ნეგატიური სცენარები ანალურ ფსიქოტიპში (ვექტორში)

 

ნაწილი პირველი

,,რაც დრო გადის ადამიანები გაცივდნენ, ტრადიციები დაივიწყეს, ახალგაზრდებს უფროსების რიდი აღარ აქვთ, წარსულს ივიწყებენ, უცხოტომელები სამშობლოს გვართმევენ, რყვნიან ჩვენს ახალგაზრდობას.“ – ალბათ ყოველ თქვენგანს მოუსმენია მსგავსი ფრაზები, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა თავადაც ფიქრობდეს ასე, მაგრამ ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ მსგავსი აზროვნება კავშირშია კონკრეტულ ფსიქოტიპთან. რა ფსიქოტიპია ეს?

ადამიანები განსხვავდებიან. განსხვავდებიან არა მხოლოდ აღზრდით, არამედ თანდაყოლილი ფუნქციური მოდელით, განსხვავდება მათი ფსიქიკა, აზროვნების სტილი, უნარები, შესაძლებლობები. ერთს კარგად გამოსდის საათობით ჯდომა და ერთი საქმის ხანგრძლივად კეთება, მეორე სულ ცმუკავს, მუდმივად მოძრაობა სურს, მესამე მუდმივად უცნაურ კითხვებს სვამს, განსხვავებულია მათი საუბარი, ქცევები, სურვილები. ამ განსხვავებულ ფსიქოტიპებს ვექტორული ფსიქოლოგია უწოდებს ვექტორებს. ვექტორი ესაა მიმართულება, ამ შემთხვევაში კი სურვილის მიმართულება. ვექტორული ფსიქოლოგია განასხვავებს რვა ძირითად და 256 კომბინირებულ ფსიქოტიპს. თითოეული ფსიქოტიპი გამოხატულია როგორც ფსიქიკაში, ისე ანატომიურად (სხეულზე). ალბათ იცით, რომ ფსიქიკაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი ასახვას პოვებს სხეულზე (და პირიქით).

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებზე მეტად ორიენტირდებიან წარსულზე, მეტად ინტერესდებიან ისტორიით, მუდმივად საუბრობენ ტრადიციების დაცვასა და წინაპრების კულტზე. ამ ადამიანებს ვექტორული ფსიქოლოგია უწოდებს ანალური ვექტორის მატარებლებს. სხეულზე მათი ეროგენული ზონა გამოხატულია მთელი საყლაპავ-მომნელებელ-გადამამუშავებელი სისტემით. რა ფუნქციას ასრულებს სხეულზე ეს სისტემა? იგი იღებს საკვებს, გადაამუშავებს, იტოვებს სასარგებლო ნივთიერებებს და გადაანაწილებს მთელ სხეულზე, ხოლო უსარგებლო ნაწილს გარეთ გამოდევნის. ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს ანალური ვექტორი საკაცობრიო მასშტაბით. ის იღებს წარსულში უკვე არსებულ ინფორმაციას, ახარისხებს, აარქივებს და შემდეგ გადასცემს მომავალ თაობას. შესაბამისად ამ ფსიქოტიპის მატარებლები განსაკუთრებულად აქცენტირდებიან წარსულზე.

ზ.ფროიდი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელთა შესახებ წედა: ,,ადამიანები, რომელთა აღწერაც მსურს, გამოირჩევიან იმით, რომ როგორც წესი მათ ხასიათში აღინიშნება შემდეგი სამი მახასიათებელი: ისინი არიან ძალზე აკურატულები, ჯიუტები და შემნახველები. თითოეული ეს გამოხატულება უკვე არსებითად მეტყველებს ხასიათის მთელ რიგ შტრიხებზე, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. აქ აკურატულობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ სისუფთავისმოყვარეობას, არამედ კეთილსინდისიერებას და ზედმიწევნითობას სხვადასხვა წვრილმანი ვალდებულებების შესრულებისას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოთ. თუმცა მეორეს მხრივ აკურატულობის საპირისპიროდ  დარღვევისას მათ შეენიშნებათ მოუწესრიგებლობა და დაუდევრობა. შემნახველობა დარღვევისას შეიძლება გადაუვიდეთ სიძუნწეში, სიჯიუტე კი – შეუპოვპობაში, რომელსაც ერთვის მიდრეკილება აფექტური მრისხანებისა და შურისმაძიებლობისკენ. ბოლო ორი თვისება – შემნახველობა და სიჯიუტე – უფრო მჭიდროდ არიან ურთიერთკავშირში, ვიდრე – აკურატულობა. ხოლო სამივე ერთად წარმოადგენენ მუდმივად განუყოფელ ნაწილს.“

