ქვედა ვექტორები კომბინაციებში (2)

კანის და ანალური ვექტორების კომბინაცია.

  პირველ რიგში შევხედოთ რაშია ამ ვექტორების არსი. თუ ამ ვექტორებს შევხედავთ დროის კუთხით ანალური ვექტორის არსი იქნება წარსული, კანის – აწმყო. თუ ამ ფსიქოტიპების არსს წარმოვიდგენთ დროის პირობით ღერძზე, მაშინ ანალური ვექტორი ამ ღერძზე დაიკავებს დროის უზარმაზარ მონაკვეთს, მთელ წარსულს. ხოლო კანის ვექტორი – დატანილი იქნება პაწაწინა წერტილის სახით. რატომ? იმიტომ რომ აწმყო, დროის მხოლოდ პაწაწინა, ფიქსირებულ მონაკვეთს მოიცავს და მუდმივად ცვალებადია. წამის შემდეგ აწმყო განსხვავებულ ფორმას იღებს, ხოლო წინა წამი უკვე წარსულის საკუთრებაა.

რა თავისებურებებს გვაძლევს ეს შტრიხები ფსიქიკის თვალსაზრისით? ანალური ფსიქოტიპის ფსიქიკა მიდრეკილია წარსულის შესწავლისა და დაარქივებისკენ. ის იღებს წარსულის მთელ ინფორმაციას, აწესრიგებს, ახარისხებს, ინახავს გონების ,,კარტოთეკაში“ და ასე მოწესრიგებულად გადასცემს მომავალ თაობას. ბუნებრივია ამ ფუნქციის შესრულებას უზარმაზარი მოცულობის ფსიქიკა, გამძლეობა და ნებისყოფა ჭირდება. ანალის ვექტორიანებს შეუძლიათ საათობით ჯდომა, საათობით კითხვა, ერთი სამუშაოს შესრულება ხანგრძლივი დროის მანძილზე. ეს ყველაფერი კი გვაძლევს მოცულობით, დინჯ, მაგრამ მყარ და მტკიცე ფსიქიკას.

კანები პირიქით სწრაფები, მოქნილები და გაქნილები არიან. ისინი აწმყოს ხალხია, აწმყო კი ყოველწამს იცვლება. კანის ვექტორი ფორმას აძლევს მატერიას აწმყოში, მაგრამ აწმყო ცვლადია. გარემო, მოცემულობები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება, კანურმა ფსიქოტიპმა კი ამ ცვლილებებს უნდა აუწყოს ფეხი. თუ გარემო შეიცვალა და კანის ვექტორიანმა მასთან შეგუება ვერ მოასწრო, ის იმას ნიშნავს, რომ ის ზედმეტად ნელია, რომ ჩამორჩა, ეს კი იმის ნიშანია, რომ ის ვერ ახერხებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას. კანებს არ აქვთ საათობით ერთი და იმავე საქმის შესრულების სურვილი. ეს არც შეუძლიათ და არც ჭირდებათ. მათი ფსიქიკა მოქნილი და გარემოსთან მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირებადია.

რა ხდება როდესაც ეს ორი ვექტორი ერთიანდება ერთ ადამიანში? ეს არის წარსულისა და აწმყოს, გამოცდილებისა და პრაგმატიზმის, სიდინჯისა და მოქნილობის გაერთიანება. ერთვექტორიან ანალს შეუძლია გამოცდილება დააგროვოს, მაგრამ უჭირს მისი პრაქტიკაში გამოყენება. ერთვექტორიანი კანი პრაგმატულია, მაგრამ გამოცდილების დაგროვება უჭირს და არც მოთმინების უნარი გააჩნია. ანალ-კანი კი გამოცდილებას და პრაგმატიზმს აერთიანებს. მას აქვს უნარი არა მხოლოდ დააგროვოს გამოცდილება, არამედ შეუძლია მისი პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტურად გამოყენება. ანალი კანს ინფორმირებულებასა და გამოცდილებას ძენს, კანი ანალს – ეფექტურობას და პრაგმატიზმს. ერთიანობაში კი ქმნიან მძლავრ ფსიქიკას, რომელიც ბევრად უფრო ადვილად უმკლავდება ლანდშაფტის სირთულეებს, ვიდრე ერთვექტორიანი კანი, ან ერთვექტორიანი ანალი.

თუმცა არის ერთი თავისებურება. ანალის ვექტორიანი ნებისმიერ ქმედებას მთელ ცხოვრებაზე თვლის, მისი ნებისმიერი საქმიანობა მთელ ცხოვრებაზეა გადანაწილებული. კანის ვექტორიანი მხოლოდ დღეისთვის ცხოვრობს, ყველაფერი აქ და ახლა სურს და არც მოთმინებით გამოირჩევა, თუ მის ქმედებას დაუყოვნებლივი რეზულტატი არ აქვს, ის საქმეს მაშინვე ანებებს თავს. ქმედების კუთხით ანალ-კანები ერთგვარად ამ ორი ფსიქოტიპის შუალედს წარმოადგენენ. ერთი მხრივ მათ არ შეუძლიათ ქმედების რეზულტატს მთელი ცხოვრება ელოდნენ, მაგრამ მეორე მხრივ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ ქმედებას შედეგის მოსატანად გარკვეული დრო ჭირდება. მოკლედ თუ ვიტყვით, ანალ-კანებს შეუძლიათ დაელოდონ საკუთარი ქმედების შედეგს, მაგრამ არა მთელი ცხოვრების მანძილზე (არამედ რაღაც გონივრული დროით).

სცენარები კანის და ანალური ვექტორების კომბინირებისას

როგორც იცით ანალური და კანის ვექტორები თვისობრივად კონტრარულები არიან, ამიტომ მათი კომბინაციისას ადამიანში საკმაოდ ხშირად ვხვდებით შინაგან კონფლიქტს. ეს განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როდესაც სცენარი გარდამავალია.

რატომ არ შეიძლება სცენარში სამი ან ოთხი ვექტორი? იმიტომ რომ სცენარს ქმნის საყრდენი ვექტორი ქვემოთ და ინტელექტის ტიპი ზემოთ (აქედან საყრდენი ვექტორი უპირობო აუცილებლობაა). ინდივიდი რეალიზდება სცენარის გარშემო, ანუ მასში იკვეთება სარეალიზაციო ფორმაცია. დანარჩენი ვექტორები არ იკარგება, არამედ ხდება ამ სცენარის შემავსებელი. თუ სცენარზე რომელიმე სხვა (არასცენარული) ვექტორი დიდი დროის განმავლობაში ახდენს იმდენად დიდ გავლენას, რომ სცენარი გარდამავალია, ეს ნიშნავს: 1. პიროვნება არაა ჩამოყალიბებული, ის გაფანტულია და დაკარგულია საკუთარ სურვილებში. 2. ინდივიდი რჩება სრულიად არარეალიზებული. 3. ინდივიდს აქვს მძიმე რღვევები საყრდენ ვექტორებში 4. ინდივიდს აქვს სმენის ვექტორი რომელიმე ქვედა ვექტორის (რომელიც არაა სცენარში, მაგრამ სმენის სრული განუვითარებლობის გამო ახდენს სცენარზე გავლენას), რომელიმე ერთი თვისების, ან სურვილის მდგომარეობაში.

გარდამავალი სცენარი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პიროვნება არაა ფორმირებული სცენარში (სცენარი გაორებულია), ანუ მას უჭირს ადაპტირდეს და რეალიზდეს ერთი რომელიმე სცენარით. შედეგი კი ისაა, რომ თუ ასე გაგრძელდა და სცენარი არ ფორმირდა, ეს ინდივიდი დარჩება გაორებული და შესაბამისად არც ისე რეალიზებული.

მაგალითად ადამიანს აქვს ანალური, კანის და სმენის ვექტორები. ამ დროს ის სცენარით უნდა იყოს ან კან-სმენა, ან ანალ-სმენა. ანუ კარგ შემთხვევაში სცენარს ქმნის ერთი ზედა და ერთი ქვედა ვექტორი, ხოლო დანარჩენი ვექტორები არიან სცენარის შემავსებელნი. რა ხდება თუ ასე არ არის და ეს ადამიანი თავს ავლენს ხან ანალ-სმენად და ხანაც კან-სმენად? ამ დროს ფორმირდება მძიმე შინაგანი კონფლიქტი. შინაგანი კონფლიქტით წარმოშობილი გაორებული სცენარი ადამიანს ხელს უშლის რეალიზდეს. რადგან მისი სურვილები და ქცევითი მოდელი არეულია და მერყეობს ხან ერთ, ხან მეორე სცენარში.

აქ ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა რომ ანალ-კანს, რომელსაც ერთვის რომელიმე ზედა ვექტორი (მაგალითად სმენა), სცენარი ბუნებრივად შეეცვალოს (მაგალითად ანალ-სმენას, დროთა განმავლობაში დაუფორმირდეს კან-სმენის სცენარი, ან პირიქით)?

დიახ, შეიძლება. ეს შეიძლება მოხდეს როგორც ბუნებრივი, ისე ნეგატიური ფაქტორების ზეგავლენით.

ბუნებრივი ფაქტორებია: სოციუმის შეცვლა (მაგალითად ანალ-კან-სმენა, რომელსაც აქვს ანალ-სმენის სცენარი, მოხვდა კან-სმენების გარემოში, ან იმ ქვეყანაში, სადაც მენტალიტეტი კანურია. ამ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ ამ ადამიანს შეიძლება სცენარი ბუნებრივად შეეცვალოს და გახდეს კან-სმენა), განვითარების დონის შეცვლა (მაგალითად: კანურ მენტალიტატში მცხოვრებმა ანალ-კანმა, რომელსაც კანის ვექტორში არსებული სტრესის გამო, საყრდენად ჰქონდა ანალური ვექტორი, გაიარა თერაპია, ან მოხვდა განვითარებული კანების გარემოში და ამის წყალობით მას მოეხსნა კანური სტრესი, ან მისი კანის ვექტორი უკეთ განვითარდა).

ნეგატიური ფაქტორებია: ლანდშაფტის ჭარბი ზეწოლა, რაც იწვევს ვექტორის ,,გასრესას“ (მაგალითად: ანალ-კანს, ჰყავს ერთვექტორიანი ანალი მამა სადისტური ტენდენციებით, რომელიც ბავშვს სცემს, კანის ვექტორის დამახასიათებელი ნებისმიერი ქცევისთვის. ამ დროს კანის ვექტორი ითრგუნება და საყრდენი ვექტორი ხდება ანალი, მაგრამ ეს ხდება არა ბუნებრივად, არამედ მშობლის ძალადობრივი ჩარევით. იგივე ხდება მაშინ, თუ მშობლის ჩარევით მოხდება ანალური ვექტორის დათრგუნვა და საყრდენი გახდება კანი). ვექტორული ნევროზის, ან სტრესის ფორმირება (მაგალითად: ანალ-კანის ცხოვრებაში – რომელსაც საყრდენად აქვს ანალური ვექტორი – მოხდება ისეთი სტრესული ფაქტი, რაც გამოიწვევს ანალურ ვექტორში მძიმე სტრესის ფორმირებას, ან ანალურ ვექტორში განვითარების დონის უკან დაწევას, რის გამოც სცენარში გადმოვა კანის ვექტორი).

დასკვნის სახით საჭიროა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ადამიანს აქვს როგორც კანის, ისე ანალური ვექტორი, არასწორია – რომელიმე მათგანის სცენარში არსებობა აპრიორი ნეგატიურ ფაქტად განვიხილოთ. ნაგატიურია მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ერთერთი მათგანი სცენარშია მეორის დაზიანების ხარჯზე, ან ხდება სცენარის არაბუნებრივი გზით შეცვლა.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე