სმენის ვექტორი კომბინაციებში (ნაწილი პირველი)


 

ვიწყებთ ლექციებს სმენის ვექტორის კომბინაციების შესახებ. თუმცა მანამდე საჭიროა, ზოგადად მაინც შევეხოთ თავად სმენით ფსიქოტიპსა და მის არსს. სმენის ვექტორი მიეკუთვნება ინფორმაციის მეოთხედის შიდა ნაწილს. მისი ფუძეა საერთო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სმენის ვექტორის არსია ინფორმაციის გაერთიანება, მისი აბსტრაგირება და შემეცნება. სმენის ვექტორი, ეს სულიერი სურვილია მისწრაფებული სიცოცხლის არსის შეცნობისკენ. აკუსტიკური (სმენის) ვექტორის როლის მთლიანობაში გაგება, შეიძლება მხოლოდ სულიერ სწავლებათა მეშვეობით. სმენის ვექტორს მოაქვს იდეები. იდეა - როგორც სიცოცხლის არსის შემცვლელი. გულგრილნი კაცობრიობის მიმართ -,,ვართ მხოლოდ მე და ღმერთი". ეგოცენტრულები, იყურებიან ზემოდან ქვემოთ. მათი ყველა თვისება მიმართულია არამატერიალური სურვილების დაკმაყოფილებისკენ. 

  სმენითი ფსიქოტიპი ერთადერთია რვა ვექტორს შორის, რომელიც არ შემოიფარგლება მატერიით და ფსიქიკით მის საზღვრებს სცდება. სმენის ვექტორიანები მუდმივად რაღაცის ძიებაში არიან, მათ არასოდეს არ აკმაყოფილებთ ის რეალიზაცია, რაც სრულიად საკმარისია დანარჩენებისათვის. კარიერა, ფული, ოჯახი, შვილები, სახელი, ეს ყველაფერი სმენებისთვის მეორადია. ის მთელი არსებით სამყაროს შემეცნებას, პირველმიზეზთან კავშირის დამყარებას მიელტვის. ამიტომ მატერიალური და ყოფითი ცნებები ვერ ავსებს მის უზარმაზარ ეგოს. სმენა აბსოლუტური ეგოცენტრია. თუ სმენის ვექტორიანის მიღების სურვილის ზომას შევადარებთ სხვა ვექტორებთან, ეს დაახლოებით იგივე იქნება - რომელიმე ტბა (თუნდაც უდიდესი), მსოფლიო ოკეანეს რომ შევადაროთ. ამიტომ სხვა ვექტორების სურვილთა ავსება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი და არც ისე რთულია. კუნთს - არსებობისთვის აუცილებელი რესურსით უზრუნველყოფა ავსებს, ანალს - ავტორიტეტის მოპოვება, კანს - ფული, ურეთრალს - ჯგუფის წინამძღოლობა, ორალს - ორატორობა და ,,მსმენელის დათრევა“, ვიზუალს - ესთეტიკა და სიყვარული, ყნოსვას - ძალაუფლება. მაგრამ რამ უნდა აავსოს ის, ვისი მიღების სურვილიც უსასრულოა და ვისთვისაც მთელი ფიზიკური სამყარო მხოლოდ ილუზიაა?

  სმენის ვექტორიანის მიღების სურვილი იმდენად დიდია, რომ ის ვერ ახერხებს მხოლოდ მიღებით ავსებას. ამიტომ ხდება სურვილის ერთგვარად ,,ამობრუნება“. სმენის ვექტორიანის მიღების სურვილი ემსგავსება უზარმაზარ ჭას, რომელიც პირამდეა ავსილი და წყალი გარეთ გადმოდინდება. თუ ამ ჭიდან ხალხი წყალს დალევს, ჭა ,,კმაყოფილია“, მაგრამ თუ ადამიანები უარს ამბობენ მისი წყლის დალევაზე, მაშინ მასში არსებული წყალი ყროლდება და ჭაობდება, ზოგჯერ კი იხრწნება და გარემოს მოწამვლას იწყებს. ასევეა სმენის ვექტორიანიც, ის ვერ ივსება მხოლოდ მიღებით, მის მიერ გააზრებული ცოდნა, მისი შემეცნების შედეგი, მის გონებაში იდეებად გენერირდება და ხდება მათი გარეთ გადმოღვრა. ამ დროს მისი ეგოიზმი იწყებს ალტრუიზმად (გაცემის თვისებად) გარდაქმნას. თუ სმენა სწორად ვითარდება და ახერხებს საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარებას, მაშინ ის იქცევა კაცობრიობის სულიერ წინამძღოლად. მაგრამ თუ ეს ვერ შეძლო - მაშინ ის იტანჯება, ვერ ხვდება საერთოდ რა აზრი აქვს მის არსებობას. თუ ასე მოხდა, არც თუ ისე იშვიათად დგება ფატალური შედეგი: შიზოფრენია, ჭკუიდან შეშლა, ფსიქოზი, ნარკომანია სუიციდალური მიდრეკილებები. ზოგჯერ კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება და მისი იდეები დესტრუქციული ხდება - ასეთ დროს მისი იდეები შექმნის ნაცვლად, განადგურებას ემსახურება.

 

არქეტიპი

 

  სმენითი ფსიქოტიპის არქეტიპული ფუნქციაა ღამის გუშაგობა. უძველეს ჯოგში, ღამით, როდესაც ყველას ეძინა, სმენითი ფსიქოტიპი ფხიზლობდა, მისი ნატიფი სმენა მიპყრობილი იყო ღამეული ბგერებისაკენ. მას შეეძლო განესხვავებინა მტაცებლის ფეხის ხმა, სხვა ხმებისაგან და ჯოგი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა.

  ეპოქის ცვლასთან ერთად, შეიცვალა გარემოც, მომდევნო ეპოქებში საფრთხისგან თავდასაცავად ადამიანებმა კედლები და გალავნები ააგეს. უკვე აღარ იყო საჭირო ვინმეს მტაცებლებისგან თავდასაცავად ედარაჯა. მაგრამ ასწლეულების მანძილზე გამომუშავებული ჩვევა, სმენითი ფსიქოტიპის არქეტიპად იქცა, თუმცა შეიცვალა გამოვლენის ფორმა. ღამით განმარტოებით ჯდომამ, ფიქრმა და ყურადღებამ, სმენით ფსიქოტიპს მისცა საკუთარი ფსიქიკის სიღრმეებში ჩასვლისა და თვითკონცენტრაციის უნარი. ასწლეულების მანძილზე ცაში, ვარსკვლავების ცქერამ სმენები სამყაროს უსასრულობაზე ჩააფიქრა, თვითკონცენტრირების წყალობით, მათ გამოუმუშავდათ კიდევ ერთი: აბსტრაგირების უნარი. 

  ანალური ეპოქის შემოსვლასთან ერთად მოხდა ინდივიდუალური ,,მეს“ ჯოგისგან გამოცალკევება. ადამიანმა, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, დაიწყო თვითგამორკვევა. კაცობრიობამ კი თანდათან დაიწყო ინფორმაციის დაგროვება. ამ ყოველივემ სმენით ფსქიქოტიპს უბიძგა შემეცნებისკენ. სმენებმა დაიწყეს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი და აბსტრაგირება, დაიწყეს ბუნებაზე დაკვირვება და ბუნების მუშაობის მოდელის გამორკვევა. შეიქმნა ფილოსოფია, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები. სმენის ვექტორიანებმა დაიწყეს არსებული ინფორმაციის გაერთიანება, ინფორმაციის ზრდასთან ერთად, მათ გაუჩნდათ ხედვები სამყაროს მოწყობის კანონზომიერებებთან დაკავშირებით, ეს ხედვები, თანდათან იდეებად და მსოფლმხედველობრივ მოდელებად იქცა. რომელთა სათავეებთან სმენითი ფსიქოტიპის წარმომადგენლები იდგნენ. ამ ყოველივემ სმენის ვექტორიანები აქცია კაცობრიობის იდეოლოგებად, სულიერ ბელადებად, ფილოსოფოსებად, მეცნიერებად, მწერლებად და ა.შ. 

 

სმენითი ფსიქოტიპის თავისებურებები

 

  რა თქმა უნდა სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებასა და ფუნქციურ მოდელზე დიდ გავლენას ახდენს დართული ვექტორი (ვექტორები). უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კომბინაციებში ფსიქოტიპის გამოვლენა და მუშაობის მოდელი მნიშვნელოვნად იცვლება. თითოეული დართული ვექტორი, რადიკალურად ცვლის არა მხოლოდ ვექტორის მუშაობის მოდელს, არამედ მის ფუნქციურ გამოვლინებასაც. ჩვენს ლექციაში დაწვრილებით განვიხილავთ თითოეულ კომბინაციას, მაგრამ მანამდე აუცილებელია აღვნიშნოთ სმენითი ფსიქოტიპის რამოდენიმე თავისებურება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც სცენარზე, ისე მისი რეალიზაციის ფორმაზე. 

  პირველი: სმენა დომინანტი ვექტორია. ის უპირობო დომინანტია თითქმის ყველა ვექტორულ კომბინაციასთან, გარდა დართული ურეთრალური და ყნოსვის ვექტორებისა. ამ შემთხვევებშიც ძირითადად სმენა დომინირებს, თუმცა არსებობს რამოდენიმე შესაძლო გამონაკლისი, რომლებსაც ამ ფსიქოტიპებთან კომბინაციისას განვიხილავთ. 

  მეორე: სმენის ვექტორი ერთგვარად ქამელეონი ვექტორია. არასაკმარისი განვითარებისას მას შეუძლია მთლიანად შეერწყას სხვა ვექტორს. ამ დროს სმენა თითქმის იკარგება და მხოლოდ იმ ვექტორის ფასეულობებს აძლიერებს, რომელსაც შეერწყა. აქაც ორი შესაძლო შემთხვევაა:

1.      თუ სმენა რომელიმე ზედა ვექტორთანაა შერწყმული, ის მაინც ინარჩუნებს საკუთარ სმენურობას, მისი იდეები სხვა (ზედა) ვექტორის ფასეულობებიდან მომდინარეობს, მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებენ სმენურ ფანატიურობას, მეტიც, ზოგჯერ სხვა ზედა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენა, უშუალოდ სმენურ მდგომარეობაში მყოფ სმენაზე მეტად ფანატიურია. ამასთან მისი მასშტაბურობა მაინც ატარებს აბსტრაგირებისა და სიღრმეებში წასვლის სურვილის მახასიათებლებს. 

2.      ბევრად რთული სიტუაციაა, როდესაც სმენის ვექტორი იმყოფება ქვედა ვექტორის, ან ამ ქვედა ვექტორის კონკრეტული თვისების გავლენის ქვეშ. ამ დროს მას შეუძლია იმდენად გაითქვიფოს ნებისმიერ სხვა ვექტორში (ვექტორის კონკრეტულ სურვილში, ან თვისებაშიც კი), რომ მისი სმენურობა საერთოდ უხილავი გახდეს. უყურებთ ასეთ ადამიანს და სერთოდ ვერ ხედავთ მასში სმენურ თვისებებს. არანაირი სულიერი სურვილები, არანაირი ფილოსოფიური წიაღსვლები. ამ შემთხვევაში გარჩევა მართლაც ძალიან ძნელი ხდება, იმდენად, რომ ზოგჯერ სვფ-ს გამოცდილი სპეციალისტებიც კი შედიან შეცდომაში. თუმცა აქაც არის განმასხვავებელი შტრიხები. ქვედა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენის ვექტორიანი, ავლენს უჩვეულო ფანატიზმს კონკრეტულ ცნებებზე (კერძოდ იმ ვექტორის, ან თვისების ფასეულობებზე, რომელთანაც მისი სმენურობაა შერწყმული) საუბრისას. არის კიდევ ერთი შტრიხი, ქვედა ვექტორის მდგომარეობაში მყოფი სმენა ძალიან ხშირად იცვლის საუბრის სტილს და დიქციას. ერთ წუთში სრულიად მშვიდად, დაბალი ხმით საუბრობს, წამიც არ გავა და რაღაცაზე უკვე პირზე დუჟმომდგარი ყვირის. ცოტა ხანში შეიძლება ისევ დამშვიდდეს. ასევე ზომაზე მეტად რეაგირებს იმ ვექტორის ფასეულობათა შელახვაზე, რომელის მდგომარეობაშიც იმყოფება. 

მესამე: სმენას აქვს უნარი მთლიანად შთანთქას სხვა ვექტორები, ან მათი თვისებები სმენური აბსტრაქციის სიმაღლეებამდე აიყვანოს. 

 

კუნთ-სმენა

  თანამედროვე ლანდშაფტში ამ სცენარს ძალზე იშვიათად შეხვდებით. უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ მხოლოდ კუნთის ვექტორის თვისებებს არ შეუძლია უზრუნველყოს ზედა ვექტორის ნორმალური განვითარება, ამიტომ ზედა ვექტორები რჩება განუვითარებელი და გადადის არქეტიპულ მდგომარეობაში. რაც განაპირობებს უკიდურესად ნეგატიური სცენარის ფორმირებას. 

 თითქმის იგივე სიტუაციაა მაშინაც, როდესაც ზედა ვექტორთან კომბინირებულ კუნთს ერთვის სხვა ქვედა ვექტორი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ამ ვექტორში ხდება ფუძისეული რღვევა და ეს ვექტორი ვერ ახერხებს საკუთარი ფუნქციის ამოცნობას. შედეგად ვიღებთ ზედა ვექტორთან სცენარში დარჩენილ კუნთს, რომელსაც არ შეუძლია ზედა ვექტორის უზრუნველყოფა განვითარებისთვის საჭირო ბაზით.

  ამის გამო კუნთ-სმენები უმეტესად სრულიად არაადაპტირებულნი არიან გარემოსთან. ძირითადად ისინი სრულიად განმარტოებულნი არიან. კუნთ-სმენები უმეტესად სრულიად განუვითარებლები რჩებიან, მათი ინტელექტი 3-4 წლის ბავშვის ინტელექტს ჰგავს. ამასთან ისინი სრულიად არიან მოკლებულნი დამოუკიდებლად გადარჩენის უნარს.

  თუმცა არის მეორე შემთხვევაც: კუნთის და განუვითარებელი სმენის ვექტორების კომბინირებისას, შესაძლოა საქმე გვქონდეს ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა ე.წ. ,, გაფართოებული“ სუიციდი. კუნთის ვექტორს არ გააჩნია საკუთარი ,,მეს“ შეგრძნება, მის ნაცვლად აქვს კოლექტიური ,,ჩვენ“. ამ კომბინაციაში თუ დეპრესიამდე მისული სმენა გადაწყვეტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, მისი კუნთის ვექტორი, მას უბიძგებს შეწყვიტოს არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე, არამედ მთელი კოლექტივის (კუნთური კოლექტიური ,,ჩვენ“) - მასთან ახლომყოფი ჯგუფის. შედეგად უჩნდება სურვილი ამოხოცოს მთელი ახლომყოფი გარემოცვა, შემდეგ კი სიცოცხლე სუიციდით დასრულოს.

  თუ კუნთს სმენას ერთვის ორალური ვექტორი, მაშინ არც-თუ იშვიათად ვიღებთ აგრესიულ ტიპაჟს, რომელიც ქვებს ისვრის, ან იკბინება, ზოგჯერ კი სრულიად უაზროდ აგინებს ვიღაცას უკანასკნელი სიტყვებით (მაგრამ ამ დროს ის რეალურად ვერ იაზრებს სალანძღავ სიტყვათა მნისვნელობას, ეს მისთვის მხოლოდ დასწავლილი ქცევაა). თუ კუნთ-სმენას ერთვის ვიზუალი, მაშინ ის ეცდება მეტად იურთიერთოს სხვებთან, ან ცადოს საუბარი ისეთ რამეზე, რასაც მხოლოდ ის ხედავს, ხოლო როდესაც მას დასცინებენ, მისი პასუხი მხოლოდ ტირილი იქნება. 

  ყნოსვასთან ერთად კუნთ-ყსმენა შეიძლება იყოს მანიაკი მკვლელი (თუ კუნთ-ყნოსვა-სმენა, სცენარით კუნთ-ყნოსვაა), რომელსაც ხმები ჩაესმის და ,,ღმერთი უბრძანებს ბოროტების მოსპობას“, ან რაიმე მსგავსი. თუმცა ყნოსვასთან ერთად არის მეორე სცენარიც (თუ კუნთ-ყნოსვა-სმენა, სცენარით კუნთ-სმენაა): ის შესაძლოა იყოს ყველასგან განმარტოებული, სრულიად არაქმედითუნარიანი და ინტელექტსმოკლებული ტიპაჟი, რომელიც ხანდახან საკუთარ თავს ესაუბრება.

 

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ზოგჯერ სმენის ვექტორს ახასიათებს სხვა ვექტორის მდგომარეობაში სრული გათქვეფა, ან პირიქით ამ ვექტორის სრულიად შთანთქმა. ეს კი არცთუ იშვიათად წარმოშობს მდგომარეობათა მთელ რიგს. 

  ნორმალურ პირობებში, სხვა ვექტორთან კომბინირებისას სმენის აბსტრაქტული ინტელექტი ამ ვექტორის თვისებებით მდიდრდება და საკუთარ მასშტაბურ ინტელექტს მატებს კომბინირებული ვექტორის მახასიათებლებს და ბაზას. 

 

ანალ-სმენა

  ანალურ ვექტორთან კომბინაციაში სმენის ვექტორი იღებს ანალური ვექტორის უზარმაზარ ინფორმაციულ ბაზას, წარსულიდან გადმოტანილ ცოდნას, ნებისყოფას, გამძლეობას, ანალიზის საოცარ უნარს და ინფორმაციის პერფექციონისტული დამუშავების შესაძლებლობას.

  თავის მხრივ სმენის ვექტორი ანალურ ვექტორს აძლიერებს აბსტრაქტული ინტელექტით, შემეცნების მწველი სურვილით, ხვეწს მის სიტლანქეს და სწორხაზოვან აზროვნებას და გარდაქმნის ინტელექტად. ანალ-სმენა, ეს ანალური ფსიქოტიპის ტიტანური ინფორმირებულობით გამდიდრებული სმენაა, რომელიც ამ ინფორმაციას სმენურ მასშტაბებს და ანალური ინფორმაციის ახლებურად გააზრების უნარს ძენს. ეს ორი ვექტორი ერთად უდრის აბსტარქციას + ანალიზი, ინფორმირებულობა და სამყაროს არსის ჭვრეტა, ინფორმაციის დაგროვების სურვილი, შერწყმული სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნის სურვილთან. ამ ორი ვექტორის სიმბიოზი ქმნის კაცობრიობის ინტელექტუალურ ფასეულობებს.

  სწორედ ანალ-სმენებს უყვართ ყველაზე მეტად ინფორმაციასთან მუშაობა, ინფორმაციის ახლებური გააზრება, გადამუშავება. სწორედ ანალ-სმენების მიერაა შექმნილი ყველა ფილოსოფიური მოძღვრება თუ მეცნიერული მიმდინარეობა, სადაც სამყაროს შემეცნების სმენური სურვილი ეყრდნობა ანალურ სიბეჯითეს, შრომისუნარიანობას და მოთმინებას. მხოლოდ ანალთან კომბინირებულ სმენას შეუძლია კვირაობით იჯდეს ერთ ადგილზე, შეაჯამოს ტიტანური მოცულობის ინფორმაცია, საათობით წეროს ფორმულები, ათასჯერ გაიმეოროს ერთი და იგივე ცდა, აღწეროს, დეტალურად აღნუსხოს და გაითვალისწინოს შეცდომები, ყურადღება მიაქციოს ურთულესი ექსპერიმენტის თითოეულ წვრილმანს. სწორედ ანალ-სმენები დგანან მწერლობის, ფილოსოფიის, ზუსტი მეცნიერებების, კვლევითი მუშაობის, რელიგიური მოძღვრებების სათავეებთან. ანალ-სმენები წერენ ენციკლოპედიებს (სადაც აღწერილი და დეტალურად შეჯამებულია ათასობით, მილიონობით ფაქტი). 

  თუმცა არსებობს ამ ყველაფრის მეორე, ბნელი მხარეც: როგორც იცით, დაზიანებული ანალური ფსიქოტიპი - კომპლექსების და შიშების უშრეტი წყაროა. ხოლო დაზიანებული სმენა - ფსიქიკურ დაავადებათა მთელ კასკადს მოიცავს. ამასთან ერთად, სმენის ვექტორს აქვს უნარი, რომ ნებისმიერი ვექტორის შიში, კომპლექსი, ან დაზიანება იდეად აქციოს, ან უბრალოდ ასტრონომიულ მასშტაბებამდე ,,გაბეროს“. 

  დაზიანებულ ანალურ ვექტორში ვხვდებით შურისმაძიებლობას, აგრესიულობას, უცხოს, სხვანაირის მიუღებლობას, განსხვავებულის დემონიზებას. თუ ანალის ამ მდგომარეობებს აძლიერებს არც ისე განვითარებული სმენის ვექტორი, მაშინ აქედან ვიღებთ სხვათა განადგურების იდეებს, რასიზმს, შოვინიზმს, ნაციზმს, ჰომოფობიას, გენდერულ შევიწროებას, განსხვავებულთა დევნას, ინკვიზიტორულ დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი. ზოგადად ეს ყოველივე განუვითარებელი, ან ნაწყენ მდგომარეობაში მყოფი ანალური ვექტორისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ როდესაც ამ მახასიათებლებს ერთვის სმენა, ეს არა მხოლოდ უბრალო აგრესიას, ან პიროვნულ სიძულვილს, არამედ იდეამდე აყვანილ მდგომარეობას წარმოშობს. სწორედ დაზიანებული ანალური ვექტორის სმენურ იდეოლოგიამდე აყვანამ წარმოშვა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ფაშიზმი. ერთი ერის აღმატებულობის და სიწმინდის იდეით, ყველა განსხვავებულის არასრულფასოვან ადამიანად მიჩნევა, დევნა, ზოგჯერ კი მასობრივი მკვლელობებიც. 

  ასევე დაზიანებული ანალ-სმენური ზომის გამოხატულებაა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ტერორიზმი. ერთი შეხედვით ამ მოვლენას სპეტაკი და ,,წმინდა“ სათავეები აქვს, საკუთარი სამშობლოს, რწმენის, ფასეულობების დაცვა. თუმცა დაზიანებული ანალური ვექტორისა და სმენური ფანატიზმის სიმბიოზს ეს ხედვა დესტრუქციულ გამოხატულებამდე დაყავს. შედეგად ვიღებთ ,,წმინდა ომს“, რაღაც ვიწრო იდეისთვის, შურისძიებისა და განსხვავებულების, მტრების, უწმინდურების, ურწმუნოებისა და ა.შ. მოსპობის სურვილს. ზოგჯერ ეს საკუთარი ერის უცხოებისგან, ან მტრებისგან გაწმენდის სურვილია, ზოგჯერ საკუთარი რწმენის ,,დემონებისაგან“, ან ,,ურჯულოთაგან“ გადარჩენის სურვილი. შედეგად იქმნება ფუნდამენტალისტური მიმდინარეობები. საკუთარი რწმენისთვის სიკვდილის მზაობისა და მტრების განადგურების მოწოდებების საფარქვეშ კი პიროვნული დაზიანებების, კომპლექსებისა და განუვითარებლობების მთელი კასკადია ჩამალული.

  არის ანალ-სმენურ დაზიანებათა სხვა კატეგორიაც: ანალურ ფსიქოტიპს სურს იყოს ავტორიტეტული, გარდა ამისა ნორმალურ პირობებში ის მიდრეკილია ცოდნის დაგროვებისაკენ. თუ სმენა იმყოფება ანალის მდგომარეობაში, ის ანალური ვექტორის ამ სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს. ის პირდაპირ შთანთქავს ინფორმაციას, ხდება ინფორმაციის საწყობი. ერთი შეხედვით აქ ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა საქმე იმაშია, რომ ასეთი ანალ-სმენები ინფორმაციას კი აგროვებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ მის სმენურ აბსტრაგირებას და ცდილობენ ავტორიტეტი მოიხვეჭონ მხოლოდ დაგროვილი ცოდნის ხარჯზე. შედეგად ვიღებთ მაკრიტიკებელ ანალ-სმენებს, რომლებისთვისაც უმთავრესი იმის ჩვენებაა, რომ თვითონ ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველა სხვა მათთან შედარებით უინტელექტო არარაობაა. ისინი ყოველ ახალ იდეას, ყოველ ინტელექტუალს პირად მეტოქეებად მიიჩნევენ და მთელი თავისი ინფორმირებულობით ცდილობენ მის განადგურებას. როგორც წესი ასეთები თავად არაფერს ქმნიან, თუმცა თავისი უზარმაზარი ინფორმირებულობისა და ცოდნის წყალობით ეწებებიან რომელიმე იდეას, იწყებენ სხვათათვის მის სწავლებას, ამრიგად იხვეჭენ ავტორიტეტს, შემდეგ კი ნებისმიერ ახალ იდეას - სიძველის, საკუთარი ავტორიტეტისა და უძველესი სწავლულების ციტატების მოშველიებით ახშობენ. ასეთები ხშირად აპელირებენ უძველესი ცოდნით, წარსულის სიწმინდით, უძველეს იდეებში დამალული საიდუმლო ცოდნით (რომელიც თითქოს მარტო თავად ესმით).

  არის ანალ-სმენის კიდევ ერთი გამოვლინება: როდესაც სმენა მთლიანად შთანთქავს ანალურ ვექტორს. უყურებთ ასეთ ანალ-სმენას და განცვიფრებაში მოდიხართ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ანალ-სმენაა, თითქოს ინფორმირებული, აბსტრაქციის უნარით. მეორე მხრივ კი მასში ვერანაირ ანალურ თვისებას ვერ ამჩნევთ, არანაირი ანალიტიკური წიაღსვლები, არანაირი წარსულზე აქცენტი. თითქოს მისი ანალური ვექტორი სადღაც აორთქლდა. რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ დროს სმენის ვექტორი მეტისმეტად მოწყდა ფიზიკურ სამყაროს, ამან გამოიწვია ანალურ თვისებათა სრული შთანთქმა, მაგრამ ის კან-სმენასავით ასკეზებს კი არ იწყებს, არამედ ანალურად სრულ უმოქმედობაში და გაშეშებაში გადადის. მას არ სურს რაიმე ისწავლოს, ან შექმნას, ის უბრალოდ უძრავი და იმდენად დაკარგულია, რომ საერთოდ არ სურს რამე გააკეთოს. 

  აქ საჭიროა შევეხოთ კიდევ ერთ მოვლენას: რელიგიურ და ეზოთერულ ფანატიზმს. უნდა აღინიშნოს, რომ ფანატიზმი, როგორც ასეთი კან-სმენური მოვლენაა, თუმცა მის გამოვლინებას ვხვდებით ანალ-სმენის შემთხვევაშიც. აქ საჭიროა გამოვყოთ რელიგები და ეზოთერული მიმდინარეობები საკუთარი არსით, მისი გამოვლინების ფორმით, შემქმნელებით და მიმდევრებით. რელიგია და ეზოთერიკა საკუთარი არსით სამყაროს შემეცნების ფორმებია და ისინი სმენურია, თუმცა მათი გამოვლენა, მოხდა ანალურ ეპოქაში და მათი პირველადი ფორმა ანალ-სმენური იყო. შემდეგში მათგან სამყაროს შემეცნების ძიების დიდი ნაწილი გაქრა და ვიზუალური ზომის თვისებამდე - რიტუალების სიყვარულამდე დავიდა, რომლებიც ანალურად, ანუ მხოლოდ ტრადიციების დაცვით სრულდება, ამ რიტუალის არსის გააზრების გარეშე, ანუ რელიგიათა და ეზოთერიკათა გამოხატულებამ უმეტესად ანალ-ვიზუალური ფორმა შეიძინა. სხვათა შორის ანალურ ვექტორში აღვნიშნეთ, რომ ანალური და ვიზუალური ვექტორები მიდრეკილნი არიან მთლიანობის დეტალებად დაშლისაკენ. როდესაც საქმე ეხება სმენური არსის წვდომას, ანალი და ვიზუალი იღებენ სმენურ შემეცნებას, შლიან მას დეტალებად და დანარჩენს საკუთარი, წარმოდგენით ავსებენ. ამ წარმოდგენას თავადვე იჯერებენ და აჰყავთ რწმენამდე. ხოლო შემდეგ არც ისე განვითარებული ანალ-სმენები იღებენ ამ რწმენას, როგორ წარსულში არსებულ ,,წმინდა“ იდეას და მას როგორც წესი არა სმენური გაცნობიერებით, არამედ ანალური სიჯიუტით მიჰყვებიან.

 რელიგიათა და ეზოთერულ მოძღვრებათა შემქმნელები, ძირითადად იყვნენ ურეთრალ-სმენები, სულიერი ბელადის გამოვლინებით. შემდეგ ურეთრალ-სმენის მიერ შექმნილ იდეას იღებდნენ კან-სმენები, რომლებიც ამ იდეას უდგებოდნენ ერთი მხრივ სმენური შემეცნებით, მეორე მხრივ კი კანური პრაგმატულობით, ამასთან კან-სმენა მიდრეკილია კანურად შეზღუდვებისა და აკრძალვებისაკენ, რაც სმენურად აჰყავს იდეის დონეზე. როგორც იცით კანი სხეულზე ვლინდება საზღვრად სხეულსა და გარე სამყაროს შორის, იგივეს აკეთებს კანის ვექტორიც, ის ავლებს საზღვარს და აკონტროლებს შიდა რესურსებს. სხეულის მამოძრავებელ რესურსს წარმოადგენს ენერგია, შესაბამისად კან-სმენა რელიგიურ, ან ეზოთერულ რეალიზაციაში კონტროლს აწესებს ენერგიის ხარჯვაზე. რადგან კანის ვექტორის ფუნქცია მოიცავს დროის არც ისე დიდ მონაკვეთს (აწმყოს), მას ჭირდება მსუბუქი, მოქნილი ფსიქიკა და არც ისე დიდი მოცულობის ენერგია. კან-სმენა გრძნობს რომ არც ისე დიდ ენერგიას ატარებს, ამიტომ მას თითოეული მიღწევისთვის ჭირდება საკუთარი შინაგანი რესურსის, საკუთარი ენერგიის მთლიანად მობილიზება და მიმართვა ერთი კონკრეტული მიზნისაკენ. ამიტომ კან-სმენები იგონებებნ ენერგიის მობილიზება-დაზოგვის ათასგვარ პრაქტიკას. მაგრამ აქ არის ერთი უცნაურობა, კერძოდ: თვით ეკონომიის, დაზოგვის სურვილი კანურია და არა სმენური, როდესაც ის სმენას იდეამდე აჰყავს, სმენის ვექტორს უწევს ჩამოვიდეს კანის მდგომარეობამდე, მაგრამ ამას აკეთებს სმენური ფანატიზმით. შედეგად კი ვიღებთ ათასგვარ ფანატიზმამდე მიყვანილ ასკეტურ პრაქტიკებს. 

