მითები და წარმოდგენები ვექტორული ფსიქოლოგიის გარშემო


მითები და წარმოდგენები ვექტორული ფსიქოლოგიის გარშემო

 

სხვადასხვა მეცნიერებებში ხშირად დგას ხოლმე ტერმინთა და მიდგომათა არასწორი ინტერპრეტირების რისკი, რაც თავის მხრივ, მცდარი შეხედულებებისა და ე. წ. მითების გაჩენას უწყობს ხელს. ვექტორული ფსიქოლოგია გამონაკლისი არაა და აქაც ხშირად შეიძლება გადავეყაროთ სხვადასხვა მითებს ვექტორების შესახებ. ზოგი მათგანი სახალისოა, ზოგი კი სერიოზული შეცდომის საშიშროებებს მოიცავს და აუცილებლად უნდა გასწორდეს.

სანამ უშუალოდ მითებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ მნიშვნელოვან საკითხს - მიდგომებს ვექტორების განხილვისას.

როდესაც რომელიმე ვექტორზე მსჯელობას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა შევხედოთ მას ნეიტრალური პოზიციიდან და გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ვექტორისათვის სიტყვებს სხვადასხვა მნიშნველობა აქვს, რომ ისინი სხვადასხვა კატეგორიებითა და შეხედულებებით აზროვნებენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფერის სათვალით უყურებენ სამყაროს. ამიტომ, თუნდაც ერთი და იგივე საკითხს ისინი სხვადასხვა კუთხით უდგებიან. შესაბამისად, როცა დავიწყებთ მსჯელობას რომელიმე ვექტორზე, გვერდზე უნდა გადავდოთ სხვა ვექტორისეული მიდგომები და მისი სათვალით შევხედოთ საკითხს. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ სხვა ვექტორის გადმოსახედიდან ანალიზი არაა და ამას სპეციალურად არ გავუსვამთ ხაზს.

მარტივი მაგალითი ავიღოთ, თუნდაც სახლის დალაგება. ანალის ვექტორიანი, როგორც ვიცით, აზროვნებს „სუფთა“ და „ბინძური“ კატეგორიებით. ან ასუფთავებს, ან სიბინძურეშია და სხვა ვექტორებსაც ასევე აფასებს. მაშინ, როცა კანის ვექტორი საერთოდ არ ფიქრობს აღნიშნული კატეგორიებით. ის არის ან მოწესრიგებული, ან მოუწესრიგებელი. საერთო ჯამში ეს ნიშნავს, რომ სწორად განვითარებული კანიცა და ანალიც სუფთა, დალაგებულ, მოწესრიგებულ სახლში ცხოვრობენ, განუვითარებლებსა და გარკვეული დაზიანებების მქონეებს კი შეიძლება არეულ-დარეული, ჭუჭყიანი გარემო ჰქონდეთ. უბრალოდ, ანალი თუ კანს უსუფთაოს დაუძახებს, კანი ვერ გაიგებს, რადგან ის აწესრიგებს, ან არ აწესრიგებს, მიზანშეწონილად მიიჩნევს დროისა და რესურსების დალაგებაზე ხარჯვას, ან არ მიიჩნევს, მაშინ როცა ანალისათვის სისუფთავე შეიძლება იდეაფიქსად გადაიქცეს და სუფთას სცენარი ჩამოუყალიბდეს. ხვდებით სხვაობას?

სწორედ ესაა საფუძველი იმ მითისა, რომ ორალი მატყუარაა. რეალურად ტყუილი და მართალის კატეგორიები მხოლოდ ანალის ვექტორს აქვს. ორალის ვექტორიანისათვის მსგავსი დაყოფა არ არსებობს. მისი გონება ტყუილის ცნებას ვერ აღიქვამს. ის მხოლოდ სიმართლეს „ალამაზებს“, ამბავს ყვება, მსმენელს იჩენს(ეს განუვითარებელი ან დაზიანებების მქონე ორალის ვექტორის შემთხვევაში, სწორად განვითარებული ორალი სხვანაირად ახერხებს ვექტორის სურვილების ავსებას და მსგავს პრობლემას იშვიათად ვხვდებით). ამიტომ, ორალს მატყუარობაში თუ დაადანაშაულებთ, ის უბრალოდ ვერ გაიგებს რა გინდათ მისგან.

სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები რვავე ვექტორთან მიმართებაში არსებობს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვიწყებთ რომელიმე ვექტორის განხილვას, სწორად მივუდგეთ საკითხს და თავი დავიზღვიოთ არასწორი ინტერპერტაციებისგან.

მითების წარმოშობის კიდევ ერთი მიზეზი უცხოენოვან საიტებზე ახსნის მიზნით სხვადასხვა ვექტორების მხოლოდ გარკვეული თვისებების აგრეგირება გახდა. ასევე, ვექტორებზე ზოგადი მსჯელობისას განუვითარებელი, ან პრობლემური გადახრების ნორმებად განხილვა ამავე წყაროების მიერ. ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიაში ყურადღება დაზიანებებსა და პრობლემებზე გამახვილდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადახრა ნორმაა. სწორედ ეს იწვევს არასრული სურათის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, მსუყე ნიადაგია არასწორი ინტერპრეტაციებისათვის.

მაშ ასე, ახლა, როცა უკვე ვიცით, რა არის მიზეზები, მივყვეთ და ვექტორების მიხედვით ვნახოთ, რომელია ყველაზე გავრცელებული მითები ვექტორულ ფსიქოლოგიაში და შევაფასოთ მათი რეალურობა.

კუნთის ვექტორთან მიმართებაში, ყველაზე ხშირად გაიგონებთ, რომ ის უმნიშვნელო, უფუნქციო და ცოტა არ იყოს, ჩლუნგი ფსიქოტიპია. სინამდვილეში სულაც არაა ასე, მას თავისი აზროვნების კატეგორიები და საკუთარი ფუნქციის შესრულებისათვის ყველა საჭირო უნარი და თვისება აქვს. კუნთები შეიძლება სმენებივით არ ცდილობენ სამყაროს შესწავლას, თუმცა მასთან ყველაზე ახლოს არიან, ბუნებასთან უძლიერესი კავშირი აქვთ, ყველაზე კარგად ახერხებენ მიწასთან, მცენარეებთან და ცხოველებთან მუშაობას, გრძნობენ ამინდს, აქვთ საუკეთესო ორიენტაციის უნარი ბუნებაში, ყოველთვის ახერხებენ გზის გაგნებას და ა.შ.

ანალის ვექტორი, როგორც წესი, ყველაზე ხისტად მოაზროვნე, ადვილად გასაბითურებელ ვექტორად მიაჩნიათ, რომელსაც ყველაფერი ახალი და ცვლილება სძულს. სინამდვილეში: ანალის ვექტორი ერთადერთია, რომელსაც ანალიზის უნარი აქვს, ყველაზე დიდი ფსიქიკის მოცულობა კი საშუალებას აძლევს, დაამუშაოს ზღვა რაოდენობის მასალა. ესაა ვექტორი, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი მეხსიერება და ყველა მოცემულობა, მიაღწიოს პროფესიონალიზმისა და სრულყოფილების აქამდე მიუღწეველ დონეებს ნებისმიერ სფეროში. სწორად განვითარებული ანალის ვექტორიანის გონება საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ ცვლილებებს წინააღმდეგობის გარეშე და მომზადებული შეხვდეს. რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება კანივით ლანდშაფტის ტემპს აყოლილი, თუმცა ეს არ ნიშნავს მის „წარსულში ჩარჩენას“ და სიხისტეს.

გავრცელებული მითია ასევე, რომ ანალის ვექტორიანი აუცილებლად მოტყუებული რჩება „მოღალატე“ კანის ვექტორიანთან ურთიერთობისას. რეალურად ასე სულაც არაა. უბრალოდ ეს ორი ვექტორი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, სხვადასხვა კუთხიდან უყურებს ერთსა და იმავე საკითხს და ეს ზოგჯერ გაუგებრობებს იწვევს.

საკმაოდ სერიოზული ნეგატივის მატარებელია შეცდომა ანალის ვექტორის აუცილებლად სადისტობის შესახებ. კი, ანალის ვექტორიანებს ახასიათებთ სადიზმი, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ გამოვლინებებში, მაგალითად, მაშინ როცა ანალი „სუფთას“ სცენარშია და თან განუვითარებლობა, ან ზოგიერთი სხვა დაზიანება ერთვის. სწორი განვითარების შემთხვევაში ანალის ვექტორი ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და მზრუნველია.

საინტერესოა, რომ ჭარბწონიან ადამიანებს ხშირად მიაწერენ სცენარით ანალობას, რაც სულაც არაა ასე. წონის მიუხედავად ადამიანი შეიძლება იყოს კანის ან კუნთის ვექტორიანი. მაგალითად, ხომ გინახავთ საოცრად მოძრავი, მოქნილი, სწრაფი, მოხერხებული ჭარბი წონის მატარებელი ადამიანები? დიდია ალბათობა იმისა, რომ სხვა მახასიათებლების დამთხვევის შემთხვევაში, ეს ადამიანი სცენარით კანი იქნება.

ანალური ვექტორისა არ იყოს, კანსაც ბევრი ლეგენდა და მითი დაეხვა თავს. რამდენიმე ზევით განვიხილეთ. დამატებით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ კანს უყვარს საქმის მიფუჩეჩება ან არ მიყავს ბოლომდე. განუვითარებელს, პრობლემებისა და სტრესების მქონე კანს შეიძლება ახასიათებდეს მსგავსი რამ, თუმცა, ზოგადად, კანი ვექტორი ნებისმიერ საქმეს სხვანაირი ლოგიკით უდგება. მისთვის რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია, ცდილობს, რომ ნებისმიერი რამიდან მაქსიმალური შედეგი გამოიტანოს, ამიტომ, კანი რესურსებს ტყუილად არ ხარჯავს. თუ რაიმე საქმეში დებს დროს, ენერგიას ან ნებისმიერი სახის რესურსს, არ დაუშვებს მის ფუჭად გაფლანგვას და საქმეს გააკეთებს.

კიდევ ერთი „მძიმე“ მითი კანის ცუდი ბოსის სახელს უკავშირდება. როგორც წესი, კანს ადარებენ ხოლმე ურეთრალს და ამბობენ, რომ ურეთრალი ლიდერია, ჯგუფს წინ მიუძღვის, კანი კი ბოროტი ბოსივით ზის და დაქვემდებარებულ ჯგუფს უგულოდ იყენებს. რეალურად ხდება შემდეგი რამ - აქ არ ვადარებთ ურეთრალსა და კანს. ურეთრალი არის ჯგუფის ბელადი და არის სრულიად სხვა სიბრტყე და კატეგორია, ვიდრე კანი. როდესაც ხდება ცუდი ბოსისა და კარგი ბოსის შედარება, ხდება კანის ვექტორიანების შედარება. კანი ლიდერია, მენეჯერია, მმართველია, მას შეუძლია და აქვს ყველა უნარი, იყოს ჯგუფის კარგი მმართველი და საუკეთესო მენეჯერი - სწორი განვითარების შემთხვევაში. ბოროტი ბოსობა, რესურსების არასწორი გამოყენება, ზღვარგადასული თავხედობა და ა. შ. კანი ვექტორის დაზიანებებისა და განუვითარებლობის მაჩვენებელია. რაც შეეხება ურეთრალს, ის ჯგუფის ბელადია, რაც გულისხმობს, რომ ადამიანებს ქვეცნობიერი სურვილი გვიჩნდება, მას გავყვეთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ურეთრალი და კანი მსგავსი მმართველები იქნებიან. მათი მართვის სტილი განსხვავებულია და ერთმანეთს არ ედარება.

აქვე უნდა ვთქვათ კიდევ ერთი არასწორი შეხედულება იმის შესახებ, რომ ურეთრალების ყველა გადაწყვეტილება სწორია და რადგანაც ფუნქციურად ბელადია, აუცილებლად მას უნდა გავყვეთ. სამწუხაროდ, ეს ასე არაა და ურეთრალს შეიძლება არასწორი წარმოდგენები ჰქონდეს, იღებდეს მისთვისაც კი მეტისმეტად იმპულსურ, არასწორ გადაწყვეტილებებს და ჯგუფი გადარჩენის ნაცვლად უფრო დიდ საფრთხეში ჩააგდოს, დეგრადაციისკენ წაიყვანოს და ა. შ. ასეთი რისკები განსაკუთრებით მაშინ დგას, როცა ჯგუფში ყნოსვა ან არაა, ან სუსტია.

ურეთრალურ ვექტორთან დაბალანსებული შეხედულება არ არსებობს, თუ ერთი ნაწილი მეტისმეტად აზვიადებს მის დადებით თვისებებს და ყოველმიზეზგარეშე გაყოლას გვირჩევს, მეორე ნაწილი მათ უარყოფით თვისებებზე აპელირებს და მიაჩნია, რომ ურეთრალები ვერასოდეს ჩერდებიან ერთ ადგილას, არ შეუძლიათ მოპოვებულის შენარჩუნება, ყოველთვის რევოლუციურ და რადიკალურ გზებს მიმართავენ. რაც ასევე მითია და უნდა უარვყოთ. სწორად განვითარებულ ურეთრალს ჩვეულებრივ შეუძლია ისეთივე „ბანალური“ რამეების კეთება, როგორიცაა ოჯახის ქონა, სტაბილური სამსახური და ა. შ.

ორივე შემთხვევაში მითების საფუძველი ურეთრალის თვისებების გადახრებისა და მისი, როგორც ჯოგის ბელადის როლის გაზვიადებული წარმოჩენა ხდება.

მითების გარეშე არც ზედა ვექტორები დარჩენილან. სმენას არაამქვეყნიურობა, ყნოსვას დემონურობა, ორალს გაუმაძღრობა, ვიზუალს კი მეტისმეტი ემოციურობა და მიამიტობა მიეწერა.

მოდით, მივყვეთ.

ორალის ვექტორის ფუძე, როგორც ვიცით გაერთიანებაა, მისი ენერგიის წყარო ადამიანები და მათთან კონტაქტი, გურმანობა, სიტყვათწარმოქმნა, სიმღერა, ჯგუფის გაერთიანება და ბევრი მსმენელია. ენერგიის მიღებასაც სწორედ ამით ცდილობს, ყველასთან კონტაქტით, კომუნიკაციით, საერთო ხუმრობებით, ამბების შელამაზებულად მოყოლით და ა. შ. მაშინ, როდესაც ორალის ვექტორი დაზიანებული ან დასტრესილია, ხმაური ზღვარგადასული, ამბები სულ უფრო და უფრო არარეალური, ხუმრობები უადგილო და ჭორები გაუთავებელი ხდება. ამ დროს ორალის იუმორი ჯგუფის მანკიერების გამოვლენას ვეღარ ემსახურება. გაუთავებლად ლაპარაკის მოთხოვნილება ყველა სხვა ვექტორიანისათვის შემაწუხებლად იქცევა, ორალი „თავისამატკიებელ“ ადამიანად მიიჩნევა და ყველა ცდილობს მოერიდოს. თავად ორალი შინაგანად ცარიელი, ადამიანებისათვის კი შემაწუხებელი ხდება.

რაღა თქმა უნდა, სწორედ ამ ეფექტის ხაზგასმა და აგრეგირება მოხდა მითებში და ორალი ცხოველ, უზრდელ, მატყუარა ადამიანად გადააქცია, რომელიც გაუთავლებლად ლაპარაკობს და ყველას ღლის. გვერდზე ჩაიჩოჩეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დამსახურებებმა, როგორიცაა საკვების გამორჩევა, სიმღერის არსებობა, სიტყვებისა და ვერბალური კომუნიკაციის ქონა, ჯგუფში ერთიანობის არსებობის საჭიროება, ორალური აღზრდის როლი ბავშვებში და ა. შ.

აქვე უნდა აღინიშნოს და ყნოსვის ვექტორის განხილვისასაც ვიტყვით, რომ ორალი, რომელიც ყნოსვისათვის ინფორმაციის გამავრცელებლის როლს ასრულებს არქეტიპულად, ნებისმიერი ინფორმაციის გამავრცელებელია, მისი ავკარგიანობის მიუხედავად.

უცხოური წყაროებიდან გავცრელებული მაგალითის თანახმად, ყნოსვა მაშინ იყენებს ორალის უნარებს, როცა ჯგუფიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვინმეს მოშორება სჭირდება (უმეტესად კან-ვიზუალი მდედრის ან/და ურეთრალის) რაც სათავეშივე არასწორია. ორალის ვექტორი ყველა სახის ინფორმაციას ერთნაირად ავრცელებს. მისთვის არ არსებობს ინფორმაციის დაყოფა, არ არსებობს ტყუილი, მართალი, საიდუმლო. მისთვის არსებობს ინფორმაცია, რომელიც აქვს და ინსტინქტურად უნდა მისი გაზიარება(რა თქმა უნდა, აქ საუბარი მხოლოდ ორალზე გვაქვს და სხვა ვექტორებთან კომბინაციაში სურათი იცვლება). წარმოიდგინეთ, როგორ ჩანს ეს ანალური ვექტორის გადმოსახედიდან, როგორ წუხდება სმენა მუდმივი კონტაქტით და მითისთვის მსუყე მასალაც მზადაა.

ვახსენეთ და ბარემ განვმარტოთ, რით დაიმსახურა ყნოსვის ვექტორმა მისტიკური და დემონური ვექტორის სტატუსი. აქ ორ რამესთან გვაქვს საქმე. პირველი ისევ და ისევ არასწორი და სხვა ვექტორული ჭრილის გადმოსახედიდან განხილვაა, ხოლო მეორე მისი ინტუიციის გაზღაპრულება ზოგიერთი წყაროს მიერ.

როგორც ვიცით, ყნოსვის ვექტორს, რომელსაც უსაფრთხოება და რანჟირება ევალება, ნამდვილი ინტუიცია აქვს. ასე ვთქვათ, ადამიანის ეგო სუნს, საფრთხეებსა და ძირითადად ისეთ რამეებს გრძნობს და აღიქვამს, რაც სხვა ვექტორებისათვის გაუგებარია. სინამდვილეში ამაში არაფერია მისტიური, აუხსნელი და ჯადოსნური.. თუმცა, ერთ დროს ჭექა-ქუხილიც ღვთაებრივ მოვლენად მიგვაჩნდა კაცობრიობას.

მეორე ასპექტი, რაც ყნოსვას მისტიურ ბოროტ არსებად წარმოგვიჩენს, ისაა რომ მისთვის სიკეთე და ბოროტება სტანდარტულად არ გაიყოფა. მისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა უსაფრთხოებას აქვს, ამიტომ თავისუფლად შეუძლია ჯგუფის დასაცავად რომელიმე წევრი გაწიროს. მას ბუნებრივი მოცემულობების გამო აქვს ძალაუფლება და თავისდაუნებურად ახერხებს დააფიქსიროს ისეთი დეტალები და დააგროვოს ინფორმაცია, რომელიც სხვა ვექტორებს გამორჩებოდათ.

სწორედ ამიტომ ის აუცილებლად მისტიურად, საშიშ დემონად აღიქმება და ხშირად ეხვევა ბოროტი გმირების, სასტიკი და დაუნდობელი ადამიანების, ფარული მტრებისა თუ მაგიის საბურველში.

გარდა ამისა, ყნოსვის ვექტორიანებს ადვილად შეუძლიათ მოიპოვონ ძალაუფლება და გავლენა. უფრო მეტიც, ისინი ესწრაფვიან მათ. ამას ლოგიკური ახსნა აქვს - ყნოსვისათვის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. სიკვდილის შემდეგ მისთვის აღარაფერი არსებობს, სრული გაქრობა, ყველაფრის დაკარგვა და არარაობად გადაქცევაა მხოლოდ. ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს სიცოცხლისათვის, ცდილობს მიაღწიოს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს, როგორც თავისთვის, ისე ჯგუფისათვის. ამისათვის სჭირდება მას გავლენაც, ძალაუფლებაც და ინტუიციაც - რათა ჰქონდეს დროულად და თავისუფლად მოქმედების საშუალება. თუმცაღა, შორიდან ეს ყველაფერი ყნოსვას დემონური ინტუიციით დაჯილდოებულ გავლენიან ადამიანად გადააქცევს და დამატებით აღვივებს მათდამი მისტიურ და დამფრთხალ დამოკიდებულებას.

რეალურად, ყნოსვის როლი საკმაოდ გასაგები და საჭიროა, მისი ასოციალური ხასიათი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად ყველა და ყველაფერი სძულს, ან აუცილებლად ბოროტი ჩანაფიქრი აქვს. ყნოსვის პრაგმატული მიდგომა ხშირად მთელს ჯგუფს გადაარჩენს ხოლმე.

ისე საინტერესოა ფაქტია, რომ ურეთრალსაც აქვს იგივე უნარი - მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები ჯგუფის სასარგებლოდ. თუმცა, რატომღაც ეს ნეგატიურად ყნოსვის შემთხვევაში უფრო აღიქმება ხოლმე.

ურეთრალისა და ყნოსვისგან განსხვავებით ვიზუალი ინდივიდებზე, ერთეულებზე კონცენტრირდება, სიყვარულისა ჰუმანიზმის იდეის გამტარებელია, თუმცა ამან მასზე მითების შექმნას ხელი არ შეუშალა. ყველაზე მთავარი, რაც ვიზუალებთან მიმართებაში გაგვახსენდება, ალბათ ის მითია, რომ ისინი აუცილებლად რაიმე გავლენის ან/და რწმენის ქვეშ ექცევიან, ფანატიკურად ერთვებიან ამ ყველაფერში და სმენის ვექტორის გარეშე თავსაც ვერ დააღწევენ ამას.

ვიზუალის ვექტორის ფუძე ნაწილობრივი ინფორმაციაა, ის ყოველთვის ცალკეულზე, ერთეულზე, ინდივიდზე კონცენტრირდება და, ასე ვთქვათ, სამყაროს „ემოციებზე გავლით“ აღიქვამს. მისი ფუნქცია სიცოცხლის შენარჩუნებაა, თუმცა ის არ უყურებს ამას სმენისა და ურეთრალური ვექტორების მსგავსად მთლიანობაში. მისთვის მნიშნველოვანია თითოეულის სიცოცხლე: ყველასი - ცალ-ცალკე.

სწორედ ამ ემოციურობის, შთაბეჭდილებების ქვეშ ადვილად მოქცევისა და მთლიანზე უფრო მეტად ნაწილობრივსა და ცალკეულზე კონცენტრირების გამო, განვითარების დაბალ საფეხურზე ან სტრესებისა და დაზიანებების მქონე ვიზუალის ვექტორიანები ხშირად ექცევიან სხვადასხვა გავლენის ქვეშ, აუცილებლად სწამთ რაიმესი, იტაცებთ მაგიური და მისტიური, ამოუცნობი თემები და ხშირად არაჯანსაღი დამოკიდებულებები უჩნდებათ მათ მიმართ. ადვილი სამიზნეები არიან სხვადასხვა სექტებისა და თაღლითური ორგანიზაციებისათვის.

თუმცაღა, ეს ყოველთვის ასე არაა და მითი არასწორია. სწორედ ის თვისება, ისწავლოს მის გარშემო სამყარო, ჩაწვდეს მის ბუნებას ადამიანებს, დაიცვას და შეინარჩუნოს სიცოცხლე, ხდის ვიზუალებს იმ ადამიანებად, რომლებიც სმენური იდეის გატარებას უქმნიან საფუძველს. სწორად განვითარებულ ვიზუალზე გავლენის მოხდენა ძალიან ძნელია, რადგან მას საკუთრივ გააჩნია ჩამოყალიბებული ხედვა, მყარი ფასეულობათა დონე და, როგორც წესი, თვითონ ახდენს საკუთარი შეხედულებების დემონსტრირებას. ამ დროს ის ძალიან წააგავს თავის ვექტორულ ძმას, სმენას, მყარად გაიდგამს ფესვს მისთვის მისაღებ ფასეულობაში და დაიწყებს მის გატარებას.

აქვე უნდა განვმარტოთ სხვაობა ყნოსვურ და ვიზუალურ ინტუიციას შორის, რაც ასევე ხშირად ხდება ხოლმე გაუგებრობების წყარო. ყნოსვურისგან განსხვავებით ვიზუალური ინტუიცია მის ემპათიურობას ეყრდნობა. თუ ყნოსვა ადამიანების ეგოს სუნს შეიგრძნობს და როგორც ობობა გრძნობს თავის ქსელზე ნებისმიერ ცვლილებას, ისე აღიქვამს სამყაროში რხევებს, ვიზუალის ვექტორიანს მოცემული რეალობის იდეალური ვარიანტის აღქმა შეუძლია და ემპათიის უნარის დამსახურებით, უმცირეს გადახრებსაც კი აღიქვამს ამ სრულყოფილი, ჰარმონიული სურათიდან. ამ ვექტორების ინტუიცია სხვადასხვანაირად მუშაობს და, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სიხშირის რხევებზეა მიმართული.

ვიზუალურ ვექტორთან მიმართებაში უნდა აღვნიშნოთ არასწორი შეხედულება კან-ვიზუალ მამრებთან მიმართებაში.

კან-ვიზუალი მამრი განსხვავდება ანალურ ეპოქაში ჩამოყალიბებული მამაკაცის ტიპაჟისგან. ის არაა არც ძლიერი, არც უხეშად მამაკაცური, არ ერიდება იყოს ემოციური, იტიროს, გამოავლინოს ემპათია, არ უყენებს თავს მოთხოვნებს ფიზიკურ სიძლიერეზე და ვერც პირველყოფილ ჯოგში შეძლებდა მამონტის მოკვლას. ამიტომ ეს მამრები უმეტესად უფუნქციოდ რჩებოდნენ, ადრეულ ეპოქებში მსხვეპრლშეწირვის ობიექტები იყვნენ და ანალურ ეპოქაშიც უჭირდათ რეალიზება.

დღეს მათი ყოფა შედარებით გაუმჯობესებულია და ეძლევათ განვითარების არეალი, თუმცა მითი იმის შესახებ, რომ კან-ვიზუალი მამრები აუცილებლად მშიშრები, ქალაჩუნები და არამამაკაცურები არიან, კვლავ მყარად დგას. რაც რა თქმა უნდა არასწორია. გარეგნული გამოხატულება, საქმიანობის სფერო თუ ემპათიურობა არ განსაზღვრავს „მამრობის“ ხარისხს.

მითების გარეშე არ დარჩენილა სმენის ვექტორიც - როგორც წესი, მათ სამყაროდან „გასულობას“, „უცნაურობას“, ასექსუალურობას, მიწიერი სამყაროს მიმართ ნულოვან ინტერესს ამბრალებენ.

ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მხოლოდ სმენის გარკვეული თვისებების გადახრების ანდაც ვექტორის დაზიანებების გაზვიადებაა და მითის სრულ უარყოფას ვერ მოვახდენთ. თუმცა, სწორი განვითარების სმენა, განსაკუთრებით სხვა ვექტორების დართვის შემთხვევაში, სულაც არ ეთანხმება „მითოლოგიურ“ აღწერილობას.

სმენები, განსაკუთრებით თუ სხვა ვექტორიც ერთვით (და ყველა ზედა ვექტორს აუცილებლად ერთვის ერთი ქვედა ვექტორი მაინც) დადიან სამსახურებში, სწავლობენ, აქვთ იუმორის გრძნობა, დაკავებული არიან მიწიერი საკითხებით, უყვართ, უხარიათ, სწყინთ.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ სმენა რომელიც იდეას იპოვნის, ასევე არ მოწყდება ქვეყანას, უბრალოდ ამ იდეას განავითარებს, მასზე იმუშავებს და ის მისი პრიორიტეტი იქნება.

სმენის ვექტორის ქონა არ უდრის დეპრესიის ქონას. დეპრესია მდგომარეობაა, რომელსაცმკურნალობა და შველა სჭირდება. სმენის ვექტორი კი სრულიად ბუნებრივი სურვილის მიმართულებაა. ის, რომ სმენის ვექტორიანები მიდრეკილნი არიან დეპრესიისაკენ, არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი აუცილებლად აქვთ.

საინტერესო შეხედულებაა, რომ სმენას სექსი არ უნდა და არ სჭირდება, რაც ჯერ მხოლოდ ფიზიოლოგიური გადმოსახედიდანაა არასწორი. ვექტორულად ამის გაბათილება ორი კუთხიდან შეგვიძლია.

პირველი ისაა, რომ ნებისმიერ ზედა ვექტორს აუცილებლად დაერთვის რომელიმე ქვედა ვექტორი და ეს თავისთავად გულისხმობს ლიბიდოს ქონას და მეორე - სმენა იდეური პოლიგამია, რაც ხშირად ურთიერთობებზეც გადმოაქვს. სმენას სექსის მოთხოვნილება აქვს, უბრალოდ ეს მისთვის პრიორიტეტული არაა და არ გადაექცევა იდეაფიქსად გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას იდეად აიღებს.

ცალკე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა - რაც უფრო მეტი ვექტორი აქვს ადამიანს, მით უფრო უკეთესი და „მაგარია“. რეალურად ასე არაა. ადამიანები არ ჩნდებიან უფრო უკეთესები და უფრო უარესები. ადამიანები ჩნდებიან გარკვეული ფუნქციებით. ვექტორებიც მის შესაბამისად დაყვება. მეცნიერებს სჭირდებათ ინფორმაციის მეოთხედის ვექტორები, სპორტსმენს სხვა ფუქნცია აქვს და შესაბამისად ვექტორული წყობაც სხვანაირი ექნება.

ვექტორული ფსიქოლოგიის იერარქიული წყობა დაკავშირებულია ფუნქციებთან და არა ადამიანების მეტ-ნაკლებობასთან.

იგივე შეიძლება ითქვას იმ გავრცელებულ მიდგომაზეც, რომ სმენის ვექტორიანი სხვებზე „მაგარია და ძერსკია“. არამარტო სმენის, არამედ დომინანტი ვექტორების მქონე ადამიანი, იქნება ეს ურეთრალი თუ განსაკუთრებით ყნოსვა და სმენა. სინამდვილეში აქაც იგივე ხდება. ვექტორების არა რაიმე განსაკუთრებით აღმატებულობის, ცისფერი სისხლისა თუ ზებუნებრივი უნარების ითვლებიან დომინანტებად, არამედ მათი ფუნქციებისა და „შესასრულებელი დავალების“ მასშტაბურობის, სირთულისა და ჯგუფის მომავალზე გავლენის გამო.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ სიტყვა სირთულემ დომინანტი ვექტორების ფუნქციების აღწერასთან მიმართებაში არ უნდა დაგვაბნიოს. ყველა ვექტორს ეძლევა საკმარისი ენერგია და შესაძლებლობები თანდაყოლილი ფუნქციების შესასრულებლად. ამიტომ სმენას იდეის პოვნა რთულ ამბად არ მიაჩნია, ურეთრალისათვის ჯგუფის ბელადობა ბუნებრივია, ისევე, როგორც ყნოსვისათვის ურეთრალის ხელდასხმა.

ახლა, როცა განვიხილეთ გავრცელებული მითები ვექტორულ ფსიქოლოგიაში და მათი წარმოშობის მიზეზები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ყველა საშუალება, თავი ავარიდოთ მათ გაჩენასა და გავრცელებას. ფსიქოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ყურადღებას სწორედ სტრესებსა და დაზიანებებზე ამახვილებს და მათ შველას ცდილობს, თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, სტრესი, გადახრა, დაზიანება, პრობლემა არაა ნორმა, ვერ იქნება რაიმეს თვისება ან მახასიათებელი, ის ამ უკანასკნელთა ნორმიდან გადახრაა და თითოეული ჩვენთაგანის ხელშია, ვიყოთ სწორი ინფორმაციის გამტარები.

იხილეთ ასევე: პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

ავტორი: Nutsa Yen Nikolishvili


მსგავსი სტატიები

  • დაცარიელებული ბუდის სინდრომი

  • პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე (2)

  • დიაგნოსტიკა (ტემპერამენტი)

  • რა არის თვითშეფასება?

  • რატომ არის ზოგი ადამიანის დიაგნოსტიკა უფრო რთული?

  • განსხვავება მენტალიტეტებს შორის

  • მამაკაცებზე განაწყენება ანუ ყველა კაცი ერთნაირია

  • არ დაექვემდებაროთ კონტროლს