კანის და ორალური ვექტორების კომბინაცია

კან-ორალები გარეგნულად არიან მკვრივები, მაგრამ არა ანალ-ორალებივით მსუქნები, ორალური ვექტორი კანს მეტ გამძლეობას და ცხოველურ ბუნებას მატებს. კან-ორალები საკმაოდ ბევრს ჭამენ, თუმცა იშვიათად სუქდებიან. კანის ვექტორიანს ყვირილის დროს აქვს მწივანა, წიკვინა ,,ფალცეტი“, როდესაც მას ერთვის ორალი ეს წიკვინი ისტერიულ მყვირალობაში გადადის.

კანის ვექტორიანზე საუბრისას ვამბობდით, რომ როდესაც კანის ვექტორიანი თავს აღიქვამს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა, მას უფორმირდება თავხედის სცენარი, ის სხვებს ზემოდან უყურებს, უყვირის, ამცირებს. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის ორალური ვექტორი, კანის ვექტორში თავს გრძნობს იმაზე მაღალ რანგში ვიდრე რეალურადაა და ამას აჟღერებს ორალური მძლავრი ვერბალით და სკანდალურობით, ასეთები მუდმივად თავხედობენ, არასოდეს ელოდებიან რიგს, ხოლო თუ ამის გამო ვინმემ შენიშვნა მისცა, ყვირილისა და ლანძღვის ნიაღვარს გადმოაფრქვევენ, ოღონდ ასეთები არ ილანძღებიან ბინძური სიტყვებით (ბინძური სიტყვებით მხოლოდ განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ანალები ილანძღებიან), კან-ორალები უფრო თავხედი სკანდალისტები არიან, ორალური ვექტორი ამ ყველაფერს ენერგიულობას და მკაფიოობას მატებს.

კან-ორალები კატასტროფულად მატყუარები არიან, მაგრამ მათი ტყუილი არ არის ანალ-ორალივით ისტორიის გაზვიადება, ან ტრაბახი. მათი ტყუილი თავხედური ხასიათისაა, ხშირად კი ცილისმწამებლურიც. სწორედ განუვითარებელი კან-ორალები არიან კლასიკური ჭორიკნები, მოკრავენ ყურს რაღაცას და წავიდააა… ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს-დინოზავრად. პატარა ჭორს კატასტროფულ მასშტაბამდე ბერავენ. ეს განსაკუთრებით რთულ სახეს იღებს, თუ ჭორის ობიექტის შურთ. კანურ შურს და მტაცებლურ ბუნებას, ემატება ორალური სიმხეცე და მზად არიან პოტენციური მსხვერპლი ,,ცოცხლად შეჭამონ“.

სწორი განვითარებისას ორალური ვექტორს შეუძლია კანის ვექტორს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს. შემატოს ორატორული უნარები და სხვათა დარწმუნების ნიჭი.