როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენივე გონება (6)

ალბათ ყველას გინახავთ ცხოვრებაზე განაწყენებული ადამიანი, რომელიც დაბღვერილი დადის, მუდამ ფიქრობს, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა, რომ ადმიანები ბოროტები არიან, დადის ქუჩაში და თავის ამ ნაწყენ მდგომარეობას ყველგან აფრქვევს. ყველა, ვინც მას ხედავს გრძნობს, რომ ეს ადამიანი იტანჯება და ეს თვითონაც იცის. მაგრამ სხვები მისგან განსხვავებით იმასაც ხვდებიან, რომ მას წყენის მდგომარეობა აქვს და ის ცხოვრებამ გატეხა, ამას კი თავად შეიძლება ვერც ხვდებოდეს. ის, რომ თვითონ თავის მთავარ პრობლემას ვერ ხედავს, მის გზაზე მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ხდება.

  მაგალითად: იმისთვის, რომ ადამიანი ალკოჰოლიზმისგან განიკურნოს, პირველი და უმთავრესი ნაბიჯი, არის, ამ ადამიანმა ჯერ აღიაროს და გაიგოს, რომ თვითონ ალკოჰოლიკია. ანუ ადამიანმა უნდა შეძლოს და თავის თავს გვერდიდან შეხედოს. პრობლემის სხვებში დანახვა ადვილია, ადვილია მიუთითო სხვას, მაგრამ დაინახო პრობლემა საკუთარ თავში, ეს უკვე ბევრად რთულია. ძნელია ნაწყენ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გააგებინოთ, რომ მისი პრობლემა სწორედ ეს წყენის მდგომარეობაა და სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს რეალიზებას. ჩვენ ვიტანჯებით, ვიფორმირებთ ჩვენში ამ ტანჯვით გამოწვეულ აზრებს და ეს კიდევ უფრო გვტანჯავს და რაც მთავარია, არაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვსწორდეთ.

  მოვიყვანოთ სხვა მაგალითი: ადამიანს ეკითხები რა მიზანი აქვს. ის გპასუხობთ რომ უნდა იყოს მდიდარი და ჰქონდეს იახტა. კარგი მიზანია, ვერაფერს იტყვით, მაგრამ არის ერთი მაგრამ… რას აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად? არაფერს. უბრალოდ დადის ყოველდღიურ სამუშაოზე და ხანდახან ოცნებობს. ამასთან მან კარგად იცის, რომ ასე ვერასოდეს გამდიდრდება. აქ მთავარი ის არის, რომ მის ქცევაში არ დევს ქმედება. ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გვინდა რეალურად, ზოგჯერ არც კი განვასხვავებთ ჩვენს სურვილებს სხების სურვილებისგან, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სხვა გვასწავლის რა უნდა გვინდოდეს. ჩვენ არც კი ვიყენებთ ჩვენს გონებას წორად, რომ დავფიქრდეთ რა გვინდა და რას ვაკეთებთ რეალურად იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, უბრალოდ ვნებდებით, ვცხოვრობთ ყოველდღიური ცხოვრებით. ამასობაში კი ცხოვრება გადის და ჩვენ იმავე ტალახში ვრჩებით, რომელშიც ვიყავით.