არ დაექვემდებაროთ კონტროლს
არ დაექვემდებაროთ კონტროლს
ეს ლექცია მიეკუთვნება ლექციათა სერიას ემოციების შესახებ. ჯერ კი მოკლედ მოგიყვებით იმის შესახებ, რაზეც წინა ლექციაში გვქონდა საუბარი. თუ გახსოვთ წინა ლექციებში ვისაუბრეთ, იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს ორ - ფიზიკურ და ფსიქიკურ - სამყაროში. ის რაც გარეთაა (ფიზიკურ სამყაროში) წარმოადგენს მხოლოდ ადამიანის ქმედებათა გარეთ გამოტანილ შედეგს, ხოლო ჩვენს შიგნით არსებობს უზარმაზარი სამყარო ჩვენი ფსიქიკის სახით. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარე სამყაროში ხდება მთელი კაცობრიობის ქედებათა გადაკვეთა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ გარე რეალობაში, რომელიც მოიფიქრეს და დააფორმირეს სხვა ადამიანებმა. ბუნებაში მიზეზ-შედეგობიობის კანონი და აქედან გამომდინარე ყველაფერი ურთიერთშესაბამისობაშია. ჩვენი ფიზიკური სხეულის დახმარებით ჩვენ ვვლინდებით ფიზიკურ სამყაროში. ამ სხეულს გააჩნია გონება, რომელიც ამ სხეულში ყველაზე რთული აგებულების ორგანოს წარმოადგენს, რადგან სწორედ გონებაში ხდება მთელი არაფიზიკური სამყაროს წარმოდგენა და გამოვლენა. შესაბამისად ადამიანს აქვს ტკბობის და ქმედების ორი ცენტრი: სხეული და გონება (ფსიქიკა). წინა ლექციებში ასევე ვისაუბრეთ სავარჯიშოზე სახელად ,,შუქურა“. რომელიც იყო დამხმარე საშუალება ,,გადატვირთვისა“ და არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის. ასევე განვიხილეთ ემოციათა მახასიათებლები და ვთქვით, რომ ემოციებს ახასიათბს გადავადებული რეაქციულობა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქმედება იყო უფრო ადრე, მაგრამ ქმედებით გამოწვეული შინაგანი ტალღა, შესაძლოა გაგრძელდეს მაშინაც კი, როდესაც ქმედება უკვე დიდი ხნის ჩავლილია. ამასთან ემოცია წარმოადგენს ქმედების შედეგს და არ პირიქით. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების ემოციურ ნიადაგზე მიღება (განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების დროს), რადგან ასეთ დროს მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ბალანსდაკარგული ადამიანის ქმედების შედეგს.
თუ ემოციებს შევხედავთ, ისინი შეიძლება დავყოთ სტადიებად, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ემოციებს გააჩნიათ თავისი წარმოშობის სტადიები. ყველაფერი შეიძლება დაიწყოს პატარა, შეუმჩნეველი შტრიხით და მის მიერ აგორებული ტალღის მოქმედება შეიძლება დასრულდეს საკმაოდ მტკივნეულად. ამიტომ ემოციები შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ნაწილად. ემოციები, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილან და შეიძლება ითქვას, იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში. ემოციები, რომლებიც გავქვს აქ და ახლა. ემოციები, რომლებმაც შეწყვიტეს დინება, მათი გამომწვევი ქმედებაც გაქრა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლობენ ჩვენში. და ემოციები, რომლებიც მკვდარ ტვირთად აწევს ჩვენს ფსიქიკას და ისე გაიჭედნენ ჩვენში, როგორც ყელში გაჩხერილი ლუკმა. ეს ემოციები მთელი ძალით გვიჭერენ შიგნიდან და არ გვაძლევენ თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას. პირველ რიგში საჭიროა შევძლოთ დაკვირვება ემოციათა მიმდინარეობაზე. ეს საშუალებას მოგვცემს მონსტრი ჩანასახშივე მოვკლათ.
მას შემდეგ რაც ჩვენი სამყარო გაცოცხლდა, მან დაიწყო პულსირება. სიცოცხლე მოძრაობაა. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს სუნთქვას, როგორც სხეული პულსირებს სუნთქვისას, ისევე სუნთქავს სამყაროც. ყველაფერი რაც ცოცხლობს (მათ შორის ჩვენი გონებაც) ატარებს საკუთარ რიტმს. ჩვენს გონებას გააჩნია სიგნალთა გარკვეული თანმიმდევრობა. ჩვენი გონება, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, მუშაობს დუალობის პრინციპით. მდედრი - მამრი, სიცოცხლე - სიკვდილი, დაბადება - გარდაცვალება, ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა, ეს ყველაფერი სამყაროს გაორების შედეგია (ამ დუალობის ერთობა, იძლევა სამყაროს ერთიანობას, მხოლოდ ორივე საწყისის გაერთიანებას მივყავართ რეალურ სულიერებამდე - მთარგმნელის შენიშვნა). თავად ჩვენი ტვინიც კი ორ ნახევარსფეროდაა გაყოფილი.
