სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-სმენა)


სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-სმენა)

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

სმენის ვექტორი მიეკუთვნება ინფორმაციის მეოთხედის შიდა ნაწილს. მისი ფუძეა საერთო ინფორმაცია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სმენის ვექტორის არსია ინფორმაციის გაერთიანება, მისი აბსტრაგირება და შემეცნება. სმენის ვექტორი, ეს სულიერი სურვილია მისწრაფებული სიცოცხლის არსის შეცნობისკენ. აკუსტიკური (სმენის) ვექტორის როლის მთლიანობაში გაგება, შეიძლება მხოლოდ სულიერ სწავლებათა მეშვეობით. სმენითი ფსიქოტიპი ერთადერთია რვა ვექტორს შორის, რომელიც არ შემოიფარგლება მატერიით და ფსიქიკით მის საზღვრებს სცდება. სმენის ვექტორიანები მუდმივად რაღაცის ძიებაში არიან, მათ არასოდეს არ აკმაყოფილებთ ის რეალიზაცია, რაც სრულიად საკმარისია დანარჩენებისათვის. კარიერა, ფული, ოჯახი, შვილები, სახელი, ეს ყველაფერი სმენებისთვის მეორადია. ის მთელი არსებით სამყაროს შემეცნებას, პირველმიზეზთან კავშირის დამყარებას მიელტვის. ამიტომ მატერიალური და ყოფითი ცნებები ვერ ავსებს მის უზარმაზარ ეგოს. სმენა აბსოლუტური ეგოცენტრია. თუ სმენის ვექტორიანის მიღების სურვილის ზომას შევადარებთ სხვა ვექტორებთან, ეს დაახლოებით იგივე იქნება – რომელიმე ტბა (თუნდაც უდიდესი), მსოფლიო ოკეანეს რომ შევადაროთ. ამიტომ სხვა ვექტორების სურვილთა ავსება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი და არც ისე რთულია. კუნთს – არსებობისთვის აუცილებელი რესურსით უზრუნველყოფა ავსებს, ანალს – ავტორიტეტის მოპოვება, კანს – ფული, ურეთრალს – ჯგუფის წინამძღოლობა, ორალს – ორატორობა და ,,მსმენელის დათრევა“, ვიზუალს – ესთეტიკა და სიყვარული, ყნოსვას – ძალაუფლება. მაგრამ რამ უნდა აავსოს ის, ვისი მიღების სურვილიც უსასრულოა და ვისთვისაც მთელი ფიზიკური სამყარო მხოლოდ ილუზიაა?

სმენის ვექტორიანის მიღების სურვილი იმდენად დიდია, რომ ის ვერ ახერხებს მხოლოდ მიღებით ავსებას. ამიტომ ხდება სურვილის ერთგვარად ,,ამობრუნება“. სმენის ვექტორიანის მიღების სურვილი ემსგავსება უზარმაზარ ჭას, რომელიც პირამდეა ავსილი და წყალი გარეთ გადმოდინდება. თუ ამ ჭიდან ხალხი წყალს დალევს, ჭა ,,კმაყოფილია“, მაგრამ თუ ადამიანები უარს ამბობენ მისი წყლის დალევაზე, მაშინ მასში არსებული წყალი ყროლდება და ჭაობდება, ზოგჯერ კი იხრწნება და გარემოს მოწამვლას იწყებს. ასევეა სმენის ვექტორიანიც, ის ვერ ივსება მხოლოდ მიღებით, მის მიერ გააზრებული ცოდნა, მისი შემეცნების შედეგი, მის გონებაში იდეებად გენერირდება და ხდება მათი გარეთ გადმოღვრა. ამ დროს მისი ეგოიზმი იწყებს ალტრუიზმად (გაცემის თვისებად) გარდაქმნას. თუ სმენა სწორად ვითარდება და ახერხებს საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ ის იქცევა კაცობრიობის სულიერ წინამძღოლად. მაგრამ თუ ეს ვერ შეძლო – მაშინ ის იტანჯება, ვერ ხვდება საერთოდ რა აზრი აქვს მის არსებობას. თუ ასე მოხდა, არც თუ ისე იშვიათად დგება ფატალური შედეგი: შიზოფრენია, ჭკუიდან შეშლა, ფსიქოზი, ნარკომანია სუიციდალური მიდრეკილებები. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება და მისი იდეები დესტრუქციული ხდება – ასეთ დროს მისი იდეები შექმნის ნაცვლად, განადგურებას ემსახურება.

არქეტიპი

სმენითი ფსიქოტიპის არქეტიპული ფუნქციაა ღამის გუშაგობა. უძველეს ჯოგში, ღამით, როდესაც ყველას ეძინა, სმენითი ფსიქოტიპი ფხიზლობდა, მისი ნატიფი სმენა მიპყრობილი იყო ღამეული ბგერებისაკენ. მას შეეძლო განესხვავებინა მტაცებლის ფეხის ხმა, სხვა ხმებისაგან და ჯოგი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა.

ეპოქის ცვლასთან ერთად, შეიცვალა გარემოც, მომდევნო ეპოქებში საფრთხისგან თავდასაცავად ადამიანებმა კედლები და გალავნები ააგეს. უკვე აღარ იყო საჭირო ვინმეს მტაცებლებისგან თავდასაცავად ედარაჯა. მაგრამ ასწლეულების მანძილზე გამომუშავებული ჩვევა, სმენითი ფსიქოტიპის არქეტიპად იქცა, თუმცა შეიცვალა გამოვლენის ფორმა. ღამით განმარტოებით ჯდომამ, ფიქრმა და ყურადღებამ, სმენით ფსიქოტიპს მისცა საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში ჩასვლისა და თვითკონცენტრაციის უნარი. ასწლეულების მანძილზე ცაში, ვარსკვლავების ცქერამ სმენები სამყაროს უსასრულობაზე ჩააფიქრა, თვითკონცენტრირების წყალობით, მათ გამოუმუშავდათ კიდევ ერთი: აბსტრაგირების უნარი.

ანალური ეპოქის შემოსვლასთან ერთად მოხდა ინდივიდუალური ,,მეს“ ჯოგისგან გამოცალკევება. ადამიანმა, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, დაიწყო თვითგამორკვევა. კაცობრიობამ კი თანდათან დაიწყო ინფორმაციის დაგროვება. ამ ყოველივემ სმენით ფსქიქოტიპს უბიძგა შემეცნებისკენ. სმენებმა დაიწყეს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი და აბსტრაგირება, დაიწყეს ბუნებაზე დაკვირვება და ბუნების მუშაობის მოდელის გამორკვევა. შეიქმნა ფილოსოფია, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები. სმენის ვექტორიანებმა დაიწყეს არსებული ინფორმაციის გაერთიანება, ინფორმაციის ზრდასთან ერთად, მათ გაუჩნდათ ხედვები სამყაროს მოწყობის კანონზომიერებებთან დაკავშირებით, ეს ხედვები, თანდათან იდეებად და მსოფლმხედველობრივ მოდელებად იქცა. რომელთა სათავეებთან სმენითი ფსიქოტიპის წარმომადგენლები იდგნენ. ამ ყოველივემ სმენის ვექტორიანები აქცია კაცობრიობის იდეოლოგებად, სულიერ ბელადებად, ფილოსოფოსებად, მეცნიერებად, მწერლებად და ა.შ.

ანალ-სმენა

ანალურ ვექტორთან კომბინაციაში სმენის ვექტორი იღებს ანალური ვექტორის უზარმაზარ ინფორმაციულ ბაზას, წარსულიდან გადმოტანილ ცოდნას, ნებისყოფას, გამძლეობას, ანალიზის საოცარ უნარს და ინფორმაციის პერფექციონისტული დამუშავების შესაძლებლობას.

თავის მხრივ სმენის ვექტორი ანალურ ვექტორს აძლიერებს აბსტრაქტული ინტელექტით, შემეცნების მწველი სურვილით, ხვეწს მის სიტლანქეს და სწორხაზოვან აზროვნებას და გარდაქმნის ინტელექტად. ანალ-სმენა ეს ანალური ფსიქოტიპის ტიტანური ინფორმირებულობით გამდიდრებული სმენაა, რომელიც ამ ინფორმაციას სმენურ მასშტაბებს და ანალური ინფორმაციის ახლებურად გააზრების უნარს ძენს. ეს ორი ვექტორი ერთად უდრის აბსტარქციას + ანალიზი, ინფორმირებულობა და სამყაროს არსის ჭვრეტა, ინფორმაციის დაგროვების სურვილი, შერწყმული სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნის სურვილთან. ამ ორი ვექტორის სიმბიოზი ქმნის კაცობრიობის ინტელექტუალურ ფასეულობებს.

სწორედ ანალ-სმენებს უყვართ ყველაზე მეტად ინფორმაციასთან მუშაობა, ინფორმაციის ახლებური გააზრება, გადამუშავება. სწორედ ანალ-სმენების მიერაა შექმნილი ყველა ფილოსოფიური მოძღვრება თუ მეცნიერული მიმდინარეობა, სადაც სამყაროს შემეცნების სმენური სურვილი ეყრდნობა ანალურ სიბეჯითეს, შრომისუნარიანობას და მოთმინებას. მხოლოდ ანალთან კომბინირებულ სმენას შეუძლია კვირაობით იჯდეს ერთ ადგილზე, შეაჯამოს ტიტანური მოცულობის ინფორმაცია, საათობით წეროს ფორმულები, ათასჯერ გაიმეოროს ერთი და იგივე ცდა, აღწეროს, დეტალურად აღნუსხოს და გაითვალისწინოს შეცდომები, ყურადღება მიაქციოს ურთულესი ექსპერიმენტის თითოეულ წვრილმანს. სწორედ ანალ-სმენები დგანან მწერლობის, ფილოსოფიის, ზუსტი მეცნიერებების, კვლევითი მუშაობის, რელიგიური მოძღვრებების სათავეებთან. ანალ-სმენები წერენ ენციკლოპედიებს (სადაც აღწერილი და დეტალურად შეჯამებულია ათასობით, მილიონობით ფაქტი).

თუმცა არსებობს ამ ყველაფრის მეორე, ბნელი მხარეც: როგორც იცით, დაზიანებული ანალური ფსიქოტიპი – კომპლექსების და შიშების უშრეტი წყაროა. ხოლო დაზიანებული სმენა – ფსიქკურ დაავადებათა მთელ კასკადს მოიცავს, ამასთან სმენის ვექტორს აქვს უნარი, რომ ნებისმიერი ვექტორის შიში, კომპლექსი, ან დაზიანება იდეად აქციოს, ან უბრალოდ ასტრონომიულ მასშტაბებამდე ,,გაბეროს“.

დაზიანებულ ანალურ ვექტორში ვხვდებით შურისმაძიებლობას, აგრესიულობას, უცხოს, სხვანაირის მიუღებლობას, განსხვავებულის დემონიზებას. თუ ანალის ამ მდგომარეობებს აძლიერებს არც ისე განვითარებული სმენის ვექტორი, მაშინ აქედან ვიღებთ სხვათა განადგურების იდეებს, რასიზმს, შოვინიზმს, ნაციზმს, ჰომოფობიას, გენდერულ შევიწროებას, განსხვავებულთა დევნას, ინკვიზიტორულ დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი. ზოგადად ეს ყოველივე განუვითარებელი, ან ნაწყენ მდგომარეობაში მყოფი ანალური ვექტორისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ როდესაც ამ მახასიათებლებს ერთვის სმენა, ეს არა მხოლოდ უბრალო აგრესიას, ან პიროვნულ სიძულვილს, არამედ იდეამდე აყვანილ მდგომარეობას წარმოშობს. სწორედ დაზიანებული ანალური ვექტორის სმენურ იდეოლოგიამდე აყვანამ წარმოშვა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ფაშიზმი. ერთი ერის აღმატებულობის და სიწმინდის იდეით, ყველა განსხვავებულის არასრულფასოვან ადამიანად მიჩნევა, დევნა, ზოგჯერ კი მასობრივი მკვლელობებიც.

ასევე დაზიანებული ანალ-სმენური ზომის გამოხატულებაა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ტერორიზმი. ერთი შეხედვით ამ მოვლენას სპეტაკი და ,,წმინდა“ სათავეები აქვს, საკუთარი სამშობლოს, რწმენის, ფასეულობების დაცვა. თუმცა დაზიანებული ანალური ვექტორისა და სმენური ფანატიზმის სიმბიოზს ეს ხედვა დესტრუქციულ გამოხატულებამდე დაყავს. შედეგად ვიღებთ ,,წმინდა ომს“, რაღაც ვიწრო იდეისთვის, შურისძიებისა და განსხვავებულების, მტრების, უწმინდურების, ურწმუნოებისა და ა.შ. მოსპობის სურვილს. ზოგჯერ ეს საკუთარი ერის უცხოებისგან, ან მტრებისგან გაწმენდის სურვილია, ზოგჯერ საკუთარი რწმენის ,,დემონებისაგან“, ან ,,ურჯულოთაგან“ გადარჩენის სურვილი. შედეგად იქმნება ფუნდამენტალისტური მიმდინარეობები. საკუთარი რწმენისთვის სიკვდილის მზაობისა და მტრების განადგურების მოწოდებების საფარქვეშ კი პიროვნული დაზიანებების, კომპლექსებისა და განუვითარებლობების მთელი კასკადია ჩამალული.

არის ანალ-სმენურ დაზიანებათა სხვა კატეგორიაც: ანალურ ფსიქოტიპს სურს იყოს ავტორიტეტული, გარდა ამისა ნორმალურ პირობებში ის მიდრეკილია ცოდნის დაგროვებისაკენ. თუ სმენა იმყოფება ანალის მდგომარეობაში, ის ანალური ვექტორის ამ სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს. ის პირდაპირ შთანთქავს ინფორმაციას, ხდება ინფორმაციის საწყობი. ერთი შეხედვით აქ ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა საქმე იმაშია, რომ ასეთი ანალ-სმენები ინფორმაციას კი აგროვებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ მის სმენურ აბსტრაგირებას და ცდილობენ ავტორიტეტი მოიხვეჭონ მხოლოდ დაგროვილი ცოდნის ხარჯზე. შედეგად ვიღებთ მაკრიტიკებელ ანალ-სმენებს, რომლებისთვისაც უმთავრესი იმის ჩვენებაა, რომ თვითონ ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველა სხვა მათთან შედარებით უინტელექტო არარაობაა. ისინი ყოველ ახალ იდეას, ყოველ ინტელექტუალს პირად მეტოქეებად მიიჩნევენ და მთელი თავისი ინფორმირებულობით ცდილობენ მის განადგურებას. როგორც წესი ასეთები თავად არაფერს ქმნიან, თუმცა თავისი უზარმაზარი ინფორმირებულობისა და ცოდნის წყალობით ეწებებიან რომელიმე იდეას, იწყებენ სხვათათვის მის სწავლებას, ამრიგად იხვეჭენ ავტორიტეტს, შემდეგ კი ნებისმიერ ახალ იდეას – სიძველის, საკუთარი ავტორიტეტისა და უძველესი სწავლულების ციტატების მოშველიებით ახშობენ. ასეთები ხშირად აპელირებენ უძველესი ცოდნით, წარსულის სიწმინდით, უძველეს იდეებში დამალული საიდუმლო ცოდნით (რომელიც თითქოს მარტო თავად ესმით).

  • ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • ვისთვისაა სიჩუმე ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი

  • სმენის ვექტორი - ქამელეონი

  • რა არის იდეა სმენის ვექტორში?

  • ვირუსი ჩემი შვილის თავში, გაყინული გული და შუშის თვალები

  • მუდმივად გინდა ძილი

  • მცირეწლოვალი მკვლელი თუ ახალგაზრდა გენიოსი