ომის და მშვიდობის მდგომარეობები ყნოსვით ფსიქოტიპში

ოთხიდან სამ ზედა ვექტორს (გარდა ყნოსვისა) აქვს როგორც ომის, ისე მშვიდობის მდგომარეობები. რაც შეეხება მეოთხე, ყნოსვის ვექტორს, მას პრინციპში არ აქვს მშვიდობის მდგომარეობა. რატომ? თუ შევხედავთ ზედა ვექტორთა ეროგენულ ზონებს, დავინახავთ, რომ თვით ამ დონეზეც კი ორალური და ვიზუალური ვექტორების ეროგენული ზონები ზოგჯერ პასიურ მდგომარეობაშია. მაგალითად: ზოგჯერ არ ვსაუბრობთ და პირის აპარატი დახურულია. ძილის დროს თვალები დახუჭულია და მხედველობა პასიურია. ძილის დროს ასევე პასიურია სმენაც, ოღონდ არა იმ აზრით რომ ძილში არაფერი გვესმის, არამედ იმ მხრივ რომ ძილის დროს ტვინი გარედან შემომავალ არასასურველ ბგერით ტალღებს ,,ბლოკავს“. მაგრამ სუნთქვით გამუდმებით ვსუნთქავთ. სუნთქვა ესაა პროცესი, რომელიც სანამ ცოცხლები ვართ არასოდეს ჩერდება.

დაახლოებით ასევე ფუნქციონირებს ყნოსვის ვექტორიც. ყნოსვითი ფსიქოტიპი არის ადამიანი, რომლის ფსიქიკაც მუდმივად აქტიურია და მუდმივად საფრთხის შემჩნევაზეა კონცენტრირებული. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ყნოსვის ვექტორის არსია – უსაფრთხოება. მისთვის პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოებაა პრიორიტეტული, მაგრამ რადგან მან ყველაზე უკეთ იცის, რომ დამოუკიდებლად გადარჩენა არ შეუძლია და მისი უსაფრთხოება ჯგუფზეა დამოკიდებული, ამიტომ ის (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) ჯგუფის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. რადგან საფრთხე ყოველ წუთსაა მოსალოდნელი, ყნოსვა არასოდეს ისვენებს, მისი რაღაც ნაწილი მუდმივად მომართულია საფრთხის შემჩნევაზე და მუდმივად ფხიზლობს, რადგან არ შეიძლება უსაფრთხოების გარანტორი შვებულებაში იყოს, ან ისვენებდეს. ამიტომ ყნოსვის ვექტორი მუდმივად ომის მდგომარეობაშია.

თუმცა აქ ვხვდებით ყნოსვის ვექტორის კიდევ ერთ უნიკალურობას: რა საოცარიც არ უნდა იყოს, ყნოსვის ომის მდგომარეობა პასიურია და საკუთარ თავში ატარებს მშვიდობის მდგომარეობას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ყნოსვა თავს არ ესხმის, არ გადადის იერიშზე, თავად არ მოქმედებს და არც ქმედებაში ერთვება.

სვფ-ს რუსულ ჯგუფებში ბევრს საუბრობენ ყნოსვის ინტუიციის უნიკალურობაზე, მიაწერენ მას უცნაურ და მაგიურ თვისებებს და ამით მისტიურ საბურველში ხვევენ მისი ფსიქიკური მოდელის მუშაობის ნამდვილ მექანიზმს. რეალურად საქმე გვაქვს უნიკალურ, იშვიათ, მაგრამ სრულიად ბუნებრივ მოვლენასთან. რასაც ადვილად შევამჩნევთ, თუ შევისწავლით ყნოსვითი ფსიქოტიპის ფსიქიკის თავისებურებებს.

რეალურად ყნოსვითი ფსიქოტიპი რეაგირებს უკვე მომხდარზე. მაშინაც კი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მან წინასწარ იცოდა რაღაც მოვლენა, ინტუიციურად გამოიცნო, რომ რაღაც იყო მოსალოდნელი, დაასწრო საფრთხეს და მთელი ჯგუფი გადაარჩინა, ეს მაინც რეაგირებაა უკვე მომხდარ, მაგრამ სხვებისთვის შეუმჩნეველ ფაქტზე. არსებობდა ისეთი უმცირესი, სხვებისთვის სრულიად შეუმჩნეველი პაწაწინა ნიშანი, რომელიც ამ საფრთხეს მოასწავებდა. ასეთ დროს ვამბობთ, რომ ,,მან საფრთხე იყნოსა“.

არსებობს ერთი ისტორია: ტიტანიკის გასვლის დღეს, ყნოსვის ვექტორიანმა ნიკოლა ტესლამ თქვა, რომ ეს გემი განწირული იყო ჩაძირვისათვის. ყველა, ვინც ეს დიდებული გემი ნახა და ტესლას სიტყვებიც მოისმინა, მას დასცინოდა და შურიან ბრიყვს ეძახდა. ის მასხრად აიგდო არა მხოლოდ მან, ვინც ეს სიტყვები გაიგონა, არამედ იმდროინდელმა პრესამაც. თუმცა შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ტიტანიკმა ნაპირამდე ვერ მიაღწია, ძრწოლით იხსენებდნენ მის შემზარავ წინასწარმეტყველებას. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ტესლამ ხილვაში ნახა აისბერგი, ზოგი უფრო შორსაც მიდიოდა და ამბობდა რომ ეს კატასტროფა ტესლამ თავისი მაგიური უნარებით გამოიწვია. რა მოხდა რეალურად? ტესლამ შეამჩნია უმარტივესი რამ: მან დაინახა, რომ ამ გემის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ მომხვეჭელი ადამიანები (კანის ვექტორიანები მომხვეჭელ მდგომარეობაში). ის მიხვდა, რომ თანხა, რომელიც გემის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, მშენებლებმა უბრალოდ ,,ჯიბეში ჩაიდეს“. ხოლო ის კომფორტი და დიდებულება, რომელსაც სხვები ხედავდნენ, მხოლოდ ფასადური იყო და გემი მზად არ იყო ოკეანესთან გასამკლავებლად. ტესლამ რა თქმა უნდა არ იცოდა, რომ ტიტანიკი პირველივე ცურვისას ჩაიძირებოდა, ის მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ ამ გემს არ ჰქონდა გრძელვადიანი მომავალი, ის ვერ გაუძლებდა შტრომს, სტიქიურ თუ სხვა სახის მოსალოდნელ კატასტროფებს. ხოლო ის რომ ტიტანიკი პირველივე ცურვისას ჩაიძირა, აღმოჩნდა მხოლოდ შემზარავი დამთხვევა.

ამ მაგალითით იმის თქმა გვინდა, რომ ნებისმიერი საფრთხის წინ არსებობს პაწაწინა ნიშნები, რომლებიც ამ საფრთხეზე მიანიშნებენ. ყნოსვითი ფსიქოტიპი ძალიან გავს ობობას, რომელსაც უზარმაზარი ქსელი აქვს მოქსოვილი, თვითონ ამ ქსელთან მიმაგრებულ ძაფსაა ჩაჭიდებული და სადღაც ბნელ კუნჭულში მიმალული ამ ქსელის თითოეული ძაფის უმცირეს რხევასაც კი გრძნობს. მან იცის, მისი ქსელი უბრალოდ ქარისგან ირხევა, თუ რაიმე არსება შეეხო. ქსელის რხევით იმასაც ხვდება, რა ზომისაა ეს არსება და შესაბამისად მყისიერად, წამის მემილიონედ ნაწილში რეაგირებს, თავს ესხმის, ან იმალება. ის ამ რხევებს გრძნობს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვები სრულიად მშვიდად არიან და ეჭვიც კი არ უჩნდებათ, რომ წინ საშინელი საფრთხეა, რომელსაც მხოლოდ ყნოსვა გრძნობს.

ვინც იცის ნაპოლეონის პოლიციის მინისტრის, ჟოზეფ ფუშეს ბიოგრაფია, ეცოდინება, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა უნიკალური საპოლიციო სისტემა და ურთულესი ჯაშუშური ქსელი. იმდენად სრულყოფილი, რომ მხოლოდ თვითონ იყო ერთადერთი, ვინც ამ მექანიზმის მუშაობას უზრუნველყოფდა. თვით ნაპოლეონმაც კი (დიდი სურვილის მიუხედავად) ვერ შეძლო მისი შეცვლა. ნაპოლეონი მას მუდმივად მოღალატეს ეძახდა, ემუქრებოდა ჩამოხრჩობით, მაგრამ მის გარეშე ვერ ძლებდა, მას ჭირდებოდა ცივსისხლიანი, უემოციო, გაყინულსახიანი ფუშე, რომელიც ნაპოლეონის მუქარას და ბრალდებებს მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობდა: ,,ვერ დაგეთანხმებით, სირ!“.

თუმცა აქ არის კიდევ ერთი შტრიხი. თავისი მუდმივი შემართულობისა და საფრთხისთვის მზადმყოფობის მიუხედავად, საფრთხეზე მისი რეაგირება პასიურია. ის თავად არასოდეს ესხმის თავს მოახლოებულ მტერს, არ ხდება დაპირისპირების, ან რაიმე სხვა ქმედების გარანტორი. ამისთვის სხვები არიან. თავად რატომ იომოს, როცა საკმარისია ბელადის გაფრთხილება და ურეთრალიც ხმალამორებული და მკერდმოშიშვლებული გავარდება მტერთან შესახვედრად.

ყნოსვა ახდენს უკვე მომხდარი, მაგრამ სხვათათვის შეუმჩნეველი მოვლენის ანალიზს, აწვდის ინფორმაციას ჯგუფს მოსალოდნელი საფრთხის სირთულის შესახებ და აძლევს მათ რეკომენდაციას – გარიდება სჯობს, თუ პირისპირ უნდა შეხვდნენ საფრთხეს. მაგრამ თვითონ არ მოქმედებს, მუდმივად ჩრდილში რჩება.

ამიტომ ყნოსვა ერთდროულადაა როგორც ომის, ისე მშვიდობის მდგომარეობაში. ომის მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ მუდმივად დაჭიმული და საფრთხის შემჩნევაზე ორიენტირებულია. მაგრამ მშვიდობის მდგომარეობაშია იმ მხრივ, რომ თვითონ მუდამ პასიური რჩება და არ ხდება რაიმე ქმედების წინამძღოლი, ან გარანტორი.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე