სმენის ვექტორის თავისებურებები სცენარში.

 

სმენა, როგორც ვიცით, ერთ-ერთი დომინანტი ვექტორია და როგორც ამ უკანასკნელთა შესახებ სტატიაში ვთქვით, ეს ვექტორები თითქმის ყოველთვის სცენარში არიან, თუ, რა თქმა უნდა, მძიმე დაზიანება არ აქვთ.

 

თუმცაღა, ბევრს ალბათ ჩემსავით გაგიჩნდათ კითხვები სმენის ვექტორთან დაკავშირებით – კი მაგრამ, როგორაა, სმენა ყოველთვის სცენარში, როცა საკუთარი თვალით გვინახავს სმენის ვექტორიანი კან-ვიზუალის სცენარით? რა ხდება, როცა სმენა სხვა ვექტორის მდგომარეობაშია? ან მაშინ როცა ორივე ზედა დომინანტი ვექტორი გვაქვს?

 

მოდით, მივყვეთ და თანმიმდევრულად გავარჩიოთ, რატომ აქვს სმენის ვექტორს ამდენი ვარიაცია და როგორ ავლენს თავს სცენარში როგორც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ასევე სხვადასხვა ვექტორებთან კომბინაციაში.

 

სმენის ვექტორს სურვილების ყველაზე დიდი ჭურჭელი აქვს. მისი ავსება, ყველაზე ძნელია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ მისი ფუნქცია მთლიანადაა გაცდენილი ლანდშაფტს და გულისხმობს მეტაფიზიკურ რეალობაში ახალი მდგომარეობამდე აყვანის იდეის შემოტანას, მეორე მხრივ კი, ერთადერთი ვექტორია, რომლის ავსების მექანიზმიც არ ვიცით. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ კანის ვექტორზე – გასაგებია, რა გვეხმარება მის რეალიზაციაში, როცა საუბარია ურეთრალზე, ყველას მაშინვე მოგვდის თავში, რომ ბელადობაა მისი ავსების წყარო, ორალზე- გაერთიანება და ა. შ. აი, სმენაზე კი ასეთი მარტივი პასუხი არ არსებობს. მასე ევალება, შემოიტანოს იდეა.  კი, მაგრამ როგორ? რა გზებით, რა უნდა გააკეთოს ამისათვის? საიდან დაიწყოს? პასუხები არსადაა. სმენისათვის რეალიზაციის გზაც, ხერხიც და იდეაც ერთნაირად საპოვნელია.

 

როგორ იქცევა სმენა „ავსების ძებნაში?“ როგორც სისტემურად მოაზროვნე, იწყებს იმის შესწავლასა და ანალიზს, რაც მის გარშემოა – იმ მექანიზმებისა და საშუალებების, რითაც სხვა ვექტორები ახერხებენ რეალიზებას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ სმენა სხვა ვექტორის მდგომარეობაში გადადის და  ხანდახან რჩება ხოლმე. როგორც წესი, ეს განუვითარებელ სმენებს მოსდით. აიღებენ იდეად რომელიმე სხვა ვექტორის, იდეას/ფუნქციას და მხოლოდ ამ მიმართულებით ვითარდებიან. ეს ვერ ჩაითვლება სმენის სრულყოფილ რეალიზებად, რადგან მისი სურვილების ჭურჭელი რამდენიმე თავით მაინც აღემატება ყველა სხვა დანარჩენი ვექტორისას და, რაც მთავარია, ის კარგავს საკუთარი რეალური ფუნქციის შესრულების საშუალებას. ასე ვთქვათ, მისი სრული პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი რეალიზდება, ისიც არასმენური მიმართულებით.

 

ეს ის შემთხვევებია, როდესაც, მაგალითად, სმენა იდეად იღებს ანალის ვექტორის ღირებულებას, თუნდაც პატრიოტიზმს, და თავისთვის დამახასიათებელ მასშტაბებში აჰყავს ის – ანუ, ანალური ვექტორისათვის – მეტისმეტად (ამის მწარე მაგალითია ჰიტლერი). ან კანის ვექტორის იდეას და ხდება უსაშველოდ ჩაციკლული რაიმე კანურ იდეაზე და ა. შ.

 

ამ მდგომარეობიდან თეორიულად ორი გამოსავალი არსებობს. ერთი, როდესაც სმენა „აწყდება“ სმენურ იდეას და მის ხარჯზე ადის სცენარში – რაც რეალობაში ძალიან იშვიათია და მეორე, უფრო რეალისტური და გრძელი გზა – ასეთ დროს სმენა ჯერ ბოლომდე ავითარებს და ავსებს იმ ვექტორის სურვილებს, რომლის მდგომარეობაშიცაა. აცნობიერებს ამას და, როგორც წესი, ისევ ამ ვექტორის ხელწერით აგრძელებს გზას სმენის სცენარში ასვლამდე. ამ დროს ყველაზე იღბლიანი და შედარებით მსუბუქი შემთხვევაა, როდესაც ის ვიზუალის ვექტორის მდგომარეობაშია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ აქ ერთი ხაფანგი კიდევ იმალება. თუ კი ვექტორი, რომლის მდგომარეობაშიცაა სმენა, განვითარების უმაღლეს დონეზე იმყოფება, ჩვენმა დომინანტმა ვექტორმა შეიძლება ვერ დათმოს ასეთი კომფორტული მდგომარეობა და შეწყვიტოს განვითარება.

 

საინტერესო შემთხვევას ვაწყდებით, როდესაც სმენა იმ ქვედა ვექტორის იდეას იღებს, რომელიც სცენარში არაა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში სმენის ვექტორს ავსების შანსები თითქმის არ რჩება და, როგორც წესი, ის მხოლოდ კონკრეტული ვექტორის ერთ რომელიმე თვისებაზე „იჭედება“.

 

მსგავსი ეფექტი აქვს ისეთ მდგომარეობასაც, როდესაც სმენა დაშენებული ვექტორის მდგომარეობაში ვარდება. ესეც ცალსახად უარყოფითი გამოვლინებაა და სმენის განვითარების შანსები მინიმუმამდე დაჰყავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ სმენა დომინანტი ვექტორია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოველთვის სცენარშია, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, არსებობს ორი გამონაკლისი.

 

თუ სმენის ვექტორში გვაქვს ფუძისეული ან აზროვნების დონის რღვევა, ის სცენარში ვერ ამოვა.  ასევე, თუ კი ადამიანს აქვს ერთნაირად განუვითარებელი ყნოსვისა და სმენის ვექტორები – ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ანეიტრალებენ, სცენარში სხვა რომელიმე ზეა ვექტორი გვიჯდება და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანს ეს ვექტორები საერთოდ არ გააჩნია(დაწვრილებით: იხილეთ ლექცია დომინანტურობის შესახებ).

 

აღსანიშნავია ასევე ურეთრალ-სმენის მაგალითიც, უფრო სწორედ მდგომარეობა, როდესაც ურეთრალი მთლიანად გადაფარავს სმენის ვექტორს. ამ შემთხვევაშიც ადამიანს საერთოდ არ ეტყობა სმენის ვექტორი, მიუხედავად მისი სცენარში მოხსენიებისა და ვიღებთ არანორმალურად აწყვეტილ ურეთრალს.

 

როგორც ვხედავთ, სმენის ვექტორის უნიკალური ბუნება მის გამოვლენასა და განვითარების შესაძლებლობებზეც მოქმედებს და თუ კი, ერთის მხრივ, უსაზღვრო შესაძლებლობებს უხსნის, მეორეს მხრივ ასევე მრავალნაირი დაზიანებისა და „გზიდან გადახვევის“ რისკის ქვეშ აყენებს. თუმცაღა, სულიერი ბელადის ფუნქცია სწორედ ასეთ უსაზღვროობას მოითხოვს მისგან, განვითარებული სმენას კი, ახალი რეალობის შექმნის პოტენციალი აქვს.

 

 

ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili