სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მეორე)


 

  ლექციის პირველ ნაწილში უკვე აღვნიშნეთ, რომ ზოგჯერ სმენის ვექტორს ახასიათებს სხვა ვექტორის მდგომარეობაში სრული გათქვეფა, ან პირიქით ამ ვექტორის სრულიად შთანთქმა. ეს კი არცთუ იშვიათად წარმოშობს მდგომარეობათა მთელ რიგს. 

  ნორმალურ პირობებში, სხვა ვექტორთან კომბინირებისას სმენის აბსტრაქტული ინტელექტი ამ ვექტორის თვისებებით მდიდრდება და საკუთარ მასშტაბურ ინტელექტს მატებს კომბინირებული ვექტორის მახასიათებლებს და ბაზას. 

 

ანალ-სმენა

  ანალურ ვექტორთან კომბინაციაში სმენის ვექტორი იღებს ანალური ვექტორის უზარმაზარ ინფორმაციულ ბაზას, წარსულიდან გადმოტანილ ცოდნას, ნებისყოფას, გამძლეობას, ანალიზის საოცარ უნარს და ინფორმაციის პერფექციონისტული დამუშავების შესაძლებლობას.

  თავის მხრივ სმენის ვექტორი ანალურ ვექტორს აძლიერებს აბსტრაქტული ინტელექტით, შემეცნების მწველი სურვილით, ხვეწს მის სიტლანქეს და სწორხაზოვან აზროვნებას და გარდაქმნის ინტელექტად. ანალ-სმენა, ეს ანალური ფსიქოტიპის ტიტანური ინფორმირებულობით გამდიდრებული სმენაა, რომელიც ამ ინფორმაციას სმენურ მასშტაბებს და ანალური ინფორმაციის ახლებურად გააზრების უნარს ძენს. ეს ორი ვექტორი ერთად უდრის აბსტარქციას + ანალიზი, ინფორმირებულობა და სამყაროს არსის ჭვრეტა, ინფორმაციის დაგროვების სურვილი, შერწყმული სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნის სურვილთან. ამ ორი ვექტორის სიმბიოზი ქმნის კაცობრიობის ინტელექტუალურ ფასეულობებს.

  სწორედ ანალ-სმენებს უყვართ ყველაზე მეტად ინფორმაციასთან მუშაობა, ინფორმაციის ახლებური გააზრება, გადამუშავება. სწორედ ანალ-სმენების მიერაა შექმნილი ყველა ფილოსოფიური მოძღვრება თუ მეცნიერული მიმდინარეობა, სადაც სამყაროს შემეცნების სმენური სურვილი ეყრდნობა ანალურ სიბეჯითეს, შრომისუნარიანობას და მოთმინებას. მხოლოდ ანალთან კომბინირებულ სმენას შეუძლია კვირაობით იჯდეს ერთ ადგილზე, შეაჯამოს ტიტანური მოცულობის ინფორმაცია, საათობით წეროს ფორმულები, ათასჯერ გაიმეოროს ერთი და იგივე ცდა, აღწეროს, დეტალურად აღნუსხოს და გაითვალისწინოს შეცდომები, ყურადღება მიაქციოს ურთულესი ექსპერიმენტის თითოეულ წვრილმანს. სწორედ ანალ-სმენები დგანან მწერლობის, ფილოსოფიის, ზუსტი მეცნიერებების, კვლევითი მუშაობის, რელიგიური მოძღვრებების სათავეებთან. ანალ-სმენები წერენ ენციკლოპედიებს (სადაც აღწერილი და დეტალურად შეჯამებულია ათასობით, მილიონობით ფაქტი). 

  თუმცა არსებობს ამ ყველაფრის მეორე, ბნელი მხარეც: როგორც იცით, დაზიანებული ანალური ფსიქოტიპი - კომპლექსების და შიშების უშრეტი წყაროა. ხოლო დაზიანებული სმენა - ფსიქიკურ დაავადებათა მთელ კასკადს მოიცავს. ამასთან ერთად, სმენის ვექტორს აქვს უნარი, რომ ნებისმიერი ვექტორის შიში, კომპლექსი, ან დაზიანება იდეად აქციოს, ან უბრალოდ ასტრონომიულ მასშტაბებამდე ,,გაბეროს“. 

  დაზიანებულ ანალურ ვექტორში ვხვდებით შურისმაძიებლობას, აგრესიულობას, უცხოს, სხვანაირის მიუღებლობას, განსხვავებულის დემონიზებას. თუ ანალის ამ მდგომარეობებს აძლიერებს არც ისე განვითარებული სმენის ვექტორი, მაშინ აქედან ვიღებთ სხვათა განადგურების იდეებს, რასიზმს, შოვინიზმს, ნაციზმს, ჰომოფობიას, გენდერულ შევიწროებას, განსხვავებულთა დევნას, ინკვიზიტორულ დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი. ზოგადად ეს ყოველივე განუვითარებელი, ან ნაწყენ მდგომარეობაში მყოფი ანალური ვექტორისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ როდესაც ამ მახასიათებლებს ერთვის სმენა, ეს არა მხოლოდ უბრალო აგრესიას, ან პიროვნულ სიძულვილს, არამედ იდეამდე აყვანილ მდგომარეობას წარმოშობს. სწორედ დაზიანებული ანალური ვექტორის სმენურ იდეოლოგიამდე აყვანამ წარმოშვა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ფაშიზმი. ერთი ერის აღმატებულობის და სიწმინდის იდეით, ყველა განსხვავებულის არასრულფასოვან ადამიანად მიჩნევა, დევნა, ზოგჯერ კი მასობრივი მკვლელობებიც. 

  ასევე დაზიანებული ანალ-სმენური ზომის გამოხატულებაა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ტერორიზმი. ერთი შეხედვით ამ მოვლენას სპეტაკი და ,,წმინდა“ სათავეები აქვს, საკუთარი სამშობლოს, რწმენის, ფასეულობების დაცვა. თუმცა დაზიანებული ანალური ვექტორისა და სმენური ფანატიზმის სიმბიოზს ეს ხედვა დესტრუქციულ გამოხატულებამდე დაყავს. შედეგად ვიღებთ ,,წმინდა ომს“, რაღაც ვიწრო იდეისთვის, შურისძიებისა და განსხვავებულების, მტრების, უწმინდურების, ურწმუნოებისა და ა.შ. მოსპობის სურვილს. ზოგჯერ ეს საკუთარი ერის უცხოებისგან, ან მტრებისგან გაწმენდის სურვილია, ზოგჯერ საკუთარი რწმენის ,,დემონებისაგან“, ან ,,ურჯულოთაგან“ გადარჩენის სურვილი. შედეგად იქმნება ფუნდამენტალისტური მიმდინარეობები. საკუთარი რწმენისთვის სიკვდილის მზაობისა და მტრების განადგურების მოწოდებების საფარქვეშ კი პიროვნული დაზიანებების, კომპლექსებისა და განუვითარებლობების მთელი კასკადია ჩამალული.

  არის ანალ-სმენურ დაზიანებათა სხვა კატეგორიაც: ანალურ ფსიქოტიპს სურს იყოს ავტორიტეტული, გარდა ამისა ნორმალურ პირობებში ის მიდრეკილია ცოდნის დაგროვებისაკენ. თუ სმენა იმყოფება ანალის მდგომარეობაში, ის ანალური ვექტორის ამ სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს. ის პირდაპირ შთანთქავს ინფორმაციას, ხდება ინფორმაციის საწყობი. ერთი შეხედვით აქ ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა საქმე იმაშია, რომ ასეთი ანალ-სმენები ინფორმაციას კი აგროვებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ მის სმენურ აბსტრაგირებას და ცდილობენ ავტორიტეტი მოიხვეჭონ მხოლოდ დაგროვილი ცოდნის ხარჯზე. შედეგად ვიღებთ მაკრიტიკებელ ანალ-სმენებს, რომლებისთვისაც უმთავრესი იმის ჩვენებაა, რომ თვითონ ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველა სხვა მათთან შედარებით უინტელექტო არარაობაა. ისინი ყოველ ახალ იდეას, ყოველ ინტელექტუალს პირად მეტოქეებად მიიჩნევენ და მთელი თავისი ინფორმირებულობით ცდილობენ მის განადგურებას. როგორც წესი ასეთები თავად არაფერს ქმნიან, თუმცა თავისი უზარმაზარი ინფორმირებულობისა და ცოდნის წყალობით ეწებებიან რომელიმე იდეას, იწყებენ სხვათათვის მის სწავლებას, ამრიგად იხვეჭენ ავტორიტეტს, შემდეგ კი ნებისმიერ ახალ იდეას - სიძველის, საკუთარი ავტორიტეტისა და უძველესი სწავლულების ციტატების მოშველიებით ახშობენ. ასეთები ხშირად აპელირებენ უძველესი ცოდნით, წარსულის სიწმინდით, უძველეს იდეებში დამალული საიდუმლო ცოდნით (რომელიც თითქოს მარტო თავად ესმით).

  არის ანალ-სმენის კიდევ ერთი გამოვლინება: როდესაც სმენა მთლიანად შთანთქავს ანალურ ვექტორს. უყურებთ ასეთ ანალ-სმენას და განცვიფრებაში მოდიხართ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ანალ-სმენაა, თითქოს ინფორმირებული, აბსტრაქციის უნარით. მეორე მხრივ კი მასში ვერანაირ ანალურ თვისებას ვერ ამჩნევთ, არანაირი ანალიტიკური წიაღსვლები, არანაირი წარსულზე აქცენტი. თითქოს მისი ანალური ვექტორი სადღაც აორთქლდა. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ დროს სმენის ვექტორი მეტისმეტად მოწყდა ფიზიკურ სამყაროს, ამან გამოიწვია ანალურ თვისებათა სრული შთანთქმა, მაგრამ ის კან-სმენასავით ასკეზებს კი არ იწყებს, არამედ ანალურად სრულ უმოქმედობაში და გაშეშებაში გადადის. მას არ სურს რაიმე ისწავლოს, ან შექმნას, ის უბრალოდ უძრავი და იმდენად დაკარგულია, რომ საერთოდ არ სურს რამე გააკეთოს. 

  აქ საჭიროა შევეხოთ კიდევ ერთ მოვლენას: რელიგიურ და ეზოთერულ ფანატიზმს. უნდა აღინიშნოს, რომ ფანატიზმი, როგორც ასეთი კან-სმენური მოვლენაა, თუმცა მის გამოვლინებას ვხვდებით ანალ-სმენის შემთხვევაშიც. აქ საჭიროა გამოვყოთ რელიგები და ეზოთერული მიმდინარეობები საკუთარი არსით, მისი გამოვლინების ფორმით, შემქმნელებით და მიმდევრებით. რელიგია და ეზოთერიკა საკუთარი არსით სამყაროს შემეცნების ფორმებია და ისინი სმენურია, თუმცა მათი გამოვლენა, მოხდა ანალურ ეპოქაში და მათი პირველადი ფორმა ანალ-სმენური იყო. შემდეგში მათგან სამყაროს შემეცნების ძიების დიდი ნაწილი გაქრა და ვიზუალური ზომის თვისებამდე - რიტუალების სიყვარულამდე დავიდა, რომლებიც ანალურად, ანუ მხოლოდ ტრადიციების დაცვით სრულდება, ამ რიტუალის არსის გააზრების გარეშე, ანუ რელიგიათა და ეზოთერიკათა გამოხატულებამ უმეტესად ანალ-ვიზუალური ფორმა შეიძინა. სხვათა შორის ანალურ ვექტორში აღვნიშნეთ, რომ ანალური და ვიზუალური ვექტორები მიდრეკილნი არიან მთლიანობის დეტალებად დაშლისაკენ. როდესაც საქმე ეხება სმენური არსის წვდომას, ანალი და ვიზუალი იღებენ სმენურ შემეცნებას, შლიან მას დეტალებად და დანარჩენს საკუთარი, წარმოდგენით ავსებენ. ამ წარმოდგენას თავადვე იჯერებენ და აჰყავთ რწმენამდე. ხოლო შემდეგ არც ისე განვითარებული ანალ-სმენები იღებენ ამ რწმენას, როგორ წარსულში არსებულ ,,წმინდა“ იდეას და მას როგორც წესი არა სმენური გაცნობიერებით, არამედ ანალური სიჯიუტით მიჰყვებიან.

