ასაკი (ნაწილი პირველი)


ასაკი (ნაწილი პირველი)

  ჩვენი დღევანდელი ლექციის თემაა ასაკი. ლექციაში: ,,კაცობრიობის განვითარების ფაზები“, ჩვენ ვისაუბრეთ ინდივიდის განვითარების ფაზები. ამ ლექციის ფარგლებში ჩვენ ზოგადად შევეხეთ ასაკის თემას, თუმცა ეს გავაკეთეთ კონკრეტული ვექტორების, კონკრეტული ფსიქოტიპების მიღმა, ამასთან ეს რვა ფაზა ჩვენ მიმოვიხილეთ ინდივიდის სიმწიფის ასაკის ჭრილში. დღევანდელ ლექციაში ასაკს ოდნავ განსხვავებულ ჭრილში განვიხილავთ. საუბარი გვექნება ასაკის გავლენაზე კონკრეტულ ფსიქოტიპებში, ამასთან ერთად ვისაუბრებთ არა მხოლოდ სიმწიფის ასაკამდელ განვითარებაზე, არამედ მის შემდგომზეც.

პრინციპში ასაკი შეგვიძლია გავყოთ ორ ძირითად ნაწილად: სიმწიფის ასაკამდე და მის შემდგომ. სიმწიფის ასაკამდელ ფაზებზე, წინა ლექციაში ვისაუბრეთ, რაც შეეხება სიმწიფის შემდგომ ასაკს, ის შეგვიძლია პირობითად ორ ნაწილად გავყოთ: სიმწიფედ და სიბერედ. თუ დავაკვირდებით ასაკს სიმწიფემდე, ესაა პერიოდი, რომელშიც ინდივიდი იწყებს თვითაღქმას, აყალიბებს აზროვნებით-მსოფლმხედველობრივ მოდელს, ავითარებს საკუთარ ვექტორულ თვისებებს, ხოლო სიმწიფის შემდგომ ასაკში ახდენს თვითრეალიზებას ამ ყველაფერზე დაყრდნობით. სხვანაირად თუ ვიტყვით: მომწფებამდე ასაკი, ის ასაკია, რომელშიც ადამიანი ვითარდება და ემზადება ზრდასრულობისთვის. ხოლო სიმწიფის შემდგომი ასაკი, ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა ვარეალიზოთ ის თვისებები, რაც მანამდე ჩვენში განვავითარეთ.

სიმწიფის ასაკის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ პირად რეალიზაციას, ვამყარებთ წყვილში ურთიერთობებს, ვცდილობთ ჯგუფში რეალიზებას. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ჩვენში არის ამის სურვილი. ჩვენ გადავდივართ ახალ მდგომარეობაში, იცვლება ჩვენი სხეული, იცვლება ფსიქიკა. ამ პერიოდში ჩვენ უკვე აღვიქვამთ, რომ მზად ვართ. დგება პერიოდი, როდესაც მოდის დრო რეალიზებისთვის. მაგრამ აქაც არის ნიუანსი: ჩვენ ვრეალიზდებით იმ ჩარჩოებში, რა ზომითაც შევძელით განვითარება.

როგორც ვთქვით სიმწიფის შემდგომი ასაკიც პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად: სიმწიფედ და სიბერედ. სიმწიფე ის პერიოდია, როდესაც ინდივიდი ახდენს ბავშვობასა და მოზარდობაში გამომუშავებული უნარების ჯგუფში რეალიზებას. ხოლო სიბერე შეიძლება ვუწოდოთ იმ პერიოდს, როდესაც ადამიანი იგრძნობს, რომ მან უკვე შეასრულა თავისი ბუნებრივი დავალება, გააკეთა ყველაფერი, რასაც მისგან ჯგუფი მოელოდა და მასში თანდათან ქრება სიცოცხლის სურვილი. რეალურ ცხოვრებაში ამ სურვილის ქრობას ნაკლებად ვაკვირდებით. უფრო ხშირია, როცა ადამიანი დაზიანებულია, მან ვერ შეასრულა საკუთარი სახეობრივი როლი, ამის გამო სიცოცხლის ბოლოს შეიგრძნობს ძლიერ ტანჯვას. რადგან მისი სხეული უკვე ,,ვეღარ ქაჩავს“, დაბერდა, მან კი ვერ მოხერხა რეალიზებულიყო ისე - როგორც სურდა. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ სიბერის საყოველთაო გაგება, რომელიც გულისხმობს სიბერეს რაღაც ფიქსირებული ასაკის ზემოთ, არასწორი და არასისტემურია. რადგან სისტემურად სიბერედ ითვლება პერიოდი სურვილების ავსებიდან სიკვდილამდე. ეს რა თქმა უნდა იშვიათად ხდება, რადგან უმეტესობას აქვს რაღაც დარღვევა, გრძნობენ, რომ საკუთარი როლი ვერ შეასრულეს და უკმარისობის გრძნობის გამო ეშინიათ გარდაცვალების. ხოლო ისინი, ვინც საკუთარი ფუნქცია შეასრულა სხვებისგან იმით გამოირჩვიან, რომ მათ არ აშინებთ სიბერე და სიკვდილი და საკმაოდ იოლად მიდიან ამ ქვეყნიდან. ისინი კი ვინც ასე არ არის, ძრწოლით უყურებენ სიბერეს და მით უმეტეს სიკვდილს.

ასაკი ვექტორებში

თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ცნებები: პუბერტატი, სიმწიფე, ზრდასრულობა და ა.შ. ინდივიდუალურია. ერთი 15 წლისა სრულიად მომწიფებულია, მეორე 25 წლისაა, მაგრამ ჯერაც უმწიფარი. რა თქმა უნდა აქ თავის როლს ასრულებს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორს აღზრდა, განვითარება და ა.შ. მაგრამ ამის გარდა უმნიშვნელოვანესია ისიც, თუ რომელი ვექტორის, რომელი ფსიქოტიპის წარმომადგენელია ინდივიდი. თუ კუნთის ვექტორიანს 18 წლის ასაკში სრულად აქვს განვითარება დასრულებული, სმენის ვექტორიანი განვიტარების პროცესს არასოდეს ასრულებს. ყოველ დანარჩენ ვექტორს განვითარების ფაზებისთვის ინდივიდუალური ასაკი აქვს.

ასაკი კუნთის ვექტორში

კუნთური ფსიქოტიპი უნიკალურია იმ მხრივ, რომ პუბერტაციის ასაკის შემდგომ, ის მთლიანად ასრულებს განვითარებას. მისი სიმწიფის ასაკი, ემთხვევა პუბერტაციის ასაკს. კუნთური ფსქოტიპისთვის (აქ საუბარია ერთვექტორიან კუნთზე), სქესობრივი სიმწიფის ასაკი ყველა დანარჩენზე გვიან დგება, მის სხეულს ყველა დანარჩენზე მეტად აქვს რეაქციები შენელებული, შენელებულია მისი მეტაბოლიზმიც და სისხლის მიმოქცევაც. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ კუნთური ფსიქოტიპი სქესობრივი სიმწიფის ასაკში სხვებზე გვიან დაახლოებით 14 -16 წლისა შედის.

სქესობრივი მომწიფების შემდგომ ის პრაქტიკულად აღარ ვითარდება. თუ პუბერტატამდე პერიოდში მან ისწავლა იყოს მსრომელი, გამრჯე და ა.შ. სიმწიფის შემდგომ ასაკში ის დაკავდება შესაბამისი ფიზიკური სამუშაოს შესრულებით და ამით კმაყოფილებას იღებს. სხვა შემთხვევაში მისი ფიზიკური ძალა და თანდაყოლილი შინაგანი აგრესია დესტრუქციულ მიმართულებას იღებს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, კუნთის ვექტორიანი პუბერტატამდე ასაკში სწავლობს შრომას. იღვიძებს დილით ადრე, მუშაობას სწავლობს, შემდეგ კი ზრდასრულობაში გახდება მუშა, ან ტრაქტორისტი, ან რაიმე მსგავსი. თუ შრომას ვერ ისწავლის, ზრდასრულობაში ზარმაცი და უსარგებლო იქნება.

ასაკი ანალურ ფსიქოტიპში

ანალური ფსიქოტიპს - ისევე როგორც კუნთურს - სქესობრივი სიმწიფის ასაკი სხვებზე გვიან ეწყება 13 – 15 წლები, თუმცა სქესობრივი სიმწიფის შემდგომ ის ჯერ კიდევ აგრძელებს განვითარებას ფსიქოლოგიურ სიმწიფემდე, რომელსაც ანალური ფსიქოტიპი საკმაოდ გვიან აღწევს.

დაახლოებით 13 – 17 წლის ასაკში ანალურ ფსიქოტიპს მისი აზროვნების თავსებურებიდან და არსებული განვითარების პირობებიდან გამომდინარე, უყალიბდება საკუთარი მსოფლმხედველობრივი მოდელი, რომლითაც ის იწყებს სიმწიფის ასაკში შებიჯებას.

როგორც იცით ანალური აზროვნება მიმართულია ინფორმაციის დახარისხებისაკენ. ეს ხდება შემდეგნაირად: ანალური ფსიქოტიპი საკუთარ თავს ანიჭებს უმაღლეს ხარისხს, შემდეგ თითოეულ ადამიანს, ან მოვლენას საკუთარი გონების ,,კარტოთეკაში“ ადგილს უჩენს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა ამ ადამიანის, ან მოვლენის ხარისხი, მის პირად ხარისხთან. შემდეგ კი განვითარების საფეხურებს მიუყვება მყარად ფორმირებული ფასეულობებით. ანალური ფსიქოტიპის ხისტი, უძრავი, მყარი, წარსულზე ორიენტირებული ფსიქიკა აქვთ. ნებისმიერი მოვლენა მათტვის ,,ერთხელ და სამუდამოდ“ ხდება და ცვლილებებს თითქმის არ ექვემდებარება.

მაგალითად: დავუშვათ ანალურ ფსიქოტიპს 14 წლის ასაკში, მისთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა (ანალებისთვის ავტორიტეტი მნიშვნელოვანია) ასწავლა, რომ ქართველები მსოფლიოს უძველესი ერი ვართ. 15 წლისას უთხრეს, რომ ქრისტე სინამდვილეში ქართველია. რაღაც პერიოდში ის გამოიტანს შესაბამის დასკვნას: რომ საქართველო ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, ყველა დანარჩენი კი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ეს საქართველოსთანაა შემხებლობაში (არ იფიქროთ რომ ყველა ანალის ვექტორიანი მაინცდამაინც სამშობლოს ანიჭებს უმაღლეს ხარისხს (თუმცა ასეც ხშირად ხდება), ეს მხოლოდ ერთერთი მაგალითია.

მთელი მისი შემდგომი ცხოვრება, მისი მსოფლმხედველობა სწორედ ამ ფასეულობის გარშემო აეწყობა და ეს მთელი ცხოვრების მანძილზე უძრავად დარჩება (გარდა უკიდურესად იშვიათი გამონაკლისისა).

თუ შევადარებთ სხვა ქვედა ვექტორებს, ანალური ფსიქოტიპი ბავშვობაში ყველა დანარჩენზე სუსტი და დაუცველია (აქ საუბარი არაა ფიზიკურ სისუსტეზე). ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ ანალური ფსიქოტიპის ბავშვს, არ შეუძლია რაიმე დამოუკიდებლად გააკეთოს, თუ მაგალითი არ დაინახა. ანალური ფსიქოტიპი მაგალითებით და გამოცდილების დაგროვებით სწავლობს, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია უჩვენონ, თუ როგორ გააკეთოს ესა თუ ის საქმე. ხოლო მას შემდეგ რაც ის დააკოპირებს ქმედებას, ანუ გაიმეორებს იმას, რაც აჩვენეს, მას ჭირდება შექება. ეს მისთვის იმის მაჩვენებელია, რომ სწორად ისწავლა. მას შემდეგ, რაც ანალის ვექტორიანი ჩათვლის რომ რაღაც სწორად ისწავლა და უკვე კარგად აკეთებს, ის ამის კეთებას სიცოცხლის ბოლომდე ისე გააგრძელებს, როგორც ისწავლა.

თუ ამ მხრივ ყველაფერი სწორად აეწყო, სქესობრივ მომწიფებამდე ასაკში ანალური ფსიქოტიპი აგროვებს ინფორმაციას, აყალიბებს აზროვნების მოდელს, სწავლობს დამოკიდებულებებს და ურთიერთობებს. ამის შემდეგ ის იწყებს მომავლის დაგეგმვას (რა თქმა უნდა საკუთარი აზროვნების პრიზმიდან გამომდინარე).

ვიღებთ ძალიან საინტერესო მოვლენას: თუ აზროვნების მოდელს შევხედავთ, ანალის ვექტორიანს სქესობრივი სიმწიფის ასაკის მიღწევისას, პრაქტიკულად ფორმირებული აქვს აზროვნებით-მსოფლმხედველობრივი მოდელი. თუმცა რეალური სიმწიფის ასაკი მისთვის გაცილებით გვიან დგება - დახლოებით 26-30 წლის ასაკში.

შეიძლება ზოგიერთს სასაცილოდ მოეჩვენოს 27-28 წლის ადამიანის ზრდასრულობას მიუღწევლობა, თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ანალური ფსიქოტიპის აზროვნების თავისებურება და სიდინჯე გადაწყვეტილებების მიღებისას. ანალური ფსიქოტიპი დინჯი და ერთმიმართულებიანია, ის მიმართულებას, პროფესიას და ა.შ. არ იცვლის (ან უკიდურესად იშვიათად იცვლის), ამიტომ მას ჭირდება გარკვეული დრო გადაწყვეტილების მისაღებად (რადგან ეს გადაწყვეტილება მისთვის სამუდამო და უცვლელი იქნება). ანალური ფსიქოტიპის წარმომადგენლისთვის ყველა სხვაზე რთულია მიიღოს დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება, აირჩიოს პროფესია, წამოვიდეს ,,მშობლიური ბუდიდან“, შექმნას საკუთარი ოჯახი. ამიტომ თითოეულ ამ გადაწყვეტილებას წირდება რაღაც გონივრული დრო (როგორც წესი 1-2 წელი მაინც).

ამიტომ ანალური ფსიქოტიპის სიმწიფის ფაზა დგება დაახლოებით 26-30 წლის შემდეგ. თუ მის განვითარებაში არ ვხვდებით რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას, ამ ასაკში ანალურ ფსიქოტიპს უკვე არჩეული აქვს პროფესია, მოძიებული აქვს სამსახური (შეიძლება ოჯახიც ჰყავდეს) და ადგება საკუთარი განვითარების გზას.

სიმწიფის ასაკს მიღწეული ანალის ვექტორიანი როგორც წესი მსოფლმხედველობას და პროფესიას უკვე აღარ იცვლის. ის ვითარდება უკვე არჩეულ გზაზე, არჩეული პროფესიით და მიმართულებით. თუ მის შემდგომ წინსვლას დავაკვირდებით სიმწიფის ასაკში მყოფი ანალი ვითარდება არჩეული მოდელის, არჩეული პროფესიის ფარგლებში. დროთა განმავლობაში ის ხვეწს საკუთარ პროფესიულ უნარებს, მაგრამ ამას აკეთებს ერთი მიმართულების ფარგლებში.

თუ წინა პერიოდებში ყველაფერი კარგად წავიდა, სიბერის ასაკს მიღწეული ანალური ფსიქოტიპი საკმაოდ სასიამოვნო სანახავია. ის ნასწავლია, უყვარს ბავშვები, ზრუნავს მათზე, ასწავლის და გადასცემს დაგროვილ სიბრძნეს, უყვება ზღაპრებს და როგორც წესი ბავშვებიც აღმერთებენ ამ კეთილ ბაბუას/ბებიას.

მაგრამ თუ განვითარების რომელიმე ფაზაზე მოხდა სერიოზული დარღვევა და მან ვერ შეძლო რეალიზება ოჯახურ, კარიერულ, ან პროფესიულ გზაზე, ამ შემთხვევაში კეთილი და სასიამოვნო მოხუცის ნაცვლად, სიბერეში მისგან შეიძლება მივიღოთ ჯუჯღუნა, კირკიტა, მაკრიტიკებელი და აუტანელი ბებრუხანა, რომელიც ირგვლივ ყველას აკრიტიკებს და მუდმივად ილანძღება.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (პირველი ნაწილი)

  • ეჭვიანობა (ნაწილი მეორე)

  • ვექტორული ფსიქოლოგიის მოკლე განმარტებითი ლექსიკონი

  • ომის და მშვიდობის მდგომარეობები კომბინირებულ ფსიქოტიპებში

  • განსხვავება მენტალიტეტებს შორის

  • ეგოიზმის განვითარება

  • სტოპ კადრი ანუ შეხედე შენს თავს გვერდიდან

  • როგორ უთანაბრდება ანალის ვექტორიანი ლანდშაფტს