  როგორც იცით სმენის ვექტორი ფსიქიკით ისეც არსთა სამყაროში ცხოვრობს, ხოლო როცა კანური ასკეტიზმი ზღვარს ცდება, ის თითქმის კარგავს კავშირს სხეულთან, რაც აღიქმება გასულიერებად, რეალურად კი საქმე გვაქვს კანური ასკეტიზმის იდეამდე აყვანასთან. რომელსაც უკვე შემდგომ ანალ-სმენები იღებენ როგორც წარსულში შექმნილ და მაშასადამე ავტორიტეტულ სწავლებას და მას ბრმად იცავენ (თუმცა თავად ასე არ თვლიან). ამასთან ანალ-სმენებს უყვართ საძმოების, ორდენების და ა.შ. შექმნა, ხოლო სმენურად ისინი თავს თვლიან სამყაროს საიდუმლოებათა დამცველ გმირებად, ასე იქმნება რელიგიური ორდენები თუ სხვადასხვა ეზოთერული მიმართულებები. ისინი ანალური ზედმიწევნითობით და ბრმა სიჯიუტით იცავენ კან-სმენების მიერ შემუშავებულ თითოეულ ასკაზას, თუმცა ამას იშვიათად ერთვის სმენური შემეცნებითობა. ანალები არასოდეს აღიარებენ რომ ეს პრაქტიკები მათ იმავე შედეგს არ აძლევს რაც წიგნებში წერია, რადგან ამის აღიარება ანალისთვის ნიშნავს, რომ მათი სათაყვანო წარსული ტყუილი და სისულელეა, ეს კი მათ ფსიქიკას დაანგრევს. 

  როგორც წესი განვითარებული ანალ-სმენა არაა არც ფანატიკოსი, არც ტერორისტი და არც ნაცისტური იდეებით შეპყრობილი მანიაკი. განვითარებული ანალ-სმენები არიან გენიალური მწერლები, პროგრამისტები, მეცნიერები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ქირურგები, ექიმი-დიაგნოსტიკოსები, კომპოზიტორები და ა.შ.

 

ანალ-სმენა ორალით

  თუ ანალ-სმენას ერთვის ორალური ვექტორი, ის არა მხოლოდ კარგი მეცნიერი, მწერალი ან იდეოლოგია, არამედ არაჩვეულებრივი ორატორიც, მას შეუძლია წაიკითხოს ლექციები საკუთარი სამუშაოს, იდეის, ან შემოქმედების შესახებ. ორალური ვექტორი ანალ-სმენას ძენს მეტ ენერგიულობას და თავის საჯაროდ გამოვლენის უნარს. ჩაკეტილი, საკუთარ თავზე კონცენტრირებული, ასოციალური სმენა, ორალის გავლენით ბევრად უფრო ღია და სოციალური ხდება, ანალ-ორალ-სმენებს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ, მათი იუმორი დახვეწილი და ინტელექტუალურია. ისინი საუბრობენ ენერგიულად, ორალური ვექტორის წყალობით სმენა ახერხებს საკუთარი იდეები არა მხოლოდ ვერბალურად გააჟღეროს, არამედ მათ ბევრად მეტი დამაჯერებლობა და ჯგუფზე ზემოქმედების უნარი მიანიჭოს. ორალური ვექტორის დახმარებით გაჟღერებული სმენური იდეა, თითოეული მსმენელის ცნობიერების სიღრმეებს წვდება, თითოეულთან მათთვის გასაგები ენით აღწევს და გამსჭვალავს მათ აზრებს. სმენურად შესაბამისი სიტყვის შერჩევა და ორალურად მისი მოხერხებულად ჩასმა კონტექსტში - ასე იბადება ლამაზი სიტყვა. ასეთი ადამიანი მთელ კონცეფციას ააწყობს საუბარში და ამ კონცეფციას მკაფიო, დასამახსოვრებელი მაგალითებით შეამკობს. სმენურად დაბადებს აზრს და ორალურად ჩაბეჭდავს მსმენელების გონებაში.  

  თუმცა დარღვევის შემთხვევაში არსებობს მთელი რიგი რისკები და დაზიანებებიც. ორალური ვექტორი ფლობს უზარმაზარ ცხოველურ ენერგიას, იმდენად მძლავრს და მოუთოკავს, რომ ძალიან ხშირად თვით დომინანტ ვექტორებზეც კი ახდენს გავლენას, ზოგჯერ კი სხვა ვექტორებს განვითარებაში უკანაც კი ხევს. ორალი ყველაზე მძლავრი ექსტრავერტია, ამიტომ მისი თვისებები კონტრარულობაში მოდის ინტროვერტ სმენასთან, არ აძლევს მას თვითკონცენტრაციის საშუალებას, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სცენარსაც კი ცვლის. თუ ორალური ვექტორი სმენაზე უკეთაა განვითარებული, ასეთ დროს სმენა ერთგვარად მეორე პლანზე გადადის, ორალური ვექტორი სიმბიოზირდება ანალთან და გადაყავს ის ,,ბინძურის“ სცენარში. შედეგად ვიღებთ ადამიანს, რომელიც ერთი მხრივ თითქოს სმენურ იდეებზე საუბრობს, მაგრამ ამას აკეთებს არა სმენური ვნებით და ანთებით, ან ანალური დინჯი მსჯელობით, არამედ აგრესიული ყვირილით, ხშირად უცენზურო გინებითა სხვათა მოუთოკავი ლანძღვით. მის სმენას არ შეუძლია სერიოზული იდეის გენერირება, ან თუნდაც მიღება, ამიტომ ის ხშირად ხტის აზრიდან აზრზე, ამასთან ახასიათებს საკმაოდ უცნაური ქცევები. 

  არის სხვა შემთხვევაც: როცა სმენის განვითარება ბევრად აღემატება ორალისას. ამ დროს ადამიანი საუბრობს უკიდურესად ჩუმი ხმით, მისი საუბარი ძლივს ისმის. თითქოს არსად ჩანს ორალის ენერგიულობა, ორატორობა. თუმცა ასეთმა ადამიანმა შეიძლება გაგაოცოთ. როგორც წესი ის საკმაოდ კულტურულია, წყნარი, თუმცა მოულოდნელად, სრულიად მშვიდ სიტუაციაში შეიძლება აგრესიულ ყვირილზე გადასვიდეს, დაიწყოს აქტიური ჟესტიკულირება, ხტუნვა, პირზე დუჟი მოადგეს, თვალები შეშლილივით აუელვარდეს. მეორე წუთში კი ისევ ის ადამიანია, ჩუმი საუბრის მანერით და მშვიდი სახით. ამ სცენარს ახასიათებს კიდევ ერთი შტრიხი - ორალური ხუმრობის მოთხოვნილება. თუმცა მისი იუმორი ორალურად ხისტი აკი არა, ინტელექტუალური და ირიბია, მის გასაგებად რამოდენიმესვლიანი კომბინაციის დანახვაა საჭირო. ამასთან ერთად, როგორც წესი მისი იუმორი უკიდურესად ცინიკურია (არ აგერიოთ ყნოსვურ სარკაზმში). 

 

ანალ-სმენა ვიზუალით

  თუ ანალ-სმენას ერთვის ვიზუალი, ის ამ კომბინაციას ძენს მეტ ინტელექტუალიზმსა და არისტოკრატულობას. სწორი განვითარებისას, ასეთი ადამიანები ურთიერთობებში დახვეწილნი, გალანტურები და თავაზიანები არიან. აქვთ მაღალი ინტელექტი (როგორც წესი ანალ-ვიზუალ-სმენებს ყველაზე მაღალი IQ აქვთ). ვიზუალური ვექტორი ანალ-სმენას აძლევს უნიკალურ შემოქმედებითობას, ფანტაზიის საოცარ უნარს. ამასთან ერთად ანალურ სიხისტეს მნიშვნელოვნად არბილებს და ხდის მას უფრო მიმღებს. სწორედ ამ სამი ვექტორის კომბინაციის მატარებელი იყო თითქმის ყველა გენიალური მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი,  მეზრაპრე, ასევე გამომგონებელთა უმრავლესობა. ამ სამი ვექტორის სიმბიოზმა შექმნა ბავშვებისთვის საყვარელი ,,ბეჭდების მბრძანებლის“, ,,ჰარი პოტერის“ თუ ,,ალისას“ გასაოცარი, ჯადოსნური და დაუჯერებელი სამყაროები. ვიზუალური ვექტორის წყალობით ანალ-სმენა აღარაა მხოლოდ საკუთარ ოთახში ჩაკეტილი წიგნის ჭია და ბევრად უფრო სოციალური ხდება. 

  თუმცა დაზიანების შემთხვევაში აქაც ვხვდებით მთელ რიგ პრობლემურ სცენარებს. როდესაც ვიზუალური ვექტორი დაზიანებულია, მისი უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდა წარმოშობს არნახული ოდენობის ფობიებს, სმენის ვექტორი მის ფობიებს უკეთებს აბსტრაგირებას და მატებს მასშტაბებს. შედეგად შეიძლება მივიღოთ ფობიების ხარისხობრივად ახალი, უცნაური სერია. მაგალითად თუ ვიზუალს ეშინია მწერების, სმენასთან ერთად ამ ყველაფერმა შეიძლება მიიღოს უცნაური აბსტრაქცია და მოეჩვენოს, რომ მწერები მის წინააღმდეგ შეთქმუილებას აწყობენ, ან სიზმარში მუდმივად ელანდება მწერების თავდასხმა. რა თქმა უნდა ეს უკიდურესობაა და ასეთი მდგომარეობა არც ისე ხშირია, თუმცა კარგი მაგალითია ვიზუალური შიშის სმენურ მასშტაბებში ატანის საჩვენებლად. 

  ანალურ ვექტორთან ერთად ეს ყოველივე კიდევ უფრო უცნაურ სახეს იღებს. ანალ-სმენამ შეშინებული ვიზუალით, შეიძლება შექმნას შიშთან დაკავშირებული იდეა, მაგალითად: ,,შიში ქმნის სიყვარულს“. თუ ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ანალური ვექტორი ,,ნაწყენ“, ან ,,სადიზმის“ მდგომარეობაშია, მაშინ შესაძლოა სხვათა შეშინებაზეც გადავიდეს და შექმნას საშიში თამაშები, საშინელებათა ფილმები, წეროს საშიში ისტორიები და ა.შ. 

  კიდევ ერთი დარღვევა, რაც შეიძლება ჰქონდეს ანალ-სმენას ვიზუალით, არის სოციუმის შიში. ამ დროს ის არა მხოლოდ ასოციალურია, არამედ პანიკურად ეშინია სოციუმთან ურთიერთობა, ვიზუალურ შიშებს ემატება ხარისხის კარგვასთან დაკავშირებული ანალური კომპლექსები. ზოგჯერ ეს მიდის უკიდურესობამდე და ჩნდება ხალხში გასვლის, ადამიანებთან ურთიერთობის, ყოველგვარი სოციალური აქტივობის შიში. 

 წინა ლექციებში უკვე აღვნიშნეთ, რომ სმენის ვექტორს ხშირად აქვს ფსიქიკურ დარღვევათა მთელი რიგი: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, პიროვნების გაორება, ,,ხმები თავში“ და ა.შ. ანალურ ვექტორთან ერთად (განსაკუთრებით მაშინ, თუ ანალი წყენის მდგომარეობაშია), ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ხმებმა მას უბრძანონ შურისძიება, ან ერის მტრებისგან გაწმენდა. შედეგად ვიღებთ სერიულ მკვლელს, რომელიც კონკრეტული კატეგორიის ადამნიანებზე ნადირობს. თუ ამ სცენარში ერთვება ვიზუალური ვექტორი, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება. მისი შინაგანი ხმების ,,წარმოსახვა“ უფრო შორს მიდის და იძენს ყოვლად უცნაურ ფორმებს. მაგალითად ხმებმა შეიძლება ,,უთხრან“, რომ დედამიწაზე ზოგი უცხოპლანეტელი, ან დემონია და მისი მისიაა მათი აღმოჩენა და განადგურება. ამასთან ერთად, როგორც წესი ასეთი ანალ-ვიზუალ-სმენები ხასიათდებიან მაღალი ინტელექტითაც, რაც ართულებს მათ გამოვლენას. 

 

ანალ-სმენა ყნოსვით

    თუ ანალ-სმენას ერთვის ყნოსვის ვექტორი, ეს ქმნის ორ შესაძლო სცენარს ანალ-სმენა ყნოსვით, ან ანალ-ყნოსვა სმენით. როდესაც ანალ-სმენას ერთვის ყნოსვა, ეს არა მხოლოდ ინფორმაციულ-შემეცნებითი ინტელექტია, არამედ საოცარი სტრატეგი და ბრწყინვალე ფსიქოლოგი.  

  ანალ-სმენა ყნოსვით, ესაა სმენის ვექტორიანი, რომლის ინფორმაციულ-შემეცნებით ინტელექტს ყნოსვის ვექტორი მატებს ინტუიციურობას და სტრატეგიულობას. ეს კომბინაცია გვაძლევს გენიალურ ფსიქოლოგებს, მეცნიერებს, მოჭადრაკეებს, სულიერ მასწავლებლებს, მკვლევარებს (ეს კომბინაცია ზოგადად უკვე განვიხილეთ ყნოსვის ვექტორში, თუმცა ძირითადად ყნოსვის დომინაციაზე აქცენტით). 

  ყნოსვის ვექტორის სტრატეგიულობა და ინტუიცია, ანალ-სმენას აძლევს თითქმის შეუმცდარ ალღოს, მას ახასიათებს საოცარი სიზუსტით მიხვედრა, იმ შესაძლო პრობლემისა, რომლის გადაწყვეტაზეც მუშაობს. ამ კომბინაციის მატარებელი იყო თითქმის ყველა გენიალური ბაქტერიოლოგი, ვირუსოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მოჭადრაკე, ბიოტექნოლოგი და ა.შ. ეს არის არა მხოლოს ანალ-სმენურ ინფორმაციაზე დართული ინტუიცია, არამედ სამყაროს ხედვის უნიკალური მოდელი. საქმე იმაშია, რომ სმენის ვექტორი კონცენტრირებულია შემეცნებასა და სამყაროს მუშაობის პრინციპის ჭვრეტაზე, ინფორმაციის აბსტრაგირებასა და მუდმივად არსის ძიებაზე. ხოლო ყნოსვის ვექტორი უღრმავდება ქვეცნობიერის სიღრმეებს, ატარებს უნარს, ინტუიციურად ,,დაინახოს“ ადამიანის ეგოს დაზიანება, ჩაწვდეს მის ყველაზე ფარულ, ყველასთვის დაფარულ სურვილებს, გარდა ამისა ყნოსვის ვექტორის ფუნქცია უსაფრთხოებაა, ამიტომ ის კონცენტრირებულია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური საფრთხეების აღმოჩენა-განეიტრალებისაკენ. როდესაც ეს ორი ფუნქცია სიმბიოზირდება, ვიღებთ სამყაროს ჭვრეტის და აღქმის საოცრად უნიკალურ მექანიზმს, რომელიც გამდიდრებულია ანალური ინფორმირებულობით. გალილეი, ფროიდი, იუნგი, ნიუტონი, პლანკი, აინშტაინი, ტესლა, ფლემინგი, ბორი, კიური, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ კომბინაციის მატარებელი ადამიანებისა.  

  მეორე მხრივ ამ კომბინაციაში ვხვდებით ურთულეს დაზიანებებს. თუ ანალური ვექტორი წყენის მდგომარეობაშია, მისი ფსიქიკა ითხოვს ამ მდგომარეობის გათანაბრებას, შურისძიებას, მაგრამ აქ არის ერთი უცნაურობა. კერძოდ: თითქმის ნებისმიერ სხვა კომბინაციაში ანალური ფსიქოტიპისთვის წყენის გასათანაბრებლად საკმარისია წყენის თანაზომადი უკუქმედება. მაგრამ სმენის ვექტორის ,,წყალობით“ მისი ეგო და შესაბამისად მისი პიროვნებისათვის მიყენებული წყენის გაზვიადება, ასტრონომიულ მასშტაბებს აღწევს. შესაბამისად მას არ აკმაყოფილებს შურისძიების ანალური ფორმები. მას სურს არა მხოლოდ გაათანაბროს წყენა, არამედ სულიერადაც მოსპოს მოწინააღმდეგე. როდესაც ამ სცენარში ერთვება ყნოსვის ვექტორი, შურისძიება უსაშინლეს ფორმებს იღებს. მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ მწყენინებელზე შურისძიება, ამ სცენარში რთავს მის ახლობლებს ოჯახს. ანალურ სადიზმს ავსებს სმენური მასშტაბურობა და ყნოსვური შეუბრალებელი, ცივსისხლიანი სისასტიკე. შედეგად შეიძლება მივიღოთ შემთხვევა, როცა წყენის მომყენებელს აყურებინებს ცოლ-შვილის წამებას. ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, თუ სმენის ვექტორი მძიმედაა დაზიანებული, ამ დროს შეიძლება მივიღოთ შეშლილობის ისეთი ფორმა, როდესაც ინდივდს სურს შური იძიოს ყველაზე, ვისაც მისი დაზიანებული გონება. რაიმეთი მაინც მიამსგავსებს მას, ვინც აწყენინა. ამ დროს ვიღებთ მანიაკ სადისტ მკვლელებს, რომლებიც გამოირჩევიან ცივსისხლიანობითა და სისასტიკით, ამასთან წარმოუდგენლად ძნელია მათი დაკავებაც, რადგან ყნოსვის ვექტორი მათ ,,სუფთად“ მოქმედებას უზრუნველყოფს. 

  ეს კომბინაცია გვაძლევს კიდევ ერთ უცნაურ აშლილობას: როგორც იცით, ანალური ფსიქოტიპი მიდრეკილია კოლექციონერობისაკენ, თუმცა თუ მას აქვს წყენის, ან სადიზმის მდგომარეობა, რომელსაც ერთვის ფსიქიურ აშლილობამდე დაზიანებული სმენა და არც ისე განვითარებული ყნოსვა, მისი კოლექცია შეიძლება საოცარი, ან სრულიად ამაზრზენი იყოს, მაგალითად აგროვებდეს მის მიერ გაუპატიურებული ადამიანების საცვლებს, თმებს, ფრჩხილებს, ან სასქესო ორგანოებსაც კი. 

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • რამდენიმე კითხვაზე პასუხი ყნოსვის ვექტორთან დაკავშირებით

  • კლასის ყველაზე ჭკვიანი ბავშვი

  • სმენის ვექტორიანთა რაოდენობა

  • მე და სხეული

  • სმენა ყნოსვის საპირისპიროდ. რომელი რომელს…

  • შიშების პესონალური გამაძლიერებელი

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.