ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში
ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში
კანის და ორალური ვექტორების კომბინაცია
კან-ორალები გარეგნულად არიან მკვრივები, მაგრამ არა ანალ-ორალებივით მსუქნები, ორალური ვექტორი კანს მეტ გამძლეობას და ცხოველურ ბუნებას მატებს. კან-ორალები საკმაოდ ბევრს ჭამენ, თუმცა იშვიათად სუქდებიან. კანის ვექტორიანს ყვირილის დროს აქვს მწივანა, წიკვინა ,,ფალცეტი“, როდესაც მას ერთვის ორალი ეს წიკვინი ისტერიულ მყვირალობაში გადადის.
კანის ვექტორიანზე საუბრისას ვამბობდით, რომ როდესაც კანის ვექტორიანი თავს აღიქვამს ბუნებრივ ტემპერამენტზე მაღლა, მას უფორმირდება თავხედის სცენარი, ის სხვებს ზემოდან უყურებს, უყვირის, ამცირებს. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის ორალური ვექტორი, კანის ვექტორში თავს გრძნობს იმაზე მაღალ რანგში ვიდრე რეალურადაა და ამას აჟღერებს ორალური მძლავრი ვერბალით და სკანდალურობით, ასეთები მუდმივად თავხედობენ, არასოდეს ელოდებიან რიგს, ხოლო თუ ამის გამო ვინმემ შენიშვნა მისცა, ყვირილისა და ლანძღვის ნიაღვარს გადმოაფრქვევენ, ოღონდ ასეთები არ ილანძღებიან ბინძური სიტყვებით (ბინძური სიტყვებით მხოლოდ განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ანალები ილანძღებიან), კან-ორალები უფრო თავხედი სკანდალისტები არიან, ორალური ვექტორი ამ ყველაფერს ენერგიულობას და მკაფიოობას მატებს.
კან-ორალები კატასტროფულად მატყუარები არიან, მაგრამ მათი ტყუილი არ არის ანალ-ორალივით ისტორიის გაზვიადება, ან ტრაბახი. მათი ტყუილი თავხედური ხასიათისაა, ხშირად კი ცილისმწამებლურიც. სწორედ განუვითარებელი კან-ორალები არიან კლასიკური ჭორიკნები, მოკრავენ ყურს რაღაცას და წავიდააა… ბუზს სპილოდ აქცევენ, სპილოს-დინოზავრად. პატარა ჭორს კატასტროფულ მასშტაბამდე ბერავენ. ეს განსაკუთრებით რთულ სახეს იღებს, თუ ჭორის ობიექტის შურთ. კანურ შურს და მტაცებლურ ბუნებას, ემატება ორალური სიმხეცე და მზად არიან პოტენციური მსხვერპლი ,,ცოცხლად შეჭამონ“.
ომის და მშვიდობის მდგომარეობები
სწორი განვითარებისას ორალური ვექტორს შეუძლია კანის ვექტორს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს. შემატოს ორატორული უნარები და სხვათა დარწმუნების ნიჭი.
კან-ორალის კომბინაციაში შეიძლება შევხვდეთ ოთხ სხვადასხვა მდგომარეობას:
1. როდესაც სცენარში არსებული ზედა და ქვედა ვექტორებიდან ორივე ომის მდგომარეობაშია.
2. როდესაც სცენარში არსებული ზედა და ქვედა ვექტორებიდან ორივე მშვიდობის მდგომარეობაშია.
3. როდესაც სცენარში არსებული ქვედა ვექტორი მშვიდობის, ხოლო ზედა – ომის მდგომარეობაშია.
4. როდესაც სცენარში არსებული ქვედა ვექტორი ომის, ხოლო ზედა – მშვიდობის მდგომარეობაშია.
1. კანი – ომის, ორალი – ომის მდგომარეობაში.
ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა. თუ სხვა ვექტორები არ ერთვის, ასეთ კან-ორალს ადვილად იცნობთ, თხელი აგებულება, სუსხიანი მზერა, მაგრად მოკუმული ტუჩები, თხელი, თითქმის გალეული ზედა ტუჩი, გვერდებზე ოდნავ შეთხელებული თმა, წვრილი ხმა, მოქნილი, მაგრამ მთლიანად დაჭიმული სხეული.
როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე გარემოში კანის ვექტორი მუდმივად დაჭიმულია და მუდმივი კონკურენციის რეჟიმში უწევს ყოფნა, რაც მას აიძულებს ომის მდგომარეობაში გადასვლას და ე.წ. ,,აგრესიული კონკურენციის“ რეჟიმში ყოფნას. მისი ომის მდგომარეობა, ომის მდგომარეობაში ითრევს ორალურ ვექტორსაც და ორალური ორატორობა და უშრეტი ენერგია კანური ეფექტურობის სამსახურში დგება.
თუმცა მეორე მხრივ არსებობს რისკი, რომ ორივე ვექტორის ომის მდგომარეობაში ყოფნამ და ორალის უზარმაზარმა ენერგიამ, კანის ვექტორი გადაიყვანოს ე.წ. ,,თავხედის სცენარში“ (შეგახსენებთ, რომ ესაა სცენარი, როდესაც კანის ვექტორიანი საკუთარ ტემპერამენტს ბუნებრივზე მეტად აფასებს და თავს აღიქვამს ,,ბუნებრივ რანგს ზემოთ“, ამ დროს კი მასში ფორმირდება გადაჭარბებული თვითსეფასება). კანის ვექტორი ამ სცენარში ავლენს უკიდურეს მომხვეჭელობას და მტაცებლურ ბუნებას.
2. კანი – მშვიდობის, ორალი – ომის მდგომარეობაში.
ეს შემთხვევა საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი ის მაშინ ფორმირდება, თუ კან-ორალს ბავშვობაში ანებივრებდნენ, არ უწევდა რეალიზაციისთვის ბრძოლა და ა.შ. ამ დროს კანს აქვს შეგრძნება, რომ ის სხვებზე უკეთესია, რომ ყველა მას უნდა ემსახუროს, ოღონდ ისე, რომ თავად მას არაფრის გაკეთება არ ჭირდება. ამ შემთხვევაშიც ხშირად ფორმირდება ,,თავხედის სცენარი“, ოღონდ განსხვავებული ფორმით: თუ ამ დროს ის წააწყდა წინააღმდეგობას, მისი ორალური ვექტორი დაუყოვნებლივ გადადის ომის მდგომარეობაში, ოღონდ ისე, რომ კანის ვექტორი მშვიდობის მდგომარეობაში რჩება. ამიტომ მებრძოლი და კონკურენტუნარიანი კან-ორალის ნაცვლად, მისგან ვიღებთ ისტერიულ მყვირალას და თავხედ სკანდალისტს.
3. კანი – ომის, ორალი – მშვიდობის მდგომარეობაში.
ამ სცენარს ვიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ ორალური ვექტორი განუვითარებელი, ან დაზიანებულია, ანდა მასში ფორმირებულია მძიმე ნევროზი.
ყველა სხვა შემთხვევაში, თუ კანი ომის მდგომარეობაშია, ის ამ მდგომარეობაში უპირობოდ გადაითრევს ორალსაც.
ამ სცენარში კანი შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი მენეჯერიც, მაგრამ ძალიან უჭირდეს საუბარი, ებმოდეს ენა, ჩლიფინებდეს. ზოგჯერ შეიძლება ახასიათებდეს წიკვინა ,,ფალცეტით“ ყვირილი.
4. კანი – მშვიდობის, ორალი – მშვიდობის მდგომარეობაში.
თანამედროვე გარემოში ეს სცენარი არც ისე გავრცელებულია, როგორც წესი ამ სცენარს ვირებთ ორ შემთხვევაში: 1. როდესაც კან-ორალს ერთვის ვიზუალი, თუმცა ის ვერ ახერხებს ორალზე დომინირებას. 2. როდესაც კან-ორალი რეალიზდება ისეთ გარემოში, სადაც ნაკლებად უწევს ვინმესთან კონკურირება.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე