კან-ვიზუალი ბიჭები

 

გარეგნულად ძალიან მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან. მაშინვე მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას საკუთარი დახვეწილი მანერებით, სასიამოვნო ჟესტებით, საინტერესო საუბრით. მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საკუთარი ინტელექტისა თუ გარეგნობის დემონსტრირება. ესთეტიკის განსაკუთრებული აღქმა აქვთ და როგორც წესი, შესანიშნავ ნიჭს ავლენენ მუსიკაში, ხელოვნებაში, მოდის სფეროში. დიდ დროს უთმობენ თავის მოვლას, ფორმაში ყოფნას, ცდილობენ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ. ბევრ მათგანს ნაზი, თითქმის ქალური ქცევები აქვს. ხშირად ავლენენ აშკარა შიშებს რაიმეს ან ვინმეს მიმართ, ბუნებით ემოციურებს, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ.

კან-ვიზუალ ბიჭებს ყველაზე ხშირად მოდასა და შოუბიზნესში შეხვდებით, რადგან სწორედ აქ შეუძლიათ თავის საუკეთესოდ რეალიზება. მათ ყველაფერი აქვთ, რაც ამ სფეროებს სჭირდება: შარმი, მომხიბვლელობა, დახვეწილობა, როლის მორგების, ემოციური მანიპულირების, საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის უნარი.

ნაზი აგებულების, გადამეტებული ემოციურობისა და შიშების გამო, წარსულში (კუნთურ და ანალურ ეპოქებში) მათ ხშირად იშორებდნენ თავიდან, ან თავად ეწირებოდნენ ომებსა და ბრძოლებს, რადგან ვერ უძლებდნენ აგრესიას, ზეწოლას. ზოგ მათგანს წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეეძლო.

სცენარით ვიზუალობის გამო, ვიზუალური ფასეულობები მათში ძალიანაა გამჯდარი და მათ შორის ხშირად გვხვდებიან პაციფისტები, ფემინისტები, ომის, ზოგჯერ  სექსის მოწინააღმდეგეებიც კი.

ურთიერთობებში ბევრ მათგანს ახასიათებს გაქცევის მცდელობა, სექსუალური კავშირებისგან თავის არიდება, აშინებთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ასე იმიტომ ხდება, რომ მათი ფუნქცია და დანიშნულება ჯერ კიდევ არაა გამოკვეთილი, განსაკუთრებით ქართულ თუ აღმოსავლურ რეალობაში, ისინი იმ წარმოდგენებში ვერანაირად ვერ ჯდებიან, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი (მამაცი, კაცური, გამბედავი, უშიშარი), რის გამოც იწყება ზეწოლა, როგორც ოჯახის, ასევე საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, უვითარდებათ სტრესები, რაც ურთიერთობებში სერიოზული პრობლემების სახით ვლინდება. ეს სტრესები ასევე ვლინდება მათ პათოლოგიურ შიშებში (ვიზუალი), პარანოიაში (კანი). ასეთი ადამიანი ძალიან დაბნეულია, თავგზაარეული, გადაჭარბებული ემოციურობა ახასიათებს, შფოთი, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ებრძვის დეპრესიას, უკიდურეს შემთხვევაში იწყება ისტერიაც.

კან-ვიზუალი ბიჭების ფუნქცია თანამედროვე რეალობაში გამოკვეთის პროცესშია და მათ რეალიზება ყველაზე მეტად, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მოდის, ხელოვნებისა და შოუბიზნესის სფეროში გაუმარტივდებათ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სცენარზე სხვა ვექტორის ძლიერი გავლენისას, სრულიად განსხვავებულ სურათს ვიღებთ.

ასე, მაგალითად, კან-ვიზუალი ბიჭი, ორალის ძლიერი გავლენით სცენარზე, უფრო ცხოველურია, უხეში, აგრესიულიც კი. ხშირად ბილწსიტყვაობს (რაც სტანდარტული კან-ვიზუალი ბიჭისთვის წარმოუდგენელია, მისი კულტურისა და ეთიკის აღქმის ჩარჩოებში მსგავსი ქცევა არანაირად არ ჯდება), ინტერესს ავლენს სექსის, ჭამის მიმართ, თუმცა მაინც ვიზუალურად ემოციურია და თანაგრძნობით აღსავსე. დიდი ალბათობით, არაა ტიპიური კან-ვიზუალივით თხელი და სუსტი, ორალის გავლენა სცენარზე და შესაბამისად ჭამის სიყვარული, გარეგნობაზეც საკმაოდ აისახება. ლაპარაკობს საკმაოდ ბევრს, ხუმრობს, იცინის, ერთი შეხედვით ვერც კი შეატყობთ, რომ შესაძლოა ვიზუალური შიშები და ემოციები მასაც ჰქონდეს, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ, ამას აუცილებლად გამოავლენს.

კან-ვიზუალი ბიჭი, სმენის ძლიერი გავლენით სცენარზე, გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. უფრო გულგრილია, ხშირად აპათიურიც კი, დეპრესიული, მოთენთილი, ენერგიის ნაკლებობით, შესაძლოა ასკეტიზმის გამოვლინებებიც კი ჰქონდეს და თავს იზღუდავდეს გარკვეულ სფეროებში. მიდრეკილია მარტო ყოფნისკენ, ჩუმია, სჩვევია ნიჰილიზმში გადავარდნა, ხშირად ინტერესდება სმენური თემებით-ფილოსოფიით, ასტრონომიით მეცნიერებით, თუმცა კან-ვიზუალურ მიმზიდველობას მაინც არ კარგავს და ქცევები ნაზი და დახვეწილი აქვს. ვიზუალურ ფასეულობებსაც საკმაოდ ამჟღავნებს. ეს მდგომარეობა ძალიან მძიმე ხდება მაშინ, როცა კანიც, ვიზუალიც და სმენაც სერიოზულ სტრესშია. ამ დროს ინდივიდს ეწყება ფსიქიკური პრობლემები, შესაძლოა ახასიათებდეს ესკაპიზმი და მისთვის გაქცევის, სამყაროსგან თავის დახსნის ნებისმიერი საშუალება მისაღები იყოს, იქნება ეს კომპიუტერული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები თუ სუიციდი.

კან-ვიზუალი ბიჭი ყნოსვის ძლიერი გავლენით სცენარზე, ნაკლებად დემონსტრაციული იქნება, ნაკლებად ემოციური და გახსნილი. არ ისაუბრებს ბევრს და თუ ისაუბრებს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ. დაინტერესებული იქნება ვიზუალურ-ყნოსვური თემებით-ოკულტიზმით, ტაროლოგიით, ეზოთერიით, ფსიქოლოგიით. მას უყნოსვო კან-ვიზუალივით მარტივად ვერ შეამჩნევთ და თვითონაც დიდი ალბათობით, დისკომფორტი შეექმნება თუ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ამ დროს ინდივიდში სერიოზული ბრძოლაა ყნოსვასა და ვიზუალურ ვექტორს შორის, როგორც ეს ვიზუალისა და ორალის შემთხვევაში ხდება, რადგან ამ ვექტორების ფასეულობები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, სტრესის განვითარების უდიდესი რისკია. აქაც ვხვდებით ვიზუალურ შიშებს და პარანოიის შემოტევებს.

როგორც ვხედავთ, ყველა კან-ვიზუალი ერთმანეთისგან განსხვავდება, სხვა ვექტორების სცენარზე ძლიერი გავლენის გამო, თუმცა ამ სცენარის მთავარი მახასიათებლები და ფასეულობები მაინც უცვლელი რჩება.

 

ავტორი: თამთა ბურდული