ტკივილისა და ტკბობის მნიშვნელობა

ყველაზე რთულია გაგიჩნდეთ შეცვლის სურვილი (კარლოს კასტანედა).

რა არის ტკივილი?

ტკივილი, ესაა დისკომფორტი ადამიანის ცხოვრების როგორც ფიზიკურ, ისე – ფსიქიკის დონეზე. ფსიქიკა თავის თავში მოიცავს: აზროვნებას, ემოციებს და გრძნობებს, ხასიათს, მოთხოვნილებათა დონეს. ამასთან ერთად, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ტკივილი ფიზიკურ ტკივილზე მეტ ტანჯვას გვაყენებს. ფიზიკური ტკივილის შიში ადამიანებში გენეტიკურადაა ჩადებული. რეაქცია ტკივილზე არის მისგან გაქცევის, მისგან მყისიერად გათავისუფლების სურვილი. როდესაც ბავშვი ცხელ უთოს შეეხება, დაუყოვნებლივ უკან წევს ხელს და იმახსოვრებს, რომ ცხელ უთოზე შეხება არ შეიძლება… ევოლუციის განსაზღვრულ ეტაპზე ,,შედარებით რთულმა ცოცხალმა ორგანიზმებმა შეიძინეს რეალობის ემოციურად აღქმის შესაძლებლობა“. ამ ეტაპიდან გამოიყო დადებითი და უარყოფითი ემოციები. რატომ? იმიტომ რომ ამ ემოციებმა დაიწყეს განსხვავებული ფუნქციების შესრულება.

უარყოფითი ემოციები: შიში, ზიზღი, მიუღებლობა, სიძულვილი, სევდა, მრისხანება და ა.შ. იწვევს ანტიპათიას. ისინი ასოცირდებიან ბრძოლასთან და დანაკარგთან, სადაც აუცილებლად არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. მაგრამ სწორედ ეს ბრძოლა, ბრძოლისათვის ძალების მობილიზება, გულისყურის მოკრება, სიფრთხილის გამძაფრება ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს გადარჩენაში. ასეთი ემოციები ითხოვდა ენერგიის დამატებით დანახარჯს და ხშირად აღიქმებოდა როგორც ,,სასჯელი“.

დადებითი ემოციები: სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, იმედი, ინტერესი, სიმშვიდე, მადლიერება და ა.შ. მიეკუთვნება ,,თამაშებს“, რომელშიც არ მარცხდებიან. ეს ემოციები მიმართულნი არიან შესაძლებლობათა გაფართოების და სასიამოვნო შეგრძნებების მიღებისკენ. ისინი აღიქმება როგორც ,,დაჯილდოება“.