ვიზუალური ფსიქოტიპის მრწამსი

ვიზუალური ფსიქოტიპის დამოკიდებულებებზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ისიც, თუ რომელ ვექტორებთანაა კომბინაციაში და რა სცენარშია ვიზუალური ვექტორი, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, ისევე როგორც ანალური, ვიზუალური ვექტორიც ერთი-ერთზე ურთიერთობის ვექტორია და მთავარ აქცენტს დეტალებზე და ინდივიდებზე აკეთებს, და არა მთლიანობის ხედვაზე. თავად სმენური იდეებისადმიც კი, მათ ინდივიდუალური და უნიკალური მიდგომა აქვთ, და თავიანთი ფუნდამენტური შეხედულებების შეცვლა ძალიან უჭირთ. ამიტომაც სწორედ ისინი იცავენ სხვადასხვა რელიგიურ თუ ეზოთერულ სწავლებებში დამკვიდრებულ წარმოდგენებს. მათი დამოკიდებულება კარგად გამოიხატება სიტყვით – “რწმენა”, „მრწამსი“. ისინი ხედავენ მოზაიკის ნაწილს, ხოლო დარჩენილ ნაწილს თავისი შეხედულებით და რწმენებით ავსებენ.

ეს ყველაფერი გვაძლევს ერთ საინტერესო და პარადოქსულ ფაქტს: ერთი მხრივ, სწორედ ვიზუალები (სმენებთან ერთად) არიან პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან რელიგიებით, სხვადასხვა ეზოთერული მიმართულებებით, ასტროლოგიით, მაგიით და ა.შ. და მეორე მხრივ, სწორედ მათ ემუქრებათ საშიშროება, რომ ეზოთერიის, მეტაფიზიკის და ზოგადად სამყაროს საერთო კანონზომიერებების აღწერისას ილუზიებში მოექცნენ, რადგანაც მათი ხედვა უფრო მეტად დეტალებზეა აქცენტირებული და უფრო მეტად გამომდინარეობს მათი „მრწამსიდან“. და თუ სისტემურად შევხედავთ, ვიზუალების ხედვა მიმართულია ნაწილისკენ, და არა მთელისკენ. მათი ფუნქციაც ხომ სწორედ ესაა – დეტალების ინტელექტუალურ-ემოციური გააზრება.

ვიზუალურ ვექტორს – ცალკე აღებულს, არ შეუძლია კანონზომიერებების სისტემურად შემეცნება. მას შეუძლია მხოლოდ მრწამსის სახით მიიღოს რომელიმე უკვე არსებული სწავლების შეხედულება ამ საკითხზე, იქნება ეს ბუდისტური, ინდუისტური, ქრისტიანული, ასტროლოგიური თუ სხვა მიდგომა. და ასევე ვიზუალის ფუნქციაა – კულტურულ ფასეულობად და დონედ დაამკვიდროს მოცემული (თავისთვის მისაღები) შეხედულება. თავის შინაგან ფასეულობებში რაღაც ასაკის შემდეგ ვიზუალური ვექტორი ანალური ვექტორივით „ურყევია“, და ისევე, როგორც ანალური ფსიქოტიპი ეჭიდება წარსულს, სწორედ ასევე იცავს ვიზუალი მასში გამჯდარ კულტურულ-მორალურ-მეცნიერულ შეხედულებებს. და უმაღლეს დონეზე განვითარებული ვიზუალისთვის მთავარი ფასეულობა – სიყვარულია. მას ნაკლებად აინტერესებს კარმის კანონზომიერებები, მას უყვარს ყველა და ყველაფერი (ცალ-ცალკე, ყველა ერთად აღებული, და არა როგორც ერთიანი აბსტრაქტული მთლიანობა).