 რელიგიათა და ეზოთერულ მოძღვრებათა შემქმნელები, ძირითადად იყვნენ ურეთრალ-სმენები, სულიერი ბელადის გამოვლინებით. შემდეგ ურეთრალ-სმენის მიერ შექმნილ იდეას იღებდნენ კან-სმენები, რომლებიც ამ იდეას უდგებოდნენ ერთი მხრივ სმენური შემეცნებით, მეორე მხრივ კი კანური პრაგმატულობით, ამასთან კან-სმენა მიდრეკილია კანურად შეზღუდვებისა და აკრძალვებისაკენ, რაც სმენურად აჰყავს იდეის დონეზე. როგორც იცით კანი სხეულზე ვლინდება საზღვრად სხეულსა და გარე სამყაროს შორის, იგივეს აკეთებს კანის ვექტორიც, ის ავლებს საზღვარს და აკონტროლებს შიდა რესურსებს. სხეულის მამოძრავებელ რესურსს წარმოადგენს ენერგია, შესაბამისად კან-სმენა რელიგიურ, ან ეზოთერულ რეალიზაციაში კონტროლს აწესებს ენერგიის ხარჯვაზე. რადგან კანის ვექტორის ფუნქცია მოიცავს დროის არც ისე დიდ მონაკვეთს (აწმყოს), მას ჭირდება მსუბუქი, მოქნილი ფსიქიკა და არც ისე დიდი მოცულობის ენერგია. კან-სმენა გრძნობს რომ არც ისე დიდ ენერგიას ატარებს, ამიტომ მას თითოეული მიღწევისთვის ჭირდება საკუთარი შინაგანი რესურსის, საკუთარი ენერგიის მთლიანად მობილიზება და მიმართვა ერთი კონკრეტული მიზნისაკენ. ამიტომ კან-სმენები იგონებებნ ენერგიის მობილიზება-დაზოგვის ათასგვარ პრაქტიკას. მაგრამ აქ არის ერთი უცნაურობა, კერძოდ: თვით ეკონომიის, დაზოგვის სურვილი კანურია და არა სმენური, როდესაც ის სმენას იდეამდე აჰყავს, სმენის ვექტორს უწევს ჩამოვიდეს კანის მდგომარეობამდე, მაგრამ ამას აკეთებს სმენური ფანატიზმით. შედეგად კი ვიღებთ ათასგვარ ფანატიზმამდე მიყვანილ ასკეტურ პრაქტიკებს. 

  როგორც იცით სმენის ვექტორი ფსიქიკით ისეც არსთა სამყაროში ცხოვრობს, ხოლო როცა კანური ასკეტიზმი ზღვარს ცდება, ის თითქმის კარგავს კავშირს სხეულთან, რაც აღიქმება გასულიერებად, რეალურად კი საქმე გვაქვს კანური ასკეტიზმის იდეამდე აყვანასთან. რომელსაც უკვე შემდგომ ანალ-სმენები იღებენ როგორც წარსულში შექმნილ და მაშასადამე ავტორიტეტულ სწავლებას და მას ბრმად იცავენ (თუმცა თავად ასე არ თვლიან). ამასთან ანალ-სმენებს უყვართ საძმოების, ორდენების და ა.შ. შექმნა, ხოლო სმენურად ისინი თავს თვლიან სამყაროს საიდუმლოებათა დამცველ გმირებად, ასე იქმნება რელიგიური ორდენები თუ სხვადასხვა ეზოთერული მიმართულებები. ისინი ანალური ზედმიწევნითობით და ბრმა სიჯიუტით იცავენ კან-სმენების მიერ შემუშავებულ თითოეულ ასკაზას, თუმცა ამას იშვიათად ერთვის სმენური შემეცნებითობა. ანალები არასოდეს აღიარებენ რომ ეს პრაქტიკები მათ იმავე შედეგს არ აძლევს რაც წიგნებში წერია, რადგან ამის აღიარება ანალისთვის ნიშნავს, რომ მათი სათაყვანო წარსული ტყუილი და სისულელეა, ეს კი მათ ფსიქიკას დაანგრევს. 

  როგორც წესი განვითარებული ანალ-სმენა არაა არც ფანატიკოსი, არც ტერორისტი და არც ნაცისტური იდეებით შეპყრობილი მანიაკი. განვითარებული ანალ-სმენები არიან გენიალური მწერლები, პროგრამისტები, მეცნიერები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ქირურგები, ექიმი-დიაგნოსტიკოსები, კომპოზიტორები და ა.შ.

 

ანალ-სმენა ორალით

  თუ ანალ-სმენას ერთვის ორალური ვექტორი, ის არა მხოლოდ კარგი მეცნიერი, მწერალი ან იდეოლოგია, არამედ არაჩვეულებრივი ორატორიც, მას შეუძლია წაიკითხოს ლექციები საკუთარი სამუშაოს, იდეის, ან შემოქმედების შესახებ. ორალური ვექტორი ანალ-სმენას ძენს მეტ ენერგიულობას და თავის საჯაროდ გამოვლენის უნარს. ჩაკეტილი, საკუთარ თავზე კონცენტრირებული, ასოციალური სმენა, ორალის გავლენით ბევრად უფრო ღია და სოციალური ხდება, ანალ-ორალ-სმენებს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ, მათი იუმორი დახვეწილი და ინტელექტუალურია. ისინი საუბრობენ ენერგიულად, ორალური ვექტორის წყალობით სმენა ახერხებს საკუთარი იდეები არა მხოლოდ ვერბალურად გააჟღეროს, არამედ მათ ბევრად მეტი დამაჯერებლობა და ჯგუფზე ზემოქმედების უნარი მიანიჭოს. ორალური ვექტორის დახმარებით გაჟღერებული სმენური იდეა, თითოეული მსმენელის ცნობიერების სიღრმეებს წვდება, თითოეულთან მათთვის გასაგები ენით აღწევს და გამსჭვალავს მათ აზრებს. სმენურად შესაბამისი სიტყვის შერჩევა და ორალურად მისი მოხერხებულად ჩასმა კონტექსტში - ასე იბადება ლამაზი სიტყვა. ასეთი ადამიანი მთელ კონცეფციას ააწყობს საუბარში და ამ კონცეფციას მკაფიო, დასამახსოვრებელი მაგალითებით შეამკობს. სმენურად დაბადებს აზრს და ორალურად ჩაბეჭდავს მსმენელების გონებაში.  

  თუმცა დარღვევის შემთხვევაში არსებობს მთელი რიგი რისკები და დაზიანებებიც. ორალური ვექტორი ფლობს უზარმაზარ ცხოველურ ენერგიას, იმდენად მძლავრს და მოუთოკავს, რომ ძალიან ხშირად თვით დომინანტ ვექტორებზეც კი ახდენს გავლენას, ზოგჯერ კი სხვა ვექტორებს განვითარებაში უკანაც კი ხევს. ორალი ყველაზე მძლავრი ექსტრავერტია, ამიტომ მისი თვისებები კონტრარულობაში მოდის ინტროვერტ სმენასთან, არ აძლევს მას თვითკონცენტრაციის საშუალებას, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სცენარსაც კი ცვლის. თუ ორალური ვექტორი სმენაზე უკეთაა განვითარებული, ასეთ დროს სმენა ერთგვარად მეორე პლანზე გადადის, ორალური ვექტორი სიმბიოზირდება ანალთან და გადაყავს ის ,,ბინძურის“ სცენარში. შედეგად ვიღებთ ადამიანს, რომელიც ერთი მხრივ თითქოს სმენურ იდეებზე საუბრობს, მაგრამ ამას აკეთებს არა სმენური ვნებით და ანთებით, ან ანალური დინჯი მსჯელობით, არამედ აგრესიული ყვირილით, ხშირად უცენზურო გინებითა სხვათა მოუთოკავი ლანძღვით. მის სმენას არ შეუძლია სერიოზული იდეის გენერირება, ან თუნდაც მიღება, ამიტომ ის ხშირად ხტის აზრიდან აზრზე, ამასთან ახასიათებს საკმაოდ უცნაური ქცევები. 

  არის სხვა შემთხვევაც: როცა სმენის განვითარება ბევრად აღემატება ორალისას. ამ დროს ადამიანი საუბრობს უკიდურესად ჩუმი ხმით, მისი საუბარი ძლივს ისმის. თითქოს არსად ჩანს ორალის ენერგიულობა, ორატორობა. თუმცა ასეთმა ადამიანმა შეიძლება გაგაოცოთ. როგორც წესი ის საკმაოდ კულტურულია, წყნარი, თუმცა მოულოდნელად, სრულიად მშვიდ სიტუაციაში შეიძლება აგრესიულ ყვირილზე გადასვიდეს, დაიწყოს აქტიური ჟესტიკულირება, ხტუნვა, პირზე დუჟი მოადგეს, თვალები შეშლილივით აუელვარდეს. მეორე წუთში კი ისევ ის ადამიანია, ჩუმი საუბრის მანერით და მშვიდი სახით. ამ სცენარს ახასიათებს კიდევ ერთი შტრიხი - ორალური ხუმრობის მოთხოვნილება. თუმცა მისი იუმორი ორალურად ხისტი აკი არა, ინტელექტუალური და ირიბია, მის გასაგებად რამოდენიმესვლიანი კომბინაციის დანახვაა საჭირო. ამასთან ერთად, როგორც წესი მისი იუმორი უკიდურესად ცინიკურია (არ აგერიოთ ყნოსვურ სარკაზმში). 

 

ანალ-სმენა ვიზუალით

  თუ ანალ-სმენას ერთვის ვიზუალი, ის ამ კომბინაციას ძენს მეტ ინტელექტუალიზმსა და არისტოკრატულობას. სწორი განვითარებისას, ასეთი ადამიანები ურთიერთობებში დახვეწილნი, გალანტურები და თავაზიანები არიან. აქვთ მაღალი ინტელექტი (როგორც წესი ანალ-ვიზუალ-სმენებს ყველაზე მაღალი IQ აქვთ). ვიზუალური ვექტორი ანალ-სმენას აძლევს უნიკალურ შემოქმედებითობას, ფანტაზიის საოცარ უნარს. ამასთან ერთად ანალურ სიხისტეს მნიშვნელოვნად არბილებს და ხდის მას უფრო მიმღებს. სწორედ ამ სამი ვექტორის კომბინაციის მატარებელი იყო თითქმის ყველა გენიალური მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი,  მეზრაპრე, ასევე გამომგონებელთა უმრავლესობა. ამ სამი ვექტორის სიმბიოზმა შექმნა ბავშვებისთვის საყვარელი ,,ბეჭდების მბრძანებლის“, ,,ჰარი პოტერის“ თუ ,,ალისას“ გასაოცარი, ჯადოსნური და დაუჯერებელი სამყაროები. ვიზუალური ვექტორის წყალობით ანალ-სმენა აღარაა მხოლოდ საკუთარ ოთახში ჩაკეტილი წიგნის ჭია და ბევრად უფრო სოციალური ხდება. 

  თუმცა დაზიანების შემთხვევაში აქაც ვხვდებით მთელ რიგ პრობლემურ სცენარებს. როდესაც ვიზუალური ვექტორი დაზიანებულია, მისი უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდა წარმოშობს არნახული ოდენობის ფობიებს, სმენის ვექტორი მის ფობიებს უკეთებს აბსტრაგირებას და მატებს მასშტაბებს. შედეგად შეიძლება მივიღოთ ფობიების ხარისხობრივად ახალი, უცნაური სერია. მაგალითად თუ ვიზუალს ეშინია მწერების, სმენასთან ერთად ამ ყველაფერმა შეიძლება მიიღოს უცნაური აბსტრაქცია და მოეჩვენოს, რომ მწერები მის წინააღმდეგ შეთქმუილებას აწყობენ, ან სიზმარში მუდმივად ელანდება მწერების თავდასხმა. რა თქმა უნდა ეს უკიდურესობაა და ასეთი მდგომარეობა არც ისე ხშირია, თუმცა კარგი მაგალითია ვიზუალური შიშის სმენურ მასშტაბებში ატანის საჩვენებლად. 

  ანალურ ვექტორთან ერთად ეს ყოველივე კიდევ უფრო უცნაურ სახეს იღებს. ანალ-სმენამ შეშინებული ვიზუალით, შეიძლება შექმნას შიშთან დაკავშირებული იდეა, მაგალითად: ,,შიში ქმნის სიყვარულს“. თუ ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ანალური ვექტორი ,,ნაწყენ“, ან ,,სადიზმის“ მდგომარეობაშია, მაშინ შესაძლოა სხვათა შეშინებაზეც გადავიდეს და შექმნას საშიში თამაშები, საშინელებათა ფილმები, წეროს საშიში ისტორიები და ა.შ. 

  კიდევ ერთი დარღვევა, რაც შეიძლება ჰქონდეს ანალ-სმენას ვიზუალით, არის სოციუმის შიში. ამ დროს ის არა მხოლოდ ასოციალურია, არამედ პანიკურად ეშინია სოციუმთან ურთიერთობა, ვიზუალურ შიშებს ემატება ხარისხის კარგვასთან დაკავშირებული ანალური კომპლექსები. ზოგჯერ ეს მიდის უკიდურესობამდე და ჩნდება ხალხში გასვლის, ადამიანებთან ურთიერთობის, ყოველგვარი სოციალური აქტივობის შიში. 

 წინა ლექციებში უკვე აღვნიშნეთ, რომ სმენის ვექტორს ხშირად აქვს ფსიქიკურ დარღვევათა მთელი რიგი: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, პიროვნების გაორება, ,,ხმები თავში“ და ა.შ. ანალურ ვექტორთან ერთად (განსაკუთრებით მაშინ, თუ ანალი წყენის მდგომარეობაშია), ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ხმებმა მას უბრძანონ შურისძიება, ან ერის მტრებისგან გაწმენდა. შედეგად ვიღებთ სერიულ მკვლელს, რომელიც კონკრეტული კატეგორიის ადამნიანებზე ნადირობს. თუ ამ სცენარში ერთვება ვიზუალური ვექტორი, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. მისი შინაგანი ხმების ,,წარმოსახვა“ უფრო შორს მიდის და იძენს ყოვლად უცნაურ ფორმებს. მაგალითად ხმებმა შეიძლება ,,უთხრან“, რომ დედამიწაზე ზოგი უცხოპლანეტელი, ან დემონია და მისი მისიაა მათი აღმოჩენა და განადგურება. ამასთან ერთად, როგორც წესი ასეთი ანალ-ვიზუალ-სმენები ხასიათდებიან მაღალი ინტელექტითაც, რაც ართულებს მათ გამოვლენას. 

 

ანალ-სმენა ყნოსვით

    თუ ანალ-სმენას ერთვის ყნოსვის ვექტორი, ეს ქმნის ორ შესაძლო სცენარს ანალ-სმენა ყნოსვით, ან ანალ-ყნოსვა სმენით. როდესაც ანალ-სმენას ერთვის ყნოსვა, ეს არა მხოლოდ ინფორმაციულ-შემეცნებითი ინტელექტია, არამედ საოცარი სტრატეგი და ბრწყინვალე ფსიქოლოგი.  

  ანალ-სმენა ყნოსვით, ესაა სმენის ვექტორიანი, რომლის ინფორმაციულ-შემეცნებით ინტელექტს ყნოსვის ვექტორი მატებს ინტუიციურობას და სტრატეგიულობას. ეს კომბინაცია გვაძლევს გენიალურ ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, მოჭადრაკეებს, სულიერ მასწავლებლებს, მკვლევარებს (ეს კომბინაცია ზოგადად უკვე განვიხილეთ ყნოსვის ვექტორში, თუმცა ძირითადად ყნოსვის დომინაციაზე აქცენტით). 

  ყნოსვის ვექტორის სტრატეგიულობა და ინტუიცია, ანალ-სმენას აძლევს თითქმის შეუმცდარ ალღოს, მას ახასიათებს საოცარი სიზუსტით მიხვედრა, იმ შესაძლო პრობლემისა, რომლის გადაწყვეტაზეც მუშაობს. ამ კომბინაციის მატარებელი იყო თითქმის ყველა გენიალური ბაქტერიოლოგი, ვირუსოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მოჭადრაკე, ბიოტექნოლოგი და ა.შ. ეს არის არა მხოლოს ანალ-სმენურ ინფორმაციაზე დართული ინტუიცია, არამედ სამყაროს ხედვის უნიკალური მოდელი. საქმე იმაშია, რომ სმენის ვექტორი კონცენტრირებულია შემეცნებასა და სამყაროს მუშაობის პრინციპის ჭვრეტაზე, ინფორმაციის აბსტრაგირებასა და მუდმივად არსის ძიებაზე. ხოლო ყნოსვის ვექტორი უღრმავდება ქვეცნობიერის სიღრმეებს, ატარებს უნარს, ინტუიციურად ,,დაინახოს“ ადამიანის ეგოს დაზიანება, ჩაწვდეს მის ყველაზე ფარულ, ყველასთვის დაფარულ სურვილებს, გარდა ამისა ყნოსვის ვექტორის ფუნქცია უსაფრთხოებაა, ამიტომ ის კონცენტრირებულია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური საფრთხეების აღმოჩენა-განეიტრალებისაკენ. როდესაც ეს ორი ფუნქცია სიმბიოზირდება, ვიღებთ სამყაროს ჭვრეტის და აღქმის საოცრად უნიკალურ მექანიზმს, რომელიც გამდიდრებულია ანალური ინფორმირებულობით. გალილეი, ფროიდი, იუნგი, ნიუტონი, პლანკი, აინშტაინი, ტესლა, ფლემინგი, ბორი, კიური, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ კომბინაციის მატარებელი ადამიანებისა.  

  მეორე მხრივ ამ კომბინაციაში ვხვდებით ურთულეს დაზიანებებს. თუ ანალური ვექტორი წყენის მდგომარეობაშია, მისი ფსიქიკა ითხოვს ამ მდგომარეობის გათანაბრებას, შურისძიებას, მაგრამ აქ არის ერთი უცნაურობა. კერძოდ: თითქმის ნებისმიერ სხვა კომბინაციაში ანალური ფსიქოტიპისთვის წყენის გასათანაბრებლად საკმარისია წყენის თანაზომადი უკუქმედება. მაგრამ სმენის ვექტორის ,,წყალობით“ მისი ეგო და შესაბამისად მისი პიროვნებისათვის მიყენებული წყენის გაზვიადება, ასტრონომიულ მასშტაბებს აღწევს. შესაბამისად მას არ აკმაყოფილებს შურისძიების ანალური ფორმები. მას სურს არა მხოლოდ გაათანაბროს წყენა, არამედ სულიერადაც მოსპოს მოწინააღმდეგე. როდესაც ამ სცენარში ერთვება ყნოსვის ვექტორი, შურისძიება უსაშინლეს ფორმებს იღებს. მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ მწყენინებელზე შურისძიება, ამ სცენარში რთავს მის ახლობლებს ოჯახს. ანალურ სადიზმს ავსებს სმენური მასშტაბურობა და ყნოსვური შეუბრალებელი, ცივსისხლიანი სისასტიკე. შედეგად შეიძლება მივიღოთ შემთხვევა, როცა წყენის მომყენებელს აყურებინებს ცოლ-შვილის წამებას. ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, თუ სმენის ვექტორი მძიმედაა დაზიანებული, ამ დროს შეიძლება მივიღოთ შეშლილობის ისეთი ფორმა, როდესაც ინდივდს სურს შური იძიოს ყველაზე, ვისაც მისი დაზიანებული გონება. რაიმეთი მაინც მიამსგავსებს მას, ვინც აწყენინა. ამ დროს ვიღებთ მანიაკ სადისტ მკვლელებს, რომლებიც გამოირჩევიან ცივსისხლიანობითა და სისასტიკით, ამასთან წარმოუდგენლად ძნელია მათი დაკავებაც, რადგან ყნოსვის ვექტორი მათ ,,სუფთად“ მოქმედებას უზრუნველყოფს. 

  ეს კომბინაცია გვაძლევს კიდევ ერთ უცნაურ აშლილობას: როგორც იცით, ანალური ფსიქოტიპი მიდრეკილია კოლექციონერობისაკენ, თუმცა თუ მას აქვს წყენის, ან სადიზმის მდგომარეობა, რომელსაც ერთვის ფსიქიურ აშლილობამდე დაზიანებული სმენა და არც ისე განვითარებული ყნოსვა, მისი კოლექცია შეიძლება საოცარი, ან სრულიად ამაზრზენი იყოს, მაგალითად აგროვებდეს მის მიერ გაუპატიურებული ადამიანების საცვლებს, თმებს, ფრჩხილებს, ან სასქესო ორგანოებსაც კი. 

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

 

  

 

  • სმენის ვექტორის ზოგადი მიმოხილვა

  • სმენის ვექტორიანი ქალი: საით მიდის ის

  • „შენ თავად კოსმოსი ხარ” – ურთიერთობა გოგონა სმენასთან

  • სმენა ყნოსვის საპირისპიროდ. რომელი რომელს…

  • თვითმკვლელი ტერორისტები – ვინ არიან ისინი?

  • მინდა მოვუსმინო სხვა ადამიანს სულს

  • სმენითი ბავშვების სწორად აღზრდა

  • ურეთრალ-სმენა ვიზუალით