რატომ არის ზოგი ადამიანის დიაგნოსტიკა უფრო რთული?
რატომ არის ზოგი ადამიანის დიაგნოსტიკა უფრო რთული?
ხშირად გვეკითხებიან რატომ ხდება, რომ ზოგი ადამიანის დიაგნოსტიკა უმარტივესია, ზოგის კი ბევრად რთული.
ამაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
რაოდენობა და სცენარი
დიაგნოსტიკისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ვექტორთა რაოდენობა ვექტორულ წყობაში. თუ მაგალითად ორვექტორიანი ადამიანის დიაგნოსტირება მარტივია, ბევრად რთულია იგივეს გაკეთება 5- 6 ვექტორიან ადამიანთან. რადგან მრავალვექტორიანი ადამიანის შემთხვევაში ერთმანეთს ერევა სხვადასხვა ვექტორის თვისებები, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ამ თვისებათა თავდაპირველ სახეს და შესაბამისად მათ გამოვლენას. საქმეს ართულებს ვექტორთა კონტრარულობა-კომპლემენტარულობაც. მხოლოდ ორი ან სამი ვექტორის არსებობის შემთხვევაში, სინთეზირებით გამოწვეული ცვლილებები შედარებით ნაკლებია, რაც აიოლებს ამ ვექტორების ამოცნობას. მაგალითად: თუ განვიხილავთ კუნთ-ანალ- კანს , ამ კომბინაციაში კუნთი ფაქტობრივად იმალება და თავს ავლენს მხოლოდ ფიზიკური სხეულის არსებობით. ხოლო ანალური და კანის ვექტორების კომბინირებისას ერთი რჩება საყრდენ ვექტორად, შესაბამისად ამოდის სცენარში და ადვილად ამოვიცნობადია (ვექტორის სცენარში არსებობას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები. იხ. ლექციები ვექტორული კომბინაციების შესახებ, ან ფასიანი ვებინარების მეორე დონე), ხოლო არასცენარული ვექტორი რჩება შემავსებლად, მაგრამ მისი გამოვლენა არ იფარება. თუ ამ კომბინაციას დაერთვებოდა ორი ან მეტი ზედა ვექტორი, ეს რადიკალურად შეცვლიდა სურათს. აქ საქმე გვექნებოდა რამოდენიმე შესაძლო ვარიანტთან. მაგ: ვიზუალური და სმენის ვექტორების არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი ვექტორის გამოვლინება შეიძლება გადაიფაროს რიგი ფაქტორების გამო. ასევე ერთმანეთის გამოვლენას შეიძლება ხელი შეუშალონ სმენამ და ყნოსვამ, ვიზუალურმა და ორალურმა ვექტორმა.
მდგომარეობები, დაზიანებების და განვითარების დონე
ხშირ შემთხვევაში დასტრესილი ან ნეგატიურ მდგომარეობაში მყოფი ვექტორი თავს მკაფიოდ ავლენს.მაგალითად: წყენის მდგომარეობაში მყოფი ანალურ ფსიქოტიპთან თვალში გეცემათ მისი დახრილი თვალები, ჩამოშვებული ტუჩის კუთხეები, მოხრილი მხრები, თითქოს მძიმე ტვირთი აქვს წამოკიდებულიო. კანის სისწრაფე სტრესისას შეიძლება გადავიდეს ცანცარში. ასეთი კანის ვექტორიანი გამუდმებით ცქმუტავს, ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს რაც შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეთ. მაშინ როცა განვითარებულ მრავალვექტორიან ადამიანში ვექტორები ისე ჰარმონიულად არის შერწყმული, რომ ცალკეული ვექტორის ამოცნობა შეიძლება არც ისე მარტივი იყოს.
დაშენება და ფუძისეული რღვევა
დაშენება არის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი გარემოს, ოჯახის, ან მენტალიტეტის ზეგავლენით, აკოპირებს იმ ფსიქოტიპის ქცევით მოდელს, რომელიც მასში არ არის. მაგალითად: კანის ვექტორიანი, რომელსაც არ აქვს ანალური ვექტორი, იზრდება ოჯახში სადაც ცხოვრობენ მხოლოდ ანალის ვექტორიანები. ის ხედავს რომ მის გარშემო ყველას ერთი ქცევითი მოდელი აქვს. ხედავს იმასაც, რომ მისი ბუნებრივი ქცევები გაუგებარი და მიუღებელია ოჯახის წევრებისათვის. ზოგჯერ იმ ქცევისათვის, რაც მისთვის ბუნებრივია, სასჯელსაც იღებს. რას აკეთებს ამ დროს კანის ვექტორი? ის ადაპტირდება გარემოსთან და იწყებს იქ გავრცელებულ ქცევათა კოპირებას. ის იქცევა როგორც ანალის ვექტორიანი, ზოგჯერ უფრო მეტადაც კი ვიდრე დანარჩენები. მაგრამ ამის მიუხედავად, ის ვერ იღებს ანალური ვექტორის თვისებებს. მისი ქმედება მხოლოდ ქცევის გარეგნული კოპირებაა. დროთა განმავლობაში ის იჯერებს, რომ მართლაც ასეთია. ამასთან ერთად უარს ამბობს საკუთარ ბუნებრიობაზეც. მას ანალური ქცევითი მოდელი სიამოვნებას არ ანიჭებს, კანურად კი უკვე ვეღარ იქცევა, რადგან მასში წამყვენი გახდა დაშენებული ქცევა. შესაბამისად აგრძელებს სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას და როგორც წესი სამუდამოდ ვარდება ბუნებრივი რეალიზაციიდანაც, ეს კი ართულებს თანდაყოლილი ვექტორების დიაგნოსტიკას.
ფუძისეული რღვევისას საქმე გვაქვს ზემოთ განხილულის საწინააღმდეგო მოვლენასთან. არსებობს შემთხვევა, როდესაც რომელიმე ვექტორი რჩება არაცნობიერ მდგომარეობაში და მხოლოდ სტრესით ავლენს თავს. ამ შემთხვევას სვფ უწოდებს ,,ფუძისეულ რღვევას". ეს ხდება მაშინ, როდესაც ადრეულ ბავშვობაში გარედან ხდება ძლიერი უარყოფითი ზეწოლა ვექტორის თითოეულ გამოვლინებაზე. ამ დროს ვექტორი ვერ ახდენს თვითიდენტიფიკაციას ბუნებრივ სურვილებთან, რაც იწვევს რღვევას, ანუ ვექტორის დამალვას და გაყინვას არაცნობიერ მდგომარეობაში. ერთადერთი, რითიც ეს ვექტორი თავს ავლენს, არის ამ ვექტორის სურვილების ძლიერი აუვსებლობა, რომლის შევსებასაც ცდილობს იმ მექანიზმებით, რომელიც დარჩა. თუმცა ეს არ იქნება ვექტორის თვისებების გადახრა, ან დაზიანება. მაგალითად თუ ადამიანს აქვს სმენის ვექტორი ფუძისეული რღვევით, მას ვერ ექნება სმენური შიზოფრენია, ვერც სმენური იდეური ფანატიზმი. სმენის სურვილებიდან დარჩება მხოლოდ საბაზისო სურვილი - შეიმეცნოს, მაგრამ არ ექნება მისი ავსების არანაირი მექანიზმი. ანალის ვექტორიანს, რომელსაც ფუძისეული რღვევა აქვს, მუდმივად აქვს სურვილი იყოს ანალურად მომთმენი, ნებისყოფიანი, ხელმარჯვე და ა.შ. მაგრამ ამის გაკეთებას ცდილობს იმ მექანიზმებით, რომლებიც აქვს (მაგ: კანური დისციპლინით), ამიტომ ვერასოდეს ასრულებს ისე, როგორც შეასრულებდა მაშინ, ბუნებრივ რეალიზაციაში რომ ყოფილიყო.
გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებისა, შესაძლოა არსებობდეს მთელი რიგი დეტალები, რაც წარმოშობს სხვაობებს ერთნაირი ვექტორული წყობის ინდივიდებს შორისაც. მაგალითად ტემპერამენტი, განვითარების დონე, მენტალიტეტი, სქესი, ასაკი და ა.შ.
ავტორები: სერგო ღამბაშიძე, ნინო მეგრელიშვილი
მსგავსი სტატიები