რა კავშირშია ეს ემოციების გარჩევადობასთან? მარტივად. ნებისმიერი მოვლენა შეიძლება გავიგოთ, თუ შევაფასებთ მის ორ უკიდურეს მდგომარეობას. მოდი ადამიანის ემოციურ გამოხატულებათა ორი უკიდურესობა სიმბოლურად აღვნიშნოთ ცეცხლით და ყინულით. ცეცხლით შეიძლება აღინიშნოს ემოციათა უკიდურესი აქტიურობა, ემოციური შეუკავებლობა. ხოლო ყინულით ემოციის გამოხატვის უნარის უქონლობა. ეს ორი უკიდურესი პოლარობაა. ყოველი ჩვენგანი იმყოფება სადღაც ამ ორი მდგომარეობის შუალედში. პრინციპში ამის დანახვა სირთულეს არ წარმოადგენს. უფრო კარგად გასაგებად მოვიყვანოთ თითოეულის მაგალითები. ემოციური თავშეუკავებლობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით, მაგალითად ხელების მტვრევით, ნევროტული კანკალით, ასეთ დროს ვიღაც ცდილობს რაღაცნაირად აიყვანოს თავი ხელში, ვიღაც კი პირიქით, ახდენს ემოციების ამოფრქვევას მთელი ძალით.
ზოგს ემოციები მართავენ, იღებენ ათასგვარ სულელურ გადაწყვეტილებას, შემდეგ კი წუწუნებენ: ,,ყველაფერი მე რატომ მემართება“, ,,სამყარო ვერ მიტანს“. როდესაც ადამიანს ასეთი რამ ემართება, იმის მაგივრად, რომ ეს ემოციები მართოს, ის იწყებს ამ ემოციებში ბოლომდე ჩაძირვას. ამ დროს მას არ ესმის რომ სხვა შეიძლება მასზე უარესადაც არის, რომ ამით ცხოვრება არ მთავრდება. ემოციური შეუკავებლობა მთლიანად სპობს მის გამძლეობას, სიმამაცესა და სიამაყეს. ამას ემატება ისიც, რომ ნეგატიური ემოციები საკუთარ თავს შიგნიდან აძლიერებენ, ასე ვთქვათ ცეცხლში საწვავს უმატებენ. ამის გამო ეს მდგომარეობა შეიძლება სრულ მარაზმამდე მივიდეს. ვიწყებთ ნეგატივზე კონცენტრირებას და ყოველი წვრილმანი სამყაროს აღსასრულად გვეჩვენება. ემოციურად თავშეუკავებელ ადამიანებს როგორც წესი ახასიათებთ ემოციური რეაქციის მაღალი სიჩქარე. სპორტულ მანქანასავით სწრაფად კრეფენ ემოციების გადმოფრქვევის სიჩქარეს, წამებში ფეთქდებიან. ასევე ახასიათებთ ,,ბუზის სპილოდ ქცევა“. მათ ემოციურ ამოფრქვევას კარგად შეესატყვისება ფრაზა ,,ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს იმაშიც, რომ ადამიანს ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდეს. ასეთ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ სიტუაციის დრამატიზება: ,,გუშინ ჩემი ცხოვრება დასრულდა“, ,,არ ვიცი ოდესმე კიდევ შევძლებ თუ არა გაღიმებას“ და ა.შ. შეუკავებელი ემოციის მქონე ადამიანების ერთერთი მახასიათებელია საკუთარი თავის შეცოდება (ვიზუალური ვექტორი). გაბრაზებას ცრემლების ფრქვევით გამოხატავენ, წუწუნებენ, ყველას თავს აცოდებენ. რა თქმა უნდა აქაც არსებობს მთელი რიგი გრადაციები, თუმცა ამ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ მანერულობა (კან-ვიზუალები, ან კან-ორალ-ვიზუალები). როგორც წესი ეს ადამიანები ხშირად იღებენ ფოტოებს ცხოველებთან (განსაკუთრებით ფისუნიებთან) ერთად, აცმევენ კატებს და ძაღლებს ვარდისფერი ჩასაცმელს, თვითონაც გამოპრანჭულები არიან და პოზა-პოზა იღებენ სელფებს. ემოციური თავშეუკავებლობა კონკრეტული მსოფლმხედველობიდან გამოსული ირაციონალური წარმოდგენაა. მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ, რომ იატაკზე დაცემული კოტლეტისაგან ცხოვრებისეული ტრაგედია შექმნან. ეს ადამიანები მთელ ცხოვრებას ასეთ ისტერიულ წარმოდგენებში ატარებენ. მათი ემოციური ამპლიტუდა უზარმაზარია. მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ ასეთ ადამიანებს არსებითად ცხოვრების ხარისხი დაკარგული აქვთ.
ამის საპირისპირო მდგომარეობაა ემოციის გამოხატვის სრული უუნარობა. აქ ვხედავთ ერთი შეხედვით ,,სქელკანიან“ ადამიანებს, მაგრამ არა იმ მხრივ, რომ ისინი არაფერს განიცდიან. შინაგანად ისინი ყველაფერს ჩვეულებრივად გრძნობენ, წყინთ, უხარიათ, მათაც სურთ იმხიარულონ და დატკბნენ ცხოვრებით, მაგრამ არ შეუძლიათ. არ იციან როგორ გამოხატონ ემოცია. წარმოგიდგენიათ რა მძიმე მდგომარეობაა ეს? როდესაც არ შეგიძლიათ იმხიარულოთ, არ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი და მხიარული. წარმოიდგინეთ, ასეთ ადამიან მეგობარი უკეთებს საჩუქარს, მას მთელი არსებით უხარია, მადლობასაც იხდის, მაგრამ სახეზე არავითარი ემოცია არ აწერია, მან არ იცის ეს როგორ გამოხატოს. ეს კი რა თქმა უნდა ცხოვრებას ურთულებს. ხშირად ამას ისიც ემატება, რომ ასეთ ადამიანებს ემოციის გამოხატვის უუნარობა საკუთარი არჩევანი ჰგონიათ. ფიქრობენ რომ თავს ბოლომდე აკონტროლებენ და ამიტომ არ გამოხატავენ ემოციებს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია, როდესაც ემოციის გამოხატვის უუნარობა ვლინდება მდედრობით სქესში. მამრების შემთხვევაში არსებობს გავრცელებული არქეტიპული შეხედულება, რომ ,,კაცი ემოციას არ უნდა გამოხატავდეს“, რომ ,,ვაჟკაცები არ ტირიან“. რა თქმა უნდა ეს რეალურად ასე არ არის, მაგრამ ეს სტერეოტიპი ამ კატეგორიის მამრებს შედარებით უადვილებს არსებობას. მაგრამ მდედრებთან საქმე ბევრად უფრო რთულადაა. რადგან ასეთ შემთხვევაში მათ პრაქტიკულად ,,უემოციო სტერვას“ იმიჯი აქვთ გარანტირებული. ემოციების გამოხატვის უუნარობას ზოგი ფსიქოლოგი ზერაციონალურობას უკავშირებს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ თვით ყველაზე ჭეშმარიტი ემოციების გამოხატვაც კი. წარმოიდგინეთ, ადამიანი რომელიც ვერ ახერხებს სიხარულის გამოხატვას. რაღაც ეტაპზე ის საკუთარ მდგომარეობაში კი არ ეჭვდება, არამედ იწყებს გამოსავლის ძებნას ილუზიური კითხვით ,,არსებობს თუ არა საერთოდ სიხარული? იქნებ ტანჯვა ნორმაა?“. (რაღაც ეტაპზე ეს დამოკიდებულება უკვე ცხოვრების სცენარად იქცევა, თუ ასეთ ადამიანს ერთვის სმენის ვექტორი, მაშინ მან შეიძლება შექმნას მთელი ფილოსოფია, იმის შესახებ, რომ სიხარული ილუზიაა, რომ ადამიანი ტანჯვისთვის გაჩნდა და ა.შ. - მთარგმნელის შენიშვნა).
როგორც პირველი, ისე მეორე მდგომარეობა, ნეგატიური სცენარია და მნიშვნელოვნად მიანიშნებს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებაზე. ორივე მათგანი ვლინდება მთელი რიგი ფსიქოსომატური დარღვევებით. წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენში ენერგია დუღს, მაგრამ გამოსასვლელს ვერ პოულობს. ამ დროს ხდება ის, რომ ეს ენერგია გარეთ სხვა გზით გამოდის, ასეთ ადამიანებს ეწყებათ ნევროზები, ფიზიკური დაავადებები (ხშირად ეს გამოიხატება თვალის და სმენითი არხების დაზიანებაში, სხეულის ჩაკეტვაში, გულის, ფილტვებისა და ხერხემლის დაავადებებში და ა.შ. - ეს ყველაფერი ვლინდება ძირითადად მეორე კატეგორიის ადამიანებში).
საქმე იმაშია, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, არის ერთგვარი უკუსიგნალი. რაშია საჭირო ეს სიგნალები? იმისთვის რომ გავიგოთ თუ რა გვაწუხებს, რა გვაღელვებს, რა ახდენს გავლენას, რა გვაშინებს და ა.შ. პრინციპში ძირითადად არსებობს ორი ტიპის სიგნალები. ეს არის ტკბობა და ტანჯვა. როდესაც ქმნილება უარს ამბობს ნაბიჯის გადადგმაზე, სამყაროს აქვს ორი შესაძლო მექანიზმი მის ქმედებაში მოსაყვანად 1. ეს არის დაყვავება, ტკბობის განცდა ქმედების სანაცვლოდ. 2. მათრახი, ანუ ტანჯვა პასიურობის დროს. როდესაც ჩვენ ვხვდებით, რომ რაღაცის კეთება სიამოვნებას გვანიჭებს, რა თქმა უნდა ვცდილობთ დავკავდეთ ამ ქმედებით. ვაგრძელებთ ამ ქმედების მიყოლას და ამით გადავდივართ მომდევნო დონეზე. ამაშია პოზიტიური სიგნალების არსი. რაშია მეორე ტიპის (ტანჯვის) სიგნალების არსი? ესაა მათრახის გზა, ამით ბუნება გვაძლევს ნიშანს, რომ საჭიროა შევცვალოთ ჩვენი სტრატეგია. როდესაც ჩვენ არ, ან ვერ ვასრულებთ საკუთარ ფუნქციას, ბუნება ტანჯვის მეშვეობით გვაძლევს სიგნალს, რომ საჭიროა შევცვალოთ ჩვენი მიდგომები. ამით ბუნება გვეუბნება, რომ საჭიროა ვიპოვოთ ჩვენი პრობლემის მიზეზები და შევიტანოთ კორექტივები ჩვენს ცხოვრებაში.
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სიგნალები ძირითადად მოგვეწოდება სწორედ ემოციების საშუალებით. ემოციები არის ერთგვარი კომპასი, რომელიც გვაჩვენებს მიმართულებას. თუ რაღაც მდგომარეობა აღძრავს ნეგატიურ ემოციებს, ე.ი. საჭიროა მივხვდეთ რომ გვაქვს პრობლემა და ვეცადოთ გამოსავლის პოვნას. თუ რაღაც სიტუაციაშიჩვენ ვერ ვახერხებთ ემოციის გამოხატვას, საჭიროა შევძლოთ გრძნობებში გარკვევა. ამისთვის კარგი საშუალებაა სვფ, რომელიც საშუალებას გაძლევთ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა გარე დამკვირვებლის თვალით. რეალურად ვერაფერს გამოასწორებთ, თუ არ იცით რა არის თქვენი მთავარი პრობლემა და სად არის მისი სათავე. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ,,რას ვგრძნობ მე მოცემულ მომენტში, ტკბობას თუ ტანჯვას?“.
შემდეგი საკითხი რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის მარტივი დაკვირვება საკუთარ თავზე. მოვიყვანოთ უბრალო მაგალითი: წარმოიდგინეთ გაწვრთნილი ძაღლი, რომელიც უყურებს, თუ საით ისვრის პატრონი ჯოხს. მისი ყურადღება მიპყრობილია ჯოხისაკენ. როდესაც პატრონი ჯოხს ისვრის, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ქმედების შედეგი. ძაღლი ხედავს შედეგს, მაგრამ მიზეზს, ბოლომდე ვერ აცნობიერებს. რეალურად ასეა ჩვენი უმრავლესობაც, ჩვენ ვუყურებთ შედეგებს, მაგრამ არ გვაქვს უნარი, ბოლომდე ჩავწვდეთ ფუძეს, ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებს. იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს მიდგომა, დასაწყისისთვის საჭიროა საკუთარ თავს დავუსვათ რამოდენიმე კითხვა: 1. რა არის ის, რაც ასე ძალიან გვაწუხებს? ამ წუხილისგან წამოსული ნეგატიური ტალღა, ჩვენ ჭაობში გვექაჩება და არ გვაძლევს რაციონალურად აზროვნების საშუალებას. სწორი კითხვების დასმა არის პირველი ნაბიჯი მდგომარეობის რეალურად შეფასებისათვის. 2. მართლა არის თუ არა ყველაფერი ისე ცუდად, როგორც გვეჩვენება? ხომ არ ვაზვიადებთ საკუთარი მდგომარეობის სირთულეს? 3. რა მოხდება, თუ ჩვენ შევცვლით ჩვენი რეაგირების სტილს?
ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ ორ უკიდურესობაზე, ემოციათა შეუკავებლობაზე და ემოციის გამოხატვის უუნარობაზე. სვფ იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას გააცნობიეროთ თითოეული ამ მდგომარეობის მიზეზები და თანთათან შეძლოთ მათი გამოსწორება. სვფ-ს დახმარებით შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯები თქვენი პრობლემების დასანახად და მათ აღმოსაფხვრელად.
წყარო
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები