დიალექტიკური მეთოდი სვფ-პრაქტიკაში


დიალექტიკური მეთოდი სვფ-პრაქტიკაში

თავდაპირველად უნდა განვმარტოთ რას გულისხმობს დიალექტიკური მეთოდი და ასევე შევეხოთ მასთან დაკაშირებულ საკითხებს რაც გამოგვადგება სათაურში ხსენებული თემის განხილვისას. დიალექტიკური მეთოდი წარმოადგენს აზროვნების ისეთ მეთოდს როდესაც კერძო საგნის განხილვა ხდება ზოგადთან მისადაგებით, და ამგვარად იმის დადგენას შეიძლება თუ არა ესა თუ ის საგანი მივაკუთვნოთ ამა თუ იმ განსაზღვრებას. მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის ფაქტორი რაც გვაშორებს ამგვარი მიდგომისგან და შესაბამისად საგნის არსობრივად გაგებისა და სწორ შედეგამდე, ამ შემთხვევაში სწორ დიაგნოსტირებამდე მისვლისგან.

ეს ფაქტორია ხატსახოვანი აზროვნება, ანუ აზროვნება წარმოდგენებით. მის საპირისპირო მეთოდს კი ცნებებით აზროვნება წარმოადგენს. რომ განვმარტოთ ორივე. ხატსახოვანი ანუ წარმოდგენებით აზროვნების შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ პირადი გამოცდილების ხარჯზე მიღებული ცოდნიდან ამოსვლასთან. ამ შემთხვევაში ის თუ როგორ შეიმეცნება საგანი განპირობებულია შემმეცნებლის პირადი სახასიათო ნიშნებით და შესაბამისად შესამეცნებელი საგანიც ასე ვთქვათ შემმეცნებლის ფსიქოლოგიური მახასიათებლების გავლენით „მახინჯდება“ ანუ შორდება იმას რასაც იგი არსობრივად წარმოადგენს. ამგვარი მიდგომის გამოყენების და ასევე მასზე დაყრდნობის შემთხვევაში ჩვენ ვშორდებით საგნის არსს და შეიძლება ითქვას ვსაუბრობთ არა თავად საგანზე და შემთხვევაზე არამედ ჩვენს დამოკიდებულებაზე საგნის მიმართ. ეს თავის მხრივ იწვევს შეთანხმების პრობლემას, გამომდინარე იქიდან რომ ფსიქოლოგიური მახასიათებლები ინდივიდუალურია შესაბამისად წარმოდგენებიც საგანზე სუბიექტურია, ესა თუ ის მნიშვნელობები რაც სვფ-ში მრავლადაა სხვადასხვა ადამიანის წარმოდგენაში სხვადასხვა სახეს იღებენ და შესაბამისად იმ ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში რასაც სვფ იძლევა ემსგავსება ლატარიის თამაშს რადგან სრული გარანტია იმისა რომ შენი დაკვირვებები და წარმოდგენები შენს თავზე ან თუნდაც სხვაზე შეესაბამება რეალობას, არ არსებობს აქიდან გამომდინარე სისტემა ამგვარი გამოყენების მეთოდის შემთხვევაში სრულიად კარგავს რაციონალურ სახეს და ქმედითუნარიანობას. უფრო მეტად რომ განვმარტოთ წარმოდგენა იმით განსხვავდება ცნებისგან რომ ის კერძო, ინდივიდუალური რამაა. ამრიგად ის იცვლება შემმეცნებელ სუბიექტთან ერთად. ვფიქრობ აქ მაგალითად გამოდგება მენტალიტეტის ფენომენი სვფ-ში. კერძოდ ესა თუ ის ვექტორი შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს აღქმული სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ქვეყნებში. თუ ჩვენ დავეყრდნობით კერძო წარმოდგენებს მაგალითად კანის ვექტორის მახასიათებლებთან დაკავშირებით: კანური მენტალიტეტის მქონე ქვეყანაში ის სულ სხვანაირად აღიქმება და სრულიად განსხვავებულ დახასიათებას შეიძლება შევხვდეთ იმ ქვეყნის მოსახლეობაში სადაც ანალური მენტალიტეტია გავრცელებული. უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ეს მდგომარეობა უფრო რთულდება თუ გავითვალისწინებთ ქვემენტალიტეტს ოჯახში გავრცელებულ მენტალიტეტს თავად აღმქმელის ვექტორულ წყობას და ა.შ. აქ ჩვენ ვაწყდებით ისეთ მდგომარეობას რომ თითქოს ამ ვექტორის სახე (თუ ჩავთვლით რომ წარმოდგენა შემეცნების ამოსავალი წერტილია) არა რაღაც ერთი და განსაზღვრულია არამედ ცვალებადი, მისი შემეცნება შეუძლებელია (რადგან მისი იმდენი სახე არსებობს რამდენი აღმქმელიცაა) და მითუმეტეს მასზე ინფორმაციის გადმოცემაა შეუძლებელი. რეალურად ის რაზეც ნებისმიერი სისტემა და მათ შორის სვფ-ც აცხადებს პრეტენზიას არის კონკრეტული უცვლელი და მყარი ფენომენების აღმოჩენა და მათ საფუძველზე გარკვეული ცოდნის სისტემატიზაცია. ეს უკანასკნელი სწორედ ცნებითი აზროვნებითაა შესაძლებელი.

რომ შევეხოთ ცნებით აზროვნებას. ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი არის არა სუბიექტური წარმოდგენები რომლებიც პირადი ფსიქოლოგიური მახასიათებლებითაა განპირობებული, არამედ ობიექტურად განსაზღვრული ზოგადი ცნებები რომლებიც ჩვენგან განყენებულად არსებობენ. ამგვარი აზროვნების მეთოდით ჩვენ მსჯელობას ვაცილებთ პირად სურვილებსა თუ ტენდენციებს. ამ შემთხვევაში აზროვნების პროცესი თავისუფალია რაიმე სახის სუბიექტური განპირობებულობისაგან და შესაბამისად ის ობიექტურ ზოგად სახეს იღებს რაც საშუალებას იძლევა საგანი (სვფ-ს შემთხვევაში კი ადამიანის ფსიქიკური მახასიათებლების) თავისთავადად და არა ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების მიხედვით შევისწავლოთ. ამგვარი მიდგომა გვიხსნის გზას სუბიექტური წარმოდგენების მაგივრად მივიდეთ უდავო ზოგად ფაქტებამდე. აღსანიშნავია რომ სვფ ამ მხრივ საკმაოდ დახვეწილი სისტემაა, ასე ვთქვათ მრავალი მხარეა მასში გათვალისწინებული. სვფ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში ნამდვილად არ ვაწყდებით ისეთ პრობლემას რასაც მასში მოცემული ამა თუ იმ ფენომენის განუსაზღვრელობა ჰქვია (ანუ არსობრივად ის ცნებით სისტემას წარმოადგენს რადგან არ არის დამყარებული წარმოდგენებზე არამედ ცნებებზე). პირველი და უმთავრესი, მასში მოცემულია რვა ვექტორი რომლის ზოგადი მახასიათებლები დეტალურადაა აღწერილი როგორც რუსულ წყაროებში ასევე ქართული ჯგუფის ბიბლიოთეკაში. ამას გარდა რომ მოვყვეთ შემდგომ პარამეტრებს. მოცემულია ტემპერამენტის, განვითარების დონეების, მენტალიტეტის და დაზიანებების პარამეტრები. ასევე შემდგომ დონეზე დეტალურადაა ჩაშლილი რვავე ვექტორის 16 თვისება. შესაბამისად სვფ-ს კვლევის საგანზე, ადამიანზე არსებითი ხასიათის საუბრის საწარმოებლად სისტემაში მოცემულია საკმაოდ კომპლექსური ცნებითი სისტემა რომლის დეტალურ განმარტებას არ მოვყვები იმ მიზეზით რომ ამ ტიპის სტატიები გვხვდება როგორც სვფ ჯგუფის ბიბლიოთეკაში ასევე საიტზეც.

გამომდინარე ზემოთ მოყვანილი გარემოებებისა ვფიქრობ დიალექტიკური მეთოდის სვფ პრაქტიკის უცილობელ ნაწილად განხილვა აუცილებელია რადგან სხვანაირად ის თავის ღირებულებას კარგავს. სისტემამ მიაღწია გარკვეულ ცნობადობას და ადამიანები ხშირად იყენებენ მის ტერმინებს ამა თუ იმ საკითხის გარჩევისას თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ ტერმინების გამოყენების უკან წარმოდგენები დგას და არა განსაზღვრებები. რომ შევეხოთ რამოდენიმეს რაც პირადად შემხვედრია ესენია: სმენის ვექტორის მატარებლის გენიოსობა-სიგიჟე, ანალის ვექტორის მატარებლის სიხისტე-სიტლანქე ან უხეშობა, ორალის ვექტორის მატარებლის მოლაყბეობა-მზარეულობა და ა.შ. გარკვეულ ინფორმაციასთან გაცნობის შემდეგ ადამიანები გარკვეულ ხატ-სახეებს ქმნიან და შემდეგ ამაზე დაყრდნობით მსჯელობენ ვექტორების, გარკვეული განვითარების მქონე ადამიანების თუ რაიმე სხვა საკითხის შესახებ რაც სვფ-ს ნაწილია. წარმოდგენებზე საუბრისას ვფიქრობ დეტალურად განვიხილეთ რა შედეგი მოაქვს ამგვარ მიდგომას, როგორ აცლის ის სისტემურ ვექტორულ ფსიქოლოგიას, სისტემურობას. ამ გარემოებას ერთის მხრივ შეცდომაში შეჰყავს თავად ადამიანები რომლებიც ცდილობენ მოცემული სისტემის დანერგვას ამა თუ იმ საქმიანობაში და მეორეს მხრივ აზიანებს სისტემას რომელიც ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ფენომენის შესამეცნებელი ინსტრუმენტის სახეს კარგავს და სუბიექტური კაპრიზების თუ შექმნილი წარმოდგენების გამამართლებელი ინსტრუმენტის სახეს აძლევს. დიალექტიკური მეთოდის როგორც ცალკე განსახილველი საკითხის დამატება სისტემის პრაქტიკაში დანერგვის ან უბრალოდ ინფორმაციულად შესწავლის შემთხვევაში ერთის მხრივ მას მეტად მედეგს გახდიდა დილეტანტიზმის შემოჭრის მიმართ, მეორეს მხრივ კი ეს მისი პრაქტიკაში გამოყენების მსურველებს მისცემდა საშუალებას რათა სრული სახით გამოეყენებინათ ის რასაც რეალურად სვფ წარმოადგენს.

ნახეთ ასევე: ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში

ავტორი: აკაკი სხულუხია

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • არ დაექვემდებაროთ კონტროლს

  • მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • აშშ. ვექტორული ანალიზი

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • ადამიანის ცნობიერება. სისტემური მიდგომა.

  • ალტრუიზმი (გაცემის თვისება)