პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (4)

 

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია უშუალოდ სმენური მდგომარეობა, სმენის ვექტორიანებში და თუ აქვს კავშირი ამას მის ტემპერამენტთან?

პასუხი: სმენის ვექტორიანისთვის ამ ვექტორის სმენური მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენა ნიშნავს, რომ ეს ვექტორი ვერ ასრულებს თავის პირველად ფუნქციას (შეიცნოს სამყარო, გახდეს ჯგუფისთვის იდეის შექმნით მომავლის ჩვენების გარანტი), ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის ვერ ახერხებს ავსებას. ამიტომ გადადის მეორად რეალიზაციაში და რჩება ნაწილობრივ, ან სრულად განუვითარებელი. რაც შეეხება ტემპერამენტს. მაღალი ტემპერამენტის შემთხვევაში შანსი იმისა, რომ სმენის ვექტორიანი სხვა ვექტორის მდგომარეობაში გადავა – ნაკლებია. თუმცა მეორე მხრივ ამ შემთხვევაში სმენის ავსება რთულდება და მეტია იმის რისკი, რომ სმენის ვექტორიანი წავა ნეგატიურ სცენარში.

 

კითხვა: არის თუ არა მუსიკალური სმენა სმენის ვექტორიანში მნიშვნელოვანი და მიანიშნებს თუ არა ის მაღალ, ან დაბალ ტემპერამენტზე?

პასუხი: საერთოდ სმენის ვექტორიანებს არც თუ ისე იშვიათად აქვთ კარგი მუსიკალური სმენა (თუმცა ეს აუცილებელი ფაქტორი არ არის). მუსიკალური სმენა არ ნიშნავს მაღალ, ან დაბალ ტემპერამენტს. ეს მხოლოდ სმენის ვექტორის კონკრეტული მიმართულებით განვითარების მანიშნებელია.

 

კითხვა: საინტერესოა იმ მამაკაცების ფსიქოტიპის დახასიათება ყველა ქალი ერთნაერი რომ გონიათ.

პასუხი: როგორც წესი ესენი არიან ანალური ვექტორის მატარებელი მამრები. ხშირად ქალებზე წყენის მდგომარეობით. მაგალითად ერთმა, ან ორმა კონკრეტულმა მდედრმა აწყენინა (ან უღალატა) და ამ წყენის ყველა ქალზე განზოგადებას აკეთებენ.

 

კითხვა: რას ნიშნავს გარდამავალი სცენარი?

პასუხი: გარდამავალი სცენარი ნიშნავს, რომ სცენარი არაა ბოლომდე ფორმირებული და მერყეობს ორ (იშვიათად კი სამ) სცენარს შორის. მაგალითად ადამიანს აქვს კანი, ანალი და ვიზუალი და თავს ხან ანალ-ვიზუალად ავლენს, ხან კან-ვიზუალად. თუმცა გარდამავალი სცენარი არც ისე კარგი შემთხვევაა.

 

კითხვა: რაზეა დამოკიდებული ვექტორების ფორმირება?

პასუხი: ბევრი ფაქტორი მუშაობს ერთდროულად: მშობლების ვექტორული წყობა, განვითარების დონე (საკუთარ ვექტორულ წყობაში), მათი გენოტიპი, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება ნაყოფთან ორსულობის პირველი 6 კვირის მანძილზე (შემდგომი დამოკიდებულება უკვე ფორმირებულზე ახდენს გავლენას, სტრესები და ა.შ.). გარემო, მისი საჭიროება (მაგალითად თუ ირგვლივ რომელიმე ვექტორის დეფიციტია) და ა.შ.

 

კითხვა: როგორ კომბინაციას ქმნის კანი და ყნოსვა?

პასუხი: კანის და ყნოსვის ვექტორები რაღაცით ერთმანეთს ჰგავნან, ორივე პრაგმატულია, ორივე სარგებელს და ძალაუფლებას ეძებს (თუმცა აშკარად ამას არასოდეს ამჟღავნებენ, ურჩევნიათ კულისებიდან მართონ, მოვლენათა ყველა ძაფი ხელში უჭირავთ, მაგრამ მაქსიმალურად ერიდებიან საპასუხისმგებლო თანამდებობებს), ამიტომაც ეს ორი ვექტორი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. კან-ყნოსვები არიან შესანიშნავი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მანიპულატორები. ხშირად იკავებენ წამყვან თანამდებობას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებში, კარდინალები, ეპისკოპოსები. ცოტა შამანის ტიპაჟები არიან, მუდმივად საიდუმლოებითმოცულები, ცოტა უცნაურები და შიშისმომგვრელებიც, ბრწყინვალედ შეუძლიათ დამალონ ემოციები, შეინიღბონ, ამის გამო ხშირად მუშაობენ დაზვერვაში (მაგ: ზორგე). აქვთ სასწაულებრივი ინტუიცია, კარგად შეუძლიათ მოვლენებში გარკვევა და ხშირად წინასწარ ,,გრძნობენ” უფრო სწორად ,,შეუძლიათ იყნოსონ” მოსალოდნელი ცვლილებები, ამიტომ ასეთები ნებისმიერი მდგომარეობიდან ,,მშრალად გამოზვრებიან”.

