სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი მეოთხე)


ურეთრალ-სმენა

  გადავდივართ ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაციაზე. ეს ძალზე საინტერესო და იშვიათი კომბინაციაა. ამასთან უცნაურია ისიც, რომ ეს ორი ვექტორი ერთი მხრივ ძალიან გავს ერთმანეთს, მეორე მხრივ კი უკიდურესად კონტრარულნი (ურთიერთწინააღმდეგობრივი) არიან. ამის გამო ფსიქოტიპთა ამ კომბინაციაში ვხვდებით ძალზე მრავალფეროვან გამოვლინებებს. ამ კომბინაციის მატარებელნი არიან სულიერი ბელადებიც და მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით შეპყრობილნიც.

  ურეთრალ-სმენა ბელადია როგორც ფიზიკურ, ისე მეტაფიზიკურ პლანზეც. იდეალური სიმბიოზირებისას ესაა სულიერი ბელადი, ადამიანი ვინც არა მხოლოდ სმენურად ქმნის იდეებს, არამედ თავადვე ხდება ამ იდეათა წინამძღოლი. ამ კომბინაციაში ვხვდებით სულიერ ბელადებს, პოეტებს, მეცნიერებს, კოსმონავტებს. ადამიანებს ვინც ახდენს გარღვევას სხვადასხვა სფეროში. გარღვევაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ ახალ აღმოჩენებს, ან ტექნიკურ ნოვაციებს, მხედველობაში გვაქვს გლობალური, რევოლუციური გარღვევა, რაც ხშირ შემთხვევაში ჯგუფის, ერის, ან სულაც მთელი კაცობრიობის ბედს ცვლის. 

  თუ სისტემურად შევხედავთ ურეთრალურ და სმენით ფსიქოტიპებს შორის ბევრ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ორივე მათგანი ალტრუისტია, ორივე გლობალურად აზროვნებს, ორივესთვის პირველადი ჯგუფია, ორივე მომავალზეა ორიენტირებული, ორივე აზროვნებს პრინციპით: ,,მე და ყველა დანარჩენი“. თუმცა არსებობს ფუნდამენტური სხვაობებიც: ურეთრალური ვექტორი მთელი არსებით ფიზიკურ სამყაროზე, ჯგუფის წინამძღოლობაზე, ლანდშაფტის გარღვევაზეა ორიენტირებული. სმენის ვექტორისთვის კი ფიზიკური სამყარო მეორადი და უმნიშვნელოა, ის თავისი არსით მეტაფიზიკური, ჯგუფისგან განცალკევებული და თვითჩაღრმავებულია. ურეთრალურ ფსიქოტიპს სურს ცხოვრების დუღილში იყოს ჩართული, იომოს, იბრძოლოს, დაიწვას, წინ გაუძღვეს. სმენის ვექტორი კი ცხოვრების მსვლელობას თვალს თითქოს სადღაც შორეული კოსმოსიდან ადევნებს, ეს ყველაფერი მისთვის მეორადია. მისთვის მთავარია სამყაროს არსს ჩაწვდეს. ცხოვრების დინება და ყოფიერება კი მისთვის მხოლოდ იძულებითი დროის კარგვაა. ურეთრალური ვექტორი - ექსტრავერტია, სმენა - პირიქით, ყველაზე ძლიერი ინტრავერტი. ეს ჰბადებს ანომალურ გონებრივ და ზოგჯერ ფიზიკურ აქტოვობას. გახლეჩა სხვადასხვა მიმართულებით - ძალზე ნეგატიური ვარიანტია, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი. მასთან, სწორი განვითარების შემთხვევაში სმენა გარეთ «გამოდის». როგორ მუშაობს სმენა ურეთრალურ ვექტორთან? მოცემულ შემთხვევაში ხდება შეცნობის პროცესი, შემდეგ კი ჯოგის მოძრაობა ამ პროცესისკენ.

  სანამ უშუალოდ კომბინაციის განხილვას დავიწყებთ, აუცილებელია აღვნიშნოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შტრიხი: ორივე ვექტორი (ურეთრა და სმენა) დომინანტურია. არსებობის შემთხვევაში ისინი უპირობოდ დომინირებენ ნებისმიერ ვექტორულ წყობაში (გარდა ორი გამონაკლისისა: 1. როცა რომელიმე მათგანში ვხვდებით ფუძისეულ, ან აზროვნების დონის რღვევას 2. თუ ვექტორულ წყობაში ადამიანს აქვს ყნოსვა, ხოლო სმენის ვექტორი იმყოფება სხვა ვექტორის მდგომარეობაში). რას ნიშნავს დომინანტი ვექტორი? ეს ნიშნავს, რომ ამ ვექტორების სურვილები ნებისმიერი სხვა ვექტორის სურვილებზე მძლავრია, ამიტომ არსებობის შემთხვევაში ისინი აუცილებლად არიან სცენარში (ვექტორების დომინანტობის შესახებ ახლო მომავალში აუცილებლად იქნება ცალკე ლექცია - ს.ღ).

  რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ორი ფსიქოტიპი ერწყმის ერთმანეთს? აქ ვხვდებით სამ ძირითად სცენარს: 1. როდესაც ურეთრა და სმენა თანაბრად არიან სიმბიოზირებულნი და ქმნიან ერთიან მონოლითურ კავშირს, რაც გვაძლევს ხარისხობრივად ახალ ფსიქოტიპს. 2. როდესაც ურეთრა დომინირებს სმენაზე. 3. როდესაც სმენა დომინირებს ურეთრაზე.

  პირველ შემთხვევაში ვიღებთ ურეთრალური და სმენითი ფსიქოტიპების სრულ სიმბიოზს, ერთმანეთში სრულ გახსნას. ეს უკვე აღარაა ცალკე აღებული სმენა, ან ურეთრალი. ხდება მათი თვისებების სრული შერწყმა და ვიღებთ ახალ, ერთი შეხედვით ორივე ფსიქოტიპის თვისებათა მატარებელ, მაგრამ მაინც სრულიად განსხვავებულ ტიპაჟს. ისევე როგორც სპილენძისა და კალის შენადნობი გვაძლევს სრულიად ახალ ლითონს - ბრინჯაოს. აქ ხდება ორივე ფსიქოტიპის გაერთიანება და მათი თვისებები ხდებიან ურთიერთშემავსებელნი. ურეთრალურ ბელადობას, ჯგუფზე პასუხისმგებლობას და ჯგუფის მომავალზე ორიენტირებას, ავსებს სმენური იდეები, აბსტრაქტული აზროვნება, ჯგუფის პოტენციალების აღქმა და იდეები მომავლიდან. ურეთრალ-სმენა სულიერი ბელადია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ის ბელადია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მეტაფიზიკურ პლანზეც. ის ქმნის რევოლუციურ იდეებს, შემდეგ კი თავადვე ხდება ამ იდეების დამნერგავი და ახდენს გარღვევებს სხვადასხვა სფეროში. 

  მეორე შემთხვევაში (როდესაც ურეთრა დომინირებს სმენაზე) ვიღებთ ინდივიდს, რომელიც უფრო ურეთრალურ რეალიზაციაშია წასული, ის პრინციპში შედგა ბელადად, მაგრამ მხოლოდ ურეთრალურად, თუმცა მისი სმენა ,,ჩაჩოჩებულია“. უყურებ ასეთ ადამიანს, ის კლასიკურ ურეთრალს გავს, ბელადია, აქვს ჯგუფზე პასუხისმგებლობა, გრძნობს არსებული მდგომარეობის რღვევის აუცილებლობასაც. მაგრამ სმენის ვექტორი თითქოს სადღაც დაიკარგა, თავს თითქმის არაფერში ავლენს. მაგრამ საკმარისია რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდეს, რომ სმენა მაშინვე იჩენს თავს. ოღონდ არა მასშტაბურობით, იდეოლოგობით, ან სხვა სმენური გამოხატულებით, არამედ ურეთრალის ქმედუნარიანობის შეზღუდვით. ერთი წუთის წინ ის მზად იყო ჯგუფს სათავეში ჩადგომოდა და გაძღოლოდა ახალი მომავლისკენ, ჯგუფი უკვე მზადაა, ყველა მას ელოდება, ის კი სადღაც ზეცაში იყურება თითქოს ნიშანს ღმერთისგან ელისო. ამ დროს ის რაღაცით წააგავს ,,გაშეშებაში“ ჩავარდნილ ანალს, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ის ანალივით მდგომარეობის ცვლადობამ კი არ გააქვავა, არამედ სმენურმა მეტაფიზიკურობამ, რომელმაც თავი წამოყო მაშინ, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო. წარმოიდგინეთ ურეთრალი, რომელი ომის ქარცეცხლშია ჩართული, ჯოგს მიუძღვის, მზადაა იერიშისთვის და უცებ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩერდება და ლოცვას, ბუტბუტს, ან საკუთარ თავთან საუბარს იწყებს. ეს მხოლოდ გაშეშება არაა, წლების მანძილზე მიძინებულმა, სადღაც კუნჭულში მიმალულმა სმენურობამ თავი სწორედ სტრესულ სიტუაციაში წამოყო. ამ მდგომარეობამ შეილძლება სრული კრახიც კი გამოიწვიოს.

  მესამე შემთხვევაში (როდესაც სმენა დომინირებს ურეთრაზე) ვიღებთ ორ შესაძლო ქვესცენარს: 

  ა) პროტესტის სცენარი: რაშია სხავობა ბელადისა და გამპროტესტებლის სცენარებს შორის? ბელადი შეიგრძნობს მომავალს და მიიწევს მისკენ, ყოველგვარი შიშისა და სირცხვილის გარეშე, ის ამსხვრევს ყველანაირ წინააღმდეგობას და ყურადღებას არ აქცევს სხვებს. ის ხედავს მომავალს და მიუძღვის ყველას ამ მომავლისაკენ. ის ურეთრალის ვექტორიანი კი რომელსაც პროტესტის სცენარი აქვს, ასევე ამსხვრევს რეალობას, მას ასევე შეუძლია დაანგრიოს არსებული რეალობა, მაგრამ სამწუხაროდ აღარ აქვს იმის ძალა, რომ ამ ნანგრევებზე რაიმე ახალი ააშენოს. მას პათოლოგიურად ეშინია პასუხისმგებლობის აღების. ურეთრალური ვექტორის ფუძე მომავალია, არც აწმყო და არც წარსული მას არ ეხება, ამიტომ არსებული რეალობის რღვევა ურეთრალის ბუნებრივი ფუნქციაა (მით უმეტეს ურეთრალ-სმენის), მისი ფუნქციაა გაარღვიოს არსებული ჩახავსებული მდგომარეობა. და შეიძლება მომავალ მდგომარეობასაც ხედავდეს, მაგრამ როგორ წავიდეს ამ მომავლისკენ, ეს უკვე აღარ იცის. ის უჯანყდება არსებულს, აქვს უკმარისობის გრძნობა, მაგრამ მიზნისკენ სწრაფვას ვერ ახერხებს. იგივე ემართება მის სმენასაც, ის ხედავს არსებულის არასაკმარისობას, მთელი არსებით განიცდის, ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, მაგრამ არ იცის კონკრეტულად რა და როგორ. და რაც მთავარია: იმის მაგიერ, რომ თავად შექმნას ახალი იდეა და ჯგუფს მომავლისკენ წაუძღვეს, პროტესტის სცენარში მყოფ ურეთრალ-სმენას აქცენტი სხვებზე გადააქვს, მოითხოვს, რომ თითოეულმა აიღოს პასუხისმგებლობა, ყველამ, მის გარდა. თუ კითხვავთ, ის იტყვის, რომ უკვე ყველაფერი სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რადგან მოძრაობა და შეცვლა არავის სურს. რეალობა კი ისაა, რომ მას ეშინია ყველაფრის საკუთარ თავზე აღების და პასუხისმგებლობის ტვირთი სხვებზე გადააქვს. 

  ბ) მუდმივად ცვლადი მდგომარეობა: ეს ძალზე რთული და ყველა დანარჩენზე არასტაბილური სცენარია, რადგან აქ ვხვდებით ხშირ მერყეობას სმენურ და ურეთრალურ მდგომარეობებს შორის. ის იმდენად განსხვავებულად ავლენს თავს, თითქოს მასში ორი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობსო (არ აგერიოთ ეს პიროვნების გაორებაში, რომელსაც ასევე სმენის ვექტორში ვხვდებით, მაგრამ სრულიად სხვა კომბინაციასა და მდგომარეობაში. პიროვნების გაორების დროს, ინდივიდის ,,მეებმა“ ერთიმეორის შესახებ არაფერი იციან. აქ კი მდგომარეობის რადიკალური ცვლა ხდება მყისიერად, თუმცა ინდივიდს უწყვეტი ცნობიერება აქვს და არც ორი სხვადასხვა ,,მეა“ მასში. ის უბრალოდ მდგომარეობას იცვლის). ერთმანეთს ცვლის ურეთრალური ,,აწყვეტა“ და სმენური ღრმა დეპრესია. ის წევს, დეპრესიაშია, რამოდენიმე კვირაა საწოლიდანაც კი არ ამდგარა, უცებ ყველაფერი მთავრდება, ფეხზე დგება, იწყებს სრული სისავსით, სრული აწყვეტით ცხოვრებას. დალევა გათიშვამდე, პარტნიორების უკონტროლო ცვლა (ან ერთდროულად რამოდენიმე პარტნიორი), ნარკოტიკებში ჩაძირვა, სრული სიგიჟე ირგვლივ. შემდეგ ასევე უეცრად ყველაფერი სრულდება, ისევ მოდის მტანჯველი სმენური კითხვები: რა საჭიროა ყოველივე ეს? რა ხდება ჩემს თავს? ვინ ვართ ჩვენ და რა ჯანდაბად გვინდა ეს ყველაფერი? საშინელი მდგომარეობაა, წინ მოდის, სმენის ვექტორის უღრმესი დეპრესია. ეს არ ჰგავს სხვა ვექტორების სევდას, ან სხვა კომბინაციაში მყოფი სმენის დეპრესიას, ის არაა სხვა ვექტორით დამძიმებული, ეს ნამდვილი სმენის ვექტორის დეპრესიაა, ასევე სრული სისავსით და სმენის ვექტორის სრული ვნებით. ამ მდგომარეობამდე მისული ურეთრალ-სმენები ხშირად გადაეშვებიან ხოლმე სხვადასხვა რელიგიებსა თუ სულიერ სწავლებებში, ცდილობენ ამით მაინც გაიყუჩონ სმენური უკმარისობით მოსული საშინელი სულიერი ტკივილი, რომელიც შიგნიდან ჭამს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. უცნაური ის არის, რომ ამ დროს ურეთრალური ვექტორი მასში სრულიად არ ვლინდება, თითქოს ერთვექტორიანი სმენაა და არცერთი სხვა ვექტორი არ ერთვის. ამ დროს მასში ვერ აღმოაჩენთ ურეთრალური ბელადის ვერანაირ მახასიათებელს. მაგრამ ამ მდგომარეობამ არ მოგატყუოთ, ურეთრა მასში მხოლოდ მიძინებულია და ელოდება თავის რიგს. რაღაც ეტაპზე მთელ ამ სულიერ წიაღსვლებს ეშმაკებთან გაუშვებს და ისევ ურეთრალურად აიშვებს თავს: სმა, ნარკოტიკები, ბრძოლები... თითქოს სმენის ვექტორი ვიღაცამ წაუშალაო, მაგრამ გადის დრო და ისევ იგივე მეორდება. 

 ურეთრალური და სმენის ვექტორების კომბინაციებზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ ისეთი მოვლენა, როგორიცაა პოეზია. პოეზია თავისი პირველადი არსით სწორედ ურეთრალ-სმენურია. პოეზია ესაა იდეებისა და სიტყვების გაერთიანებული სამეფო. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ნაწარმოებები, რელიგიური ტექსტები (ვედები, თორა, გილგამეშიანი, შუმერული ეპოსი, კალევალა) თუ ლიტერატურული ნაშრომები სწორედ პოეზიის სახით დაიბადა. სმენის ვექტორმა სამყაროს არსის აღწერა სცადა სიტყვებით, მაგრამ ეს არ იყო უბრალო, ორალური ყოფითი საუბარი. ეს იყო ურეთრალურ გარღვევასთან შერეული სინთეზი, სიტყვათა მაღალფარდოვანი, არსის ამსახველი გამოვლინება, სადაც თითოეული სიტყვა არა მხოლოდ მარტივ ფიზიკურ სურვილებს (ჭამა, ძილი, გამრავლება და ა.შ.), არამედ აბსტრაქტულ ცნებებს აღნიშნადა და ახდენდა სამყაროს მეტაფიზიკურ არსის ცნებებით მატერიალიზაციას (სახელგანთქმული პოეტების უმრავლესობა: შექსპირი, რუსთაველი, გალაქტიონი, ბაირონი, შილერი, ნოვალისი, ბლოკი, სწორედ ურეთრალ-სმენები იყვნენ). იქმნებოდა პოეტურ სიტყვათა სამეფო, სადაც შექმნილი პოემები არა მხოლოდ გარითმული სიტყვები, არამედ მჭიდროდ აწყობილი სამყაროსეული ჰემატრიები იყო. მოგვიანებით, ანალური ეპოქის მომძლავრებასთან ერთად გამოვლინდა პოეზიის მეორე ანალ-ურეთრალ-სმენური სახე - სარაინდო-სამიჯნურო პოეზია, უფრო გვიან დაიბადა პოეზიის ანალ-სმენური სახეობა, პოეზია პატრიოტიზმის სამსახურში. კანური ფაზის შემოსვლასთან ერთად, პოეზიამ კან-ვიზუალური გამოვლინებაც ჰპოვა და რომანტიკული პოეზიის სახით.

 ურეთრალ-სმენის განხილვისას საჭიროა რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ ურეთრალ-სმენა მდედრს და მის განსხვავებას ურეთრალ-სმენა მამრისაგან, რაც ძირითადად ანალური ეპოქის გავლენით ფორმირებული არქეტიპის შედეგია. ფუნქციურად არც სმენის და არც ურეთრალურ ვექტორებში მდედრსა და მამრს შორის სხვაობა არ არსებობს (მით-უმეტეს ურეთრალ-სმენასთან), თუმცა არის ერთი დეტალი: ანალურ ფაზაში მმართველობა ხდებოდა ანალური ვექტორის ფასეულობებით. ანალის ვექტორიანები კი მდედრს მამრზე დაბლა მდგომ არსებად თვლიან, შესაბამისად ანალურ ფაზაში მოხდა ქალის როლის დაკნინება და ქალებს არ ეძლეოდათ კაცის თანაბრად რეალიზაციის საშუალება. ამის გამო სულიერი ბელადების და გასულიერებული სმენების უმრავლესობა ანალურ ფაზაში სწორედ კაცები იყვნენ. სმენა მდედრმა კი განვითარების სულიერი დონე შეიძინა მხოლოდ ანალური ფაზის მეორე ნაწილში, როდესაც ანალურის პარალელურად მოხდა ვიზუალური ფასეულობების გამოვლენა. რეალურად როდესაც საუბარია ურეთრალ-სმენა მდედრზე, მისი ფუნქციის ზუსტად თქმა ცოტა რთულია, რადგან სრული სისავსით ეს ფუნქცია ჯერაც არაა გამოვლენილი (ურეთრალ-სმენა მდედრზე სვფ-ს ქართული ჯგუფი ცალკე ლექციას ამზადებს, სადაც განხილული იქნება ურეთრალ-სმენა მდედრი, მისი არსი, გამოვლინებები და ისტორიული როლი და ა.შ. - ს.ღ.). როდესაც საქმე ეხება ურეთრალურ ვექტორს მდედრში ეს მუდმივი ომის მდგომარეობაა, ქალის სხეულში (მშვიდობის ფუნქციაში) მოქცეული, ამას ემატება სმენური აბსოლუტური ალტრუიზმი და სამყაროსეული მასშტაბები, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ურეთრალ-სმენა მდედრი არის მდედრი სამყაროს მასშტაბებით, სამყაროს არსის ძიება და ჯგუფის ბელადობა შერწყმული მდედრის სხეულში. ამასთან ურეთრალ-სმენა მამრისაგან განსხვავებით უფრო შერბილებული ეგოთი. სად არიან დღეს ურეთრალ-სმენა მდედრების უმეტესობა? მათი უმეტესობა რეალიზდება კულტურის, სპორტის, ხელოვნებისა და მუსიკის სხვადასხვა დარგებში (ზემფირა, მარი ბოინე, მადონა, პუგაჩოვა, ჯოდი ფოსტერი, ტილდა სუონი). ურეთრალ-სმენა მდედრი არის ადამიანი, რომელიც აზროვნებს ერთიანი კატეგორიებით. თუ ფუნქციურად შევხედავთ ურეთალ-სმენა მდედრის ფუნქცია ასევე გარღვევის მოხდენაა, მაგრამ ამასთანავე, ის ატარებს მშვიდობის მდგომარეობასაც, ამიტომ მის მიერ მოხდენილი გარღვევა ბევრად უფრო რბილი მეთოდებით ხდება და არ არის ურეთრალ-სმენა მამრივით ხისტი. თუ აწმყოს შევხედავთ ურეთრალ-სმენა მდედრები უფრო ხშირად არსებულ იდეებს მიყვებიან და თავად იშვიათად თუ ახდენენ იდეურ გარღვევებს, თუმცა ეს ანალური ეპოქის არქეტიპულ გადმონაშთად უფრო უნდა ჩაითვალოს, ვიდრე ფუნქციურ უუნარობად. ანალურ ეპოქაში ურეთრალ-სმენა მდედრები იშვიათად ახდენდნენ რეალიზებას და როცე ეს ხდებოდა, ძირითადად ხდებოდა ურეთრალური რეალიზაციით: ფარაონი ჰატშეფსუტი, ჟანა დარკი, მულანი, ბელ დრამონდი (მეკობრე ქალი). თუმცა იყვნენ იშვიათი გამონაკლისებიც, რომლებმაც მეტ-ნაკლებად შეძლეს ურეთრალ-სმენურად რელიზებაც: ჰიპათია ალექსანდრიელი, კამილა კლოდელი, ამელია ერჰარდი, ჯეინ გუდოლი, კომაკი კიმურა. თუმცა ანალურ ეპოქაში უმეტეს შემთხვევებში ურეთრალ-სმენა მდედრები ან არარეალიზებულნი რჩებოდნენ, ან მათ ფიზიკურად ანადგურებდნენ, რადგან ანალური ფასეულობისთვის მიუღებელი იყო მდედრი, რომელიც კაცებს ბელადობდა, მითუმეტეს მიუღებელი იყო მდედრი სულიერი ბელადის რეალიზაციით. 

 

ურეთრალ-სმენა ორალით

  როდესაც ვსაუბრობთ ურეთრალ-სმენაზე ორალით, აქ გასათვალისწინებელია ორალური ვექტორის უზარმაზარი ცხოველური ენერგია. სწორ რეალიზაციაში ორალური ვექტორი ურეთრალ-სმენას ვერბალური ინტელექტით, სიტყვების საოცარი გამოყენების უნარითა და ენერგიით ამდიდრებს. ორალური ვექტორი ბევრი რამით წააგავს ურეთრალურ ვექტორს, მასავით ენერგიულია, მასავით მოუთოკავი, ორივეს უშრეტი ენერგია და ცხოველური სიმძლავრე აქვს. როდესაც ეს ორი ვექტორი სიმბიოზირდება, ისინი ქმნიან უძლიერეს კავშირს. ბელადი ორატორული თვისებებით, ბელადი, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი ვნების ძალით შეუძლია აიყოლიოს ჯგუფი, არამედ შეუძლია ეს ვნება გამოხატოს ვერბალურად და თავისი სიტყვა ჯგუფის თითოეულ წევრთან მიიტანოს, თუმცა არის მეორე მხარეც: როდესაც ურეთრალ-სმენას ერთვის ორალი, ამ დროს ურეთრალი და ორალი აერთიანებენ უზარმაზარ ენერგიას და მოუთოკავ ვნებას, შედეგად კი ხშირად ვიღებს სმენის გვერდით ,,ჩაჩოჩების“ ეფექტს და ინდივიდი ხდება არა ურეთრალ-სმენა, არამედ ურეთრალ-ორალი, რომლის სმენაც ან დათრგუნულია, ან სხვა ვექტორის მდგომარეობაში იმყოფება.

 

ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  როდესაც ურეთრალ-სმენას ერთვის ვიზუალი, კარგ შემთხვევაში ვიღებთ ურეთრალ-სმენას, რომლის რევოლუციონერობა, მასშტაბურობა, ჯგუფზე პასუხისმგებლობა და აბსტრაქტული ხედვა გამდიდრებულია ვიზუალური ვექტორის კულტურით, ინტელექტითა და მზრუნველობით. ურეთრალ-სმენა ვიზუალით, ზრუნავს და პასუხისმგებლობას იღებს არა მხოლოდ ჯგუფზე, როგორც მთლიან ორგანიზმზე, არამედ მის თითოეულ ინდივიდზეც. ვიზუალი მატებს ურეთრალ-სმენას წარმოსახვის უნარს, უმდიდრებს ფანტაზიებს, ამასთან მის ,,აწყვეტილობას“ და მატერიისგან გაქცევის სურვილს რამდენადმე არბილებს. 

  თუმცა ამ კომბინაციაში არის ერთი გავრცელებული პრობლემა: ხშირად ურეთრალ-სმენაზე ვიზუალის დართვისას ვიღებთ იმის საწინააღმდეგო ეფექტს, რაც ორალის დართვისას იყო. კერძოდ: სმენაც და ვიზუალიც ინფორმაციული მეოთხედის ვექტორებია, ორივე მიდრეკილია ინფორმაციის მიღების, გადამუსავების და ინტელექტუალურ სიბრტყეში აყვანისაკენ. ვიზუალი ქმნის ხელოვნებას, კულტურას, მორალს და ამზადებს საფუძველს სმენის იდეებისათვის. როდესაც ეს ორი ვექტორი თავს იყრის ერთ ინდივიდში, ისინი ქმნიან ერთიან ბაზას და ხშირად ერთმანეთში სრულად იხსნებიან. როდესაც ურეთრალ-სმენას ერთვის ვიზუალი, ხშირად სმენა და ვიზუალი ერთიანდებიან და ურეთრალური ვექტორის ოდნავი დაზიანების შემთხვევაშიც კი ერთიანი ძალით ახდენენ ურეთრალურ ვექტორზე დომინაციას. ასეთ დროს ყველაზე ხშირად ვიღებთ ზემოთ აღწერილ პროტესტის სცენარს, იმ განსხვავებით, რომ ორმაგი წნეხის ქვეშ მოქცეული ურეთრალური ვექტორი ბევრად მეტადაა ზეწოლისგან გასრესილი (თუ ამ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდს ერთვი ანალური ვექტორიც, მაშინ ურეთრალური ვექტორი შეიძლება სცენარიდან საერთოდ ამოვარდეს და ინდივიდი ანალ-სმენის სცენარზე გადაერთოს).

  თუ ურეთრალ-სმენა ვიზუალით იმყოფება პროტესტის სცენარში, ხოლო ვიზუალში აქვს შიშის მდგომარეობა (ან მისი წინაპირობა) შეიძლება მდგომარეობა იმდენად გართულდეს, რომ მივიღოთ ბიპოლარული აშლილობა, რაც სხვანაირად ცნობილია როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი (აშლილობა იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვალებადობას, რომელიც გამოხატულია ემოციური მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდებითა და დეპრესიით. დეპრესიის დროს, ადამიანი უიმედობის განცდითაა შეპყრობილი და ვერ იღებს სიამოვნებას ცხოვრებისეული აქტივობებისაგან. როცა განწყობა პირიქით, ამაღლებულია, ადამიანი ეიფორიასა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. განწყობის ცვლილებები ბიპოლაური აშლილობის დროს შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე ან ძალიან ხშირად, კვირაში რამდენჯერმეც კი მოხდეს). 

  დაზიანებულ ურეთრალ-სმენებში, რომლებსაც ერთვით ვიზუალური ვექტორი, ხშირია სუიციდური კომპლექსი. არარანჟირებული ურეთრალ-სმენა მუდმივად გახლეჩილია ამ ორი ვექტორის სურვილებს შორის, ამას ერთვის არარეალიზებულობისაგან გამოწვეული საშინელი შინაგანი ტკივილისა და სიცარიელის განცდა. ამიტომ ის საკმაოდ ხშირად ფიქრობს, თვითმკვლელობაზე, როგორც მატერიისაგან და ამ ტკივილისაგან თავის დაღწევის საშუალებაზე. როდესაც სცენარში ერთვება ვიზუალიც, ურეთრალ-სმენას კიდევ უფრო უჭირს დამიწება და რაიმე ფიზიკურ რეალიზაციაზე კონცენტრირება. ვიზუალის ფანტაზიები კი ასეთ დროს მეცნიერული, ან სამხატვრო თვითგამოხატვის მაგიერ, თვითმკვლელობის საშუალებათა ძიებას ხმარდება. თვითგანადგურების სურვილები, ნარკომანია, ფსიქოზი ეს მხოლოდ შესავალია მისი თვითგანადგურების გზაზე. თუ ურეთრალ-სმენა თვითგანადგურების გზას ადგას, მისი შეჩერება და ცხოვრებისკენ სემობრუნება წარმოუდგენლად რთულია.

                                                                                                     

ურეთრალ-სმენა ყნოსვით

  როდესაც ურეთრალ-სმენას ერთვის ყნოსვა, ვიღებთ სამი დომინანტი ვექტორის სიმბიოზირებას. ამ დროს გვაქვს სამი ძირითადი და რამოდენიმე ქვესცენარი: 

1.      ურეთრალ-სმენა ყნოსვით. რაც თავის მხრივ გვაძლევს სამ ქვესცენარს: ა) როდესაც ურეთრალი და სმენა იდეალურად ერწყმიან ერთმანეთს. აქ ვიღებთ სულიერ ბელადს, რომელიც გამდიდრებულია ყნოსვის ინტუიციით, სტრატეგიულობით და სხვა ადამიანების სურვილების წვდომის უნარით.  ბ) როდესაც ურეთრა დომინირებს სმენაზე. ამ დროს ვიღებთ ,,აწყვეტილი ურეთრალის“ სცენარს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ყნოსვის წყალობით, ის სხვა ამგვარ სცენარში მყოფ ურეთრალებზე ბევრად სიცოცხლისუნარიანია და ადვილად არ ,,იტეხს კისერს“. გ) როდესაც სმენა დომინირებს ურეთრალზე. აქ ვიღებთ ზემოთაღწერილ პროტესტის, ან ურეთრალიდან სმენაში მონაცვლეობის სცენარს. თუმცა ყნოსვის ვექტორს აქაც შეაქვს საკუთარი კორექტივები. თუ ამ სცენარის ურეთრალ-სმენა (ყნოსვის გარეშე), უკონტროლოდ გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ყნოსვის ვექტორის არსებობის შემთხვევაში, ყნოსვა ამ სცენარს რამდენადმე ანეიტრალებს. იმის მაგიერ, რომ ირგვლივ ყველაფერი გაანადგუროს, ის უბრალოდ სცნარს იცვლის და ურეთრალ-ყნოსვა ხდება, სტაბილიზაციის შემდეგ კი კვლავ უბრუნდება ურეთრალ-სმენის სცენარს.

2.      ურეთრალ-ყნოსვა სმენით. პრინციპში ძირითადი გამოხატულებით ეს თითქმის ჩვეულებრივი ურეთრალ-ყნოსვაა, იმ განსხვავებით, რომ სმენის ვექტორი დგას ყნოსვური ინტუიციისა და ურეთრალური ბელადობის სამსახურში და მათ აბსტრაგირების უნარს და უფრო ფართე ხედვას მატებს (ურეთრალ-ყნოსვის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ლექცია ,,ყნოსვის ვექტორი კომბინაციებში“ მესამე ნაწილი). 

3.      როდესაც ყნოსვა და სმენა ერთმანეთს ანეიტრალებენ (ამ დროს ვერცერთი ვერ ახერხებს დომინირებას). ა) თუ მათ გარდა ურეთრალს არ ერთვის სხვა ზედა ვექტორი, ამ დროს ვიღებთ მეტისმეტად აწყვეტილ და სრულიად დაუბალანსებელ ურეთრალს. ბ) თუ ამ შემთხვევაში ურეთრალს ყნოსვის და სმენის გარდა ერთვის ვიზუალი, ის ხდება ურეთრალ-ვიზუალი, თუმცა სხვებზე უფრო ექსცენტრული. ამ სცენარის ადამიანები ხშირად რეალიზდებიან ხელოვნებაში. გ) თუ ამ შემთხვევაში ურეთრალს ყნოსვის და სმენის გარდა ერთვის ორალი, ის ხდება ურეთრალ-ორალი, რომლის ურეთრალური აწყვეტილობა გაძლიერებულია ორალური სიმხეცით. ასეთები ხშირად იმდენად იწყვეტენ, რომ სიცოცხლეს ციხით ასრულებენ, ან თავისივე ატეხილ ჩხუბში კლავენ.

 

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია

  • სმენური ბავშვის სოციალიზაცია

  • სმენის ვექტორიანი მოზარდობისას

  • ურეთრალ-სმენური სუიციდალური კომპლექსი

  • ნუთუ თავი უნდა მოვიკლათ

  • ყნოსვითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (ანალ-ყნოსვა სმენით)

  • სმენის ვექტორიანების იერსახე

  • საიდან ჩნდება სურვილი ვუსმინოთ მუსიკას?