ენერგო ვამპირიზმი - ვექტორული მიმოხილვა
ენერგო ვამპირიზმი - ვექტორული მიმოხილვა
ამ სტატიაში ვეცდებით სისტემურად და ფსიქოლოგიურ ჭრილში განვიხილოთ ენერგო-ვამპირიზმის ცნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ასპექტში ვექტორული ფსიქოლოგია მოცემულ მოვლენას ყველაზე დეტალურ და დიფერენცირებულ აღწერას უკეთებს.
ხშირად სიტყვა ენერგო-ვამპირის ხსენებაზე, განსაკუთრებით ვიზუალები, წარმოიდგენენ ხოლმე „სისხლისმწოველ“ დემონურ არსებას, რომელიც ცდილობს განზრახ გამოწუროს მსხვერპლს ენერგია. შესაძლოა ასეთებიც არსებობენ, მაგრამ რეალურად მიზეზები გაცილებით უფრო ბანალურია და ელემენტარულ ფსიქოლოგიას არ სცდება. ზოგადად, ენერგო-ვამპირი ხდება ის ადამიანი, რომელიც თავის კონკრეტულ ვექტორებში აუვსებელია: განუვითარებელია ან არარეალიზებულია (ან ორივე ერთად), ან რა თქმა უნდა ძლიერი სტრესის ქვეშაა. განვითარებული და ბუნებრივად რეალიზებული ადამიანი ბედნიერია, და სხვა ადამიანების „ჭამას“ არ საჭიროებს, და ხშირად პირიქით - ენერგო-დონორსაც წარმოადგენს (ადეკვატურობის ფარგლებში).
პირველ რიგში დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რომელი ვექტორები არიან განსაკუთრებულად მიდრეკილნი ენერგო-ვამპირიზმისკენ და როგორ ვლინდება ეს. აქვე ავღნიშნავთ, რომ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა გაუცნობიერებელი ენერგო-ვამპირიზმის შემთხვევებია. ხოლო თუ ადამიანი კარგად აცნობიერებს ამ ყველაფრის მექანიზმს (ფსიქოლოგიური ან ენერგეტიკული კუთხით) და მაინც განზრახ აკეთებს ამას - ეს უკვე გაცნობიერებული ენერგო-ვამპირიზმია.
ენერგო-ვამპირიზმი კანის ვექტორში
კანური ენერგო-ვამპირიზმის დროს ადამიანი ცდილობს შემოიჭრას თქვენს პირად სივრცეში, ცდილობს შეაფასოს თქვენი ყველა სახის რესურსი. გეკითხებათ: „სად მუშაობ?“, „რამდენი გაქვს ხელფასი?“, „რა თანამდებობაზე ხარ“? „რა მანქანა გყავს“? „რამდენი გადაიხადე ამა თუ იმ ქონებაში“? ასევე მისგან იგრძნობა ღიად გამოხატული შური. ზოგადად კანის ვექტორს ყველა შემთხვევაში შურს, მაგრამ კონსტრუქციული შური კანის ვექტორში „თეთრ შურად“ იწოდება, ხოლო დესტრუქციული - „შავად“. შავი შურის შემთხვევაში კანის ვექტორიანი ხვდება, რომ ვერ დაგეწევათ რანგით, ამიტომ თქვენი დაკნინების ხარჯზე ცდილობს რომ გაგითანაბრდეთ, ხოლო ჯანსაღ შემთხვევაში კანის ვექტორიანი თვითონ ცდილობს იმდენად განვითარდეს, რომ დაგეწიოთ, და ეს კანის ვექტორისთვის ჯანსაღი და ნორმალური მდგომარეობაა.
თუ ენერგო-ვამპირი კანის ვექტორიანი რანგით თქვენზე მაღლა აღიქვამს თავს, მაშინ იგი ცდილობს დაგამციროთ, ხშირად უსვამს ხაზს, რომ თქვენზე მეტი ხელფასი აქვს, თქვენზე მაღალი რანგი აქვს, თქვენზე მაგარი მანქანა ყავს და ა.შ.
ასევე კანის ვექტორიანის ენერგო-ვამპირიზმი გამოიხატება აქტიურად გამოხატულ კონტროლის სურვილში. იგი ცდილობს ყველაფერში გაკონტროლოთ, მითუმეტეს თუ ამის საშუალება ეძლევა. გინახავთ ალბათ კანის ვექტორიანი მშობელი, რომელიც ყველაფერში აკონტროლებს ბავშვს: „ეს არ ჩაიცვა! ეს არ ჭამო! ეს ჭამე! იქ არ წახვიდე! ამ დროს მოდი! იმასთან არ გაიარო! კუთხეში დადექი! გარეთ არ გაგიშვებ! არ ითამაშებ!.. და ა.შ. იგივე მექანიზმია მაშინ, როცა მაგალითად სამსახურში უფროსი ხელქვეითების კონტროლირებას ცდილობს - მათი დაკნინების ხარჯზე, და განვითარების საშუალებას არ აძლევს მათ. განსაკუთრებით ასეთი ენერგოვამპირიზმი ვლინდება ისეთ კანის ვექტორიანებში, რომლებსაც თავხედის სცენარი აქვთ (ანუ საკუთარ თავს რეალურ ტემპერამენტზე და შესაძლებლობებზე მაღლა აღიქვამენ). ასეთი კანის ვექტორიანები ასევე ცდილობენ, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ თქვენგან, და თვითონ ნაკლებად მოყვნენ საკუთარ თავზე, რადგან ინფორმაციაც რესურსია (თუ რა თქმა უნდა სცენარში კანთან ერთად ორალური ვექტორი არაა. ასეთებზე მოგვიანებით...).
ენერგო-ვამპირიზმი ანალურ ვექტორში
ანალურ ვექტორში ენერგო-ვამპირიზმი ვლინდება ძირითადად სადიზმის მდგომარეობის დროს. ასეთი ადამიანი ფსიქოლოგიური მოძალადეა. მას შეუძლია რეგულარულად „გიბურღოთ“ ტვინი და ამისთვის ნებისყოფა ეყოფა. ისინი ცდილობენ დაგამცირონ, პირველ რიგში თქვენი ხარისხის დაკნინებით (განსხვავებით კანებისგან, რომლებიც რანგზე „გირტყამენ“), ფასეულობებზე და ავტორიტეტებზე დარტყმით. მთავარი განსხვავება კანის ვექტორის და ანალური ვექტორის მქონე მოძალადეებს შორის ისაა, რომ კანის ვექტორიანი ძალადობს დროის და სივრცის შეზღუდვით, აკრძალვით, კონტროლით, ანალური ვექტორი კი - ზეწოლით, დათრგუნვით. განსაკუთრებით ხშირად ახასიათებთ განუვითარებელი ან დასტრესილი ანალური ვექტორის მქონე მამაკაცებს - ქალების დამცირება. ასევე მათი, ვინც მათ თვალში „ვაჟკაცურად“ და „ღირსეულად“ არ გამოიყურება.
ანალური ენერგო-ვამპირიზმის ხშირი შემთხვევაა ასევე თქვენში დანაშაულის შეგრძნების გამოწვევა - ე.წ. „დანამუსება“. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ენერგო-ვამპირი ანალი თქვენზე ზრუნავს, მაგრამ ეს მზრუნველობა როგორც წესი თავსმოხვეულია, და რაც მთავარია, ამ მზრუნველობის გამო იგი საპასუხო რეაქციას ელის, და როცა ვერ ღებულობს, განაწყენებული რჩება. ხშირად იგი სწორედ ამის გამო იწყებს თქვენს დანამუსებას.
ასევე განაწყენებისკენ და შესაბამისად დადანაშაულებისკენ აქვს მიდრეკილება ანალურ ვექტორს მაშინ, როდესაც „ჭკუას გარიგებს“ და არ უსმენ, ან რაღაცის ლაპარაკს იწყებს და აწყვეტინებ. ბუნებრივია ეს ყველაზე მეტად დროის და ენერგიის დაკარგვა კანებისთვისაა, და ამ შემთხვევაში მსხვერპლის როლში ძირითადად კანები გამოდიან ხოლმე.
ანალური ენერგო-ვამპირიზმის ხშირი ფორმაა - კრიტიკა. მათ შეუძლიათ უწვრილმანესი დეტალების გამო გაგაკრიტიკონ, დაგიზუსტონ, ჩაგიზუსტონ, ჩაგეკითხონ და „კარგა გვარიანად მოგიშალონ ნერვები“. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს მათი ფუნქციიდან - ყველაფერში დაიცვან მაღალი ხარისხი, სიზუსტე და სისუფთავე, მაგრამ ზოგჯერ ეს პათოლოგიურ ფორმას იღებს ხოლმე. ამის მეორე უკიდურესობაა - ანალი „ბინძურ“ მდგომარეობაში. ასეთი ანალები იმით არიან ენერგო-ვამპირები, რომ ცდილობენ გარშემო ყველაფერი დააბინძურონ. განსაკუთრებით ორალურ ვექტორთან ერთად - ამას ტროლინგი ეწოდება.
კუნთის ვექტორში და ურეთრალურ ვექტორში ენერგო-ვამპირიზმი, როგორც ასეთი არ გვხვდება. კუნთის ვექტორს თავისი პირადი მე საერთოდ არ გააჩნია, ურეთრალური ვექტორი კი ბუნებრივადაა ენერგო-დონორი და თუ მაინცდამაინც მის რისხვას არ გამოიწვევთ, ენერგიის წამრთმევად ვერ განიხილება.
ენერგო-ვამპირიზმი ორალურ ვექტორში
ორალები ცნობილი ენერგო-ვამპირები არიან - განსაკუთრებით სმენებთან და ვიზუალებთან მიმართებაში. ისინი აბსოლუტურად გირღვევენ პირად სივრცეს, ხმაურობენ, ყაყანებენ, „ტვინს ბურღავენ“, დაგცინიან, თქვენს ნაკლოვანებებს სახალხო დაცინვის ობიექტად აქცევენ, სასაცილო მეტსახელებს გარქმევენ...
სკოლებში ბულინგს ყველაზე ხშირად სწორედ ორალები მიმართავენ. ახასიათებთ ბილწ-სიტყვაობა (განსაკუთრებით „ბინძურ“ მდგომარეობაში მყოფ ანალურ ვექტორთან ერთად). კან-ორალები ცდილობენ, რომ დაგამცირონ, ხაზი გაუსვან თავიანთ უპირატესობას არა მხოლოდ კანური რანგის თვალსაზრისით, არამედ ორალური ვერბალური დამცირებითაც.
ორალური ენერგო-ვამპირიზმისგან თავის დაცვა ძნელია, რადგან ისინი ადვილად ამჩნევენ, თუ არ უსმენთ, და ყველა საშუალებით ცდილობენ, რომ მოუსმინოთ. უფრო მეტიც, სწორედ ისინი, ვინც ჯგუფის ერთიანობისგან გამოყოფილნი არიან, მათთვის არასაინტერესო საუბარს იგნორირებას უკეთებენ და თავისთვის სადღაც ღრუბლებში დაფრინავენ - ხდებიან ხოლმე ორალების მსხვერპლნი. მათი იგნორირება ძალიან რთულია, ამიტომ მათგან თავის დაცვის გზა ორია: ან უბრალოდ გაეცალოთ, ან თქვენ თვითონაც საპასუხოდ იძალადოთ მასზე, თუმცა თუ კარგად განვითარებული ორალური ვექტორი არ გაქვთ, მისივე მეთოდით ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ.
ენერგო-ვამპირიზმი ყნოსვის ვექტორში
ყნოსვის ვექტორს ენერგო-ვამპირად ვერ განვიხილავთ. იგი არ ცდილობს თქვენგან ენერგიის აღებას, იგი თქვენს ენერგიას თავისთვის სასურველი მიმართულებით წარმართავს. ანუ ყნოსვის ვექტორიანი მანიპულატორია, და არა კლასიკურად ენერგო-ვამპირი. და მისი ფუნქცია არის კიდეც, რომ ფარული ძაფებით მართოს. რა თქმა უნდა, თუ ამას დესტრუქციული ფორმა აქვს, ეს ჯგუფისთვისაც და პირადად თქვენთვისაც საზიანო იქნება. და ასევე ცუდია, როცა ყნოსვური არაცნობიერი მმართველობის ქვეშ სმენა ექცევა, თუმცა თუ სმენა დესტრუქციულია, საჭიროცაა, რომ იგი ყნოსვურმა ზომამ გააკონტროლოს, და ამასაც ვერ ჩავთვლით ენერგოვამპირიზმად.
მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუნთის, ურეთრალური და ყნოსვის ვექტორები არ წარმოადგენენ ენერგო-ვამპირებს, და ასევე პირიქით - ისინი თითქმის არასოდეს ხდებიან ენერგოვამპირიზმის მსხვერპლნი (თუ სხვა თანდართული ვექტორით არ მოხდა ენერგიის გადინება).
ენერგო-ვამპირიზმი ვიზუალურ ვექტორში
საუკეთესო გამოვლინებებში ვიზუალი ყველაზე დიდი ენერგო-დონორია, ამით იგი მოტივატორის როლს ასრულებს სხვა ვექტორებისთვის, თანაუგრძნობს მათ და ეხმარება სტრესების დაძლევაში, მაგრამ როცა ვიზუალი განუვითარებელია, ან თუნდაც განვითარებულია, მაგრამ ძლიერ სტრესშია, იგი ენერგო-ვამპირი ხდება. განუვითარებლობის შემთხვევაში იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენი ყურადღების ენერგია შთანთქოს - ყველა სახით და ყველა ფორმით: დემონსტრაციულობით (მათ შორის სიშიშვლის), ცდუნებით, ემოციური მანიპულაციებით და ა.შ. ხოლო სტრესის შემთხვევაში, განსაკუთრებით გართმევთ ენერგიას იმით, რომ ითხოვს ზრუნვას, სითბოს, სიყვარულს. ვიზუალს ბუნებრივად სჭირდება ამ ყველაფრის როგორც გაცემა, ისე მიღება, მაგრამ სტრესის ან განუვითარებლობის შემთხვევაში იგი გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე გასცემს.
ვიზუალური ენერგო-ვამპირიზმის ყველაზე გავრცელებული და მსუბუქი ფორმაა წუწუნი, თუ რა ცუდადაა, როგორ არ გაუმართლა ცხოვრებაში, როგორი იდიოტები, „გოიმები“ და უვიცები არიან გარშემო, და როგორ არ უმართლებს სიყვარულში, ასევე ქვეცნობიერად თვითონვე იწვევს ავადმყოფურ მდგომარეობებს, რომ შემდეგ სხვებმა თანაუგრძნონ და იზრუნონ მასზე. უფრო რთულ შემთხვევებში ასეთი ვიზუალი ხდება ისტერიული, მართავს სკანდალებს და ისტერიებს, ხდება „დრამის დედოფალი“ (Drama-Queen). იგი ყველა შესაძლო ფორმით გაიძულებთ, რომ ენერგია მისცეთ, თან იმდენად ძლიერად, რომ იგნორირება თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით კარგად ეს გამოსდით კან-ორალ-ვიზუალებს.
თუ ავიღებთ, მაგალითად, კან-ვიზუალ მსახიობებს, ისინი რაღაც კუთხით თითქოს ენერგო-ვამპირები არიან, მაგრამ კარგი მსახიობი სწორად აკეთებს უკუკავშირს მაყურებელთან და თვითონაც გასცემს ენერგიას ემოციების და სხვა ფასეულობების სახით, მაგრამ უნიჭო მსახიობები, რომლებიც მხოლოდ ყურადღების მიპყრობაზე არიან აქცენტირებულნი, უკვე რეალურად იქცევიან ენერგო-ვამპირებად.
არსებობს ენერგო-ვამპირი ვიზუალების კონკრეტული ტიპი, რომელსაც შეგვიძლია „უმწეო ლამაზი მსხვერპლი“ დავარქვათ. ასეთი ვიზუალები გაცდუნებენ, და თან გაიძულებენ დაიცვათ ისეთი საფრთხეებისგან, რომლებიც რეალურად არ ემუქრებათ, ან თვითონვე იქმნიან ამ საფრთხეებს. ასეთი კან-ვიზუალები შეიძლება იყვნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.
განუვითარებელ კან-ვიზუალებს რაც შეუძლიათ მოგცენ - მხოლოდ სხეულია, და სწორედ სხეულს (სექსს) იყენებენ ცდუნების ინსტრუმენტად. სხეულით გიზიდავენ, და ხშირად ვითომ გთავაზობენ სექსს, რეალურად კი არც „იძლევიან“. ამის გამო ხშირად ხდებიან მოძალადე ანალების მსხვერპლნი.
ასევე ვიზუალური ენერგო-ვამპირიზმის საკმაოდ ხშირი ფორმაა შეშინება. ასეთი ვიზუალები თვითონ არიან შიშის მდგომარეობაში და გარშემოც ავრცელებენ ამ ემოციას, მაგალითად ხელოვნებაში: ჰორორების, საშინელებათა ფილმების და ა.შ. სახით (ხშირად ასეთ ვიზუალებს სმენაც ერთვით).
უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე ხშირად ენერგო-ვამპირების მსხვერპლნიც სწორედ ვიზუალები, და განსაკუთრებით კან-ვიზუალები ხდებიან. მათ ფუნქციას - თანაუგრძნონ სხვებს, და გასცენ სიყვარული - ბევრი თავის სასარგებლოდ „ბოროტად“ იყენებს.
ენერგო-ვამპირიზმი სმენის ვექტორში
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ განვითაზრებული და რეალიზებული სმენა ყველაზე მეტად იძლევა ენერგიას იდეებით, ანთებებით, აჟიტირებებით და ა.შ. ხოლო თუ განუვითარებელია, პირიქით, თავისი დეპრესიულობით ან დესტრუქციული იდეებით ხდება ენერგო-ვამპირი და ყველაზე მეტად წამლავს გარშემო ყველაფერს.
დეპრესიული სმენა ერთადერთია, რომელზეც იგნორირება, როგორც მეთოდი, საერთოდ არ ამართლებს. წარმოიდგინეთ თქვენი ოჯახის წევრი, ან ძალიან ახლობელი, რომელიც უმოქმედოა, ერთ ადგილზე დევს, წვერს არ იპარსავს, და მოკლედ, ცოცხლად ლპება. როცა შენს გვერდით ამ დესტრუქციულ ენერგიას ხედავ, უძლური ხარ, რომ რამე უშველო და ავტომატურად კარგავ ენერგიას. ანუ ასეთი სმენა არ იღებს ენერგიას (შესაბამისად კლასიკურ ენერგოვამპირად ვერც ის ჩაითვლება), მაგრამ სამაგიეროდ გარშემომყოფები კარგავენ, როცა მასთან ახლოს არიან.
მისი იგნორირება შეუძლებელია, რადგანაც თვითონვე გიკეთებთ იგნორირებას, და საერთოდ არ ცდილობს ყურადღების მიპყრობას. იგი ემსგავსება უძირო ჭას, რომელსაც ვერაფრით ვერ ამოავსებ. აქ ერთადერთი გამოსავალია, რომ თვითონვე იპოვოს ცხოვრების აზრი, იდეა, რომელიც გააცოცხლებს, ან ცნობიერად „დაარტყას“ ვინმემ და გამოაფხიზლოს.
ასევე ენერგო-ვამპირად (არაპირდაპირი მნიშვნელობით) შეიძლება ჩაითვალოს სმენა, რომელიც ავრცელებს დესტრუქციულ იდეებს - კაცობრიობის განადგურებაზე, ომებზე, მკვლელობაზე, თვითმკვლელობაზე, სხვადასხვა დესტრუქციულ ოკულტურ სწავლებებზე და ა.შ. ასეთებს მიეკუთვნება თამაში - „ლურჯი ვეშაპი“. მსგავსი სმენა თვითონაც ანთებულია მსგავსი დესტრუქციული იდეით და სხვებსაც ითრევს, და სხვების ენერგიას არასწორი მიმართულებით წარმართავს. ხშირად გაცნობიერებული ენერგო-ვამპირებიც სწორედ დესტრუქციული სმენები არიან.
ენერგო-ვამპირიზმისგან თავდაცვის მეთოდები
ენერგო-ვამპირებისგან თავდაცვის ძირითადი მეთოდი ორია: იგნორირება და გაცნობიერება.
იგნორირება გულისხმობს ენერგო-ვამპირისგან გაცლას, თუ ეს შესაძლებელია, ან თქვენგან ემოციური უკუ-კავშირის არარსებობას.
გაცნობიერება გულისხმობს მთელი იმ მექანიზმის დანახვას, რამაც ენერგო-ვამპირი ამ დღეში ჩააგდო, და ასევე იმ მტკივნეული წერტილების აღმოჩენას, რაც თქვენ გეხებათ, ანუ საკუთარი ქვეცნობიერი კომპლექსების და პრობლემების მეტად გაცნობიერებას კონკრეტულ თემასთან მიმართებაში. ასევე ეს სტატიაც იმას ემსახურება, რომ მეტი გაცნობიერება შემოიტანოს თქვენში ამ თემასთან დაკავშირებით.
არსებობს დაცვის სხვა მეთოდებიც, როგორიცაა ვიზუალიზაცია (რომელსაც როგორც წესი პლაცებო ეფექტი უფრო აქვს), მაგრამ ამით თქვენ მაინც ენერგო-ვამპირის თამაშში ხდებით ჩართული, ან თავად ხდებით ენერგო-ვამპირი (თუნდაც დროებით). ამიტომ ასეთი მიდგომა პირველ ორთან შედარებით შორ პერსპექტივაში ნაკლებად ეფექტურია.
და ბოლოს, პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ხშირად, სტრესების ან რაიმე პრობლემების დროს ადამიანებს რეალურად სჭირდებათ დახმარება, და უკმარისობა მათში შეიძლება ვლინდებოდეს, როგორც ენერგო-ვამპირიზმი, მაგრამ ამ ადამიანებს უბრალოდ დახმარება სჭირდებათ თქვენგან - ყურადღების, სიყვარულის, თანადგომის და სითბოს სახით. ყოველი თქვენგანი ხდება გარკვეულ სიტუაციებში - ენერგო-ვამპირი. ამიტომ ეცადეთ გაუგოთ სხვებსაც, და არ გქონდეთ მათ მიმართ აგრესია. ნუ იქნებით ნურც ენერგო-ვამპირნი, და ნურც მსხვერპლნი... ეცადეთ იყოთ გაცნობიერებულნი, შეისწავლეთ ვექტორული ფსიქოლოგია, და ზოგადად ფსიქოლოგია. ცოდნა ძალაა. მსხვერპლნი ყველაზე ხშირად უმეცრების გამო ვხდებით ხოლმე...
ავტორები: მამუკა გურული და სერგო ღამბაშიძე