ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები


ვიზუალური ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები

სევდა

უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ვიზუალის ვექტორიანები - სიყვარულის, ემპათიის ემოციების ადამიანები არიან, ამასთან ერთად ყველაზე გამოხატული ექსტრავერტები (თუ ორალებს არ ჩავთვლით). როგორც ორალი, ვიზუალიც ემოციებს მთელი სხეულით გამოხატავს, ამასთან ვიზუალი დრამის ნამდვილი ოსტატია. ყნოსვასავით ისიც შეუცდომლად გრძნობს სხვების განწყობას მაგრამ ყნოსვასავით სათავისოდ გამოყენების ნაცვლად, ცდილობს თითოეული ინდივიდს უთანაგრძნოს და სითბო გაუნაწილოს.

ვიზუალები, როგორც ყველაზე ემოციური ნატურები, ყველა სხვაზე მძაფრად რეაგირებენ სხვადასხვა მოვლენებზე. ამიტომ მათი დეპრესიულ მგომარეობაში ჩაგდება ძალიან ადვილია. ისინი ხომ ასეთი მგრძნობიარენი არიან. რაც უფრო განვითარებულია ვიზუალი მით უფრო მეტი სითბოს და სიყვარულის გაცემა შეუძლია, უანგაროდ, თავგანწირვამდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ემოციური უკუკავშირი მისთვისაც აუცილებელია და როცა ამას ვერ იღებს, ეს მისთვის სტრესია. ვიზუალის ვექტორიანები მუდმივად ადემონსტრირებენ საკუთარ სხეულს, ფასეულობებს, ემოციებს, სანაცვლოდ მათი ფსიქიკა ითხოვს უკუკავშირს. თუ უკუკავშირი არ შედგა, თუ მათი დემონსტრაცია შეუმჩნეველი დარჩა, ვიზუალის ფსიქიკაში ჩნდება საკუთარი ფუნქციის შეუსრულებლობით გამოწვეული ძლიერი სტრესი. თუ მსგავსი მოცემულობა ხშირია, ანუ თუ ვიზუალს უჭირს უკუკავშირის მიღება, მასში ფორმირდება სევდა. უჩნდება განცდა, რომ უსარგებლოა, რომ არავის სჭირდება, ამ დროს ის თანდათან წყვეტს ფასეულობების დემონსტრაციას. შედეგად ვიღებთ ორიდან ერთ სცენარს:

1. თუ განუვითარებელია, ის ხდება ისტერიული, იწყებს სკანდალების მოწყობას, ნებისმიერ სიტუაციაში ისტერია ეწყება, ყვირის, ყველაფერს ამსხვრევს, ქვითინებს, აწყობს დრამებს. ამ გზით ცდიოლობს ახლობლებისაგან მაინც მიიღოს ის უკუკავშირი დემონსტრაციაზე, რომლის მიღებაც სოციუმისგან ვერ შეძლო.

2. თუ შედარებით განვითარებულია, მაგრამ სტრესის გამო მისი რეალიზაცია არ შეესაბამება მის განვითარებას, ვიზუალი აჩერებს დემონსტრირებას, იკეტება საკუთარ თავში და ახდენს ფასეულობების გადაფასებას. კარგ შემთხვევაში მისი სევდიანი განწყობა რამოდენიმე დღე გასტანს, შემდეგ კი ,,გადარესტარტდება“, იცვლის იმიჯს, ვარცხნილობას, ქცევასაც კი და იწყებს რეალიზების მცდელობას ახალი იმიჯით და განახლებული მსოფლმხედველობით.

შედარებით რთულ შემთხვევებში მისი სევდიანი განწყობა შესაძლოა არაერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ასეთ დროს ვიზუალის სევდა ძალიან ემსგავსება სმენურ დეპრესიას. თუმცა ეს სმენური ყოვლისმომცველი დეპრესია არ არის. დეპრესიული სმენა, დეპრესიის დროს მთელ სამყაროს ემიჯნება, სრულიად ასოციალური ხდება და საკუთარ თავში იკეტება. ვიზუალი კი მხოლოდ დემონსტრაციას წყვეტს. თუ მას რაიმე საშუალება გაუჩნდება, რომლის დახმარებითაც კვლავ შეძლებს სოციუმისგან უკუკავშირის მიღებას, მისი დეპრესია მალევე დასრულდება.

,,მომბეზრდა ცხოვრება“ ანუ ,,შემიყვრეთ თორემ თავს მოვიკლავ“

ზემოთაღწერილი სცენარის ერთერთი უკიდურესობაა, როდესაც ვიზუალი იწყებს ემოციურ ,,ვამპირობას“. მუდმივად წუწუნებს, რომ ის არავის უყვარს, რომ ვერ ამჩნევენ დ ა.შ. ხშირია შემთხვევა როდესაც ასეთი ვიზუალები იწყებენ ,,დემონსტრირებას თვითმკვლელობის მუქარით. მაგალითად შეყვარებულს ემუქრებიან, რომ თუ მიატოვებს ,,თავს მოიკლავს“, მუდმივად წუწუნებს, რომ ცხოვრება მობეზრდა, რომ თუ არ ეყვარებათ ურჩევნია მოკვდეს. საინტერესო ისაა, რომ საკუთარი ნათქვამის თავადაც სჯერა. ხშირად ფიქრობს როგორ სჯობს თავის მოკვლა, რა მეთოდით (რა თქმა უნდა არჩევს მაქსიმალურად უმტკივნეულო მეთოდს - ტკივილი ხომ ასე საშიშია).

ემოცური შეტევისას ასეთმა ვიზუალმა მართლა შეიძლება სცადოს თვითმკვლელობა, მოიმარაგებს აბებს, ან ვენებს გადაიჭრის, მანამდე კი ურეკავს ყველას, ვინც ახსენდება, და ემშვიდობება, შესაძლოა ზოგს უთხრას კიდეც, რომ თავს იკლავს. რეალურად მთელი მისი არსება ამ დროს შველას ითხოვს, მისი თვითმკვლელობა უკანასკნელი გზაა ყურადრების მისაქცევად. სმენისგან განსხვავებით, რომელიც თუ თვითმკვლელობამდე მივიდა, ამას ერთი ხელის მოსმით, სხეულის სრული მოგლეჯით აკეთებს, ვიზუალის ვექტორიანს რა თქმა უნდა სრულიად არ უნდა სიკვდილი, მხოლოდ ის უნდა, რომ შეამჩნიონ.

ფსევდოჰუმანიზმი

თუ საშუალოდ განვითარებულ ვიზუალის ვექტორიანში IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ბევრად აღემატება EQ (ემოციურ ინტელექტს) შესაძლოა მივიღოთ ვიზუალი, რომელიც იმის მაგიერ, რომ საზოგადოებაში ზიზღის და სიძულვილის დონე შეამციროს, არამხოლოდ წყვეტს ამის კეთებას, არამედ ,,სიძულვლის საერთო საწყობში“ თავისი წვლილიც შეაქვს. ამ მომენტში ხელოვნება, კულტურის გარეგანი გამოვლინება, აღზრდა, განათლება და მსგავსი - ადამიანის სიცოცხლეზე, თანაგრძნობის უნარზე, სიყვარულსა და ყველაფრის მიუხედავად პატიებაზე მნიშვნელოვანი ხდება. ასეთი ვიზუალები ხშირად ჰუმანიზმის ნაცვლად საკმაოდ აგრესიულ ფასეულობებს ქადაგებენ - როცა ხელოვნებათცოდნე ვიზუალი ანტიჰუმანურ იდეებს ქადაგებს, როდესაც დახეული კაბა უფრო მეტ წუხილს იწვევს ვიდრე მოკლული ბავშვი, ეს ნიშნავს რომ ვიზუალი იტანჯება სიცარიელით, რაც აიძულებს საკუთარ თავზე უფრო კონცენტრირდეს ვიდრე სხვებზე. რაც უფრო მეტ ხანს რჩება ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მით უფრო უცხო ხდება მისთვის სხვა ადამიანების წუხილი.

ბოლოს შინაგანი დისკომფორტი ისე იზრდება, რომ სულში სხვისი ტკივილისთვის ადგილი აღარ რჩება. ამგვარად, ბუნებრივად მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც დაბადებიდან თანდაყილილი აქვს სხვისი მწუხარების გაზიარების უნარი, გადაიქცევა უგულო და პასიურად სასტიკ ადამიანადაც კი.

არარეალიზებული ვიზუალური სურვილები შესაძლოა სხვადასხვა შიშების, ფობიების, პანიკის შეტევების, ცრურწმენების და სხვა ფსიქოლოგიური ნაგვის განვითარების საფუძველი გახდეს, რაც ცხოვრებას გვიბინძურებს და მის ხარისხს ქვემოთ სწევს.

ისტორიის განმავლობაში სწორედ ვიზუალების ძალისხმევით შემოდიოდა კულტურა, ხელოვნება, თანაგრძნობა, ურიერთგაგება და სიყვარული. მათი წყალობით კაცობრიობის განვითარების ყოველ ახალ დონეზე სულ უფრო ფასდებოდა ადამიანის სიცოცხლე და თავის პიკს ამ ღირებულებამ თანამედროვე სამყაროში მიაღწია. თუმცაღა ყველაზე ხშირად სწორედ ვიზუალები (კულტურის, მედიცინის, ხელოვნების სფეროების მუშაკები) ფრუსტრაციის წნეხის გავლენით ადამიანებისადმი დაუფარავი ზიზღის გამოხატვამდე ეშვებიან.

კატა ლეოპოლდი, ანუ მშვიდობის მტრედი (ანალ-ვიზუალი)

როდესაც ანალური და ვიზუალური ვექტორები ერთ ადამიანშია სიმბიოზირებული, ასეთ დროს ვიღებთ ორივე ვექტორის თვისებათა მატარებელ, თუმცა ხარისხობრივად სრულიად განსხვავებულ ინდივიდს. კარგი განვითარების პირობებში, ერთი მხრივ ანალური სიხისტე და სწორხაზოვნება შერბილებულია ვიზუალური ვექტორის მგრძნობელობისა და ინტელექტისაგან. მეორე მხრივ ვიზუალური ვექტორის ინტელექტი გამდიდრებულია ანალური ინფორმირებულობითა და ნებისყოფით. ანალ-ვიზუალები ჭეშმარიტი ინტელექტუალები არიან. ანალურ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას და ბრწყინვალე მეხსიერებას, ვიზუალი მატებს ინტელექტსა და წარმოსახვას.

თუმცა არის მეორე მხარეც. როდესაც ანალ-ვიზუალი ინტელექტუალია, მაგრამ არც ისე კარგადაა რეალიზებული, ხშირად მისგან ვიღებთ ინტელექტუალ-მაკრიტიკებელს. მსგავსი მოვლენა ჩვენ უკვე აღვწერეთ ანალურ ვექტორში, თუმცა ერთვექტორიანი ანალისაგან განსხვავებით, მსგავს მდგომარეობაში მყოფი ანალ-ვიზუალი უბრალოდ მაკრიტიკებელი კი არ არის, არამედ ინტელექტუალური სნობი, რომელიც მასზე ნაკლებად მცოდნე ადამიანებს უბრალოდ გონებაჩლუნგ იდიოტებად მიიჩნევს და ადამიანებადაც არ თვლის. ასევე ანალ-ვიზუალის კომბინაციაში ვხვდებით ისეთ მოვლენას, როგორიცაა წინა ლექციაში განხილული ე.წ. ,,გვაროვნული სნობიზმიც“.

ანალ-ვიზუალები ძალზე მგრძნობიარე, მზრუნველი, მოსიყვარულე და ემოციური ადამიანები არიან, ამასთან მათი გულის ტკენა ძალზე ადვილია. წარმოიდგინეთ, ანალ-ვიზუალი, მას ერთი მხრივ სურს იყოს ,,ფოლადივით უდრეკი” (ანალურად), სურს ფეხმოუცვლელად იდგეს თავისაზე. მაგრამ იმის გამო, რომ აქვს ვიზუალური ვექტორიც, ასე მოქცევა არ შეუძლია. არ ყოფნის შინაგანი სიბრაზე. შეიძლება საერთოდ არ უნდა სხვის მდგომარეობაში შესვლა, მაგრამ თავისდაუნებურად თანაუგრძნობს. იცით რას ნიშნავს ეს ანალებისთვის? ეს მათთვის ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ანალური ნებისყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, რკინასავით უდრეკი ანალი, ვიზუალურ ვექტორთან ერთად, საკმაოდ რბილი ხდება. კონფლიქტურ სიტუაციებში ის ძალზე დამთმობია. მაგალითად: ანალ-ვიზუალს სამსახურში თავხედმა კანის ვექტორიანმა მიწერა დამცინავი მესიჯი, რა თქმა უნდა ის ანალურად ბრაზდება და უჩნდება სამაგიეროს გადახდის სურვილი, თან ვიზუალი ემოციურად ფეთქდება. დაარტყამს მაგიდას მუშტს, წამოხტება და დაიყვირებს მაგას ვჩვენებ სეირსო. მიდის ამ კანის ვექტორიანის კაბინეტისკენ მუშტმოკუმული და წარბშეკრული, მაგრამ სანამ კაბინეტამდე მივა, გაბრაზება გადაუვლის. შეძლება კარიც შეაღოს, მაგრამ უკვე სიბრაზე აღარ ყოფნის, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს და ის თავხედი ,,ადგილზე მოსვას”. თქვენ შეიძლება გაგეცინოთ ასეთ ანალ-ვიზუალზე, მაგრამ ისინი მთელი ცხოვრება ასე არიან, ამაზე თავადაც ნერვები ეშლებათ, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლიათ. შემდეგ თავისთვის მარტო დარჩენილები შეიძლება ცრემლებად დაიღვარონ ასეთი უძლურების გამო.

თუ ანალ-ვიზუალ ბიჭს, ჰყავს არც ისე განვითარებული კან-ვიზუალი დედა, ხშირად ვიღებთ შემთხვევას, როდესაც ეს დედა თავის საყვარელ ბიჭუნას ზედმეტად ევლება თავს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს, შედეგად ვიღებთ ,,დედიკოს ბიჭის“ კლასიკურ სცენარს. ერთი შეხედვით კეთილი, გამგონე ბიჭუნაა, დამნაშავის გამოხედვით, მაგრამ უკიდურესად საცოდავი, რომელიც მთელ ცხოვრებას დედიკოსთან ატარებს. ისინი ორმოცი წლის ასაკშიც ისეთივე დაუცველები და უწყინარები არიან, როგორც ოთხი წლის ასაკში. შემდეგ, გვიან ასაკში ისინი მთელ სამყაროს ადანაშაულებენ თავის უბედურებაში, ადანაშაულებენ ყველას, რომ ისინი ყველამ დაივიწყა, არავის არ ჭირდება. ასე გაზრდილი ანალ-ვიზუალი ბიჭები თავს გრძნობენ ყველასგან მიტოვებულებად. შემდეგში მათ აღარ იციან ვინ უყვარდეთ, ვისკენ მიმართონ მზრუნველობა, არ იციან ვის ეყვარება ისინი. ასეთები პრაქტიკულად მარტოობისთვის არიან განწირულები, ეს კი ასეთი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შედეგია.

კიდევ უფრო საშიანელია, თუ მშობლები ანალ-ვიზუალ შვილს დანაშაულის გრძნობას უჩენენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევენ შვილის ფსიქიკას და ზრდიან ნამდვილ ჩვარს. რა თქმა უნდა ანალ-ვიზუალი იზრდება ძალიან კეთილი, მოსიყვარულე, აქვს თანაგრძნობის უზარმაზარი უნარი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ის საერთოდ არ არის მზად ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გასამკლავებლად. არ შეუძლია სასიყვარულო თუ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა, მას ხშირად იყენებენ, ხშირად სარგებლობენ მისი რბილი ხასიათით. თუ ასეთ ანალ-ვიზუალს ერთვის სმენა, დიდი ალბათობაა, რომ მას შიზოფრენია დაუფორმირდეს. ასეთი ანალ-ვიზუალის კარგი მაგალითია: ფილიპ როთის - ,,პარტნოის სინდრომის“ მთავარი პერსონაჟი, რომელიც ერთი მხრივ მზრუნველი შვილია, თითქოს წარმატებულიც, მაგრამ პირად ურთიერთობებს საერთოდ ვერ აწყობს.

ავტორი: ს. ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი

  • ეს თვალწარმტაცი კან-ვიზუალური სამყარო

  • „ის“, ვისიც სტივენ კინგსაც კი ეშინოდა

  • ვიზუალის განვითარები დონეები

  • ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია

  • რატომ განიცდის ყველა მამაკაცი ლტოლვას კან-ვიზუალი ქალისადმი?

  • ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე

  • ფსევდოჰუმანიზმი, ანუ რა არის ჩვენი სიცოცხლე ხელოვნებასთან შედარებით?