როგორ მეტყველებენ ორალის ვექტორიანები?!

ორალის ვექტორიანებს ახასიათებთ ენაწყლიანი მეტყველება და მადიანად ჭამა. ალბათ გინახავთ შუა საუკუნეების ბერის კარიკატურა: მსუქანი, ქონიანი, ღვინის, ან ლუდის კათხით ხელში, რომელსაც წინ უდევს საჭმელი დიდი ლანგრით, ზედ დევს ცხვრის, ან ღორის უზარმაზარი ბარკალი, რომელითაც ის მადიანად ილუკმება. ორალი ბოლომდე ტკბება ჭამის პროცესით, ყოველი ლუკმით სიამოვნებას იღებს, ილუკმებიან, ტუჩის კუთხეებიდან საჭმლის ცხიმი გადმოსდით (ორალები ხომ კულტურით დიდად შემოსაზღვრულები არ არიან). ჭამის დროს მთელ თავის ცხოველურ სიმხეცეს და კანიბალურ ტენდენციებს ავლენენ. ჭამენ, თან სიამოვნებისგან პირს აწკლაპუნებენ, კბილში გაჩხერილ ნარჩენებს თითით იცლიან, ვულგარულად ხუმრობენ, პირიდან ნერწყვი გადმოსდით. (სიმართლე რომ ითქვას ორალების ასეთ ქცევას ვიზუალები ჭკუიდან გადაყავს, ვიზუალის ვექტორიანები ასეთ ,,უკულტურობას“ მთელი არსებით ეწინააღმდეგებიან). საუბარიც ასეთივე აქვთ, ხშირად საუბრისას პირიდან ნერწყვი გადმოსდით, ტუჩის კუთხეებში ქაფი უჩნდებათ, ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომ ადამიანებს გაგონებაზეც კი უხერხულობა იპყრობს (განსაკუთრებით ვიზუალებს). ორალებს ხშირად ახასიათებთ უცენზურო სიტყვების გამოყენება, ქალის სასქესო ორგანოს ყველაზე უხეში ფორმით ხსენება, ხელითაც საკმაოდ უწმაწურ ჟესტებს აკეთებენ. იყენებენ სლენგს, იგინებიან, ხითხითებენ, იღრიჯებიან, სხვებს აჯავრებენ, მათ საუბარს ბაძავენ, და რაც მთავარია, აუცილებლად ყველა ღონეს იხმარენ, რომ სხვებს მოსმენა აიძულონ.

ორალის ვექტორიანი ბავშვი გამუდმებით ლაპარაკობს, სულ ცდილობს მშობლის ყურადღება მიიპყროს, მშობლებს ტვინს უჭამს: დედა, დედა, დეეე, დედაააააააააააა, დედიკოო, დეეე, დადაააა, დეეეეეეეე… თუ იგრძნო რომ მშობელი ყურადღებას მაინც არ აქცევს, ის აქტიურ ქმედებაზე გადადის, ყვირის, დედას კალთაზე ქაჩავს. ორალები ის ხალხია, რომლიც ფსიქიკაც ითხოვს მსმენელს, ისინი ხშირად ხელით ეხებიან თანამოსაუბრეს. ორალების ასეთი საქციელი ძალიან აღიზიანებს ვიზუალის და სმენის ვექტორიანებს. ვიზუალები და სმენები ვერ იტანენ მათი პირადი სივრცის დარღვევას, ზედმეტ ფამილარობას. წარმოიდგინეთ ისინი თავისთვის ზიან, ორალი კი მათთან მიდის და საუბრისას უცერემონიოდ ეხება მხარზე ან მუხლზე, ყვება რაღაც ანეკდოტს და თავის მოყოლილზე თავადვე ხარხარებს და თან თანამოსაუბრეს მხარზე ხელს ურტყავს.

თუ ვისაუბრებთ საყვარელ სიტყვებზე, ყოველ ვექტორს ახასიათებს ერთგვარი ,,საფირმო“ სიტყვები, ორალის ვექტორიანისთვის კი ყველა სიტყვა საყვარელია, მთავარია თვითონ ლაპარაკობდეს, თუმცა მაინც არის გარკვეული სიტყვები რომლებსაც შედარებით ხშირად იყენებს. როცა რაღაც მოწონთ, ხშირად ამბობენ: გემრიელია, ჩასაკბეჩი ქალია. იყენებენ საკვებთან დაკავშირებულ ეპითეტებს: მადისაღმძვრელო, ტკბილო, გემრიელო. სიტყვების ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც ორალის ვექტორიანი არასოდეს იყენებს და მათ მნიშვნელობასაც კი ვერ ხვდება (ამ სიტყვებს არსს ვერ შეიგრძნობს), არის ინფორმაციის მეოთხედი სიტყვები (თუ რა თქმა უნდა თავად არ აქვს რომელიმე ვექტორი ინფორმაციის მეოთხედიდან). ეს უკვე აღარაა ცხოველური ბუნების სიტყვები, ესენია სიტყვები სიყვარულზე, მარადისობაზე, სრულყოფილებაზე, ეთიკასა და ესთეტიკაზე. ესენი ცდება ორალური ვექტორის გააზრებას. ორალი ესაა ხუმრობები, მაიმუნობა მადიანად ,,ხეთქვა“, ყველანაირი საყოფაცხოვრებო და ცხოველური მეყტველება, მაღალფარდოვნების გარეშე, ყველასთვის გასაგები ფრაზებით.

როდესაც ორალების მეტყველებას ვეხებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათი ერთი ჩვევა, ორალებს უყვართ სხვებისთვის მეტსახელების შერქმევა. ისეთ მეტსახელს მოგაწებებენ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოიშორებთ. რატომ მუშაობს ეს ასე? დავუშვათ კლასში მოდის ახალი ბავშვი, რომელსაც აქვს რაღაც გარეგნული განსაკუთრებულობა, არა დეფექტი (ეს აუცილებელი არ არის), არამედ რაღაც ოდნავი არაპროპორციულობა. მაგალითად წინა ორი კბილი ოდნავ დიდი აქვს. ნებისმიერი, ვინც ამ ბავშვს ესაუბრება, ამ დეტალს ქვეცნობიერად ხვდება, ზოგი თავისთვის კიდეც აღნიშნავს, ზოგი ყურადღებასაც არ მიაქცევს. აქ საქმეში ერთვება ორალის ვექტორიანი, რომელიც ამ ახალ მოწაფეს თვალს მოკრავს თუ არა, მაშინვე ყველას დასანახად იყვირებს: ნახეთ, ისეთი კბილები აქვს, როგორ კურდღელს, ნამდვილი ბაჭიაა! ირგვლივ ყველა ხარხარებს, ახალ მოწაფეს კი იმ დღიდან ყველა ბაჭიას ეძახის, ნამდვილი სახელი არც ახსოვთ. რატომ? იმიტომ რომ ორალის ვექტორიანმა ხმამაღლა გააჟღერა ის, რასაც შინაგანად ყოველმა მათგანმა მიაქცია ყურადღება. ამის შემდეგ ამ მეტსახელის შეცვლის მცდელობას უბრალოდ აზრი აღარ აქვს.