ანიმე და მოზარდი - გზა უბრალო გატაცებიდან სერიოზულ პრობლემამდე


ანიმე და მოზარდი - გზა უბრალო გატაცებიდან სერიოზულ პრობლემამდე

ანიმე იაპონური მულტფილმია, რომელსაც საკუთარი გამორჩეული და მარტივად დასამახსოვრებელი სტილი აქვს. მას იღებენ კომიქსებზე, კლასიკურ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე თუ ინდივიდუალურ სცენარებზე დაყრდნობით.

მოზარდების ყურადღებას ანიმეს "ზრდასრული" სიუჟეტი იპყრობს, რომელიც ჩვეულებრივი მულტფილმისგან საკმაოდ განსხვავდება. მასში შესაძლოა გაჟღერებული იყოს ურთიერთობების, სიყვარულის, კოსმოსის, სუპერგმირების, ფანტასტიკის ჟანრის, ფილოსოფიის, პარალელური სამყაროებისა თუ პერსონაჟების ზებუნებრივი შესაძლებლობების შესახებ არსებული თემები.

სერიალის ფორმატში გადაღებული ანიმე მაყურებელს აინტრიგებს და აიძულებს ზედიზედ უყუროს სერიებსა და სეზონებს.

იმის გამო, რომ ანიმემ მეტისმეტად გაიტაცა, მოზარდმა შესაძლოა მთელი თავისი თავისუფალი დრო მის ყურებას დაახარჯოს. ხშირად იგი პერსონაჟების კოპირებასაც კი იწყებს, მათნაირად იცვამს, გარეგნულად ემსგავსება, ლაპარაკითაც კი მათ ბაძავს. ანიმეს მოყვარულები ფან-კლუბებში იწყებენ გაწევრიანებას, ონლაინ-თამაშებს თამაშობენ, საკუთარ ანიმე-სამყაროს იქმნიან.

როცა ეს ყველაფერი მოზარდის ცხოვრების ნაწილი ხდება, მშობლები ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ანიმეთი გატაცება უფრო და უფრო მეტ დროს აკარგვინებს ბავშვს და იგი თავს ანებებს სწავლას, წყვეტს სამეგობრო წრესთან და მშობლებთან კონტაქტს. მოზარდს ახლა მხოლოდ ანიმე აინტერესებს, მთელი მისი ყურადღება სიუჟეტზე და სერიალის პერსონაჟებზეა გადართული, დანარჩენი თემები საერთოდ აღარ აღელვებს და მათით მარტივად იწყენს, ღიზიანდება ან აგრესიულიც კი ხდება.

კი მაგრამ, რა არის მოზარდების ანიმესადმი გადამეტებული ინტერესის მიზეზი? როგორ დავეხმაროთ მათ არსებულ სიტუაციასთან გამკლავებაში, მაშინ როცა ეს უკანასკნელი სერიოზულ პრობლემად გარდაიქმნა? რამდენად გამართლებულია "პროფილაქტიკური" ზომების მიღება ამ დროს და ბავშვისთვის ანიმეს ყურების აკრძალვა?

უყურებს ყველა, მაგრამ მისით გატაცებულნი მხოლოდ ერთეულები ხდებიან. როგორი ბავშვები გადადიან მთელი გონებით ანიმეს სამყაროში?

მულტფილმები თითქმის ყველა ბავშვს უყვარს. უბრალოდ ერთ-ერთ მათგანს მარტივად გადააქვს ყურადღება ეკრანიდან სხვა ობიექტზე, მეორე კი განვითარებულ სიუჟეტს ისე მისჩერებია, თითქოს მის ირგვლივ აღარაფერი არსებობს, არაფერი ესმის, ვერაფერს ხედავს და თუ გამოურთავთ, საშინელ პროტესტს გამოხატავს, მთელი აგრესიითა და უხეშობით.

გონებით პარალელურ რეალობაში გადასვლა სმენის ვექტორიან მოზარდს შეუძლია (აქ ბურლანი ერთმანეთში ურევს სმენურ და ვიზუალური მოვლენებს. რეალურად გონებით პარალელურ რეალობაში გადასვლა განსხვავდება პერსონაჟთან თვითიდენტიფიკაციისაგან, პირველი სმენურია, მეორე კი ვიზუალური - ს.ღ). მისი ფსიქიკა იმდენად განსაკუთრებულია, რომ სიღრმისეულად შეუძლია კონცენტრირება იმაზე, რაც ძალიან აინტერესებს. მისი სურვილები და შინაგანი შესაძლებლობები ცხოვრების არსის ძიებისკენაა მიმართული და სწორედ ამიტომაა მასთან ასე ახლოს ფანტასტიკური და ფილოსოფიური თემები, რომლებიც თვალწინ ახალ შესაძლებლობებს უშლიან და სამყაროებსა და გალაქტიკებს აჩვენებენ.

მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული პასუხები სმენაში განსაკუთრებულ ინტერესს ვერ იწვევს, მას საკუთარი შინაგანი სამყაროსა და ქვეცნობიერის უმთავრესი კითხვა უფრო აინტერესებს, მოსვენებას რომ არ აძლევს - აქ რატომ ვარ?

ხელოვნურად შექმნილი რეალობა, გამოგონილი სამყაროები, იდეალური გმირები, ანიმეს ამაღელვებელი ამბები - იქ ყველაფერი საინტერესოა, ყველაფერი კარგად არის, ისინი ერთობიან, უკვირთ, იცინიან, გაშინებენ, შენთან ერთად ეძიებენ კითხვებზე პასუხს და პოულობენ მათ. ასეთი პასიური გატაცება რეალური ცხოვრების შემცვლელად იქცევა მოზარდი სმენებისთვის. იგი ხომ მათგან არავითარ ძალისხმევას არ მოითხოვს, იმ რეალობისგან განსხვავებით, სადაც მოზარდი უკვე გადადის სიმწიფის ასაკში, ფსიქიკა მოზრდილისთვის შესაფერის რეჟიმზე ერთვება და ინდივიდისგან იმაზე მეტ ძალისხმევას ითხოვს, ვიდრე აქამდე.

სმენის ვექტორიან მოზარდებთან ერთად ანიმე ხშირად ვიზუალის ვექტორიან ბავშვებსაც იტაცებთ, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში არ ყოფნით ემოციური კავშირები გარშემომყოფ ადამიანებთან. ანიმეს სამყაროში ისინი სწორედ მათ მოსაპოვებლად მიდიან და იმედი აქვთ, რომ "ზრდასრულ" და "ჩამოყალიბებულ" გრძნობებს შეიგრძნობენ და ნაცრისფერი რეალობისგან განსხვავებით, ნათელ, ექსპრესიულ სიუჟეტურ სურათებს იხილავენ, გაიცინებენ, იტირებენ, გაიხარებენ, შეშინდებიან და ანიმეს გმირებთან ერთად გაიმარჯვებენ.

პუბერტაციის ასაკი. როცა მშობლები უკვე აღარაა საკმარისი, შენი თავი კი ვეღარ გაკმაყოფილებს

ეს თითოეული ადამიანისთვის, ცხოვრების ურთულესი პერიოდია. ბავშვობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში გადასვლა. ფსიქოლოგიურად ვითარდები, მასთან ერთად კი დგება ახალი ეტაპი - იმ მახასიათებლების რეალიზება, რომლებიც ბავშვობაში განგივითარდა. რეალიზაციის პროცესი, მისი ცხოვრებაში გადმოტანა, ფსიქიკის თანდაყოლილი თვისებების პრაქტიკაში გამოყენება გრძელდება მომავალი ზრდასრული ცხოვრების მდინარებასთან ერთად და ეს იმ ეტაპზე ხდება, სანამ მახასიათებლები მოასწრებენ პუბერტაციის პერიოდის დასასრულამდე განვითარებას.

მოზარდს უჩნდება სურვილი, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, მოიწყოს საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც სურს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მომავალზე. იგი ცდილობს ამის გაკეთებას, საკუთარი თავის რეალიზებას. ეს პირველ ჯერზე ყოველთვის არ გამოსდის, შესაძლებლობები და რესურსები ხომ ჯერ ისევ ცოტაა. მოზარდი კი უკვე ყოველგვარ იმედს კარგავს.

იგი ან საერთოდ ვეღარ ცნობს უსაფრთხოების აქამდე ნაცნობ და მშობლიურ განცდას, რომელსაც დედისგან ყოველთვის გრძნობდა, ან მთელი ძალით ვეღარ შეიგრძნობს მას, რადგან მშობლებისგან განცალკევებას იწყებს. იგი ამ განცდებისგან დამოუკიდებლად თავის დასაღწევად ჯერ კიდევ არაა მზად, შესაბამისი უნარები ჯერ არ არის საკმარისად ძლიერი და მდგრადი. მოზარდი სტრესში ვარდება.

ფსიქიკის არარეალიზებული მახასიათებლები შენი თავის შესახებ გახსენებენ სხვადასხვა რაღაცებს, მოსვენების საშუალებას არ გაძლევენ, შენში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ. მახასიათებლების სრულყოფილი რეალიზება სმენის ვექტორს სხვა ზრდასრულებთან შედარებით, ყველაზე მეტად უჭირს, მოზარდებზე რაღა ვთქვათ?

ანიმეში ყოფნა კი არაა კარგი, უბრალოდ რეალობაში ვარ ცუდად

ბავშვი შეგრძნებებით ცხოვრობს, ისე, რომ საკუთარი ფსიქიკის შესახებ არაფერი უწყის. უბრალოდ მიჰყვება იმას, რასაც გრძნობს, მნიშვნელობა არ აქვს, საითკენ. ყველა მოზარდს უჭირს ზრდასრულად ჩამოყალიბება, თუმცა სმენის ვექტორი პირველი ამჯობინებს რეალობისგან თავის დაღწევას. რაში სჭირდება ისეთი რეალობა, რომელსაც მისთვის ტანჯვა მოაქვს და ტკივილს შეაგრძნობინებს, რომელიც მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს ვერაფრით აკმაყოფილებს...

ანიმე ტკივილისგან გაქცევის საშუალებად იქცევა. გონებით გამოგონილ სამყაროში გადასვლა, სმენისთვის რეალობის შემნაცვლებელი ხდება. იგი იმ განზომილებაში იწყებს ცხოვრებას, სადაც თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი მარტივი და საინტერესოა, თანაც რეალური სამყაროსა და ცოცხალი ადამიანებისგან თავის დაღწევის შანსი ეძლევა.

რაც უფრო მეტად და ღრმად შედის მოზარდი ვირტუალურ სამყაროში, მით უფრო ძლიერად ითხოვს ბუნებისგან მის ფსიქიკაში ჩადებული მოთხოვნილებები სასურველის მიღწევას.

გარშემო არსებული სამყარო, რეალური ცხოვრება, ანიმესგან განსხვავებით მეტისმეტ ძალისხმევას, აქტიურ ქმედებებს, ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობას მოითხოვს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმეს მისაღებად შესაბამისად უნდა იმოქმედო. სწორედ ამის გამო ჩვეულებრივი მოვალეობები გაღიზიანებას იწვევენ: გაკვეთილები, საშინაო დავალება, სახლის დალაგება, წესრიგი ოთახში, ოჯახური შეკრებები, შინაური პრობლემები, საკუთარ თავთან დაკავშირებული საკითხებიც კი. ეს ყველაფერი ბავშვს იმდენად მიწიერი, პრიმიტიული, მოსაწყენი, სულელური და უაზრო ეჩვენება, რომ მათთან გამკლავების არავითარი სურვილი არ უჩნდება.

ანიმეთი მეტისმეტად გატაცება იმის მანიშნებელია, რომ მოზარდმა არ იცის, როგორ იცხოვროს. მას არ ესმის საკუთარი თავის, არ ესმის ზრდასრულების და არ უჩნდება მათთან გასაუბრების სურვილი, არ აქვს მიზნები და მიმართულება, იმისთვის, რომ სიცოცხლის სურვილი გაუჩნდეს, არ აქვს უნარი, შეიგრძნოს სიხარული, ან თანატოლებს ეკონტაქტოს, არ იცის, საითკენ მიმართოს საკუთარი შესაძლებლობები, რათა ამის წყალობით საკუთარი თავისგან სრულიად განსხვავებული შედეგი დადოს და შესაბამისად, კმაყოფილებაც შეიგრძნოს.

დიახ, მას დახმარება სჭირდება.

რა გავაკეთოთ? გავერკვიოთ მიზეზებში

ცოდნა, ფსიქიკის შესახებ, რომელშიც მშობლები სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის კონსულტაციის დახმარებით ერკვევიან, ახალ საზრისს აყალიბებს. მის ფესვებში იცვლება მშობლის შეხედულებები საკუთარი შვილის შესახებ, ერკვევა მის ყველა "უცნაურობაში", კაპრიზსა თუ პროტესტში.

ხვდება იმ მიზეზებს, თუ რატომ ზის მოზარდი ანიმეს სამყაროს სიღრმეებში და რის მიღებას ცდილობს იგი ვირტუალური რეალობისგან. რა სურს მას რეალურად და რას ეძებს ასე მონდომებით ანიმეებში.

როცა ერკვევით მის მოთხოვნილებებში, საჭიროებებში, ფასეულობებსა და პრიორიტეტებში, უკვე აღარ უსვამთ შემდეგ კითხვას განუწყვეტლივ, "განა რას პოულობ მანდ ასეთს?". ახლა თქვენ უკვე იცით, რეალურად რა ხდება.

აღარ გიჩნდებათ სურვილი, მთელი თქვენი გაღიზიანება და განაწყენება მისკენ მიმართოთ. თქვენ ხომ კონსულტაციის დახმარებით უკეთ გაიცანით იგი, ეს კი თქვენს ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელოვნად ცვლის. იზრდება ნდობა, ყალიბდება პროდუქტიული ურთიერთობა, უმჯობესდება კონტაქტი მოზარდთან.

სწორედ სმენები ამბობენ ყველაზე ხშირად შემდეგ ფრაზას, "ჩემი მაინც არავის ესმის". ვიზუალები ამ გულისტკივილს შემდეგნაირად გამოხატავენ, "არავის ვუყვარვარ" ან "არავის ვჭირდები".

სწორედ ამიტომ, როცა ბავშვისთვის ასეთი სასურველი შეგრძნებები მოდის მასთან და გრძნობს, რომ მისი ესმით და იღებენ ისეთს, როგორიც არის, აუტანელი, შავბნელ ფერებში მოსილი რეალობა სადღაც ქრება, იწყებს გააზრებას, რომ ამ სამყაროში მისი ადგილი მართლაც არის და რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი, ცხოვრების აზრი იპოვოს და საკუთარი, პირადი ბედნიერება აღმოაჩინოს. რეალობა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება, მოზარდს თითქოს თვალები ეხილება. დედამიწის ფერები უფრო კაშკაშა ყოფილა, ვიდრე ანიმეს ნახატები...

როცა მშობლის მხრიდან გაუგებრობა აღარ იგრძნობა და ბავშვი ხვდება, რომ მისი მართლა ესმით, იგი ისევ მიიწევს დედისკენ და მისი მხრიდან დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას ისევ ცდილობს. მისი სულიერი მდგომარეობაც მწყობრში დგება და ქაოსი ჰარმონიად იქცევა. ის ხომ ზრდასრული ჯერ არ არის, მას ისევ სჭირდება დედის ფრთის ქვეშ სრული უსაფრთხოების შეგრძნება, ზუსტად ისე, როგორც ეს ბავშვობაში იყო. ეს განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როცა ზრდასრულად ქცევა ჯერჯერობით უბრალოდ არ გამოდის, როცა საკუთარი თავის რეალიზების მცდელობა წარმატებით ჯერ არ დასრულებულა, ამის სურვილი კი არსად გამქრალა.

ბავშვი შინაგან მდგომარეობას სწორედ დედის დახმარებით იბალანსებს, მთავარია მისგან მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და დაცულობას გრძნობდეს.

როგორ დავბრუნდეთ ანიმეს სამყაროში ისე, რომ ეს ყველაფერი ბავშვის სასარგებლოდ შემოტრიალდეს?

როცა ბავშვთან ურთიერთობა უკვე დალაგებულია, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, მის საყვარელ ანიმეებშიც ჩაერთოთ და გააკონტროლოთ.

ერთად აარჩიეთ რაიმე სიღრმისეული, აზრიანი, ემოციური ანიმე. სისასტიკისა თუ ძალადობის სცენების გარეშე. ნუ დაუშლით მის ყურებას, თუმცა ეცადეთ, ყველაფერი დაარეგულიროთ. მასთან ერთად განსაზღვრეთ, დღეში რამდენ საათს ან რამდენ ანიმეს უნდა უყუროს. თუ კარგად გაართმევს თავს, რაიმე ჯილდო დაუწესეთ, ან დასვენებით დაასაჩუქრეთ.

შეგიძლიათ რაიმე გატაცებაც კი შესთავაზოთ, მაგალითად დახატოს საყვარელი ანიმეს პერსონაჟები, ვირტუალური კონსტრუქტორის დახმარებით ანიმეს აწყობა სცადოს, საყვარელი სიუჟეტის საფუძველზე ფანფიკი დაწეროს, უყუროს ანიმეს ტიტრებით და ენა ისწავლოს, დაინტერესდეს იაპონური კულტურით, ფილოსოფიითა და ლიტერატურით. ნუ აიგდებთ აბუჩად მის გატაცებას, არ დატოვოთ იგი ყურადღების გარეშე, პირიქით, ეცადეთ მისი ნიჭის გაფართოებასა და განვითარებას, ინსტრუმენტად კი ანიმე გამოიყენეთ.

მაშინ, როცა ბავშვის ტალღაზე შეძლებთ გადართვას, გაიგებთ მისი ინტერესების შესახებ, მიხვდებით, თუ რა სურს და სჭირდება, აუცილებლად დაუდექით მხარში, დაეხმარეთ, რომ აქტიური კონტაქტი დაამყაროს გარშემომყოფ ადამიანებთან. სწორედ ასეთი მოქმედებებით, თქვენ მას მისცემთ საჭირო მიმართულებებს იმისათვის, რომ მომავალში რეალიზებულ და სრულფასოვან ინდივიდად ჩამოყალიბდეს.

მშობლების მხრიდან აქტიური დაინტერესება, მოზარდს დაეხმარება, თანატოლებთან დაახლოებაში. პროდუქტიული, ერთობლივი მუშაობა და აქტივობა - აი რა მოუტანს სმენის ვექტორს ყველაზე დიდ სიამოვნებას, დაავიწყებს ვირტუალურ, პასიურ სამყაროს, დააბრუნებს რეალობაში, დაანახებს ცხოვრებისეულ, საინტერესო პერსპექტივებს.

მას შეუძლია შექმნას ანიმეს მოყვარულთა ფან-კლუბიც, რომლის წევრთა დახმარებითაც გააკეთებს საიტს, ან ინტერნეტჟურნალს. კოლექტიურად მოიფიქრებენ პოსტერების დიზაინს, რომლებსაც შემდგომში ამობეჭდავენ. შეკერავენ კოსტიუმებს, დადგამენ სპექტაკლს ანიმეს მოტივებზე დაყრდნობით, ან ცეკვას, რომელსაც შემდეგ რომელიმე კონკურსზე გაიტანენ. დაწერენ ფანფიკებს და ბლოგებზე გამოაქვეყნებენ, გადაიღებენ მინი-ფილმებს და იუთუბ-არხზე ატვირთავენ.

შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია არსებობდეს კოლექტიური კრეატიულობა, ერთიანობა, ურთიერთობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა და რეალურ სამყაროში დაბრუნების სურვილი.

სმენისა და ვიზუალის ვექტორიანთათვის რეალიზაციის განსხვავებული ვარიანტების ჩვენება საკმაოდ რთულია, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აღმოცენებული სიამოვნება და კმაყოფილება, დაგარწმუნებთ, რომ თქვენი ბავშვი იმაზე გაცილებით უფრო განსაცვიფრებელი და კომპლექსური შესაძლებლობების მქონეა, ვიდრე წარმოგედგინათ. ახალ თაობას რაღაც გაცილებით უფრო დიდისა და წარმოუდგენლის მიღწევის სურვილი ტანჯავს. მათი რეალიზებასთან დაკავშირებული ინტერესები გაცილებით უფრო მაღალი დონისაა. უბრალოდ დაანახეთ მათ ფართო სპექტრი.

ანიმეს სამყარო სმენისა და ვიზუალის ვექტორების ინტერესებთან საკმაოდ ახლოსაა. იგი არც საფრთხეს უქმნის ბავშვს და არც ზიანი მოაქვს მისთვის. მთავარია იგი მეტისმეტად არ გახდეს გატაცებული და რეალური სამყაროსგან არ დაიწყოს დამალვა. მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიის სიღრმისეულად ცოდნა წინა პლანზე უნდა გადმოვიდეს, განსაკუთრებით ბავშვის პუბერტაციის ასაკში.

თქვენი ბავშვის გატაცება ანიმეთი იმაზე მეტყველებს, რომ იგი უკვე ძალიან ახლოსაა სერიოზულ ურთიერთობებთან და მიღწევებთან, ამაღელვებელ თავგადასავლებთან, რომ იგი უკვე მზადაა ძლიერი მოქმედებებისა და ურთულესი ნაბიჯების გადადგმისათვის. დღეს თქვენ მას უნდა დაანახოთ განსხვავება ანიმეს სწრაფადწარმავალი სიამოვნებითა და ყალბი შესაძლებლობებით სავსე, გამოგონილ რეალობასა და რეალური სამყაროს ძალიან ძლიერ შესაძლებლობებს შორის, რომლით ტკბობაც ხანგრძლივი და დაუვიწყარია.

წყარო

მთარგმნელი: თამთა ბურდული

იხილეთ ასევე: აბსტრაქტული სექსი - სამურაებიდან ანიმემდე

  • აუტიზმი (მესამე ნაწილი)

  • რატომ იკვნეტს ბავშვი ფრჩხილებს

  • ბელადის აზროვნება და დამოკიდებულებები

  • აუტიზმი (მეოთხე ნაწილი).

  • რჩევები სმენის ვექტორიანი ბავშვების მშობლებს

  • როგორ აღვზარდოთ ანალური ფსიქოტიპის ბავშვი

  • როცა არ იცი რატომ ყვირის ბავშვი.

  • სმენითი ბავშვები ანუ პატარა გენიოსები