და ა.შ.
ზოგადად სოციალური ქსელი – თუმცა არა მთლიანი ინტრნეტი, სმენური სამყაროა – როგორც მოვლენა, ვიზუალური ვექტორის სამყაროა, ურთიერთობების, საკუთარი პიროვნების, განწყობების, თუ ემოციების დემონსტრირება და სხვათათვის გაზიარება. აღიარების და უკუკავშირის მიღების სურვილი, ერთიანი დიდი სამეგობრო, ინტერეს ჯგუფები. ეს ყოველივე ვიზუალურ ფასეულობათა ნაწილია.
სწორედ ვიზუალები წარმოადგენენ აბსოლუტურ უმრავლესობას სხვადასხვა ეზოთერულ, რელიგიურ, მისტიურ, ასტროლოგიურ ჯგუფებში, განსაკუთრებით უყვართ ფსიქოლოგიური ჯგუფები. და რა თქმა უნდა არტის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ჯგუფები.
ბოლოს განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ვიზუალური ვექტორი პროცენტულად ზუსტად იმდენივეა მდედრებში, რამდენიც მამრებში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მამაკაცებში ვიზუალური ვექტორის განვითარება და რეალიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე ქალებში, შესაბამისად შედარებით უფრო რთულია მათში ამ ვექტორის ამოცნობაც განსაკუთრებით ეს ეხება ანალური მენტალიტეტის ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს), სადაც ემოციების გამოხატვა, ტირილი და სხვადასხვა ვიზუალური გამოვლინებები მამაკაცისთვის სამარცხვინოდ ითვლება. მამაკაცებში ვიზუალური ვექტორის სტრესებისა და გადახრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.
შეიმჩნევა ერთი ტენდენციაც, კერძოდ: ვიზუალური ვექტორის მატარებელი მამრები, როგორც წესი უფრო რეალიზებულები არიან ანალთან კომბინაციაში, ვიდრე კანთან, ამას განაპირობებს ის, რომ კან-ვიზუალი მამრის არქეტიპი მსხვერპლი იყო, მას ყველაზე ხშირად წირავდნენ მსხვერპლად. ამ და სხვა მიზეზთა გამო, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ მათ არ ჰქონდათ ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაციის საშუალება, მეტიც ისინი პრაქტიკულად ვერ ახერხებდნენ ჯგუფში გადარჩენას. ამის გამო დღემდე არ არსებობს კან-ვიზუალი მამრის სარეალიზაციო არქეტიპული ფუნქცია, რის გამოც მათ სარეალიზაციო და ფუნქციური სფეროს მოძიება, მხოლოდ დღეს, კანურ ფაზაში უწევთ.