იმისთვის, რომ ანალური ფსიქოტიპის სტრესების ფორმირების მექანიზმს ჩავწვდეთ, საჭიროა გავიგოთ თუ როგორაა მოწყობილი ამ ფსიქოტიპის აზროვნების სტრუქტურა. ამისთვის საჭიროა შევხედაოთ ამ ფსიქოტიპის ეროგენულ ზონას (საყლაპავ-გადამამუშავებელ-მომნელებელი სისტემა) და მის ფუნქციურ მოწყობას. რა ფუნქციას ასრულებს ეს სისტემა ადამიანის სხეულზე? ის იღებს საკვებს, გადაამუშავებს მას, ახდენს ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების შთანთქმას, დახარისხებას და მათი საჭირო მიმართულებით გადანაწილებას. ზუსტად იმავე როლს ასრულებენ ანალური ფსიქოტიპის მატარებელი ინდივიდები. ისინი ორიენირებულნი არიან აითვისონ უკვე არსებული ინფორმაცია, გადაამუშაონ, დააწყონ ხარისხობრივად, სასარგებლო ნაწილი დააარქივონ და გადასცენ მომდევნო თაობას, ხოლო უსარგებლო ინფორმაცია გამოდევნონ. ეს მისწრაფება მოითხოვს უზარმაზარ ნებისყოფას, აკურატულობას და მოცულობით მეხსიერებას, გონებას, რომელსაც შეუძლია გადაამუშავოს ტიტანური მოცულობის ინფორმაცია, მოაწესრიგოს და მიანიჭოს მას შესაბამისი ხარისხი. ეს ფუნქციური მოდელი მათ ანიჭებს ხარისხობრივ აზროვნებას, აქედან გამომდინარე ანალის ვექტორიანიები ნებისმიერ საგანს, მოვლენას თუ ადამიანს უკეთებენ ხარისხობრივ შეფასებას და მისთვის მინიჭებული ხარისხის შესაბამისად წარმართავენ მასთან ურთიერთობას.

ნებისმიერ ინდივიდის განვითარებაზე (მათ შორის ანალური ფსიქოტიპის მატარებელზე) ზეგავლენას ახდენს ფაქტორთა მთელი რიგი: გენეტიკა, ოჯახი, გარემო, მენტალიტეტი და ა.შ. ამ ფაქტორების ზემოქმედება ზოგჯერ ნაწილობრივ ან მკვეთრად უარყოფითი ხასიათისაა, რაც აფორმირებს სტრესს, ან ნეგატიური ცხოვრების სცენარს.

ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარი არის მდგრადი ქვეცნობიერი ქცევა, რასაც ადამიანის ცხოვრება მიყავს ნეგატიურ (არასასურველ) შედეგამდე. როგორ ფორმირდება ნეგატიური სცენარები? ყველაფერი დამოკიდებულია შინაგანი და გარეგანი ზეწოლების თანაფარდობაზე. შინაგანი ზეწოლა – არის ჩვენი ტემპერამენტი, ანუ ჩვენი ვექტორის სურვილის ძალა. გარეგანი ზეწოლა – არის ჩვენი გარემოცვა: მშობლები, თანატოლები, მეგობრები და მტრები. ყველა ვინც რაღაც კუთხით ზემოქმედებს ჩვენზე. სასურველია, რომ გარემომცველი სამყაროს ზეწოლა იყოს ადეკვატური და ტამპერამენტის შესაბამისი, რადგამ ამ ბალანსიდან ნებისმიერი გადახრა (როგორც ზეწოლის სიჭარბე, ისე მისი უკმარისობა) ნეგატიურად აისახება ფსიქიკაზე, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში, როდესაც ყალიბდება ჩვენი პიროვნების ფუნდამენტი. შედეგად ფორმირდება საკმაოდ მძიმე ნეგატიური სცენარები.

 

წყენის მდგომარეობა

ანალური ფსიქოტიპის ადამიანი გარემოსთან ურთიერთობს თანაბრობის (გათანაბრების) პრინციპით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ანალის ვექტორიანი ადამიანი ცდილობს როგორც გარემოსგან წამოსული ნებისმიერი იმპულსის გათანაბრებას, ისე ბალანსის აღდგენას გარემოსთან თავისი ქმედებების შედეგად შექმნილი დისჰარმონიისას. თუ ეს გარემოსთან ურთიერთქმედების შედეგად გამოწვეული დისბალანსი მრავალჯერადი, ან დროში განგრძობითი ხასიათისაა ანალურ ფსიქოტიპს უყალიბდება წყენის მდგომარეობა.

ანალურ ვექტორში ვხვდებით წყენის ფორმირების რამოდენიმე მიზეზს და შესაბამისად წყენის მდგომარეობის რამოდენიმე სხვადასხვა გამოხატულებას.

  1. როდესაც გარემოსგან, მისი მიმართულებით მოდის ნეგატიური იმპულსი.
  2. როდესაც გარემოსგან მისი მიმართულებით მოდის პოზიტიური იმპულსი.
  3. როდესაც მისგან გარემოს მიმართულებით მიდის ნეგატიური იმპულსი.
  4. როდესაც მისგან გარემოს მიმართულებით მიდის პოზიტიური იმპულსი.

განვიხილოთ თითოეული: არსებობს ინდივიდი და არსებობს გარემო (ლანდშაფტი) მის ირგვლივ. გარემო იცვლება, და ინდივიდს უწევს რაღაც ქმედების განხორციელება, რომ მას გაუტოლდეს. თუკი მოქმედების ინიციატორი არის ადამიანი, ის გარემოსაგან ელოდება ამ ქმედების ტოლ საპასუხო რეაქციას. როგორ მუშაობს ეს?

შემთხვევა პირველი: არის ლანდშაფტი და მასში ხდება გარკვეული ცვლილება, დავუშვათ ეს ცვლილება არის უარყოფითი ხასიათის. მაგალითად ანალური ფსიქოტიპის მატარებელ ინდივიდს მიაყენეს სიტყვიერი წყენა (ვთქვათ სახალხოდ დაამცირეს). როგორ რეაგირებს ის? მის ფსიქიკაში არსებობდა ბალანსი, მაგრამ გარემოსგან წამოსულმა უარყოფითმა იმპულსმა გამოიწვია მისი შინაგანი ბალანსის დარღვევა. მას ჭირდება ამ ბალანსის აღდგენა. თუ მან შეძლო და სეურაცხმყოფელს დაუყოვნებლივ გასცა ადექვატური პასუხი, მასში დარღვეული ბალანსი აღდგება. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ მიყენებული შეურაცხყოფა იმდენად მძიმეა, რომ ის ვერ ახერხებს შესაბამის რეაგირებას და რჩება შეურაცხყოფილი? ასეთ დროს მის გონებაში ფორმირდება დისბალანსი. მან მიიღო ნეგატიური იმპულსი, მაგრამ გათანაბრება არ შეუძლია, ასეთ დისბალანსს ანალის გონებაში ეწოდება წყენა. ის უსამართლოდ შეურაცხყვეს, მან კი საკადრისი პასუხის გაცემა ვერ შეძლო, ამიტომ ის დარჩა ნაწყენი. როდესაც ანალის ვექტორიანს უვითარდება წყენა, მასში ავტომატურად წარმოიშობა შურისძიების სურვილი, უნდა რომ ეს წყენა უკან დაუბრუნოს ადრესატს და ამით აღიდგინოს დარღვეული ბალანსი. თუ გგონიათ, რომ დრო გავა და მას ეს წყენა დაავიწყდება, ძალიან ცდებით, ანალის ვექტორიანებს შესანიშნავი მეხსიერება აქვთ. მას აწყენინეს, მან კი პასუხის გაცემა ვერ შეძლო, გადის დრო, ანალს ყველაფერი ახსოვს, მას შეიძლება ღამეები აქვს ნათენები იმაზე ფიქრით როგორ უნდა უპასუხოს თავის შეურაცხმყოფელს. ანალის ვექტორიანის გონებაში ნებისმიერი დისბალანსი (იქნება ეს ნეგატიური, თუ პოზიტიური), დროის გასვლასთან ერთად იზრდება, რაც მეტს ფიქრობს ამ თემაზე, მით მეტად უღრმავდება ,,ჭრილობა“.

უნდა გვახსოვდეს, რომ ანალური ფსიქიკისთვის გათანაბრება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი შინაგანი ბალანსი. ,,თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ!“ – ჭეშმარიტად ანალური გამონათქვამია და ანალური ფსიქიკის სიღრმეებიდანაა ამოხეთქილი. ამასთან არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მეტი დრო გადის წყენიდან, ანალის ვექტორიანის სინაგანი დისბალანსი იზრდება, შესაბამისად იზრდება მისი სურისძიების სურვილიც.  ამიტომ ,,ოქროს წესია“, თუ ღმერთმა ნუ ქნას და შემთხვევით ანალის ვექტორიანს აწყენინეთ, დაუყოვნებლივ მოუბოდიშეთ, სანამ წყენის გააზრებას მოასწრებს, იმიტომ რომ რაც დრო გავა, მასში ამ წყენით გამოწვეული დისბალანსი მხოლოდ მოიმატებს, მასში ბრაზი იზრდება და რაც დრო გავა ამ წყენის საკომპენსაციოდ მისი პასუხი თქვენს მიმართ უფრო მეტად არაპროპორციული იქნება. ამიტომ სასურველია, თუ ანალის ვექტორიანს აწყენინეთ ბოდიში მაშინვე მოუხადოთ, ოღონდ ისე, რომ თვალთმაქცობა არ შეგამჩნიოთ, იმიტომ რომ თვალთმაქცობას ახალ შეურაცხყოფად მიიღებს, მას აწყენინეთ და კიდევ ატყუებთ, ეს მისთვის ორმაგად საწყენია. თუ ანალის ვექტორიანმა შეძლო და შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადაუხადა, მაშინ მისი დარღვეული ბალანსი აღდგება და უკვე ყველაფერი რიგზე აქვს, ხასიათიც მაშინვე გამოუკეთდება. სამაგიეროს გადახდის შემდეგ შეიძლება შეურაცხმყოფელს კიდეც შეურიგდეს. მაგრამ თუ იგრძნეს, რომ შურისძიებისას ზედმეტი მოუვიდათ, მაშინ ასევე დისბალანსი (დანაშაულის გრძნობა) აქვთ იმის გამო, რომ იმაზე მეტი დააშავეს, ვიდრე დაუშავდათ, ამიტომ რცხვენიათ, სინდისი ქეჯნით.

თუ ანალის ვექტორიანისთვის მიყენებული წყენა იმდენად დიდია, რომ გათანაბრება მის ძალებს აღემატება, მას წყენა ,,ყელში ბურთივით ეჩხირება“, თითქოს ვიღაც ახრჩობსო, დროთა განმავლობაში კი უფორმირდება ,,წყენა, როგორც ცხოვრების სცენარი“. თანდათან ფორმირდება ნამდვილი ანალური საყვედურით სავსე მზერა, დაბლა დაშვებული ნიკაპი, ტუჩის კუთხეები ქვემოთ იწვს, წყენა სახეზე ნიღაბივითაა შეყინული, რაღაცით სახე ბულდოგ ძაღლს უგავს. უკვე გასაგებია ასეთი გამომეტყველების მიზეზი. თავიდან შეიძლება უბრალოდ შეიგინოს და ხელი ჩაიქნიოს, წავიდეს ერთი მაგისიცო, მაგრამ დროში ანალური წყენა უფრო და უფრო მომწიფდება და გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში კი არც თუ ისე დიდი ხანია საჭირო რომ ანალის გონებაში შურისძიების სურვილი მომწიფდეს. რაც უფრო იზრდება ანალის ვექტორიანის წყენა, მით უფრო ფართოვდება მისი სიძულვილის ადრესატთა წრე, ფართოვდება მისი წყენის საზღვრები. მაგალითად: მას უღალატა ერთმა კონკრეტულმა ქალმა/კაცმა, რა თქმა უნდა მის შემდეგ ქმედებას ბევრად განაპირობებს მისი განვითარების დონე, მაგრამ თუ ანალი განუვითარებელია ძალიან ხშირად ხდება, რომ მისი აზრი შემდეგ მიმართულებას იძენს: ის გაანაწყენა ერთმა კონკრეტულმა კაცმა/ქალმა, მაგრამ დროში მისი წყენა იზრდება და ვრცელდება უკლებლივ ყველა კაცზე/ქალზე.

შემთხვევა მეორე: როდესაც გარემოს მხრიდან ანალის ვექტორიანის მისამართით მოდის პოზიტიური იმპულსი. პრინციპი პრაქტიკულად იგივეა, რაც წინა შემთხვევაში, თუმცა არსებობს სხვაობათა მთელი რიგიც. დავუშვათ ანალის ვექტორიანს ვინმემ მნიშვნელოვანი სიკეთე გაუკეთა. რა ხდება ამ დროს? როგორც უკვე აღვნიშნეთ ანალური ფსიქოტიპის ფსიქიკა მუსაობს ბალანსისა და გათანაბრების პრინციპით. ნებისმიერი ქმედების პასუხად მისი ფსიქიკა ითხოვს უკუგებას. შესაბამისად მისთვის პოზიტივის გათანაბრება ისევე აუცილებელია, როგორც ნეგატივისა. ამიტომ თუ ანალის ვექტორიანს ვინმე სიკეთეს გაუკეთებს მას უფორმირდება მადლიერების გრძნობა. თუ ანალი ვერ ახერხებს, რომ გარემოსგან, ან ინდივიდისგან წამოსულ პოზიტივზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მას ესეც მძიმე ტვირთად აწვება. ის პატიოსანი, ალალმართალი ადამიანია, რომელსაც არავისთან არ სურს ვალში ყოფნა, ხოლო გაუთანაბრებელი პოზიტივი მისთვის ნისნავს, რომ ის ვიღაცის ვალშია და ეს ვალი გადასახდელი აქვს. ამ დროს თავის კეთილისმყოფელს მუდამ თვალებსი შესციცინებს, სულ ცდილობს რაღაცით ასიამოვნოს, რაღაცით გვერდსი დაუდგეს. მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს, ხდება უცნაური რამ, კერძოდ: თავისი კეთილისმყოფელის მიმართ მას უჩნდება ქვეცნობიერი აგრესია. რეალურად ესაა აგრესია ლანდშაფტის მიმართ და ნისნავს: ,,რატომ დამავალე იმდენით, რომ გადახდა ვერ შემძლებოდა?“. ის იტანჯება, სინდისი ქენჯნის, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ხშირად ეს საკმაოდ ცუდ მდგომარეობებამდე მიდის (განსაკუთარებით მაშინ თუ ანალს ერთვის ცუდ მდგომარეობაში მყოფი, ან არც ისე განვითარებული ზედა ვექტორი).

შემთხვევა მესამე: როცა ვიღაცას თვითონ უკეთებს ცუდს. გასაგებია, რომ ქმედების ინიციატორი ყოველთვის გარემო არაა და ინდივიდიც ისევე მოქმედებს გარემოზე, როგორც გარემო მასზე. ზოგჯერ კი მის მიერ განხორციელებული ქმედება ნეგატიური ხასიათისაა. მაგალითად ანალის ვექტორიანმა გაიაზრა, რომ ვიღაცას უსამართლოდ აწყენინა. ამ დროს მას ასევე ერღვევა ბალანსი და თუ ვერ შეძლო მობოდიშება, ან მისი მობოდიშების ფორმა არ იყო ადექვატური, ან საკმარისი, მას უფორმირდება დანაშაულის გრძნობა.

საერთოდ ბოდიშის მოხდა ანალის ვექტორიანისთვის რთულია. ძალიან იშვიათია, როცა ანალის ვექტორიანი აცნობიერებს, რომ თვითონ მართალი არ იყო. ანალის ვექტორიანები წარსულის ხალხია, მათტვის ნებისმიერი ქმედება ფიქსირებული და უცვლელია, ამიტომ ბოდიში ანალისთვის იგივეა თქვას, რომ წარსული არასწორია. ამიტომ თუ ასეთი რამ ხდება, თუ ანალის ვექტორიანი ადამიანი იხდის ბოდიშს, ის ამას მთელი გულით აკეთებს (თუ თქვენ მრავალვექტორიანი ადამიანი ხართ, რომელსაც აქვს ანალური ვექტორი, როცა ბოდიში გაქვთ მოსახდელი, ეცადეთ ეს ანალურად გააკეთოთ).

შემთხვევა მეოთხე: როდესაც ვიღაცას თავად უკეთებს რაიმე კარგს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავად, უშვებს პოზიტიურ იმპულსს ლანდშაფტის მიმართ. ამ დროს მას აქვს მადლიერების მოლოდინი. მისი ფსიქიკა გათანაბრების პრინციპით მუშაობს და ფიქრობს რომ სხვებიც ისეთივენი არიან, როგორც თვითონ, ამიტომ მისთვის ბუნებრივია, როდესაც თავისი კარგი საქციელის სანაცვლოდ, ჯილდოდ მადლიერებას ელის. თუ მადლობას არ გადაუხდიან, ანალის ვექტორიანებს წყინთ, მაგრამ ითმენენ, გულში იხვევენ, ეს წყენა დროთა განმავლობაში იზრდება, ამ დროს მას უფორმირდება მიუღებელი მადლობისაგან გამოწვეული წყენა. ერთ მშვენიერ დღესაც შეკავებული ბრაზი ამოხეთქავს და იტყვის: მორჩა! ჩემი მოთმინება ამოიწურაო! (თუ ანალის ვექტორიანს თქვენთვის რაიმე კარგი აქვს გაკეთებული, თქვენ კი მისთვის მადლობის თქმა დაგავიწყდათ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღეს ის უმადურ ღორს გიწოდებთ და თქვენთან ურთუიერთობაზე დემონსტრაციულად იტყვის უარს). ეს ნიშნავს რომ ანალის ვექტორიანი მზადაა მოქმედებისთვის. არ იფიქროთ, რომ სიკეთის სანაცვლოდ ანალის ვექტორიანები თქვენგან ბევრს მოელიან, ყველაფერი რაც ამ სიკეთის სანაცვლოდ ჭირდებათ, არის მადლიერება და პატივისცემა.

ზემოთ აღწერილი ოთხივე მდგომარეობა წყენასთანაა კავშირში და გამოწვეულია შინაგანი ბალანსის რღვევის სხვადასხვა ფორმით. არის ერთი მნისვნელოვანი ნიუანსი: დრო ანალურ წყენას კი არ აქრობს, არამედ ამძიმებს. ნებისმიერი წყენა წარსულში მომხდარი და უცვლელი მოცემულობაა, ამიტომ რაც უფრო შორეულ წარსულშია მომხდარი ფაქტი, მით მეტ მნიშვნელობას ატარებს ის ანალური ფსიქიკისთვის.

 

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე