რატომაა რთული სისტემური აზროვნების შემოწმება არასისტემური ადამიანისთვის, ანუ რა არის მოცულობა?!

წარმოიდგინეთ ნებისმიერი სურათი: ჭიქა მაგიდაზე, რაღაც პეიზაჟი — ყველაფერი, რაც გნებავთ, თუნდაც რაღაც ძალიან მარტივი, მაგალითად სკამი თქვენს ოთახში. მისი დახატვა ფანქრით შეიძლება, იქნება შავ-თეთრი სურათი. როგორ შეესაბამება იგი რეალობას? საკმაოდ დაშორებულად, თუმცა ამასთანავე მრავალი ადამიანი იტყვის, რომ ეს სკამია. შეგვიძლია დავხატოთ ფერადი ნახატი, იგი უფრო მეტად დაემსგავსება რეალობას. მაგრამ გადმოსცემს იგი ერთი პროცენტით მაინც რეალურად, თუ რა არის სკამი? აბსოლუტურად ვერ გადმოსცემს. შეგიძლიათ ფოტო გადაუღოთ სკამს, ამით უფრო მკაფიო სურათს მიიღებთ. შეგიძლიათ ვიდეო გადაუღოთ და ყველა მხრიდან შემოუაროთ, და მაშინ უკვე მოცულობაში მიიღებთ სკამის სურათს. დღეს შეგიძლიათ სკამის 3D ვარიანტი გააკეთოთ. მალე შეძლებთ, რომ კოსტუმი ჩაიცვათ და შეიგრძნოთ, თუ როგორია სკამის ზედაპირი. შესაძლოა, ოდესმე ისიც კი გავიგოთ, თუ როგორი გემო აქვს სკამს. ანუ რეალობის გადმოცემა შესაძლებელია დროში უფრო და უფრო მზარდი სიზუსტით. მაგრამ როგორ შეესაბამება ეს რეალურ ცხოვრებას? არანაირად: როგორც სურათი და ცხოვრება — არაფერია საერთო. სკამი დიდი ხანია შეშად გამოიყენეს და ბუხარში დაწვეს, თქვენ კი შეგიძლიათ კინოფირი ატრიალოთ და უყუროთ მას.
ზუსტად იგივე სურათი გვაქვს, როდესაც არასისტემურ ადამიანს რაღაც სისტემურ ხედვებს ვუხსნით. ეს იმას ჰგავს, თითქოს ადამიანმა მთელი ცხოვრება ოთახში გაატაროს და უყუროს კინოს რეალური ცხოვრების შესახებ, რომელიც მისი ოთახის საზღვრებს მიღმაა. მან მრავალი წიგნი წაიკითხა, იცის, როგორ გამოიყურებიან ადამიანები, რა აცვიათ, რა არის მოდაში, რით გადაადგილდებიან და ა.შ. მაგრამ თუკი მას ამის შემდეგ რეალურ სამყაროში გავუშვებთ, სადაც არასოდეს არ ყოფილა, იგი მყისიერად დაიკარგება, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა აქვს ამ ყველა მოვლენაზე, რადგანაც არასოდეს უნახავს ეს ყველაფერი მოცულობაში. მან დაინახა სიცოცხლის ბრტყელი პროექციები, აბსოლუტურად განსხვავებულნი, კინოს, ფოტოგრაფიის, წიგნების, მარკების და სხვა ყველაფრის, თუნდაც პორნოფილმების მეშვეობით. აი, წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ადამიანს ეზოში უშვებენ და ეუბნებიან: – ვასინკა, რამდენ ხანს უნდა იჯდე აქ. უკვე ამხელა ხარ, შენ კიდევ ერთხელაც არ ყოფილხარ გარეთ. გადი, პური იყიდე, აი, 20 ლარი. სიტუაცია რა თქმა უნდა ჰიპოთეტურია, მაგრამ მოდით, განვავითაროთ იგი. ვასია ხედავდა კინოში, როგორ დგება ხალხი რიგში, თანდათანობით რიგი მთავრდება, ადამიანები მიდიან სალაროსთან, ფულს უწვდიან, სანაცვლოდ მათ პურს აძლევენ, და ამის შემდეგ სახლში დაბრუნებაც შეიძლება. მაშ, კარგი, ვასია გავიდა და ამ ყველაფრის გამეორება გადაწყვიტა. იპოვა საცხობი, დადგა რიგში, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ აეწყო. ვიღაც ჯანმრთელმა მუტრუკმა იდაყვით გასწია და მის წინ დადგა. ვასია კინოში ხედავდა, რომ ასეთი სუბიექტებიც გვხვდებიან, და თითქოს კარგია თავისი ადგილი მიუჩინოს ვიგინდარას, მაგრამ ამის გაკეთება არ იცის. ცხოვრებაში არასოდეს ჩავარდნილა მსგავს სიტუაციაში. საჭირო სიტყვებს ვერ პოულობს, და პრინციპში არც იცის, როგორ მოიქცეს. მუტრუკმა კი იოლი ნადალი იპოვა, შემოუბრუნდა და ეუბნება: «მაიტა ფული». და ასეთი რამ კინოში არ უჩვენებიათ. აჩვენებდნენ ბანკების ძარცვას, მილიონი დოლარის მოპარვას, მაგრამ ასე, საცხობში, «ფული მაიტა»… მისცა ფული. რიგიც გათავდა, მოლარეს ვერაფერს მისცემს.
ეს რა თქმა უნდა აბსურდული სიტუაციაა. ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა ქუჩაში, ალბათ საცხობსაც ვერ მიაგნებდა, გარეთ რომ გაეშვათ. მაგრამ ამ ილუსტრაციის იდეა თვალნათლივია. შეუძლებელია ცხოვრების გაგება სურათებით. ერთი საქმეა — ცირკში იარო და წარმოდგენებს დაესწრო, მეორე საქმეა — ამ წარმოდგენებში მონაწილეობა მიიღო. ეს მარტივია, გასაგებია და ცხადია.
მაშ, რა არის მოცულობა? რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო გასაგები იყოს. ადამიანი იბადება, იწყებს სამყაროს რაღაც მოდელის შექმნას: რა არის სამყარო და ვინ ვარ მე ამ სამყაროში. თანდათანობით, იმის მიხედვით, თუ როგორ ყალიბდება ეს პარადიგმა, იგი იწყებს ამ სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებას, საკუთარი ფსიქიკის თვისებებიდან გამომდინარე. სისტემურად ჩვენ ახლა გვესმის, რომ არის ოთხი ვექტორი, რომლებიც პასუხს აგებენ საკუთარ თავის გარესამყაროში გამოვლენაზე. ანუ ადამიანებს სხვადასხვა ვექტორებით ბუნებისგან სხვადასხვა თვისებები აქვთ ბოძებული, რომელთა მეშვეობითაც ისინი აწყობენ თავიანთ ურთიერთობებს, მაგალითად, სხვა ადამიანებთან.
მაგალითად, თუ ავიღებთ ანალურ ადამიანს, მის მიდგომა, მისი ფსიქიკა, მისი ურთიერთობის თვისებები, შეგვიძლია ავღწეროთ სიტყვით «თანაბარი». ანუ რას აკეთებს ანალური ადამიანი, როდესაც ურთიერთობს? მას თავისი შინაგანი მდგომარეობა გარეთ გამოაქვს, ანუ ცდილობს მთელი სამყარო თავის ქვეშ მოიწყოს, ქმნის გარეთ ისეთ სურათს, როგორიც შიგნით აქვს. მათზე ამბობენ: «სხვის მონასტერში თავისი წესდებით მიდიანო». ის მიეჩვია, რომ ასე გაკეთებაა საჭირო. სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან იმ წესრიგის დამყარებას ეცდება, რომელსაც მიეჩვია. მიდის სამსახურში და ისე აწყობს ყველაფერს, როგორც მის წინა სამუშაო ადგილზე იყო, არადა შესაძლოა ეს სრულიად სხვა კომპანია იყოს სხვა კორპორატიული კულტურით და ქცევის სხვა წესებით. მას ასეთი ფსიქიკა აქვს, სიტყვა – «თანაბარი».