და რაც ყველაზე აღსანიშნავია – ვიზუალური ფსიქოტიპი ყველაზე მეტადაა მიჯაჭვული თავის ინდივიდუალურ და უნიკალურ ხატ-სახეზე, და სწორედაც ამიტომ აშინებს ყველაზე მეტად სიკვდილი – როგორც არსებული ფიქსირებული ხატ-სახის ნგრევა. თუ შევადარებთ სმენურ ფსიქოტიპს – მისი „მე“ აბსტრაქტულია და მას ვერცერთი ფორმა ვერ დაიტევს, შესაბამისად მისი დამოკიდებულებაც სიკვდილთან სრულიად სხვაგვარია, მაგრამ ვიზუალისთვის ფორმა (როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი), საკუთარი ინდივიდუალობის ანაბეჭდი – ყველაზე ღრმა და ნატიფი ღირებულებაა. და ბუნებრივია ყველას მიმართ მიდგომაც შესაბამისი აქვს. ხიდან ჩამოვარდნილ ყვითელ ფოთოლს სმენის ვექტორიანი აღიქვავს, როგორც ინდივიდუალური ან საერთო არსის მიერ მორიგი ფიზიკური ფორმის ბუნებრივ მოცილებას, რადგან ამ ფორმამ თავისი ფუნქცია ამოწურა და არსი კი ისევ ხეში დარჩა (ანუ რეალურად არც მომკვდარა), მაგრამ ვიზუალისთვის ჩამოვარდნილი ფოთოლი – ესაა ინდივიდუალური და უნიკალური ხატ-სახე, რომელსაც გააჩნია თავისი ფერი, ფორმა, წარსული, და რა თქმა უნდა ემოციები (საკუთარი ემოციური „მე“-ს ამ ფოთოლთან გაიგივებიდან გამომდინარე). მისთვის ეს ფოთოლი მარადიულად ცოცხალია, ამიტომაც დახატავს, ან ფოტოზე აღბეჭდავს, და ამით „შეაჩერებს“ სიკვდილს, როგორც ნებისმიერი ფორმის დამშლელ ძალას.

ზოგადად, ვიზუალების ინტერესი ეზოთერიისადმი, ოკულტიზმისადმი, მაგიისადმი, და სხვა მისტიური და იდუმალებით მოცული ცოდნისადმი, სწორედ მათი პირვანდელი შიშითაა განპირობებული – სიკვდილის შიშით. და ამ ცოდნაში ისინი უკვდავების, მარადიული ახალგაზრდობის გასაღებს ეძებენ. განსხვავებით სმენებისგან, რომელთა მთავარი მოტივიც შემეცნების წყურვილია, ვიზუალებს ამ ცოდნისკენ, და შესაბამისად ამ ცოდნის მქონე ხალხისკენ, ზემოთნახსენები მოტივი ამოძრავებთ. მათთვის მთავარია იპოვონ „უკვდავების ელექსირი“, თუმცა ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ელექსირი მათ ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე აქვთ – ესაა სიყვარულის უსაზღვრო უნარი, რომელსაც გაღვივება და განვითარება სჭირდება. სწორედ სიყვარულის და თანაგრძნობის წყალობით ამარცხებს ვიზუალი სიკვდილის შიშს.

ვიზუალები ყველაზე ადვილად ექვემდებარებიან ჰიპნოზს და თვითჰიპნოზს, ეს ერთი მხრივ კარგია, რადგანაც შთაგონების ან თვითშთაგონების მეშვეობით, მათ მრავალი ფსიქოლოგიური, ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემის გადალახვა შეუძლიათ. მეორე მხრივ, სწორედ ამის გამო ხდებიან ისინი უამრავი შარლატანის მსხვერპლი, სრულიად სხვადასხვა სფეროში – დაწყებული ფსიქოლოგებით, დამთავრებული „მკითხავებით“. მათ ყველაზე იოლად შეუძლიათ – დაიჯერონ, რომ წინა ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული დააშავეს, და ამჟამად ისჯებიან, და ამ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული, მაგალითად ასტროლოგის მიერ დანახული მისიით მოვიდნენ. ძალიან ადვილად შეიძლება, რომ დაიჯერონ ნებისმიერი ტრყუილი, ან ნახევრად-სიმართლე, და ცხოვრებისეულ პროგრამად აქციონ შარლატანებისგან ან უმეცრებისგან ნაკარნახევი ეს შთაგონებები (ბუნებრივია არ ვგულისხმობ, რომ ყველა ფსიქოლოგი, ასტროლოგი და ა.შ. უმეცარი და შარლატანია).

ავტორი: მამუკა გურული