შინაგანი კონფლიქტი

ვთქვათ ადამიანი ისახავს მიზანს – ირბინოს დილით 3 კმ. მიზანი კარგია, მაგრამ ერთი კილომეტრის გარბენისას უკვე უკვე ისეთი კარგი აღარ გვეჩვენება, შუა გზაზე კი ჩვენი სხული ნებდება და ეს სიტუაცია უკვე აღარ მოგვწონს. მიზანსა და მის მიღწევას შორის გაჩენილი უკმარისობისას ჩვენ ვაწყდებით შინაგან კონფლიქტს.
რამდენად ხშირად ეწინააღმდეგება ჩვენი აზრები ჩვენს ემოციებს? ვთქვათ მე ვარ წარმატებული, გაწონასწორებული და შემდგარი პიროვნება – ეს მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი მდგომარეობს ჩემს რეაგირებაში, ვიღაცის თავხედობაზე. დავუშვათ მე მაწყენინეს, შედეგად მე მაქვს პასუხის გაცემის, საკუთარი რეაქციის მძაფრად დაფიქსირების სურვილი. გონება მკარნახობს, რომ უნდა ვიყო კულტურული და სიტუაციას გაგებით მოვეკიდო, ხოლო ემოციების დონეზე ჩემი ,,ეგო“ ანთებულია და ბრძოლისკენ მიბიძგებს. ეს არის კონფლიქტი აზრებსა და ემოციებს შორის.
არც ისე იშვიათად ხდება, რომ ცვლილების სურვილი ადამიანს ორ ნაწილად ხლეჩს: შეცვლილად და შემცვლელად – ბატონად და მონად. თუ ეს ორი ნაწილი დაუბალანსებელია და არ არის წონასწორობა მათ შორის, მაშინ ასეთ მდგომარეობას შეგვიძლია ვუწოდოთ ძალზე მძიმე, რადგან ის მუდმივად გვაძევებს საკუთარი ცხოვრების ბუნებრივი გზიდან და ამაოდ გვაკარგინებს სასიცოცხლო ენერგიას.