დეპრესია თუ აპათია? (ორალური ვექტორის სტრესები)
დეპრესია თუ აპათია? (ორალური ვექტორის სტრესები)
ორალურ ფსიქოტიპს აქვს ერთი უცნაური უნიკალურობა: მას შეუძლია შეიგრძნოს სხვა ადამიანების ცხოველური სურვილები, მათი მოთხოვნილებები და ამ ცხოველური ,,მინდათი“ გაჩენილი მძლავრი ემოციები. მაგრამ შინაგანად მას არ შეუძლია ამ ემოციების იმავე სიმძაფრით განცდა. რაღაც აზრით მათ აქვს სრული უემოციობის მსგავსი შინაგანი მდგომარეობა. უცნაური პარადოქსია, რომ ჯგუფის მასხარას, ჯგუფის ყველაზე მხიარულ წევრს, ყველაზე გამოკვეთილ ექსტრავერტს, ნებისმიერი კომპანიის სულს და გულს, არ შეუძლია დამოუკიდებლად, სხვათა გარეშე განიცადოს მძაფრი ემოციები: მხიარულება, აღტაცება და ა.შ. შინაგანად ის თითქმის უემოციოა, უფრო ზუსტად მის მიერ ემოციების განცდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახერხებს სხვების სურვილებისა და მოთხოვნილებების საკუთარ თავში გატარებას. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი ხდება მისთვის პირადი განცდების წყარო.
ორალები ქვეცნობიერად გრძნობენ სხვათა ცხოველურ სურვილებს, აჟღერებენ სხვების მოთხოვნილებებს და ამით აერთიანებენ მასებს. ეს კი თავის მხრივ მათ ეხმარებათ განიცადონ, იგრძნონ თავი ცოცხლად. მხოლოდ მოვლენების ეპიცენტრში – ის სადაც სიცოცხლე დუღს, სადაც უამრავი ადამიანის ემოციები ბობოქრობს – გრძნობენ თავს კომფორტულად ორალის ვექტორიანები (სწორედ აქედან მოდის მათი სურვილი ,,ჯგუფის თითოეული წევრი ყურით დაითრიონ“). თუ ჯგუფში ჩნდება ადამიანი, რომელიც მათ არ უსმენს, ეს პირდაპირი დარტყმა ხდება მათზე, რადგან ეს მიანიშნებს, რომ ფუნქციას ვერ ასრულებენ, რაც მათში შიშს იწვევს. შიშს, რომ საერთოდ ვერ შეძლებენ ჯგუფის აყვანას, რომ მარტო დარჩებიან და ვეღარასოდეს მოახერხებენ ,,რამე იგრძნონ“. სწორედ ამიტომ ცდილობენ ორალები ყურადღების მიპყრობას ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს ყვირილი, ტყუილები, ჭორაობა, კბენა, დაცინვა, თუ ხელით ბიძგება.
როდესაც რაღაც მიზეზის გამო ორალის ვექტორიანი ვერ ახერხებს ვერც ჯგუფის აყვანას და ვერც ინდივიდუალური მსმენელების ყურადღების მპყრობას, მას ეწყება ემოციური გამოცარიელება (განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ერთვის ვიზუალიც). მას არ აქვს უნარი ემოციები მარტომ განიცადოს, ჯგუფის აყვანას კი ვერ ახერხებს. ამიტომ ჯერ ცდილობს ნებისმიერი საშუალებით მიიპყროს ყურადღება: აწყობს სკანდალებს, ილანძღება, ჩხუბობს, ჭორაობს, ,,წუწუნით ტვინს ჭამს“ – ანუ აკეთებს ყველაფერს, რომ როგორმე შეძლოს და სხვებში რაიმე ემოცია მაინც გამოიწვიოს (თუნდაც ნეგატიური), შემდეგ კი ეს ემოციები ,,ჭამოს“. თუ ამ მდგომარეობაში მყოფ ორალს ერთვის ვიზუალიც, ის ნამდვილი ენერგოვამპირი ხდება. ასეთი ორალები თავიანთ ,,მსხვერპლად“ ყველაზე ხშირად ირჩევენ ვიზუალებს და სმენებს. პირველების შემთხვევაში მათ გრძნობებს დასცინიან. ხოლო მეორეებს, რომლებიც თავიანთ შინაგან სამყაროში არიან ჩაღრმავებულები, აყრუებენ თავისი ლაყბობით და ხელს უშლიან კონცენტრაციაში.
თუ ამ მდგომარეობაში მყოფ ორალს ორალური ვექტორი დათრგუნული აქვს, ვიღებთ კიდევ უფრო რთულ შემთხვევას: მას არ შეუძლია არც ჯგუფის აყვანა, არც ინდივიდუალურად გამოსდის სხვების ემოციის ,,ჭამა“. ამ დროს ის ნებდება, სრულიად წყვეტს აქტიურობას და მთლიანად ითიშება. ამ დროს შესაძლოა საზოგადოების წინაშე გამოსვლის პანიკური შიში დაეწყოს (განსაკუთრებით ანალთან და ვიზუალთან ერთად). ასეთ დროს ის ან სმენის ვექტორიანივით სრულიად უცხოვდება ადამიანებისაგან, ან ურეთრალივით ,,იწყვეტს“ – ლოთობს, სულ ჭამს, ბილწსიტყვაობს, ჩხუბობს. ცდილობს აგრესიული გამოხტომები მაინც აქციოს ემოციის სუროგატებად, თუ ესეც არ გამოდის, საბოლოოდ ისევ განდგომა-გათიშვის გზას უბრუნდება, მასში სიცარიელე ისადგურებს, ერთადერთი ემოცია რომლის განცდაც შეუძლია – უემოციობით გამოცვეული შინაგანი ტკივილია, რომლის ჩახშობასაც ყველანაირად ცდილობს, მაგრამ როგორც წესი არაფერი გამოსდის. ეს ერთადერთი დაზიანებაა, რომელმაც სცენარით ორალი შეიძლება სუიციდამდე მიიყვანოს. თუ ასეთ ორალს ერთვის სმენა, შესაძლოა სუიციდი საოცარი ცივსისხლიანობით და ისეთი სისასტიკით ჩაიდინოს, რომ საკუთარი თავისადმი ასეთი შეუბრალებლობის გამოჩენა ნებისმიერს შოკში ჩააგდებს. მაგალითად სხეულს მთლიანად დაიჩეხავს დანით.
ამ მდგომარეობაში მყოფი ორალი ძალიან ემსგავსება დეპრესიულ სმენას: ორივე განმარტოებულია, არცერთს ქმედების ხალისი არ აქვს შერჩენილი, ორივე მარტოსულია, ორივე იტანჯება ყოვლისწამლეკავი უემოციობით. თუმცა სმენის შემთხვევაში ეს ცხოვრების აზრის ვერდანახვას და ამის გამო ცხოვრების უაზრობის განცდას უკავშირდება. ორალის შემთხვევაში კი ემოციის განცდის უუნარობას და ამით გამოწვეულ შინაგან სიცარიელეს.
ერთი შეხედვით ეს ორი მდგომარეობა (სმენური დეპრესია და ორალური აპათია) ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იმდენად, რომ გამოვლინებებში განსხვავებას ვერც კი შეამჩნევთ. მაგრამ განსხვავება მაინც საგრძნობია. გაიყვანეთ აპათიური ორალი ჯგუფში, მიეცით საშუალება ილაპარაკოს, აჩვენეთ უკუკავშირი ჯგუფისგან და მისი აპათია რამოდენიმე წამში გაქრება. დეპრესიული სმენა კი ხალხში გასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე დეპრესიაში ვარდება.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე