საქართველო. მენტალიტეტის სისტემური ანალიზი


საქართველო. მენტალიტეტის სისტემური ანალიზი

ლექციაში ვისაუბრებთ ქართულ მენტალიტეტზე. შეგახსენებთ, რომ მენტალიტეტი არის ამა თუ იმ ვექტორის ფასეულობა, რომელიც გავრცელებულია ნაციონალურ დონეზე ერთგვარი კულტურული ზედნაშენის სახით. რაც განაპირობებს ეთნო-კულტურულ, მორალურ თუ ნაციონალურ თავისებურებებს. 

როდესაც ნაციონალურ მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი: 

1. კონკრეტული ინდივიდისაგან განსხვავებით, ნაციონალურ დონეზე, რაღაც დოზით შეიძლება რვავე ვექტორის ფასეულობები იყოს წარმოდგენილი (მენტალიტეტში არმყოფი ვექტორების ფასეულობები შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ ქვემენტალიტეტის, ან მიკრომენტალიტეტის სახით). თუმცა ამ ფასეულობებიდან რომელიღაც ვექტორის (ან ვექტორების) ფასეულობები განსაკუთრებული სიჭარბითაა წარმოდგენილი. ამ დროს ვამბობთ, რომ აქვეყანაში ამ ვექტორის მენტალიტეტია გავრცელებული. 
2. მენტალიტეტში წამყვანი შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე ორი, ან სამი ვექტორის ფასეულობები. 
3. ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ფაქტორების გავლენით მენტალიტეტი შეიძლება შეიცვალოს, მოხდეს მენტალიტეტის სრული, ან ნაწილობრივი ცვლილება. მენტალიტეტში არსებულ ვექტორს (ვექტორებს) შეიძლება დაემატოს სხვა ვექტორის ფასეულობები, ან მოხდეს მენტალიტეტში არსებული ვექტორის ანულირება, ჩანაცვლება, სხვა ვექტორის ფასეულობათა დამატება და ა.შ. 
4. როგორც ინდივიდში, ისევე ერშიც (როგორც ნაციონალურ მენტალიტეტში წარმოდგენილი, ისე სხვა ვექტორები) სხვადასხვა ვექტორები შეიძლება სხვადასხვა საფეხურზე იყოს განვითარებული (წინა ლექციებში განვიხილეთ ანალური მენტალიტეტის სხვადასხვა განვითარების ორი მაგალითი: ირანი და გერმანია). 

საქართველოს მენტალიტეტი

მენტალიტეტის ცვლა ისტორიის მანძილზე 

როდესაც ქართულ მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ისტორიის გარიჟრაჟზე ფორმირებული ქართველური ტომების მენტალიტეტი, გარკვეულწილად განსხვავდებოდა დღევანდელი ქართული მენტალიტეტისაგან. 

თუ განვიხილავთ პირველი ქართველური სახელმწიფოების მენტალიტეტს, დავინახავთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში (იბერია) ფორმირებული იყო ანალ-სმენური, ხოლო დასავლეთ საქართველოში (დიაოხი, კოლხა, მოგვიანებით კი კოლხეთის სამეფო) ანალ-კან-სმენური მენტალიტეტი. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში გვხვდება ფილოსოფიური სკოლები. კოლხეთში ძვ.წ.აღ-ის მე-4-ე მე-3-ე სს-ში არსებობდა კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, კოლხეთის აკადემია, რომელშიც განათლების მისაღებად ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსები ჩამოდიოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში (იბერია-ქართლი) ძვ.წ.აღ-ის მე-4-ე მე-3-ე სს-ში იქმნებოდა ქართული ანბანური ასო-ნიშნები (ასომთავრული ანბანი), თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში ე.წ. მრგვლოვანი ასო-ნიშნები ფარნავაზამდეც არსებობდა. 

არაბთა და მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ გაჩნდა ურეთრალური მენტალიტეტის დაშენების ნიშნები, თუმცა ის ძირითადად მიკრომენტალიტეტის დონეზე დარჩა და ნაციონალურ დონეზე გავრცელება არ მომხდარა. 

მოგვიანებით, მას შემდეგ რაც საქართველო სპარსეთმა და ოსმალეთმა დაიპყრეს, მათი გავლენით, თითქმის მთელ საქართველოში გავრცელდა კუნთური მენტალიტეტი, განვითარების მხრივ რეგრესი განიცადა ანალურმა მენტალიტეტმაც და პრაქტიკულად არქეტიპულ განვითარებამდე დავიდა. ამ პერიოდში საქართველო თითქმის სრულად მოწყდა დანარჩენ მსოფლიოს, პრაქტიკულად ჩაკვდა სამეცნიერო საქმიანობა. ამ ყველაფერმა გამოიწვია სმენური მენტალიტეტის თითქმის სრულად გაქრობა (სმენური მენტალიტეტი დარჩა მხოლოდ მიკრომენტალიტეტის დონეზე), ხოლო დაშენებული კუნთური მენტალიტეტი სიმბიოზირდა ანალურ მენტალიტეტთან და შედეგად საქართველოს უმეტეს ნაწილში ფორმირდა კუნთ-ანალური მენტალიტეტი.

კუნთ-ანალური მენტალიტეტის თავისებურება 

ამ სახის მენტალიტეტს ახასიათებს უკიდურესი კონსერვატიზმი, კულტურული ჩაკეტილობა, ტრადიციების გავლენა აღზრდისა და აურაცხელი რაოდენობის შეზღუდვებში. მენტალიტეტში გამჯდარია ერთი მხრივ ანალური დამოკიდებულებები: ეროვნულობა, სისხლის სიწმინდე, ერის სიძველე, აქცენტი წარსულზე. მეორე მხრივ ანალური შიშები: რომ ვინმე ნაციონალურობას (ქართველობას) წაართმევს, ან შეუბღალავს. რომ უცხო ტომელები მათ მიწებს დაეპატრონებან და მათ სიწმინდეებს შერყვნიან. რომ ქალები ,,გათავხედდებიან“ და მათ ,,ვაჟკაცობას“ შეურაცხყოფენ და ა.შ. 

ასევე დიდი დოზით ვხვდებით კუნთური მენტალიტეტისთვის დამახასიათებელ ე.წ. ,,მიცვალებულთა კულტს“. რაც გამოიხატება მიცვალებულებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში, გარდაცვლილისადმი გადაჭარბებულ პატივის მიგებაში. მიცვალებულის განბანა, საფლავში ,,პირადი საჭიროების ნივთების“ გატანება (რაც გარდა კუნთური მენტალიტეტისა, კავშირშია უძველეს კერპთაყვანისმცემლობის დროინდელ შეხედულებებთანაც). 

ცუდად განვითარებული კუნთ-ანალური მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანია:ქსენოფობია (აკვიატებული შიში ყველაფერი უცხოს, უცხოურის და უცხოელების მიმართ), რომელიც არცთუ იშვიათად შეიძლება გადაიზარდოს უცხოელებისადმი გამოვლენილ ჯოგურ აგრესიაში და ანგარიშსწორებაში. 

მეორე მხრივ ანალურ მენტალიტეტში აქცენტი კეთდება ისტორიის ცოდნაზე, ძველი ცოდნის შენარჩუნებასა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე, თუმცა ამან ზოჯგერ შეიძლება პათოლოგიური ხასიათიც მიიღოს და ამ მენტალიტეტში მცხოვრებ ადამიანთა დიდი ნაწილი სრულიად ამბობდეს უარს სიახლის მიღებაზე იმ მოსაზრებით, რომ ,,ჩვენს წინაპრებს კომპიუტერი არ ჰქონიათ, მაგრამ მაინც ვაჟკაცები იყვნენ!“. 

თუ საქმე გვაქვს კუნთ-ანალური მენტალიტეტის არც ისე კარგად განვითარებულ შემთხვევასთან, მაშინ ასეთ ქვეყნებში სერიოზულ პრობლემებს ვხვდებით რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხითაც. ასევე პრობლემატურია ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხიც. 

როგორც ანალური ვექტორის შესახებ ლექციაში გვქონდა საუბარი, ანალის ვექტორიანებს ახასიათებთ ,,ხარისხებით აზროვნება“, თუმცა ცუდი განვითარებისას ეს აზროვნება ზედმეტად სწორხაზოვანია. ისინი საკუთარ თავს ანიჭებენ უმაღლეს ხარისხს. სხვებს კი მით უფრო დაბალი ხარისხი აქვთ, რაც მეტად განსხვავდებიან მათგან. როდესაც ცუდად განვითარებულ ანალური მენტალიტის გავლენით ფორმირებულ ხარისხობრივ აზროვნებას ემატება კუნთური მენტალიტეტის გავლენით ფორმირებული ე.წ. ძალისმიერი აზროვნება, ვიღებთ საკმაოდ უცნაურ და ხშირ შემთხვევაში დესტრუქციულ მოვლენას, ესაა: ,,ფიზიკურად ძლიერის მაღალი ხარისხი“, რაც ასეთ მენტალიტეტში იძლევა საკმაოდ უცნაურ ლოგიკას: კაცი ფიზიკურად ძლიერია, ამიტომ ის მეტს მუშაობს, თუ ის მეტს მუშაობს, ე.ი. ის უფრო მნიშვნელოვანია – ვიდრე ქალი, ამიტომ ქალი მეორეხარისხოვანი არსებაა. 

გასაგებია, რომ რვიდან ექვსი ფსიქოტიპისთვის ეს ლოგიკა სრულიად აზრსმოკლებულია, ასევე აზრსმოკლებულია ის სწორად განვითარებული ანალისთვის და კარგად რანჟირებული კუნთისთვისაც. თუმცა დესტრუქციული გზით განვითარებულ კუნთ-ანალურ მენტალიტეტში (მათ შორის საქართველოშიც) ამ მიდგომას სამწუხაროდ დღემდე ვხვდებით. 

არასწორი იქნება ისე გავიგოთ, რომ კუნთ-ანალური მენტალიტეტი ცალსახად ცუდია. ეს ასე არ არის. თუ მოხდა კუნთ-ანალური მენტალიტეტის სწორი განვითარება, მაშინ ნაციონალურ დონეზე წამყვან ფასეულობებად იქცევა ანალური ხარისხისა და კუნთური შრომისმოყვარეობის სიმბიოზი, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს განვითარდეს და საკუთარი ნიშა დაიკავოს მსოფლიოს პროგრესულ ქვეყნებს შორის ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი კულტურული და ნაციონალური თავისებურებანი. 

სხვადასხვა ვექტორების გამოვლინება ქართულ მენტალიტეტში 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მენტალიტეტში ნაციონალურ დონეზე რაღაც კუთხით რვავე ვექტორია წარმოდგენილი (ზოგი – მეტად, ზოგი – ნაკლებად). 

 

ანალური ზომის განვითარება საქართველოში 

წინა ლექციებში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დღეს კაცობრიობა ცხოვრობს კანურ ფაზაში (მომდევნო ლექციებში დაწვრილებით განვიხიულავთ საკაცობრიო ფაზებს და მათ მნიშვნელობებს). კანურმა ფაზამ მოიტანა საკუთარი მიდგომები: მმართველობა კანონით და ფინანსებით, სტანდარტიზაცია, უფლებრივი თანასწორობა და ა.შ. უკან დარჩა ანალური ფასეულობებით მმართველობის ხანა. მაგრამ ანალის ვექტორიანებს არ სურთ დროის ცვლილებას შეეგუონ. მათთვის წარსული წმინდაა. ის რაც წარსულში იყო კარგია. ანალის ვექტორიანები თვლიან, რომ რაც დრო გადის ხალხი გაირყვნა, სიწმინდეები შეიბღალა, უფროსებს პატივს აღარ სცემენ და ა.შ. ამიტომ ისინი მთელი ძალით ცდილობენ ჩაებღაუჭონ წარსულის ნაშთებს. მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, ეს კი იწვევს იმას, რომ თანამედროვე ეპოქაში ანალის ვექტორიანების უმეტესობა (განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც ვერ შეძლეს სრულფასოვნად რეალიზება) სტრესშია. 

ანალური ფსიქოტიპების მასობრივი სტრესი განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც), განსაკუთრებით ისეთებში, რომლებიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გადასულან კანურ ფაზაში. ამ ქვეყნებში თითქოს დრო გაიყინა, ადამიანები ძნელად იღებენ სიახლეებს, მმართველობაში ჯერ კიდევ ანალური მიდგომებია. ასეთი ქვეყნები ეკონემიკურად საკმაოდ ჩამორჩებიან დანარჩენ მსოფლიოს, კანონის უზენაესობაზე მეტად აქ მენტალიტეტში გამჯდარი ფასეულობები ბატონობს. 

საქართველო, როგორც კუნთ-ანალური მენტალიტეტის ქვეყნების უმრავლესობა, ბოლომდე ჯერაც არ გადასულა კანურ ფაზაში. ამის გამო საქართველოში ვხვდებით ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემას. 

გარდა ამისა საქართველოში ანალური ზომა ჯერ კიდევ მცენარეულ დონეზეა განვითარებული, რაც იწვევს მთელ რიგ დარღვევებს ნაციონალურ დონეზე. მათ შორის: ვერ ხერხდება ანალური ზომის იმ დონეზე განვითარება, რომ ადგილობრივ წარმოებაში აქცენტი ხარისხზე გაკეთდეს. უხარისხო, ან ნაკლებად ხარისხიანი პროდუქცია კი მსოფლიო ბაზარზე ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებს. მმართველობაში პროფესიონალი კადრების დასაქმების ნაცვლად ვხვდებით ნეპოტიზმის (ოჯახური და კლანური მმართველობის) ხშირ ფაქტებს. 

კანური ზომის განვითარება საქართველოში 

ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში კანურ ფასეულობებს სხვებზე მეტად უჭირთ სწორად განვითარება. რა თქმა უნდა არსებობს ცალკეული გამონაკლისებიც – ანალური მენტალიტეტის მქონე იმ ქვეყნების სახით, რომლებიც უკვე გადავიდნენ კანურ ფაზაზე (მაგ: გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ). 

საქართველოში კანური ზომა მცენარეულ დონეზეა განვითარებული, ეკონომიკისა და ბიზნესის სიჯანსაღეზე მეტად ვხვდებით მომხვეჭელობას, ან გაუმართლებელ მფლანგველობას. ვერ ხერხდება ვერც კანონის უზენაესობის და ვერც სამართლებრივი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. 

თუ დავაკვირდებით საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებს, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ გარეგნულად, ზერელედ და მიფუჩეჩებულად განხორციელდა. უზარმაზარი თანხები გაიფლანგა, ან სრულიად წყალში ჩაიყარა. 

ორგანიზაციათა უმეტესობაში ვხვდებით სრულიად უაზრო და გაუმართლებელ ბიუროკრატიას. ეფექტურად გადანაწილებული სამუშაოს ნაცვლად ვხვდებით გაბერილ კადრებსა და მცირე ხელფასს. საწარმოები სრულიად უკეთებენ იგნორირებას ეკოლოგიას და დასაქმებულთა ინტერესებს, ხოლო დამატებითი მოგების მიღებას ხარისხის დაწევის ხარჯზე ცდილობენ. 

ვერ ხდება ტურიზმის სწორი მენეჯმენტი. აქტიურ ტურისტულ სეზონზე სასტუმროებში და ბაზარზე ვხვდებით მომსახურების ფასის სრულიად არაადექვატურ ზრდას. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც. ფასები იმ დონეზეა გაბერილი, ხოლო მომსახურება ისეთი დაბალხარისხიანია, რომ ტურისტს სრულიად ეკარგება საქართველოში დაბრუნების სურვილი. 

ეს ყველაფერი ხელს უშლის ეკონომიკის გაჯანსაღებას და აფერხებს ქვეყნის სწორ და რაციონალურ განვითარებას. 

ურეთრალური ზომის განვითარება საქართველოში 

ურეთრალური ზომა ქართულ რეალობაში ერთი შეხედვით თითქმის მთლიანადაა დათრგუნული ერთი მხრივ კუნთ-ანალური მენტალიტეტის, მეორე მხრივ ანალურიდან კანურ ეპოქიაზე გარდამავალი პერიოდის გავლენით. 

თუმცა ურეთრალური ზომა საქართველოში თავს მაინც მკაფიოდ ავლენს, თუმცა ძირითადად ეს საკმაოდ დესტრუქციული ფორმებით ხდება: კანონის სრული იგნორირება, გზებზე აწყვტილი სიარული, გაუმართლებელი ფუქსვატობა და მფლანგველობა, რანგის ხაზგასმისთვის ძვირიან ნივთებში მთელი ხელფასის დახარჯვა და ამ ნივთის მუდმივად საჯარო დემონსტრირება. ამ ფაქტებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. 

კუნთური მენტალიტეტის ნაზავი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატულ ურეთრალურ ზომასთან საინტერესო სიმბიოზს გვაძლევს: თუ საქართველოს უახლეს ისტორიას გადაავლებთ თვალს, ქვეყანა ცხოვრობს სრულ მორჩილებასა და რევოლუციებს შორის პერიოდებში. ერთი მხრივ კუნთური ზომის გავლენით ვხედავთ ხელისუფლებისადმი თითქმის მონურ მორჩილებას. ხოლო მეორე მხრივ ყოველ 5-10 წელიწადში დაგროვილი აგრესია თავს ავლენს უეცარი ამოფრქვევით და რევოლუციური ფონით. 

სწორედ კუნთური და ურეთრალური ზომების გავლენის შედეგია ქართველთა შორის გავრცელებული ე.წ. ,,ბელადომანიაც“. 

ურეთრალური ზომა საქართველოში ცხოველურ დონეზეა განვითარებული. 

კუნთური ზომის განვითარება საქართველოში 

კუნთურ ზომას საქართველოში მენტალიტეტშიც ვხვდებით (ანალურთან ერთად). კარგ პირობებში კუნთის ვექტორის არსებობა მენტალიტეტში იძლევა შრომისმოყვარეობას, ფიზიკურ სიჯანსაღეზე აქცენტს. კუნთურ მენტალიტეტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიწის დამუშავების მნიშვნელობაზე, სოფლის მეურნეობაზე და ა.შ. 

თუმცა დესტრუქციულ გამოვლინებებში (როგორც საქართველოს შემთხვევაში), კუნთური მენტალიტეტი იძლევა თითქმის პათოლოგიურ სიზარმაცეს, ხელისუფლებებისადმი ჯოგურ მორჩილებას და ,,მიცვალებულების კულტს“. 

ორალური ზომის განვითარება საქართველოში 

ზოგადად ორალური ზომა მენტალიტეტში ასრულებს განხეთქილების შემომტანი ელემენტების გაერთიანების ფუნქციას ჯგუფში. თუ სისტემურად უფრო დავაზუსტებთ ორალური ზომა მხოლოდ აღვიძებს იმას, რაც აქამდე შინაგანდ “თვლემდა”. 

თუმცა ქართულ მენტალიტეტზე ორალური ზომის გავლენა არც ისე დიდია. ძირითადად ვხვდებით მის მცენარეულ დონეზე გამოვლინებას, რაც ყველაზე მკაფიოდ გამოიხატება მცირე ჯგუფებში ორატორული გამოვლინებით ე.წ. ,,თამადის ინსტიტუტის“ სახით. 

თავს იჩენს ორალური ,,ყველაფრის გაშარჟებისკენ" მიდრეკილებაც.

ყნოსვითი ზომის განვითარება საქართველოში 

ქართულ მენტალიტეტში ყნოსვითი ზომა არც ისე კარგადაა განვითარებული. ქვეყანა პრაქტიკულად ვერ ახერხებს დამოუკიდებელი ,,პოლიტიკური თამაშის“ წარმართვას, მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს დიპლომატიაც. 

ვიზუალური ზომის განვითარება საქართველოში 

ვიზუალური ზომა საქართველოში დაახლოებით მცენარეულ და ცხოველურ დონეებს შორისაა განვითარებული. მის გამოვლინებას შედარებით მკაფიოდ ვხვდებით თბილისში, სადაც გარდა ნაციონალური კუნთ-ანალური მენტალიტეტისა, გავრცელებულია ვიზუალური ქვემენტალიტეტიც. თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში ანალური მენტალიტეტი საკმაოდ აშკარადაა შესამჩნევი, მაგრამ გარდა ამისა, ვხვდებით ვიზუალურ ქვემენტალიტეტსაც, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის ცენტრალურ უბნებში და ვლინდება როგორც რეგიონალური სნობიზმი. მაგალითად: ,,ნამდვილი“ თბილისელები და ჩამოსულები (როგორც ,,წმინდა თბილისელობის შემბღალავები“), არათბილისელებისთვის ,,სოფლელების“ იარლიყის მიწებება და ა.შ. 

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ვიზუალთან დაკავშირებით საქმე არც ისე კარგადაა. მაღალი აქტივობით და აგრესიით გამორჩეული საპროტესტო აქციები, ექსპერიმენტები გარემოსთან, არაჯანსაღი დამოკიდებულებე მიგრანტებისა და უმცირესობებთან. ასევე ხშირია ორმაგი სტანდარტებით აზროვნება უფლებათა დამცველების მხრიდან (რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება). ეს ვიზუალური ვექტორისათვის ფაქტობრივი გადახრაა. ამ გადახრის გამომწვევი მიზეზების ანალიზს აქ არ დავიწყებთ – ეს ცალკე განხილვის თემაა. 

თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების გაჯანსაღების საწყისი ნიშნები, რაც ასევე ვიზუალური ზომის ხარჯზე ხდება (მაგალითად მოსახლეობის ერთი ნაწილის გაერთიანება მზიურის დასასუფთავებლად. თითქმის მთელი ერის გაერთიანება მშვიდობიანი აქციისას ,,ცოცხალი ჯაჭვი“. მსჯელობის დაწყება ქალთა და ბავშვთა უფლებებზე და ა.შ.). თუმცა ეს ვიზუალური ზომის სწორად განვითარებისთვის ჯერ კიდევ არაა საკმარისი.

 

სმენური ზომის განვითარება საქართველოში 

 სმენური ზომა საქართველოში მცენარეულ დონეზეა განვითარებული, რაც იწვევს სმენის დარღვევის მასიურ გამოვლინებებს – გახშირებული დეპრესია, ნარკოდამოკიდებულება, სუიციდი და ა.შ. ქვეყნიდან ხდება ინტელექტუალური რესურსის მასობრივი გადინება. დესტრუქციულად განვითარებული კუნთ-ანალური მენტალიტეტი ხელს უშლის ქვეყანაში ახალი იდეების განვითარებას და დანერგვას. ძალზე შენელებული ტექნოლოგიური პროგრესი. 

 

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე  

  • რა არის თვითშეფასება?

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • აბსტრაქტული სექსი – სამურაებიდან ანიმემდე. – სმენის ფარული ვიბრაციები.

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (3)

  • რატომ არის ზოგი ადამიანის დიაგნოსტიკა უფრო რთული?

  • დიაგნოსტიკა - სქესი (ვისაუბროთ არსობრივად)

  • საშუალო ასაკის კრიზისი

  • ყნოსვის ვექტორის ამოსვლა ანალ-სმენის სცენარში