ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა
ბიძგი ვექტორულ განვითარებაში - ზოგადი მიმოხილვა
პირველ რიგში მოკლედ შევეხოთ იმას თუ რას წარმოადგენს ვექტორში განვითარება, რა საფეხურებს მოიცავს და რას წარმოადგენს ამა თუ იმ საფეხურზე განვითარების მომენტი. როგორც ვიცით სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია იმის გარდა, რომ გვთავაზობს გარკვეულ რვა განზომილებისგან შემდგარ მოდელს, რომელიც ადამიანთა ფსიქოტიპების შესახებ გვაძლევს გარკვეულ ტიპოლოგიურ სურათს, ის ასევე ჩადის ადამიანის ფსიქიკის უფრო ღრმა შრეებში და ზოგადი ფსიქოტიპების აღწერასთან ერთად, აღწერს ამ ფსიქოტიპების გამოვლენის სახეს, განვითარების დონის შესაბამისად.
სვფ-ში განვითარების დონე ოთხია. ესენია: მინერალური ანუ არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური დონე. უზოგადესი დახასიათებით მინერალურ დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ვექტორი ფაქტიურად პასიურად, ინსტინქტის დონეზეა წარმოდგენილი ადამიანის ფსიქოტიპში და შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ როგორც გარკვეული არქეტიპული სახე, უფრო კონკრეტულად კი იმ სახით როგორც ვლინდებოდა ესა თუ ის ვექტორული ზომა კაცობრიობის განვითარების პრიმიტიულ, საწყის დონეზე (სტატიებში რომლებიც განკუთვნილია დამწყებთათვის და სვფ-ს შესავალს წარმოადგენს მრავლადაა მოყვანილი მაგალითი იმისა თუ რას წარმოადგენდნენ ვექტორები კაცობრიობის განვითარების პირველ საფეხურზე, მაგალითად სმენა - ღამის გუშაგი; ურეთრალი - ბელადი; ვიზუალი - დღის გუშაგი და სატყუარა ნადირობის შემთხვევაში და ა.შ). მცენარეული დონის შემთხვევაში ხდება აღქმის საზღვრების გაფართოება, ამ შემთხვევაში ხდება საკუთარი თავის აღქმა გარემომცველ გარემოსთან მიმართებაში, ის თუ რა არის საჭირო, რომ გარემოში არსებობა გააგრძელოს ადამიანმა სახელდობრ მისთვის და მხოლოდ მისთვის სასურველი ფორმით, განვითარების ამ დონეზე ისევე როგორც მინერალურ დონეზეც ადამიანის აზროვნება მოიცავს ინდივიდუალური (საკუთარი) არსებობის შენარჩუნებას და ამას ემატება ინდივიდუალური ინიციატივის გამოხატულება ჩანასახოვან დონეზე (შეიძლება პარალელი გავავლოთ მცენარესთან რომელიც მინიმუმ მოიცავს გამრავლების ფუნქციას, ფოთლების იმგვარად გაზრდის ფუნქციას, რომ მათ მაქსიმალურად ხვდებოდეთ მზის სხივები და ა.შ), და თუ რა ფორმით ხდება ეს უკვე დამოკიდებულია ადამიანში კონკრეტული ვექტორების არსებობაზე.
ცხოველურ დონეზე უკვე ადამიანის აღქმაში შემოდის ჯგუფი. ის თავს განიხილავს არა როგორც განყენებულად არსებულ ინდივიდად (აქ იგულისხმება მკვეთრად ეგოისტური აღქმა როდესაც აღიქვამ მხოლოდ საკუთარ თავს როგორც გარკვეულ ორგანიზმს და მისი ფიზიკური შენარჩუნებისკენ ხარ მიმართული), არამედ გარკვეული ჯგუფის წევრად და თავს აღიქვამს სწორედ იმ კუთხით თუ როგორ პოზიციონირდება, სვფ-ს ენაზე რომ ვთქვათ როგორ რანჟირდება ჯგუფში. შესაბამისად აქ უკვე შემოდის გარკვეული პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ განვითარების წინა საფეხურზე ადამიანი მომართული იყო მხოლოდ საკუთარი თავის ფიზიკურ გადარჩენაზე და გარკვეულ კომფორტის ზონასა და მის ხელთ არსებული ვექტორების, ასე ვთქვათ სურვილების პაკეტის პრიმიტიულ დონეზე დაკმაყოფილებაზე ამ შემთხვევაში ადამიანის ქმედებები განპირობებულია მისი ადგილით ჯგუფში რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს და სწორედ ამ ე.წ. ვალდებულების შესრულება რაც ადამიანს როგორც ჯგუფის წევრს ეკისრება არის მთავარი წარმმართველი მისი ქმედებებისა. როგორც წინა საფეხურთან დაკავშირებით ვახსენეთ ამ შემთხვევაშიც ის თუ რა ფორმას მიიღებს ეს ზოგადი მახასიათებელი ამა თუ იმ ადამიანის შემთხვევაში დამოკიდებულია მის ვექტორულ პაკეტზე და ამ შემთხვევაში უკვე ვხვდებით მეტნაკლებად მყარად ფორმირებულ სცენარს რის მიხედვითაც ხდება ჯგუფში რანჟირება.
რაც შეეხება განვითარების ადამიანურ დონეს ამ შემთხვევაში ხდება სცენარში არსებული ვექტორების ფუნქციის გატარება ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ამოსავალ წერტილად იქცევა შინაგანი ფუნქცია, ადამიანი თავისუფლდება გარე განმსაზღვრელებისაგან (ფიზიკური გადარჩენა, კომფორტი, ჯგუფი) და მისი მამოძრავებელი ხდება იმ ფუნქციის შესრულება რომლის მატარებელიცაა ამა თუ იმ ვექტორის სახით.
აუცილებლად უნდა გავიაზროთ ისიც, რომ აღქმის მასშტაბის ცვლილებასთან ერთად იცვლება ისიც, თუ რა მის ხელთ არსებულ ფსიქიკურ ინსტრუმენტებს იყენებს ადამიანი, არსებობისა და გამოვლენისთვის. როგორც უკვე ვახსენეთ მცენარეულ დონეზე ადამიანის ამოსავალი წერტილი საკუთარი არსებობისა და კომფორტის ზონაა, შესაბამისად ხდება იმ უნარების გამოყენება რომელიც საკმარისია სწორედ ამ მიზნისთვის, ცხოველურ დონეზე ადამიანს უწევს უფრო დახვეწილი და სულ სხვა სირთულის უნარების გამოყენება რადგან საჭიროება გაცილებით მაღალია ვიდრე მცენარეული მსოფლაღქმის შემთხვევაში. ადამიანური განვითარების დონის შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას ადამიანი სრულად იყენებს მასში არსებულ პოტენციალს (გამონაკლისია სმენის ვექტორი რომლის შემთხვევაშიც ვაწყდებით კიდევ ერთ სულიერი განვითარების დონეს).
ამ ზოგადი მახასიათებლებიდან რომ ამოვიდეთ, საინტერესოა რა სურათს მივიღებთ ამგვარი კითხვის დასმის შემთხვევაში: რა აძლევს ბიძგს ვექტორულ განვითარებას? რისი გავლენით იცვლება აღქმის მასშტაბი? რატომ უჩნდება ადამიანს მისი უნარების უფრო დახვეწილ დონეზე გამოყენების მოთხოვნილება? ბოლო კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა თავად ვექტორის ბუნებაშია, რადგან როგორც ვიცით ის რომ ადამიანი ამა თუ იმ ვექტორის მატარებელია ნიშნავს იმას რომ ადამიანი ესწრაფვის ამ ვექტორისთვის დამახასიათებელი სურვილების ავსებას, ასე ვთქვათ რეალიზებას თითოეულ ვექტორში, ის თუ რამდენად გამოსდის ეს უკვე ცალკე განხილვის საგანია. რომ დავუბრუნდეთ კითხვებს, მთავარი ინტერესის ობიექტი რაზეც მინდა ამ სტატიაში ყურადღება გავამახვილო ის გარდამტეხი მომენტია რისი გავლენითაც ხდება შემდგომ განვითარების დონეზე გადასვლა. გავიხსენოთ ზემოთ ხსენებული რამდენიმე ზოგადი მახასიათებელი კერძოდ - ამა თუ იმ სურვილებისა თუ მისწრაფებების „პაკეტში“ რეალიზაციის მოთხოვნილება, პასუხისმგებლობის გაჩენა და გაზრდა ვექტორული დონის განვითარების პარალელურად, ადამიანის ხელთ არსებული სულ უფრო დახვეწილი „ხელსაწყოების“ გამოყენება განვითარების პარალელურად. ამ ზოგადი მახასიათებლებიდან რომ ამოვიდეთ ვფიქრობ შესაძლებელია გამოვკვეთოთ გარკვეული სურათი თუ რა ხდება განვითარების შემდგომ დონეზე გადასვლის მომენტში. ადამიანზე ერთის მხრივ შიგნიდან ხდება ზეწოლა რათა ის სრულად რეალიზდეს ამა თუ იმ მიმართულებაში (ვექტორში), მეორეს მხრივ ხდება გარკვეული ზეწოლა ლანდშაფტიდან, რადგან იმისთვის რომ მოხდეს მისი ასე ვთქვათ სოციალიზაცია და საერთო სურათში ჩაწერა საჭიროა, რომ ის რანჟირდეს, გარკვეული ადგილი დაიკავოს იმ საერთო სურათში რომლის ნაწილიც მისდაუნებურად გახდა და გარკვეულ მომენტში ეს გარემო მისგან ამავეს შეგნებულად გაკეთებას ანუ „საერთო სურათში“ გარკვეული ადგილის შეგნებულად დაკავებას მოითხოვს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა რამდენადაა შესაძლებელი მცენარეული დონის ფსიქიკამ ეს ქმედება განახორციელოს თუ მის მახასიათებლებს გავითვალისწინებთ? პასუხი და შესაძლებლობა სწორედ მის მახასიათებლებშია. გავიხსენოთ, მცენარეული ფსიქიკა მიელტვის საკუთარი კომფორტის ზონის შენარჩუნებას და ეს სულაც არ გულისხმობს (თავისთავად) ჯგუფის აღქმას და იმის გააზრებას რისი გააზრებაც ცხოველურ დონეზე ხდება, მართალია ზემოთ ვახსნე შინაგანი ზეწოლა და სტიმული განვითარებისა, მაგრამ აუცილებელია არ დაგვავიწყდეს რომ გარკვეული გარემოებებისა და კომფორტის შეთხვევაში შეიძლება სულაც არ მოხდეს ადამიანის მიერ მცენარეული დონის გადალახვა. მაშ რაში იმალება პასუხი და შესაძლებლობა? პასუხი მდგომარეობს იმ მომენტში როდესაც მცენარეული ფსიქიკის მოთხოვნილების კერძოდ გადარჩენის და არსებობის გაგრძელებისთვის იმ ფორმით რა ფორმით არსებობაც მას შეიძლება ითქვას ჩვევაში აქვს (იგულისხმება აქამდე შექმნილი გარკვეული კომფორტის ზონის შენარჩუნება) საჭირო ხდება გარკვეული „ფსიქიკური ნახტომის“ განხორციელება ანუ პირველ ეტაპზე ინტუიციურად და გაუაზრებლად მხოლოდ მცენარეული მოტივით ცდა განვითარების ცხოველური დონისთვის დამახასიათებელი არსებობის ფორმაზე გადასვლისა. ის თუ როგორ მოხდება ეს გადასვლა ისევ და ისევ დამოკიდებულია ადამიანის ხელთ არსებულ ვექტორულ პაკეტზე და სწორედ ეს ვექტორები განაპირობებენ ამ ასე ვთქვათ „ნახტომს’ რადგან მართალია ჯერ კიდევ გაუაზრებლად მაგრამ ის შესაძლებლობები და სურვილები რისი აღმოჩენაც ხდება შემდგომ განვითარების დონეზე გადასვლის შემთხვევაში მასში მთელი ეს დრო არაცნობიერად არსებობდა. სწორედ ეს პოტენციალში არსებობა განაპირობებს ამ გარკვეული „ინტუიციური ნახტომის“ განხორციელების შესაძლებლობას რომელიც პირველი ბიძგი და პირველსაწყისია ვექტორული განვითარებისა.
ავტორი: აკაკი სხულუხია
მსგავსი სტატიები