ვიზუალური ფსიქოტიპი და იდეა

 

როგორც ვიცით, იდეები სმენითი ფსიქოტიპების მთავარი “საწვავია”, ხოლო ვიზუალებისთვის მთავარ “საწვავს” ემოციები წარმოადგენენ. ამიტომაც ვიზუალების დამოკიდებულება იდეებისადმი ძირითადად ემოციური ფონით განისაზღვრება.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ვიზუალები (ასევე სმენები ვიზუალის მდგომარეობაში) იდეებს მიჰყვებიან. ამას ვაკვირდებით რელიგიებში, სხვადასხვა სწავლებებსა თუ სულიერ მიმართულებებში და გარკვეულწილად მეცნიერებაშიც…

რა ხდება სინამდვილეში? რეალურად ვიზუალი მიჰყვება არა იდეებს, არამედ პიროვნებებს (იდეოლოგებს ან იდეის გამტარებს). მას პირველ რიგში სწორედ პიროვნებებისადმი უჩნდება ემოციური კავშირი, ხოლო იდეა მისთვის წარმოადგენს პიროვნებისგან (რომლისგანაც იდეა მიიღო უშუალო სახით, ან თუნდაც წიგნიდან) მიღებულ ერთიან ინფორმაციულ-ემოციურ-ხატ-სახოვან შთაბეჭდილებას, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიფაროს სხვა შთაბეჭდილებით.

მაგალითად: ვიზუალი, რომელიც მოიხიბლა რომელიმე მოძღვრის, ან პირველ რიგში იესოს პიროვნული თვისებებით, თავგამოდებით დაიცავს ამ პიროვნებების მიერ ნაქადაგებ ქრისტიანულ ღირებულებებს. ამასთანავე მას ესმის იდეის ის ნაწილი, რომელიც თავად დაინახა და კარგად აღიქვა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც ვერ გაიგო, თავისი წარმოდგენებით ავსებს. ასევე ვიზუალისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოკვეთს კონკრეტული იდეა მის უნიკალურობას. მარტივად რომ ვთქვათ, ტანსაცმელივით ირგებს იდეას და ამოწმებს, “უხდება” თუ არა მას. მაგალითად, რაიმე “მშრალ” და “მათემატიკური სიბრტყის” იდეას ნაკლებად მოიხდენს, ხოლო იდეას, რომელიც გარკვეულწილად სიკეთეს და ჰუმანიზმს ქადაგებს, ადვილად მოიხდენს როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი ფასეულობების დონეზე.

მაგრამ რა მოხდება, თუ ვიზუალს შეეცვლება შთაბეჭდილება იმ ადამიანზე, რომელსაც “იდეურად” მიჰყვებოდა? იგი უარყოფს ამ იდეას, რადგან ვიზუალის აზრით: “შეუძლებელია იდეა კარგი იყოს, თუ იდეოლოგი ცუდი, ან ბოროტი ადამიანია”.

(საინტერესოა, მაგრამ თუ ვიზუალური ფსიქოტიპის წარმომადგენელმა კონკრეტულ პიროვნებაზე ,,გული აიცრუვა”, ის მთლიანად უარყოფს მასაც და მის იდეებსაც. ეცვლება რა იდეოლოგზე შთაბეჭდილება, ვიზუალი ხშირად არა მხოლოდ იდეას უარყოფს, არამედ შეიძლება უარყოს ისიც კი, რომ ამ იდეას ოდესღაც მიჰყვებოდა. მაშინაც კი, თუ ოდესღაც ,,იდეის” გულმხურვალე მიმდევარი იყო. ამ დროს ის იწყებს იდეის და იდეოლოგის კრიტიკას, მასში მხოლოდ ცუდს ხედავს (ადრე საერთოდ ვერ ამჩნევდა ნაკლს) – ს.ღ.).

სწორედ ამაშია განსხვავება ვიზუალურ და სმენურ მიდგომებს შორის. სმენა მიჰყვება იდეებს და არა პიროვნებებს, ვიზუალი პირიქით – მიჰყვება პიროვნებებს და არა იდეებს (გარდა ჰუმანიზმთან, მორალთან, ადამიანების დახმარებასთან (მათ შორის ფსიქოთერაპიასთან) ან უფლებების დაცვასთან დაკავშირებული იდეებისა, ეს ვიზუალის სფეროა. – ს.ღ.).

იდეა აბსტრაქტული ცნებაა, ვიზუალს კი აბსტრაქციის მხოლოდ ის ნაწილი შეუძლია თავის თავში გაატაროს, რომელსაც ხატ-სახოვნად, “კერძოდ” აღიქვამს (ვიზუალის ფუძე “კერძო ინფორმაციაა”). ამიტომ მხოლოდ იმ დონეზე აქვს კავშირი იდეასთან, რა დონეზეც თავისი ხატ-სახოვანი წარმოდგენები ან პიროვნებებთან ემოციური დამოკიდებულებები აკავშირებენ მასთან. თუ ვიზუალი იდეას მიჰყვებოდა და შემდეგ “უკან დაიხია”, ამის საფუძველი პირველ რიგში კონკრეტულ პიროვნებებთან ემოციური დამოკიდებულების შეცვლაში უნდა ვეძიოთ.

სმენა პიროვნებების მიღმა იდეებს ხედავს, მათი იდეის სიდიდით და სრულყოფილებით აფასებს მათ და ადამიანის გარეგნობა ან პიროვნული თვისებები ნაკლებად აინტერესებს.

დამოკიდებულებების დიფერენცირებით ადვილად შეგვიძლია დავადგინოთ ვიზუალია ადამიანი თუ სმენა, და თუ ორივეა – სმენის მდგომარეობაში აქვს სმენა თუ ვიზუალის მდგომარეობაში.

 

სტატიის ავტორი: მამუკა გურული