ურეთრალური ვექტორის დაზიანებები და სტრესები (ნაწილი მეორე).

 

ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევათა შემდეგი რიგი, კავშირშია მისი აზროვნების და ურთიერთობის თავისებურებებთან.

  1. ურეთრალები აზროვნებენ ჯგუფური და არა ინდივიდუალური კატეგორიებით. ურეთრალის აზროვნება არაა მიმართული თითოეულ ინდივიდზე, არამედ ,,მე და ჯგუფი“, სადაც მისი ,,მე“ ჯგუფის სათავეშია.
  2. ურეთრალის ვექტორიანების ურთიერთობა არსობრივად არ მოიცავს ინდივიდუალურ კატეგორიებს. რა თქმა უნდა ურეთრალებსაც აქვთ ერთი-ერთზე ურთიერთობები, ყავთ ოჯახი, მეგობრები, პარტნიორები და ა.შ. მაგრამ მათ აღქმაში, ეს ურთიერთობები ასევე ჯგუფური კატეგორიისაა. ურეთრალის ვექტორიანი ნებისმიერ გარშემომყოფს – იქნება ეს დედა, მამა, მეგობარი, საქმიანი თუ სექსუალური პარტნიორი – ისე უყურებს, როგორც მისი ჯგუფის შემადგენელ ნაწილს, მისი პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ჯგუფის წევრს.

ადამიანები, რომლებსაც ურეთრალური ვექტორი არ აქვთ, ურეთრალის ამ თავისებურებებს ხშირად საკუთარი პრიზმიდან იგებენ და აიგივებენ საკუთარ თავთან (განსაკუთრებით კანები). თუმცა სხვა ფსიქოტიპების მიდგომებისაგან (გარდა სმენის ვექტორიანისა, რომელიც ბევრი შტრიხით წააგავს ურეთრალს), ურეთრალური მიდგომის განსხვავება თვალში ადვილად გეცემათ. სხვა ფსიქოტიპებისთვის ჯგუფის ლიდერობა, ესაა მოსაპოვებელი რაღაც, რომელიც მათ აძლევს უმაღლეს რანგს, განსაკუთრებულ ხარისხს და ა.შ. მათთვის ჯგუფის თავში დგომა ესაა მეტი რესურსის განკარგვა, მეტი ხელფასი, მაღალი სტატუსი სხვების ფონზე, მუდმივი კონკურენცია რანგის შესანარჩუნებლად. ურეთრალებისთვის ეს ერთი მხრივ ბუნებრივი მოცემულობაა, ხოლო მეორე მხრივ პასუხისმგებლობა ჯგუფზე. სხვა ფსიქოტიპებისთვის რანგი ისეთ რამაა, რისთვისაც უნდა იბრძოლონ, მაგრამ თუ ჯგუფში უმაღლეს რანგს აღწევენ, ეს მათთვის სტრესულია. თუ კანის ვექტორიანი უმაღლეს რანგს იკავებს, მას ხშირად უვითარდება თავხედის სცენარი, ამ დროს ის არავის უსმენს, ყველას ზემოდან უყურებს, ხოლო შეკამათებაზე ისტერიით და დამცირებით რეაგირებს. ანალის ვექტორიანი უმაღლეს რანგში საკუთარ თავს ხარისხის უმაღლეს საფეხურს მიაწერს, თავს ყოვლისშემძლედ და ყოვლისმცოდნედ წარმოიდგენს და არავთარ შენიშვნას არ იღებს.

ურეთრალისთვის კი ეს ბუნებრივი მოცემულობაა. ის მაშინაა სტრესში, თუ რანგს ვერ იკავებს, რადგან ეს მისთვის იმის ნიშანია, რომ საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს. რანგი ურეთრალისთვის ავტომატურად ნიშნავს ჯგუფზე პასუხისმგებლობას. ამ დროს ის ჯგუფთან მიმართებაში სრულად ალტრუისტულია, მთლიანად იხარჯება, ყველაფერს გასცემს. ამ შტრიხით ურეთრალი რაღაცით წააგავს სმენას, თუმცა თუ სმენის ვექტორიანმა ალტრუიზმი უნდა გამოიმუშაოს (შექმნას იდეა და გაავრცელოს ჯგუფზე, სხვა შემთხვევაში სმენა აბსოლუტურად ეგოცენტრულია), ურეთრალისთვის ალტრუიზმი ასევე თანდაყოლილი მოცემულობაა. მეორე მხრივ თუ სმენურ ალტრუიზმს შეუძლია მთელი კაცობრიობა ერთიან ორგანიზმად აღიქვას და საკუთარი ალტრუიზმი კაცობრიობის მასშტაბზე გაავრცელოს, ურეთრალური ალტრუიზმი მის პირად ან მის პოტენციურ ჯგუფს არ ცდება. ამასთან ურეთრალური ალტრუიზმი მხოლოდ მატერიალური ხასიათისაა.

ყველა სხვა ვექტორისგან განსხვავებით ურეთრალს არ გააჩნია სანახევრო რელიზაცია. ანალი შეიძლება იყოს ნაწილობრივ პროფესიონალი და ამით ცხოვრებას და რეალიზებას მეტ-ნაკლებად მაინც შეძლებს. კანი შეიძლება ვერ შედგეს მენეჯერად, მაგრამ ჯიხურის გამყიდველად იმუშავებს და რაღაც მხრივ შეძლებს ცხოვრება გააგრძელოს. ურეთრალის ფსიქიკა ასე არ მუშაობს, ის ან შედგა ბელადად, ან ვერა. თუ შედგა – ის სრულფასოვანი ბელადია, თუ ვერა – მაშინ ვიღებთ ორიდან ერთ სცენარს: 1. ზედმეტად რისკიანი 2. პათოლოგიური მშიშარა.

(როგორც წესი ეს სცენარები ფორმირდება მაშინ, როდესაც მას ჰყავს არც ისე განვითარებული ანალის ვექტორიანი მშობლები). ურეთრალი ბავშვი თავისუფალი და დაუმორჩილებელია, ის არ ექვემდებარება წესებს, არ ცნობს ავტორიტეტებს, მშობლებს ისე ექცევა როგორც მათზე უფროსი და მათზე პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ამას ემატება მათი ცხოვრების სრულიად განსხვავებული წესები. ანალები დინჯები არიან, გადაწყვეტილებებს ნელა იღებენ, მათი ნებისმიერი ქმედება დროს ითხოვს. ურეთრალები პირიქით – რეაქტიულები არიან, ყველაფერს სპონტანურად წყვეტენ, თითქმის არასოდეს აქვთ წინასწარი გეგმები. რაც არ უნდა განვიხილოთ, რომელი თვისებაც არ უნდა შევადაროთ, ეს ორი ფსიქოტიპი სრულად კონტრარულნი იქნებიან. მაგრამ ანალის ვექტორიან მშობლებს (განსაკუთრებით ანალ მამებს) სურთ შვილისთვის უპირობო ავტორიტეტს წარმოადგენდნენ. რაღაც ეტაპზე შეიძლება მათი მოთმინების ფიალა აივსოს. ამ დროს იწყებენ ,,შვილის მორჯულების“ მცდელობას (ისე არ გაიგოთ, რომ ანალის ვექტორიანი მშობლები ურეთრალი ბავშვისთვის უპირობოდ ცუდ სცენარს ნიშნავს. ეს ასე არ არის. პირიქით, თუ ანალის ვექტორიანი მშობელი განვითარებულია, ის ყველა სხვაზე უკეთ ახერხებს ურეთრალი ბავშვის აღზრდას. კარგ პირობებში მათი თვისობრივი კონტრარულობა, მხოლოდ ურთიერთშემავსებელი ფაქტორი ხდება. ურეთრალი ბავშვი ანალის ვექტორიანი მშობლებისგან სიდინჯეს და მოთმინებას სწავლობს. ხოლო ანალ მშობლებს უწევთ გათავისუფლდნენ ანალის ვექტორიანთათვის დამახასიათებელი შაბლონებისგან და მიიღონ შვილის არასტანდარტული ქცევები). აქ კი უკვე იწყება ძალთა ჭიდილი – ვინ ვის აჯობებს. ერთი მხრივ ჯიუტი, თითქმის უდრეკი ნებისყოფის ანალი მშობლები, მეორე მხრივ ასევე უდრეკი, დაუმორჩილებელი და ქედუხრელი ურეთრალი ბავშვი, რომლისთვისაც უცხოა მორჩილება (თუნდაც მშობლების). თუ ასეთი მოცემულობა დადგა ოჯახური დაპირისპირება უკიდურეს ფორმებს აღწევს: თუ ანალის ვექტორიანმა მშობლებმა მოახერხეს შვილის ,,მორჯულება“, ამ დროს ვიღებთ გატეხილ ურეთრალს, რომელსაც პანიკურად ეშინია პასუხისმგებლობის აღება არათუ ჯგუფზე, არამედ საკუთარ ქმედებებზეც კი. ხოლო თუ ვერა – ამ შემთხვევაში ურეთრალი ან მთლიანად ტეხს საკუთარ მშობლებს, ან სახლიდან გარბის, ორივე შემთხვევაში მისგან ვიღებთ აწყვეტილ, ზედმეტად რისკიან, სრულიად დაუმორჩილებელ ურეთრალს, რომელიც არ ცნობს არავითარ შეზღუდვას, არ ითვალისწინებს არავის რჩევებს.

 

განვიხილოთ თითოეული:

  1. ის ხდება ზედმეტად რისკანი, მუდმივად რისკის ზღვარზე ცხოვრობს, მუდმივად ხიფათთან თამაშის რეჟიმშია, რასაც როგორც წესი ნაადრევ დაღუპვამდე მიჰყავს. ასეთი ურეთრალი როგორც წესი ბელადობას ვერ ახერხებს, მაგრამ თუ რაღაც სასწაულით მაინც შეძლო, მისი ჯგუფი ან მალევე დაიშლება, ან ზედმეტი რისკიანობის გამო თავადვე დაღუპავს მთელ ჯგუფს.

 

  1. პათოლოგიური მშიშარა: თუ ურეთრალს ეს სცენარი დაუფორმირდა, მას ეშინია ჯგუფზე პასუხისმგებლობა აიღოს, ის აზრიც კი – რომ შესაძლოა ჯგუფი მისი პასუხისმგებლობა იყოს – პანიკაში აგდებს. ამ დროს ხშირად ყველას ემიჯნება, იკეტება მარტოობაში, შესაძლოა შარდის შეუკავებლობაც დაემართოს. ზოგჯერ კი მისი შიშები უკიდურეს ფორმებს აღწევს. მაგალითად: სიმაღლის შიში. თუმცა ეს არ ჰგავს სიმაღლის დანახვით სულშეგუბებული ვიზუალის სიკვდილის შიშს, ეს რაღაც უფრო შემაძრწუნებელი განცდაა. მას არა მხოლოდ სიმაღლის ეშინია, არამედ ნებისმიერი სიმაღლის წარმოდგენაზეც კი ძრწოლა იპყრობს. ვიზუალი ამ დროს კივის, ისტერიას მართავს, კანკალი უვარდება. მსგავს სცენარში მყოფ ურეთრალს კი შიშით უბრალოდ დამბლა ეცემა. და ეს შეტევა შესაძლოა დღეების მანძილზე გაუგრძელდეს. უკიდურეს შემთხვევებში ეწყება გარეთ გასვლის პანიკური შიში, იკეტება ერთ ოთახში (მსგავსი შეიძლება დაემართოს მხოლოდ სამ ფსიქოტიპს: ურეთრალს, ვიზუალს და სმენას. ვიზუალის და სმენის ვექტორიანების შემთხვევებს ჩვენ მოგვიანებით განვიხილავთ), გარეთ გასვლაც კი ძრწოლას გვრის.

 

 

არის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა, რაც ახასიათებს ურეთრალურ ფსიქოტიპს: სქესობრივი სიმწიფე სხვებზე 2-3 წლით ადრე დგება (დაახლოებით 11-13 წლის ასაკში). ხოლო ურთიერთობის ფაზებს ის სქესობრივი მომწიფების პარალელურად გადის, ამავე ასაკში სწავლოს ჯგუფთან ერთიერთობას და ბელადობას. 14-15 წლის ურეთრალი უკვე ზრდასრული და მომწიფებულია როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურადაც. როგორც წესი ურეთრალები სხვებზე ადრე მწიფდებიან სქესობრივად და სექსუალურ ცხოვრებასაც სხვებზე ადრე იწყებენ. 14-15 წლის ურეთრალი უკვე სიმწიფის ასაკში გადადის და მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. თუმცა როგორც წესი ეს ადვილად არ ხდება, რადგან სხვებისთვის (განსაკუთრებით ანალებისთვის) ის ჯერაც უმწიფარი ბავშვია.

თუ სქესობრივ მომწიფებამდე სწორად რანჟირდა, თუ ისწავლა როგორ გაუძღვეს თანატოლებს, მაშინ ის შემდგარი ბელადი გაიზრდება და ზრდასრულობაშიც შეძლებს ჯგუფის სწორად რანჟირებას და იქნება ჭეშმარიტი ბელადი. თუ ამას სწორი აღზრდაც ემატება, ყავს კარგი ოჯახი, სკოლაში ასწავლის კან-ვიზუალი მასწავლებელი, რომელიც მას კულტურულ და ეთიკურ ფასეულობებს უნერგავს. მაშინ ჩვენი ურეთრალი ბავშვი ნამდვილად კეთილშობილ და გულმოწყალე ბელადად გაიზრდება. მის ირგვლივ თავს ყველა დაცულად გრძნობს. თუ ეს ყველაფერი სწორად არ წარიმართა, თუ მან ბავშვობაში ვერ შეძლო სწორად რანჟირება, ან ოჯახში სწორად ვერ აღზარდეს, მაშინ გულმოწყალე ბელადის ნაცვლად მისგან სასტიკ ყაჩაღს, ან მარტოხელა მგელს მივიღებთ. ის ან საერთოდ მარტო დარჩება, ან იქნება ისეთივე მარგინალური ჯგუფის ბელადი, როგორიც თავად დადგა.

საინტერესოა, რომ ურეთრალი სიმწიფის ასაკსაც დაჩქარებული ტემპებით გადის. თუ ის არარეალიზებულია, მაშინ ყველა დანარჩენზე ადრე ტყდება და 50-55 წლისა უკვე დაჩაჩანაკებული და შარდის სუნად აყროლებული ბერიკაცია. თუ მან შეძლო ბელადად რანჟირება, ის მაინც სხვებზე ადრე შედის სიბერის ასაკში, მაგრამ ამ დროსაც ინარჩუნებს ბელადურ დიდებულებას და ამაყ იერს.

ურეთრალები სქესობრივად სხვებზე ადრე მწიფდებიან და როგორც წესი სქესობრივ ცხოვრებასაც სხვებზე ადრე იწყებენ. თუმცა მეორე მხრივ ეს ქმნის რისკს, რომ საკუთარმა სიმწიფის ნაადრევმა შეგრძნებამ აიძულოს საკუთარ თავზე ნაადრევად აიღოს იმაზე დიდი პასუხისმგებლობები, ვიდრე რეალურად შეუძლია. მაგალითად ცადოს დიდი ჯგუფის ბელადობა მაშინ, როდესაც ამისთვის ჯერ კიდევ არაა მზად. შედეგად ამას ან ვერ მოახერხებს, ან ჯგუფი მალევე დაეშლება. სამომავლოდ კი ეს მის რეალიზებას გაართულებს.

 

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე