კან-სმენა მდედრი

დღევანდელ ლექციაში განვიხილავთ კან-სმენური კომბინაციის გამოხატულებას მდედრობით სქესში, მის განსაკუთრებულობებს, ქცევით მახასიათებლებსა თუ დამახასიათებელ სტრესებს. სანამ უშუალოდ ლექციის ძირითად ნაწილზე გადავალთ, საჭიროა ორიოდე სიტყვით შევეხოთ თავად კანის და სმენის ვექტორების კომბინაციის არსს.

როგორც იცით კანის ვექტორის ფუნქციაა შემოსაზღვრა. ადამიანის სხეულზე კანი ვლინდება საზღვრად ფიზიკურ სხეულსა და გარე სამყაროს შორის, ის შემოსაზღვრავს სხეულს და აქცევს მას ფორმაში. ამასთან კანური ზონა პირველია სხეულზე, რომელიც ხვდება გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს და ახდენს მათთან შეგუება – ადაპტირებას. ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს კანური ფსიქოტიპი ჯგუფში. ის შემოსაზღვრავს ჯგუფს, აძლევს მას ფორმას, აორგანიზებს და ეხმარება გარემოში მომხდარ ცვლილებებთან ადაპტაციაში. კანური ფსიქოტიპის ადამიანთა მთავარი ფასეულობაა: ნებისმიერი რესურსის ეფექტურად გამოყენება.

სმენის ვექტორის ფუნქციაა არსის შემეცნება, მიზეზ-შედეგობრიობის ძიება და სამყაროს კანონზომიერებების შესწავლა. სმენური რეალიზაცია გულისხმობს საკუთარი შემეცნების შედეგის გარეთ გამოტანას. ამას კი სმენის ვექტორიანი აკეთებს იდეებით. ქმნის გარკვეულ მსოფლმხედველობრივ მოდელს (იქნება ეს მეცნიერული თეორია, საინჟინრო-ტექნიკური ნოვაცია, ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური თუ სულიერი სწავლების დანერგვა (ან არსებულის განვითარება) და ხდება ამ მსოფლმხედველობის გამავრცელებელი (ან გამტარი). სმენითი ფსიქოტიპი ესაა ადამიანი რომელიც ცხოვრობს სრულიად განსხვავებულ განზომილებაში (არსთა სამყაროში).

რას გვაძლევს ამ ორი ვექტორის, სურვილთა ამ ორი ნაკრების კომბინირება? კან-სმენა ეს არის კანი და სმენა ერთად, მოძრაობა + იდეა. სწორედ კან-სმენები დგანან ყოველი ტექნიკური ნოვაციის (თუმცა არა რევოლუციურ აღმოჩენათა) უკან, სწორედ ისინი ქმნიან მიკროჩიპებს, უახლეს ელექტროტექნიკას, ისინი არიან რობოინჟინრები და ტექნიკური პროგრესის წინამძღოლები. სწორედ კან-სმენების შექმნილია პერსონალური კომპიუტერი, ვინდოუსი, ინტერნეტ ქსელი, ასევე ყველა წამყვანი სოციალური თუ საძიებო ქსელი (facebook-ი, google, skype და ა.შ.). თანამედროვე ეპოქაში კან-სმენები (ყნოსვებთან ერათად) ქმნიან პოლიტიკურ, სოციალურ, თუ ეკონომიკურ ამინდს. ხშირად სწორედ კან-სმენები არიან ახალი რელიგიური მოძღვრებებისა და ფანატიზმამდე აყვანილი იდეების შემოქმედები და გამტარები…

ამ ორი ფსიქოტიპის კომბინირებაში ვხვდებით საოცარ და უკიდურესობამდე მისულ გამოვლინებებს. კან-სმენები ხშირად ქადაგებენ სხვადასხვა საკვების აკრძალვის, სხვადასხვა რამისგან თავშეკავების იდეებს. ის სმენასთან ერთად კანიცაა, კანი კი ისეც შეზღუდვაა, ის ყველაზე უკეთ გრძნობს, რომელი საკვებია რთულად მოსანელებელი და რა ამძიმებს მის სხეულს, მას სურს ფიზიკური სიმსუბუქე, რაც სმენასთან ერთად ფსიქიკის სიმსუბუქის სურვილში გადადის. მხოლოდ კან-სმენამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას სექსი ენერგიას აცლის და რაც საინტერესოა, მისთვის ეს ასეცაა, რადგან კანის ისეც წერტილოვან ლიბიდოს, სმენის ვექტორი ათჯერ ამცირებს, ამიტომ კან-სმენას სექსი საერთოდ აცლის ძალას, იმდენად, რომ მას აღარ შეუძლია იფიქროს და კონცენტრირება აზრებზე მოახდინოს.

ხშირად კან-სმენა მიდის უდაბნოში ასკეტად, ზის თავის განმარტოებულ სენაკში წყალზე და გამხმარ პურზე, ყოველ დღე ერთი და იგივეს უყურებს, ყველასგან გამოცალკევებულია, ასეთი არავის ჭირდება, სადღაც შორს დაფრინავს, ზოგჯერ საერთოდ უძრავად ზის. სად წავიდა მისი კანის ვექტორი? კანი ხომ მომხვეჭელია? კანს ხომ მუდამ მაღლა აძვრომა სურს კარიერულ კიბეზე? სად წავიდა ეს ფაქტორები ამ კან-სმენაში, რომელიც სადღაც განცალკევდა? ადამიანების უმეტესობა მას ვერასოდეს გაუგებს, რადგან ის საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობს. უმრავლესობა ცხოვრობს ფიზიკურ სამყაროში და ისინი ტკბობას აქ იღებენ. ის კი არაფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს, მთელი მისი ტკბობა, მთელი მისი მისწრაფებები აზრებში, მის ფიქრებში, მის იდეებშია. ის სიბრტყე სადაც ის კანურ შედარებებს და შეჯიბრს ახდენს, აქ არ არის, მისი კანი არსად წასულა, უბრალოდ იმდენად სიღრმეშია მისი სმენა წასული, რომ კანის ვექტორი მხოლოდ იდეებთან თუ კონკურირებს. ამიტომ მას არ აინტერესებს გემრიელია თუ არა გამხმარი პური, არ ანიჭებს ტკბობას ფიქიკური ურთიერთობები, მას სრულიად სხვა ამბიციები აქვს, კერძოდ: რამდენად მიუახლოვდება პირველმიზეზს, რამდენად შორს წავა.

 

სმენის ვექტორი მდერობით სქესში

აქ აუცილებელია აღვნიშნოთ ერთი შტრიხი, კერძოდ ის, რომ თავად ვექტორს (მითუმეტეს სმენას) სქესი არ გააჩნია, ამიტომ განსაკუთრებულობები პირველ რიგში გამომდინარეობს ვექტორიდან და არა მისი მატარებლის სქესიდან. ვექტორი ეს ადამიანში ბუნების კანონებიდან გამომდინარე ფორმირებული სურვილების ერთობლიობაა. ერთადრერთი სხვაობა რაც სქესმა შეიძლება მოიტანოს ვექტორის მატარებლებს შორის, გამომდინარეობს წარსული არქეტიპიდან და ურთიერთმიზიდულობების კანონიდან. თუმცა ხდება ისეც რომ სქესიდან გამომდინარე ვექტორს ზოგჯერ აქვს განსხვავებული გამოხატულებები (სქესთა გაყოფა ხდება ქმნილების მცენარეულ დონეზე). რატომ? იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული დაშენებები. თუ შევხედავთ ქვედა ვექტორები ადამიანის ცხოველური სურვილების ნაკრებებია, ხოლო ზედა ვექტორები ადამიანში ადამიანური სურვილების ნაკრები. ვექტორული წყობის შესაბამისად ადამიანი თავის თავში ატარებს ცხოველურ, ან ადამიანურ სურვილებს (ან ორივეს ერთად). ადამიანურობა ადამიანში, პირველ რიგში გულისხმობს განვითარების შესაძლებლობას.

ვექტორის ფუნქციურ სხვაობას სქესთა შორის პირველ რიგში წარმოშობს არქეტიპი და სხვაობა ფუნქციურ რეალიზაციას შორის (როდესაც ვსაუბრობთ ფუნქციურ რეალიზაციას შორის სხვაობაზე, მხედველობაში გვაქვს არა რომელიმე სქესის უპირატესობა, არამედ მისი ბიოლოგიური თავისებურებანი და ამ თავისებურებების გამო ფორმირებული სხვაობანი). ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო მეტად მეტაფიზიკურია ვექტორის ბუნება, მით ნაკლებია სხვაობა სქესთა შორის არსებულ ფუნქციურ რეალიზაციაში. ხოლო როდესაც საქმე ეხება დომინანტ ვექტორებს (ურეთრა, ყნოსვა და სმენა), აქ სქესთა შორის ფუნქციური სხვაობა (მათ არსში) პრაქტიკულად არაა და ის ჩნდება მხოლოდ არქეტიპის ზეგავლენით.

ანალურ ფაზაში მმართველობა ხდებოდა ანალური ვექტორის ფასეულობებით. ანალის ვექტორიანები კი მდედრს მამრზე დაბლა მდგომ არსებად თვლიან (ეს განსაკუთრებით ეხება განუვითარებელ ანალებს, რომელთა შეფასების უპირველესი კრიტერიუმი ფიზიკური ძალაა), შესაბამისად ანალურ ფაზაში მოხდა ქალის როლის დაკნინება და ქალებს არ ეძლეოდათ კაცის თანაბრად რეალიზაციის საშუალება. ამის გამო სულიერი ბელადების და გასულიერებული სმენების უმრავლესობა ანალურ ფაზაში სწორედ კაცები იყვნენ. სმენა მდედრმა კი განვითარების სულიერი დონე შეიძინა მხოლოდ ანალური ფაზის მეორე ნაწილში, როდესაც ანალურის პარალელურად მოხდა ვიზუალური ფასეულობების გამოვლენა და ანალურის რამდენადმე შერბილება.

არის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა. სმენის ვექტორიან მდედრს (იმავე არქეტიპის გავლენით), მამრზე ბევრად უკეთ შეუძლია არსებული იდეების გადაცემა და მიწოდება, ამიტომ სმენის ვექტორიანი მდედრები იდეალური მასწავლებლები არიან. სმენის ვექტორიან მამრებში ჭარბობს ომის მდგომარეობა რაც გულისხმობს ინფორმაციულ დაპყრობას, ეგოს ჭიდილს, ამიტომ როდესაც სმენის ვექტორიანი მამრი რაღაცას სწავლობს, ან ასწავლის, მასში ყოველთვის მძლავრობს მისი შინაგანი ეგო, რაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მის სურვილს გახდეს ინფორმაციის მიმღები და შემდეგ ეს ინფორმაცია გასცეს. როდესაც სმენის ვექტორიანს ვინმე რამეს ასწავლის, მასში ჩნდება შინაგანი განცდა იმისა, რომ ,,ეს მან ისედაც იცის და თან მასწავლებელზე უკეთესად“. სმენის ვექტორიანებს რომ ჰკითხოთ მათ ყველაფერი ყველაზე უკეთესად იციან, ისიც კი, რაც საერთოდ არ გაეგებათ). სმენური ფსიქოტიპის მდედრების სმენის ვექტორში კი ჭარბობს მშვიდობის მდგომარეობა (მაშინაც კი როდესაც ქვედა ვექტორი ომის მდგომარეობაში აქვთ), ამიტომ მათი ეგო ცოტა უფრო შერბილებულია, ამიტომ ხდება ინფორმაციის ბევრად უფრო კარგი მიმღები, ვიდრე სმენის ვექტორიანი მამრი.

 

კან-სმენა მდედრი

არსობრივად კან-სმენა მდედრიც და მამრიც ატარებენ ერთნაირ თვისობრივ ნაკრებს, თუმცა ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გავლენით კან-სმენა მდედრთან მაინც ვხვდებით მთელ რიგ სხვაობებსა და თავისებურებებს. პირველი თავისებურება არის ის, რომ კან-სმენა მამრებისგან განსხვავებით მათი სმენის ვექტორი უმეტესად იმყოფება მშვიდობის მდგომარეობაში (იხ. ლექცია: ომის და მშვიდობის მდგომარეობები ვექტორებში), მაშინაც კი, როდესაც მათი კანის ვექტორი ომის მდგომარეობაშია.

კანი – ომის, სმენა – მშვიდობის მდგომარეობაში.