 

კითხვა: შეიძლება თუ არა სპორტსმენს ჰქონდეს ურეთრალური ვექტორი?

პასუხი: საერთოდ სპორტი კანური სფეროა და ურეთრალისთვის მხოლოდ სპორტით დაკავება რეალიზაციის იდეალური სფერო ნამდვილად არ არის. თუმცა რა თქმა უნდა არსებობენ სპორტსმენები ურეთრალური ვექტორით. მაგალითად: მრბოლელი შუმახერი, ფეხბურთელი მესი.

 

კითხვა: არსებობს თუ არა ისეთი ფსიქოტიპები, რომელთა წყვილში ურთიერთობაც შეუძლებელია?

პასუხი: წყვილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვექტორებით. მართალია არსებობს გარკვეული ვექტორები, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ლტოლვა და ითვლებიან სისტემურ წყვილებად (მაგ: ურეთრალი მამრი და კან-ვიზუალი მდედრი), ასევე არსებობს სისტემურად შეუთავსებელი კობინაციებიც (მაგ: კუნთ-ანალი მამრი და კან-ვიზუალი მდედრი). თუმცა არის გარკვეული მდგომარეობები, როდესაც შეიძლება მოხდეს ყველაზე შეუთავსებელი წყვილების შეერთებაც კი. მაგალითად კან-ვიზუალი როგორც წესი არ წყვილდება ზედა ვექტორების გარეშე მყოფ ანალის ვექტორიანთან. მაგრამ თუ კან-ვიზუალს აქვს კანში მაზოხისტის სცენარი, ის როგორი გასაკვირიც უნდა იყოს ამ დროს სწორედ ანალის ვექტორიანს ირჩევს (თან სადისტს).

 

კითხვა: ვიზუალის ვექტორიანს ყოველთვის თვითდემონსტრირება სურს?

პასუხი: ვიზუალური ვექტორი არსით ხილული, შეგრძნებადი სამყაროა, ის მთლიანად აქაა და ცდილობს გამოიხატოს, ანაბეჭდი დატოვოს აქ. მაგრამ განვითარების დონის შესაბამისად სხვადასხვა ფასეულობებს ადემონსტრირებს. არაცოცხალ დონეზე განვითარებული – სხეულს. მცენარეული ჩაცმულობას და გარეგნულ ზიზილ-პიპილოებს. ცხოველურ დონეზე უკვე ხდება შემოქმედებითი, შეიძლება გახდეს პოეტი და ლექსები წეროს სიყვარულზე, პეპლებზე, ყვავილებზე. ასევე შეიძლება გახდეს ცხოველების, ან ადამიანების უფლებათა დამცველი. ასევე ექიმი, ადვოკატი, შეიძლება დაკავდეს სხვადასხვა ჰუმანური პროექტებით (დავეხმაროთ ამას და ამას) და ა.შ. (რა თქმა უნდა რეალიზაციის სფერო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა ვექტორებზეც). ადამიანურ დონეზე განვითარებულ ვიზუალში ხდება თვისებათა ერთგვარი ამობრუნება, ის თვისებები რაც გარეთ იყო მიმართული, უკვე თავის შიგნით შეაქვს, ავითარებს სიყვარულის უნარს და გადადის სიყვარულის მდგომარეობაში, ამ დროს მას აღარ ჭირდება გარეთ გამოიხატოს, დემონსტრირდეს. ერთი მხრივ მას უკვე სიყვარულის მდგომარეობა აქვს, მაგრამ უყვარს არა მთელი სამყარო ერთიანობაში, არამედ თითოეული ცალკეული, უყვარს თითოეული ფოთოლი, თითოეული ყვავილი, თითოეული ადამიანი. ამ დროს ვიზუალი მართლა ძალიან ემსგავსება სმენის ვექტორს მისი თვისებები უკვე ალტრუისტული ხდება და იძენს გაცემის თვისებას და თვითშეწირვის უნარს. ამ დროს ერთერთი რეალიზაციაა მორალურ ეთიკური დონის დანერგვით ბაზის მომზადება სმენური იდეებისთვის. სხვათა შორის ადამიანური დონის ვიზუალი მდედრია სულიერი მდგომარეობის სმენის მუზა, მისი იდეების წყარო და მისი ვნების ობიექტი.

 

 

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე