სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები

 

სმენის ვექტორი მიეკუთვნება ინფორმაციის მეოთხედის შიდა ნაწილს. მისი ფუძეა საერთო ინფორმაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სმენის ვექტორის არსია ინფორმაციის გაერთიანება, მისი აბსტრაგირება და შემეცნება. სმენის ვექტორი, ეს სულიერი სურვილია მისწრაფებული სიცოცხლის არსის შეცნობისკენ. აკუსტიკური (სმენის) ვექტორის როლის მთლიანობაში გაგება, შეიძლება მხოლოდ სულიერ სწავლებათა მეშვეობით. სმენითი ფსიქოტიპი ერთადერთია რვა ვექტორს შორის, რომელიც არ შემოიფარგლება მატერიით და ფსიქიკით მის საზღვრებს სცდება. სმენის ვექტორიანები მუდმივად რაღაცის ძიებაში არიან, მათ არასოდეს არ აკმაყოფილებთ ის რეალიზაცია, რაც სრულიად საკმარისია დანარჩენებისათვის. კარიერა, ფული, ოჯახი, შვილები, სახელი, ეს ყველაფერი სმენებისთვის მეორადია. ის მთელი არსებით სამყაროს შემეცნებას, პირველმიზეზთან კავშირის დამყარებას მიელტვის. ამიტომ მატერიალური და ყოფითი ცნებები ვერ ავსებს მის უზარმაზარ ეგოს. სმენა აბსოლუტური ეგოცენტრია. თუ სმენის ვექტორიანის მიღების სურვილის ზომას შევადარებთ სხვა ვექტორებთან, ეს დაახლოებით იგივე იქნება – რომელიმე ტბა (თუნდაც უდიდესი), მსოფლიო ოკეანეს რომ შევადაროთ. ამიტომ სხვა ვექტორების სურვილთა ავსება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი და არც ისე რთულია. კუნთს – არსებობისთვის აუცილებელი რესურსით უზრუნველყოფა ავსებს, ანალს – ავტორიტეტის მოპოვება, კანს – ფული, ურეთრალს – ჯგუფის წინამძღოლობა, ორალს – ორატორობა და ,,მსმენელის დათრევა“, ვიზუალს – ესთეტიკა და სიყვარული, ყნოსვას – ძალაუფლება. მაგრამ რამ უნდა აავსოს ის, ვისი მიღების სურვილიც უსასრულოა და ვისთვისაც მთელი ფიზიკური სამყარო მხოლოდ ილუზიაა?

სმენის ვექტორიანის მიღების სურვილი იმდენად დიდია, რომ ის ვერ ახერხებს მხოლოდ მიღებით ავსებას. ამიტომ ხდება სურვილის ერთგვარად ,,ამობრუნება“. სმენის ვექტორიანის მიღების სურვილი ემსგავსება უზარმაზარ ჭას, რომელიც პირამდეა ავსილი და წყალი გარეთ გადმოდინდება. თუ ამ ჭიდან ხალხი წყალს დალევს, ჭა ,,კმაყოფილია“, მაგრამ თუ ადამიანები უარს ამბობენ მისი წყლის დალევაზე, მაშინ მასში არსებული წყალი ყროლდება და ჭაობდება, ზოგჯერ კი იხრწნება და გარემოს მოწამვლას იწყებს. ასევეა სმენის ვექტორიანიც, ის ვერ ივსება მხოლოდ მიღებით, მის მიერ გააზრებული ცოდნა, მისი შემეცნების შედეგი, მის გონებაში იდეებად გენერირდება და ხდება მათი გარეთ გადმოღვრა. ამ დროს მისი ეგოიზმი იწყებს ალტრუიზმად (გაცემის თვისებად) გარდაქმნას. თუ სმენა სწორად ვითარდება და ახერხებს საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ ის იქცევა კაცობრიობის სულიერ წინამძღოლად. მაგრამ თუ ეს ვერ შეძლო – მაშინ ის იტანჯება, ვერ ხვდება საერთოდ რა აზრი აქვს მის არსებობას. თუ ასე მოხდა, არც თუ ისე იშვიათად დგება ფატალური შედეგი: შიზოფრენია, ჭკუიდან შეშლა, ფსიქოზი, ნარკომანია სუიციდალური მიდრეკილებები. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება და მისი იდეები დესტრუქციული ხდება – ასეთ დროს მისი იდეები შექმნის ნაცვლად, განადგურებას ემსახურება.

არქეტიპი

სმენითი ფსიქოტიპის არქეტიპული ფუნქციაა ღამის გუშაგობა. უძველეს ჯოგში, ღამით, როდესაც ყველას ეძინა, სმენითი ფსიქოტიპი ფხიზლობდა, მისი ნატიფი სმენა მიპყრობილი იყო ღამეული ბგერებისაკენ. მას შეეძლო განესხვავებინა მტაცებლის ფეხის ხმა, სხვა ხმებისაგან და ჯოგი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა.

ეპოქის ცვლასთან ერთად, შეიცვალა გარემოც, მომდევნო ეპოქებში საფრთხისგან თავდასაცავად ადამიანებმა კედლები და გალავნები ააგეს. უკვე აღარ იყო საჭირო ვინმეს მტაცებლებისგან თავდასაცავად ედარაჯა. მაგრამ ასწლეულების მანძილზე გამომუშავებული ჩვევა, სმენითი ფსიქოტიპის არქეტიპად იქცა, თუმცა შეიცვალა გამოვლენის ფორმა. ღამით განმარტოებით ჯდომამ, ფიქრმა და ყურადღებამ, სმენით ფსიქოტიპს მისცა საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში ჩასვლისა და თვითკონცენტრაციის უნარი. ასწლეულების მანძილზე ცაში, ვარსკვლავების ცქერამ სმენები სამყაროს უსასრულობაზე ჩააფიქრა, თვითკონცენტრირების წყალობით, მათ გამოუმუშავდათ კიდევ ერთი: აბსტრაგირების უნარი.

ანალური ეპოქის შემოსვლასთან ერთად მოხდა ინდივიდუალური ,,მეს“ ჯოგისგან გამოცალკევება. ადამიანმა, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, დაიწყო თვითგამორკვევა. კაცობრიობამ კი თანდათან დაიწყო ინფორმაციის დაგროვება. ამ ყოველივემ სმენით ფსქიქოტიპს უბიძგა შემეცნებისკენ. სმენებმა დაიწყეს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი და აბსტრაგირება, დაიწყეს ბუნებაზე დაკვირვება და ბუნების მუშაობის მოდელის გამორკვევა. შეიქმნა ფილოსოფია, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები. სმენის ვექტორიანებმა დაიწყეს არსებული ინფორმაციის გაერთიანება, ინფორმაციის ზრდასთან ერთად, მათ გაუჩნდათ ხედვები სამყაროს მოწყობის კანონზომიერებებთან დაკავშირებით, ეს ხედვები, თანდათან იდეებად და მსოფლმხედველობრივ მოდელებად იქცა. რომელთა სათავეებთან სმენითი ფსიქოტიპის წარმომადგენლები იდგნენ. ამ ყოველივემ სმენის ვექტორიანები აქცია კაცობრიობის იდეოლოგებად, სულიერ ბელადებად, ფილოსოფოსებად, მეცნიერებად, მწერლებად და ა.შ.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე