აუტიზმი (მეხუთე ნაწილი).


აუტიზმი (მეხუთე ნაწილი)

მეტყველების დარღვევები აუტისტ ბავშვებში: მიზეზები და კორექციის მეთოდები 

სტატიაში განვიხილავთ მეტყველების განვითარების თავისებურებებს აუტისტ ბავშვებში. შეგახსენებთ, რომ აუტიზმის წარმოშობა, უპირველესად, სმენის ვექტორის ტრამვას უკავშირდება, რის შედეგადაც ბავშვი იკეტება გარესამყაროსათვის, იკლებს მისი სწავლისა და სოციალიზაციის უნარები. ამას მოყვება დანარჩენი თანდაყოლილი ვექტორების განვითარების დარღვევა, ფსიქიკური და სხვა გადახრები. რადგანაც ბავშვს აღარ აქვს სრულფასოვანი კავშირი გარემოსთან, არც ვერბალური კომუნიკაცია ხერხდება – ბავშვი ვერ ამყარებს კონტაქტს მსმენელთან. 

სმენის ვექტორის პირველადი ტრავმა ამუხრუჭებს ბავშვის მეტყველების განვითარების პროცესს – ბავშვი ლაპარაკის დაწყების ნიშნებს საჭიროზე გვიან ავლენს. ჩვეულებრივ, გვიანდება ან გამოტოვებულია ღუღუნის ფაზა, ხოლო თუ მაინც ცდილობს ბავშვი, როგორც წესი, ის მოკლებულია ემოციონალურ დატვირთვას და არაა მიმართული უფროსებისადმი. 

პირველი სიტყვები და ფრაზები ასევე გვიან ჩნდება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, ბავშვი ლაპარაკს მეტისმეტად ადრე ცდილობს. ამ ორ შემთხვევას ერთი საერთო ნიშანი აქვს – არც ერთი მათგანი არაა მიმართული სხვა ადამიანებისაკენ, ხოლო პირველი სიტყვები, როგორც წესი, უჩვეულო, იშვიათად გამოყენებადია. ზოგჯერ შეინიშნება მეტყველების რეგრესი კონკრეტული სიტყვების შემთხვევაში. 

თუ საქმე ასპერგერის სინდრომთან (ასპერგერის სინდრომი – 1944 წელს ჰ. ასპერგერის მიერ აღმოჩენილი განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები) გვაქვს, მაშინ ბავშვი შეიძლება ლაპარაკობდეს ბევრს და სულმოუთქმელად, შეეძლოს ენციკლოპედიური ნაწყვეტების ციტირება, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდეს მოსმენის უნარი. მოსაუბრესთან უკუკავშირი მისთვის ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, ასეთი ბავშვების განვითარება ადრეულ ასაკში ნაკლებად ხდება მშობლების ნერვიულობიას საგანი, პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოჯახში პატარა გენიოსი იზრდება. მისი საუბარი, როგორც წესი, აფექტურია, მიდრეკილია დეკლამაციისკენ. პრობლემები მოგვიანებით, სკოლის ასაკში იჩენს თავს, როცა აღმოჩნდება, რომ ბავშვს არ შეუძლია კოლექტივში თავის დაჭერა და სკოლის პროგრამის ათვისება. 

კანერის სინდრომის (კანერის სინდრომი – ინფანტილური ფსიქოზის ფორმა, რომელიც ვლინდება დაბადებიდან 30 თვის პერიოდში და ახასიათებს ემოციური კავშირების ნაკლებობა,მხედველობითი კონტაქტის არიდება, ზოგადი ჩამორჩენა სოციალური ურთერთობების ჩამოყალიბებისას. ასევე კომპულსური საქციელი და წინააღმდეგობის გაწევა განმეორებითი ქცევებისა თუ ქმედებების შეწყვეტინების მცდელობისას. ინტელექტუალური დეგრადაცია, მეტყველების დარღვევები სიმუნჯიდან ექოლალიამდე) შემთხვევაში სურათი განსხვავებულია. მეტყველების უნარი ძალიან ნელა ვითარდება, ინტონაცია დარღვეულია და დიდი ხნით „იჭედება“ ე.წ. ექოლალიის სტადიაზე (გაგონილი სიტყვებისა და ფრაზების გაუაზრებელი გამეორება). ამასთან, მშობლების ძალისხმევისა და ხარისხიანი კორექციის შემთხვევაში, სწორედ ეს ბავშვები იყენებენ ექოლალიას კომუნიკაციის მიზნით. 

მეტყველების ფორმები დიდხანს რჩება არასწორად (მაგ. ბავშვი „მე მინდა წვენი“-ს მაგივრად იტყვის, „შენ გინდა წვენი“-ს, ანუ გაიმეორებს ფრაზას ისე, როგორც მშობლისგან მოისმინა). თუმცა, ეს მაინც იძლევა იმის ნიშანს, რომ ბავშვი მეტყველების უნარის დანიშნულებისამებრ გამოყენებას ცდილობს – იყენებს სხვებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. 

აუტისტი ბავშვების მეტყველების დარღვევების კორექციის მეთოდები 

უპირველეს ყოვლისა, მშობლებსაც და პედაგოგებსაც უნდა ესმოდეთ, რომ მუშაობა საჭიროა ბავშვის უნარზე, ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს დიალოგში. 

იმ ბავშვებისათვის, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობენ, კორექციის დაწყება პასიური ლექსიკონის შევსებით ღირს (პასიური ლექსიკონი – სიტყვები, რომლების მნიშვნელობაც ბავშვს ესმის). მაგალითად, პატარას წინ, მაგიდაზე აწყობენ საოჯახო მოხმარების ნივთებს – ფინჯანს, კოვზს და ა. შ. უფროსის თხოვნაზე („მაჩვენე“ ან „მომეცი“), ბავშვმა სწორად უნდა აირჩიოს მითითებული ნივთი. როდესაც პასური ლექსიკონი საკმარისად გაიზრდება – მინიმუმ 200 სიტყვა საყოფაცხოვრებო ნივთებიდან – შეიძლება ბარათებზე გადასვლა. 

ეს უკანასკნელი მდგომარეობს შემდეგში: რეალური ნივთის გვერდით ვდებთ ბარათს შესაბამისი გამოსახულებით. შემდგომში ეს დაგვეხმარება სახელმძღვანელოებით მუშაობაზე გადასვლაში. თუ ბავშვი მაინც ვერ შეძლებს აქტიურ საუბარზე გადასვლას, სურათები კომუნიკაციაში დაეხმარება. ხანდახან მშობლები და სპეციალისტები იყენებენ ჟესტების ენას, რათა აუტისტი პატარასთვის გარემოსთან კონტაქტის საშუალება უზრუნველყონ. 

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც, ასე თუ ისე, გააჩნიათ მეტყველების გარკვეული უნარები, ძირითად ამოცანად პირველ ეტაპზე მიიჩნევა დიალოგის გამართვა სხვა ადამიანებთან, მოსმენის და ინფორმაციის გააზრების უნარების ჩამოყალიბება. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ლექსები და შაირები დიალოგის ფორმაში. 

მაგალითად: 

უფროსი: მანქანით მგზავრობდნენ 

ბავშვი: პი-პი 

უფროსი: კუთხემდე მივიდნენ 

ბავშვი: პი-პი 

უფროსი: მატარებლით მიდიოდნენ 

ბავშვი: ჩუქუ-ჩუქუ 

უფროსი: ბაღზე გადაიარეს 

ბავშვი: ჩუქუ-ჩუქუ 

რა თქმა უნდა, შეიძლება თამაშების სხვა ვარიანტებისა და ვარიაციების მოფიქრება, მაგალითად, ვესვრით ერთმანეთს ბურთს და ბურთის დამჭერმა უნდა გააგრძელოს წინასწარ შეთანხმებული ლექსის მოყოლა – ერთი სიტყვით, ფრაზით და ა. შ. 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგი აუტისტი ბავშვისათვის სასარგებლოა მუსიკალური სავარჯიშოები – სადაც საჭიროა წამღერება ლაპარაკის ნაცვლად, მომდევნო ეტაპზე კი – მთლიანი სიმღერები. ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც აქვს საუბრისას ბორძიკის, ან სხვა ლოგოპედური დარღვევები. 

ხშირად აუტისტ ბავშვებს აღენიშნებათ რღვევა ცალკეული სიტყვებითა და ფრაზებით საუბარს შორის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ სურათებისა და ბარათების ტექნიკა. მაგალითად, სურათზე გამოსახულია ბიჭი ჭიქით. სურათს უნდა შევუსაბამოთ ბარათები სიტყვებით. მაგალითად ბიჭი სვამს (გოგოს სძინავს, ფისო ჭამს და ა. შ. სურათის და ბავშვის განვითარების შესაბამისად). გარკვეული დროის შემდეგ ბარათების გამოყენების ნაცვლად ბავშვს ვთხოვთ, მოგვიყვეს, რა ხდება სურათზე. კიდევ უფრო მოგვიანებით შეიძლება მანამდე უცნობი გამოსახულებების აღებაც. 

თუ ბავშვს გამომუშავებული აქვს დიალოგის უნარები, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ პასუხების გაცემა სურათებთან დაკავშირებულ კითხვებზე, ასევე რაიმეს მოკლედ აღწერის უნარი და მოსმენილი ტექსტის პერიფრაზი. 

ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საუბრის მთავარი ფუნქცია თვითპრეზენტაცია კი არა, სხვებთან კონტაქტის დამყარებაა. მაშინაც კი, როცა ბავშვი ჰგავს პატარა გენიოსს, მაგრამ არ ესმის არავისი, საკუთარი თავის გარდა – არსებობს პრობლემა და მასთან უნდა ვიმუშაოთ, თორემ შეიძლება წავაწყდეთ გაცილებით სერიოზულ გართულებებს სკოლაში მისვლის შემდეგ. 

ზემოთ ნახსენები ლექსები და თამაშები ამ შემთხვევაშიც არ იქნება ზედმეტი. თუმცაღა, შეიძლება უფრო რთული ვარიანტების შეთავაზებაც, მაგ. თოჯინების თეატრის მოწყობა სახლში. 

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტყველების უნარების განვითარებისათვის აუტისტ ბავშვებში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ხმოვანი ეკოლოგიის უზრუნველყოფა, ასევე დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობის ჩანერგვა - რაც დიდწილად მშობლების დაბალანსებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სმენის ვექტორის სიღრმისეული გაგება სრულიად გვიცვლის აუტიზმზე და ბავშვის მდგომარეობაზე წარმოდგენას და მიდგომებს ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრის მცდელობისას. 

 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/narushenija-rechi-u-autichnyh-detej-sistemnye-prichiny-i-metody-korrekcii-chast-5 

მთარგმნელი: ნუცა ნიკოლიშვილი  

  • სტოკჰოლმის სინდრომი – მსხვერპლის ცნობიერების პარადოქსები

  • პიროვნების ობსესიურ-კომპულსური აშლილობა – რა არის ეს?

  • ურეთრალური ფსიქოტიპის დარღვევები

  • რატომაა კლოუნი საშიში?

  • სომატიზაცია, სხეულის დაავადება თუ სულის ტანჯვა?

  • წყენის ფსიქოლოგია გამრუდებული სულის ამბავი

  • აუტიზმი (მეოთხე ნაწილი).

  • ენერგეტიკული ვამპირები – ვინ არიან ისინი?