ეს გვაძლევს შემდეგ სურათს: ამ მდგომარეობის კან-სმენა მდედრები ხშირად რეალიზდებიან პროგრამისტებად, ტექნიკურ სპეციალისტებად, ასევე რომელიმე რელიგიის ან მოძღვრების გამავრცელებლებად და მქადაგებლებად (ზოგჯერ მონაზვნებადაც). ხოლო თუ ანალიც ერთვის – პროფესორ-მასწავლებლებად, მეცნიერებად და ა.შ. თითოეული ეს სპეციალობა საშუალებას აძლევს კანურად ურთიერთკონკურირებისა, სმენურად კი შეცნობის, სწავლის თუ ახალი აღმოჩენებისა.

 

დამახასიათებელი სტრესები და დაზიანებები

კან-სმენა მდედრთა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს სმენურ რეალიზაციაში დარჩენა. ამის ძირითადი მიზეზი ორია: 1. არქეტიპი. ანალურ ფაზაში (ანალურ დამოკიდებულებათა გავლენის გამო) ქალებს ნაკლებად ეძლეოდათ პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ეს ეხება სმენის ვექტორიან მდედრებს, მათ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ ეძლეოდათ ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაციის საშუალება, ამიტომ ვერ ფორმირდა სმენური მდედრის რეალიზაციის სრულფასოვანი არქეტიპი, რაც დღეს იწვევს იმას, რომ სმენა მდედრებს ხშირ შემთხვევაში უწევთ რეალიზდნენ არა სმენური, არამედ რომელიმე სხვა ვექტორის ფასეულობებით და ვინაიდან სმენურ ფასეულობებთან ყველაზე ახლოს მყოფი ვექტორი ვიზუალია, ამიტომ უფრო უადვილდებათ ვიზუალის სცენარით რეალიზება. 2. სმენაც და ვიზუალიც ინფორმაციული მეოთხედის ვექტორებია ამასთან ორივე მათგანი მიმართულია გაუმჯობესებისაკენ (ვიზუალი როგორც არსებულის მორალურ-ეთიკურ-ესთეტიური გაუმჯობესება და სმენა როგორც მომდევნო მდგომარეობა), მაგრამ სმენური რეალიზაცია თანამედროვე სოციუმში ვიზუალურ რეალიზაციაზე უფრო რთულია, მისი არ ესმით და მისი განსხვავებულობა აწუხებთ თვით მისი ოჯახის წევრებსაც კი, ამიტომ მისი აბსტრაქტული აზროვნება ოჯახის წევრებს ხშირად არა თუ არ ესმით, არამედ აშინებთ კიდეც. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან, ანალურ მენტალიტეტში, მდედრისადმი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ანალური დამოკიდებულება (რომელიც მდედრს მეორე ხარისხოვან არსებად აღიქვამს, მითუმეტეს სრულ უმეტესობას ვერ წარმოუდგენია შემეცნების მაძიებელი, ან სულიერი მასწავლებელი ქალი). შესაბამისად სმენის ვექტორიან მდედრზე ოჯახშივე მოდის უზარმაზარი ზეწოლა, იმდენად დიდი, რომ სმენის ვექტორი ვერ იღებს სმენური განვითარებისთვის საჭირო თვისებებს და მისი სმენურობა გადადის ფასეულობით ყველაზე ახლო მდგომ ვექტორში (უმეტესად ვიზუალში).

კან-სმენა მდედრები ძალზე ხშირად იტანჯებიან მუდმივი თავის ტკივილებით, შაკიკით (ეს ახასიათებთ კან-სმენა მამრებსაც, მაგრამ შედარებით იშვიათად), ისტერიით. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება მაშინ თუ ვერ აღწევენ სმენურ რეალიზაციას და უწევთ მხოლოდ კანური კარიერის მიყოლა, ან ოჯახში ბავშვებთან ჯდომა. ბავშვების ყვირილი და ჟრიამული არარეალიზებული კან-სმენა მდედრისთვის მტანჯველი მოსასმენია, ბავშვის თითოეული წამოყვირება მის ფაქიზ სმენას საშინელ დარტყმას აყენებს, ამას კი ხშირად სრულ ისტერიამდე მიჰყავს (ზოგჯერ პარანოიამდეც). ეჩვენება რომ ბავშვი სპეციალურად უშლის ნერვებს, მხოლოდ მის გასაღიზიანებლად ყვირის. ამის გამო კან-სმენა დედები ხშირად განმარტოებით იკეტებიან და ბავშვს თითქმის არ აქცევენ ყურადღებას.

 

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე