ომის და მშვიდობის მდგომარეობები (4)

ომის და მშვიდობის მდგომარეობები კომბინირებულ ფსიქოტიპებში

დღევანდელ ლექციაში ვისაუბრებთ ომის და მშვიდობის მდგომარეობებზე კომბინირებულ ფსიქოტიპებში. პირველ რიგში საჭიროა შევეხოთ კომბინირებული ფსიქოტიპის რამოდენიმე თავისებურებას და ვუპასუხოთ თემის ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს.
თუ კუნთის ვექტორს ერთვის რომელიმე სხვა ქვედა ვექტორი, კუნთის ვექტორი მას სრულად ერწყმის და მისი თვისებები ღიად თავს არ ავლენენ, ამიტომ კომბინირებულ ფსიქოტიპებში კუნთის ვექტორი ომის და მშვიდობის მდგომარეობის კუთხით გავლენას ვერ ახდენს გარდა ორი შემთხვევისა: 1. თუ მასზე დართულ ქვედა ვექტორში ვხვდებით ფუძისეულ რღვევას, ამ დროს სცენარში საყრდენი გადმოდის კუნთის ვექტორზე. 2. თუ კუნთის ვექტორს ქვედა ვექტორებიდან ერთვის მხოლოდ კანის ვექტორი, კუნთის ვექტორის თვისებები მას მატებენ ძალას, სიმყარეს, გამძლეობას და ბრძოლისუნარიანობას და კუნთური სიმძლავრის გავლენით, კანის ვექტორი გადადის ომის მდგომარეობაში. ამიტომ თუ ადამიანს ქვედა ვექტორებიდან აქვს მხოლოდ კანის და კუნთის ვექტორები, მისი კანის ვექტორი თითქმის ყოველთვის ომის მდგომარეობაშია (გარდა უკიდურესად იშვიათი გამონაკლისებისა, რომლებსაც აქ არ შევეხებით).
როგორც წინა ორ ლექციაში ვთქვით, არის ვექტორები, რომლებსაც პრაქტიკულად მხოლოდ ერთი მდგომარეობა აქვს, მეორეს კი ატარებს მხოლოდ ჩანასახოვანი მდგომარეობით. ესენია ანალური (მუდმივი მშვიდობის მდგომარეობა) და ურეთრალური (მუდმივი ომის მდგომარეობა) ვექტორები.
რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ ადამიანს აქვს ორივე ეს ვექტორი? ასეთ დროს მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ვექტორია საყრდენი. თუ ანალური – მაშინ ინდივიდი მუდმივად მშვიდობის მდგომარეობაშია, ხოლო თუ ურეთრალური – ომის. როგორც წესი ამ ორი ვექტორის კომბინურებისას ურეთრალური ვექტორი დომინირებს (ამის მიზეზებზე უკვე გვქონდა საუბარი ვექტორული კომბინაციების ლექციებში), ხოლო ანალური ვექტორი ვლინდება ერთგვარ შემავსებელ ნაწილად. ოღონდ არა იმ გაგებით რომ ანალური ვექტორის თვისებები სადმე იკარგება, არამედ იმ აზრით, რომ ინდივიდისთვის პირველადი ურეთრალურ ვექტორში რეალიზებაა, ხოლო ანალური ვექტორის თვისებებს ის იყენებს როგორც დამხმარე მექანიზმს რეალიზაციისთვის.
მეორე საკითხია ქვედა და ზედა ვექტორების კომბინირება და სცენარი. როგორც წესი პოლიმორფულ ადამიანში ომის და მშვიდობის მდგომარეობის ფორმირებაზე გავლენას ახდენს მხოლოდ ის ვექტორები, რომლებიც მას სცენარში აქვს.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადამიანს შეიძლება სცენარული ვექტორები ჰქონდეს როგორც ერთნაირ, ისე სხვადასხვა მდგომარეობაში. პრინციპში აქ ვიღებთ ოთხ შესაძლო შემთხვევას:
1. როდესაც სცენარში არსებული ზედა და ქვედა ვექტორებიდან ორივე ომის მდგომარეობაშია.
2. როდესაც სცენარში არსებული ზედა და ქვედა ვექტორებიდან ორივე მშვიდობის მდგომარეობაშია.
3. როდესაც სცენარში არსებული ქვედა ვექტორი მშვიდობის, ხოლო ზედა – ომის მდგომარეობაშია.
4. როდესაც სცენარში არსებული ქვედა ვექტორი ომის, ხოლო ზედა – მშვიდობის მდგომარეობაშია.
ეს ოთხი შემთხვევა გვაძლევს მთელ რიგ თავისებურებებს ვექტორულ კომბინაციებში და მათი გამოვლენის ფორმებში.
კიდევ ერთი დეტალი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ე.წ. ,,მუდმივად ომის“ და ,,მუდმივად მშვიდობის“ მდგომარეობაში მყოფი ვექტორები (ურეთრალური და ანალური ვექტორები), საწინააღმდეგო მდგომარეობას იძენენ მხოლოდ კონკრეტულ ზედა ვექტორთან სიმბიოზში.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე