ხალხთან ურთიერთობის შიში

მეშინია ხალხის, ისინი ბოროტები არიან.

კომუნიკაციის შიშს შესაძლოა ჰქონდეს რამოდენიმე ფორმა. ხშირად ეს გამოიხატება იმით, რომ ადამიანს ეშინია სხვებისგან აგრესიული დამოკიდებულების მიღება, ამიტომ უბრალოდ არ ეკონტაქტება  მათ. ხალხთან  ურთიერთობისას მას ეშინია, რომ  უხეშად უპასუხებენ,  ან ცერად შეხედავენ და არამეგობრული მზერით დააჯილდოვებენ,  ატკენენ გულს უხეში სიტყვებით. ამას იქამდე მიჰყავს ადამიანი, რომ ქუჩაში დროის გაგება მისთვის მშიერი ვეფხვის გალიაში შესვლის ტოლფასი ხდება. ასეთ პიროვნებას  მუდამ აქვს შიში იმისა, რომ მას ვერ გაუგებენ და უარყოფილი იქნება ხალხის მხრიდან. მას  ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს  და ხედავს მხოლოდ მის წინააღმდეგ ამხედრებულ საზოგადოებას.

მეშინია სისულელის თქმის, მეშინია დაცინვის.

ადამიანის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვათა შეხედულებებს თავის თავზე  და განიცდის ამას. ეშინია, რომ კონტაქტისას მას უარყოფითად შეაფასებენ. ჰგონია რომ  ყველა გამვლელი, რომელიც მას ქუჩაში ხვდება, მისი შეფასებითაა დაკავებული და ეს შეფასება, „რაღა თქმა უნდა“ უარყოფითია.  ეს ყველაფერი იმით სრულდება, რომ ასეთი ადამიანი მინიმუმამდე ამცირებს კონტაქტების რაოდენობას, რადგან ეშინია სხვათა მხრიდან ზედმეტად დაბალი შეფასების.

წვეულებაზე ყოფნისას  უჩნდება უხერხულობის განცდა.  იწყებს ნერვიულ მოძრაობებს, რადგან არ იცის რა თქვას. შესაბამისად დიდი ხანი დუმს, შემდეგ კი საშინლად ნერვიულობს ამავე პაუზის  გამო. ასეთი შიშისგან ადამიანს უვიწროვდება ხორხი. აქვს სისულელის თქმის შიში. კონტაქტის დასრულების შემდეგ  მას ჰგონია,  რომ უამრავი გაუაზრებელი  და სულელური რამ თქვა, რის გამოც მასზე უარყოფითი აზრი შეექმნათ.