როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?


როგორ გვზღუდავს ჩვენივე გონება?

  ამ ლექციაში შევეხებით საკითხს თუ როგორ გვზღუდავს ჩვენ ჩვენივე გონება. ლექციას დავიწყებთ მარტივი მაგალითით: წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ჯანმრთელია, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება ორის მაგიერ მხოლოდ ერთი ხელი გამოიყენოს და შემდეგ კი მთელი ცხოვრება წუწუნებს, რომ მას მძიმე ცხოვრება აქვს. რას იტყოდით ასეთ ადამიანზე? რბილად რომ ვთქვათ უმეტესობა იტყოდა, რომ ის არც ისე გონიერი ადამიანია. ჩვენი ლექცია ამ მაგალითით უმიზეზოდ არ დაგვიწყია. სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა თავის ცხოვრებას სწორედ ასე ატარებს (ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდება). ჩვენ გვაქვს ხელსაწყო (ჩვენი გონება), რომლის დახმარებითაც შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი დავალება, მაგრამ ხდება ისე, რომ რატომღაც ადამიანთა უმეტესობა ვერ იყენებს საკუთარ პოტენციალს. რაც კიდევ უფრო უარესია, ჩვენ არა თუ არ ვიყენებთ სწორად ჩვენს შესაძლებლობებს, არამედ ჩვენი არასწორი ქმედებების გამო, ეს შესაძლებლობები ხშირად ჩვენივე წინააღმდეგ მუშაობენ. არა იმიტომ, რომ ბუნება ბოროტია, ან შემთხვევით ასეთი სულელური შეცდომა მოუვიდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენივე ხელსაწყოს არასწორად ვიყენებთ. ალბათ ყველას გინახავთ ცხოვრებაზე განაწყენებული ადამიანი, რომელიც დაბღვერილი დადის, მუდამ ფიქრობს, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა, რომ ადამიანები ბოროტები არიან, დადის ქუჩაში და თავის ამ ნაწყენ მდგომარეობას ყველგან აფრქვევს. ყველა, ვინც მას ხედავს გრძნობს, რომ ეს ადამიანი იტანჯება და ეს თვითონაც იცის. მაგრამ სხვები მისგან განსხვავებით იმასაც ხვდებიან, რომ მას წყენის მდგომარეობა აქვს და ის ცხოვრებამ გატეხა, ამას კი თავად შეიძლება ვერც ხვდებოდეს. ის, რომ თვითონ თავის მთავარ პრობლემას ვერ ხედავს, მის გზაზე მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ხდება. მაგალითად: იმისთვის, რომ ადამიანი ალკოჰოლიზმისგან განიკურნოს, პირველი და უმთავრესი ნაბიჯი, არის, ამ ადამიანმა ჯერ აღიაროს და გაიგოს, რომ თვითონ ალკოჰოლიკია. ანუ ადამიანმა უნდა შეძლოს და თავის თავს გვერდიდან შეხედოს. პრობლემის სხვებში დანახვა ადვილია, ადვილია მიუთითო სხვას, მაგრამ დაინახო პრობლემა საკუთარ თავში, ეს უკვე ბევრად რთულია. ძნელია ნაწყენ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გააგებინოთ, რომ მისი პრობლემა სწორედ ეს წყენის მდგომარეობაა და სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს რეალიზებას. ჩვენ ვიტანჯებით, ვიფორმირებთ ჩვენში ამ ტანჯვით გამოწვეულ აზრებს და ეს კიდევ უფრო გვტანჯავს და რაც მთავარია, არაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვსწორდეთ. მაგალითად: ადამიანს ეკითხები რა მიზანი აქვს. ის გპასუხობთ რომ უნდა იყოს მდიდარი და ჰქონდეს იახტა. კარგი მიზანია, ვერაფერს იტყვით, მაგრამ არსი ერთი მაგრამ... რას აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად? არაფერს. უბრალოდ დადის ყოველდღიურ სამუშაოზე და ხანდახან ოცნებობს. ამასთან მან კარგად იცის, რომ ასე ვერასოდეს გამდიდრდება. აქ მთავარი ის არის, რომ მის ქცევაში არ დევს ქმედება. ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გვინდა რეალურად, ზოგჯერ არც კი განვასხვავებთ ჩვენს სურვილებს სხების სურვილებისგან, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ სხვა გვასწავლის რა უნდა გვინდოდეს. ჩვენ არც კი ვიყენებთ ჩვენს გონებას, რომ დავფიქრდეთ რა გვინდა და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, უბრალოდ ვნებდებით, ვცხოვრობთ ყოველდღიური ცხოვრებით. ამასობაში კი ცხოვრება გადის და ჩვენ იმავე ტალახში ვრჩებით, რომელშიც ვიყავით.

მოდი დავსვათ მარტივი კითხვა: როგორ მუშაობს ჩვენი გონება? პირველი რაც უნდა გავიგოთ, არის ის ძირითადი წესი, რომლითაც გონება მუშაობს. გონება კი მუშაობს ძალზე უბრალოდ, როგორც Google-ს საძიებო სისტემა. როგორ მუშაობს Google? იმისთვის რომ მან მოგცეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია, თქვენ ჯერ უნდა გახსნათ ის და შეიყვანოთ მასში საჭირო მოთხოვნა, დასვათ კითხვა. თუ თქვენ კითხვას არ დასვამთ და უბრალოდ ელოდებით როდის მიხვდება Google თავისით იმას რაც თქვენ გაინტერესებთ, მაშინ ლოდინი მეტისმეტად დიდხანს მოგიწევთ, თქვენ ვერანაირ პასუხს ვერ ეღირსებით! თქვენ შეიძლება ილოცოთ, იმდიტიროთ რომ Google მიახვედროთ რა გსურთ, დაემუქროთ მას, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. იმისთვის რომ Google-სგან მიიღოთ პასუხი, უნდა ჩაწეროთ კითხვა. იგივე ხდება გონებასთან მიმართებაშიც, ჩვენი გონება მუდმივად მზადყოფნის რეჟიმშია. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ განვაგოთ საკუთარი ,,ბედი“ და დავუსახოთ გონებას საჭირო მიზნები, მივახვედროთ რა გვსურს, ჯერ აუცილებელია, რომ გონებას დავუსვათ კითხვები. არის მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხიც: არ შეიძლება გონებას დავუსვათ შემთხვევითი კითხვები, რადგან თუ ჩვენ დავსვამთ სულელურ კითხვებს, ჭკვიანურ პასუხებს არ უნდა ველოდეთ. ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, კონკრეტულად რა გავაკეთოთ, რომ გავიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორი კითხვაც გვიჩნდება, ისეთივეა მასზე მიღებული პასუხიც. ამიტომ საჭიროა ჩვენს გონებას ძალზე ფრთხილად და გააზრებულად დავუსვათ კითხვები. როდესაც ვსაუბრობთ რომ გონებას შეუძლია პასუხების პოვნა, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ აზროვნების პროცესში ის გადის ,,ასტრალში“, იქ ,,უმაღლეს გონთან“, ან ,,მისტიურ ზეარსებებთან“ ამყარებს კავშირს და საიდუმლო არხებით მოეწოდება პასუხი. ეს ასე არ მუშაობს. უბრალოდ გონება ყურადღებას ამახვილებს გამოცდილებაზე და მასში ეძებს საჭირო პასუხს. აქ მთავარი ისაა, რომ ამ დროს თქვენ იწყებთ რეალურ მუშაობას საკუთარი პრობლემის გამოსწორებაზე. თქვენ უნდა ისარგებლოთ საკუტარი გონების შესაძლებლობებით, ის მუდამ მზადყოფნის რეჟიმშია და თქვენგან საჭირო კითხვებს ელის. მხოლოდ თქვენი ქმედებაა საჭირო, რომ ის მთელი დატვირთვით ამუშავდეს. გონება არის დამხმარე ხელსაწყო იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი ფუნქციის გააზრება და უკეთ შესრულება. თუ თქვენ მას არასწორად იყენებთ, ან საერთოდ არ იყენებთ, ის ემსგავსება თანამშრომელს, რომელსაც საქმე არ აქვს და სამუშაო საათებში კომპიუტერში პასეანსს თამაშობს.

თუ ჩვენ სწორად ვუსვამთ გონებას კითხვებს, მაშინ ის ამ კითხვებს გადაამუშავებს და აფორმირებს შესაძლო პასუხების, შესაძლო გამოსავლების ვერსიებს. თუ კითხვას არასწორად ვირჩევთ - პასუხიც შესაბამისია. მაგალითად: თუ ჩვენ გონებას ვუსვამთ დესტრუქციულ კითხვას, რატომაა ყველაფერი ასე საშინლად? არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ პასუხი იქნება შესაბამისი: იმიტომ რომ სამყარო ნაგავია, ან იმიტომ რომ ჩვენ უვარგისები ვართ. რეალურად ეს არის ჩვენივე კითხვისგან გამოწვეული შედეგი. ჩვენი გონება ჩვენს კითხვას სვამს რაღაც სისტემაში, ალაგებს შესაბამის თანმიმდევრობებში და შედეგად ვიღებთ შესაბამის პასუხს რწმენამდე აყვანილ ფორმაში (დაუსვა გონებას სულელური კითხვა და ელოდე ჭკვიანურ პასუხს, ეს იგივეა Google-ში ჩაწეროთ უხამსი სიტყვა და ელოდეთ ინფორმაციას ლამაზი პეპლების შესახებ). რწმენა არის რაღაც აზრი, რომელიც იმდენად ჩაიჭედა ჩვენს ტვინში, რომ ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ამ აზრს კრიტიკულად შევხედოთ. მაგალითად ადამიანს ჩაებეჭდა აზრი, რომ ყავა კარგია თუ ეს აზრი მან რწმენამდე აიყვანა, მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა ეს მართლა ასე, ეს ნიშნავს, რომ ის მთელი ცხოვრება ასე იფიქრებს. თუმცა არის ერთი საფრთხე: ჩვენ შეიძლება ვირწმუნოთ ისეთი რამეც, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად დავიჯეროთ, რომ ჩვენ ტანჯვისთვის გავჩნდით, ან რაიმე მსგავსი ნეგატივი. ეს ძალზე ცუდი სიტუაციაა, რადგან ის რწმენის სახით ილექება ჩვენს გონებაში და ამის გამო ჩვენ ვწყვეტთ ამ აზრის შესახებ კრიტიკულად ფიქრს. მას აპრიორი ვიღებთ უდავო ჭეშმარიტებად და ამით ჩვენვე ვიფორმირებთ ნეგატიური ცხოვრების სცენარს. ამ დროს ჩვენი გონება აკეთებს შემდეგს: ის აფორმირებს დარწმუნების განსაზღვრულ სისტემას და მას ხდის სტანდარტად ჩვენთვის. სტანდარტი, ეს სერიოზული სიტყვაა. ცხოვრებაში ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს მიზნები, ხოლო მეორე მხრივ სტანდარტები. რაშია მათ შორის სხვაობა? ამის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიზნი, არის ის, რასაც ჩვენ მომავალ მდგომარეობად, ეს არის ჩვენთვის სასურველი მომავალი, თუმცა მეორე მხრივ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მცდელობა, მიზნის მისაღწევად (მიზნის დაფორმირება მოცულობითი თემაა და მას სვფ-ს მესამე დონეზე განვიხილავთ). თუ ჩვენ გამოვიჩენთ საკმაო ძალისხმევას, წარმატების შანსი იზრდება და თუ ჩვენს ძალისხმევას სწორი მიმართულება აქვს, ხშირ შემთხვევაში დგება სასურველი რეზულტატი. სტანდარტი სრულიად სხვა მოვლენაა. სტანდარტი არის ცნება, რომლეიც მუშაობს აქ და ახლა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ის თავის რეზულტატს იძლევა აქ და ახლა. ის რაც თქვენ ახლა გაქვთ, არის არა მხოლოდ თქვენი წინა მიზნების რეზულტატი. არამედ ძირითადად არის თქვენს მიერ დაფორმირებული სტანდარტების შედეგი. თუ თქვენი სტანდარტი არის ლამაზი და დაკუნთული სხეული, მთელ თქვენ დროს ამას უთმობთ და პრინციპში შედეგსაც აღწევთ, თუმცა ამასთან შეიძლება მის ფონზე აღარ დაგრჩეთ დრო მიზნების განსახორციელებლად. მაგალითად არიან ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლიდან გავიდნენ მაკიაჟის გარეშე, თუნდაც ნაგვის გადასაყრელად. ასეთია მათი სტანდარტი. ყოველ ჩვენგანს აქვს საკუთარი სტანდარტები. სტანდარტი ეს არის ერთგვარი მითითება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. მაგალითად: არის სტანდარტი, რომ სამსახურში უნდა გეცვათ კოტუმი და გეკეთოთ ჰალსტუხი. ამიტომ თქვენ არ მდიხართ სამსახურში ტრუსებში გამოწყობილი. იმიტომ რომ ასეთია იმ სამსახურის სტანდარტი. როგორც გარემოებებისგან, ისე ჩვენს მიერ დაფორმირებული სტანდარტები, თავის მხრივ განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა მიზნები უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ რეალურად ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს მიზნებზე, არსებული სტანდარტების გამო. უფრო ზუსტად ისინი თვლიან, რომ მათი მიზნები არ შეესაბამება დაწესებულ სტანდარტს. სწორედ ამიტომ ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება მიზნებით კი არა, სტანდარტებითაა განპირობებული. ერთი მხრივ სტანდარტი უდრის შესაბამის რეზულტატს. მაგალითად: თუ თქვენ გაქვთ სტანდარტი, რომ დილა-საღამოს კბილები უნდა იხეხოთ, თქვენ ასეც იქცევით და დგება შესაბამისი შედეგი სუფთა კბილების სახით. თუმცა მეორე მხრივ ძნელია სტანდარტებზე გადაბიჯება და ზოგი სტანდარტი ვლინდება შემზღუდავ ფაქტორად მიზნისკენ მიმავალ გზაზე. თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ დიდ მიზნებს, საჭიროა გავზარდოთ სტანდარტების ხარისხი. საიდან იღებს სათავეს ეს სტანდარტები? არსებობს სხვადასხვა სახის სტანდარტები, მოქმედების, მდგომარეობის, აზროვნების. დაფიქრებულხართ იმაზე, რომ თქვენ გაქვთ მდგომარეობებთან დაკავშირებული სტანდარტები. მაგალითად: თქვენ გყავთ ბავშვი. მასთან მიმართებაში თქვენ მშობელი ხართ. გიფიქრიათ, რომ გაქვთ რაღაც სტანდარტები, რომლებსაც იყენებთ შვილთან ურთიერთობისას? შეიძლება თქვენ მასთან მიმართებაში თავი აღმზრდელად მიგაჩნიათ, შეიძლება მშობლობას ტვირთად თვლით, ან თქვენს თავს მისი სიცოცხლის შემოქმედად მიიჩნევთ. მაგრამ არსებობს რაღაც გზავნილი რომელსაც თქვენ საკუთარ ტვინს გადასცემთ, ის გიფორმირებთ გარკვეულ შეგრძნებისა და ურთიერთობის ტიპებს და ეს განაპირობებს იმას, თუ როგორ იქცევით შვილთან. ეს ყველაფერი ჩვენი გონებიდან მოდის. სტანდარტები იწყება თვითდარწმუნებიდან. სწორედ თვითდარწმუნებაა სტანდარტის პირველი ტიპი. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ საკმაოდ მარტივ კანონზომიერებას. თუ ჩვენ სწორი დასკვნები გვაქვს (ანუ ჩვენი დასკვნები რეალურად, ან რეალურთან მიახლოებულად ასახავს ჩვენი და სამყაროს მოწყობის ფორმებს), მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავისახოთ მიზნები, რომლებიც რეალურად გამომდინარეობს ჩვენი შინაგანი სურვილებიდან, მივიღოთ ტკბობა ამ მიზნისკენ სვლით და მათი მიღწევით. ხოლო თუ ჩვენი დასკვნები და ხედვები არასწორია, მაშინ ტკბობის ნაცვლად, ვიღებთ ტანჯვას. სწორედ ესაა თვითდარწმუნება და სტანდარტები.

ჩვენ გვაქვს ხელსაწყო - გონება, ის მუშაობს კითხვა-პასუხის რეჟიმში. გონებიდან მიღებული პასუხები ქმნის დასკვნებს, ხოლო დასკვნების ნაკრები ჩვენში აყალიბებს თვითდარწმუნებების სისტემას, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ სტანდარტებს (აზროვნებას სტანდარტებით). თუ ჩვენ ვისწავლით ამის სწორ გამოყენებას, მაშინ ჩვენი აზროვნება გახდება დაზიანებებისგან თავისუფალი და გამჭვირვალე. შედეგად ვიღებთ რეალური მიზნების გაგების უნარს და ამ მიზნებისკენ სწორად სვლის შესაძლებლობას. არის მიზანი, შესაბამისად არის არსებული რესუსების შეფასება, არის ქმედების დაგეგმვა და შემდეგ თავად ქმედება. ასე მუშაობს ჯანსაღი გონება. მაგალითად თქვენ გსურთ სამსახურში დაწინაურება. თქვენმა გონებამ იცის, რომ ერთი მხრივ ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადი ფაქტორი მაინც თქვენ ხართ. თქვენ უნდა შეაფასოთ რა კონკრეტული მიზნები დგას თქვენს წინ, რა ქმედებებია ამისთვის საჭირო და რამდენად კარგად ასრულებთ თქვენ ამ ქმედებებს. აზრების ასეთი კომბინაცია თქვენ მიგიყვანთ იქამდე, რომ თქვენ დაგაწინაურონ. აქ მთავარია გავიგოთ, რომ გონება ჩვენი მტერი კი არ არის, არამედ ჩვენი დამხმარე ხელსაწყოა. ხდება თუ არა ასე? სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევებში არა. რატომ? რა ემართება ადამიანს, რატომ ვერ ახერხებს გონების სწორად გამოყენებას? მისი ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გარედან მოსულმა დაშენებებმა და საკუთარმა სტანდარტებმა, მისი გონება ლაბირინთს დაამსგავსა. ამიტომ ის ვერ აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული ქმედება. ვთქვათ მას სურს სახლში ააშენოს ბუხარი, მაგრამ ამაზე მხოლოდ ოცნებობს. ნახევარი წლის წინაც ოცნებობდა და დღესაც წევს დივანზე წამოგორებული და აგრძელებს ოცნებას. მისი მიზანი გონებისგან ფორმირებულ ლაბირინთში დაიკარგა, მან ვერ დაინახა კონკრეტული ქმედებები, ამიტომ არ დადგა საჭირო შედეგი. და რაც მთავარია, მისი აზრით ამაში ყველა დამნაშავეა, თავად მის გარდა. რეალურად კი ეს უმეტესწილად სწორედ მისი უმოქმედობის ბრალია. როგორ მოხდა, რომ ჩვენ სხვა რამე გვინდოდა, მაგრამ შედეგი სრულიად სხვა დადგა? თუ შევხედავთ ამ პროცესის მსვლელობას, ის საკმაოდ სასაცილოა. ეს გავს ერთი რუსული ზღაპრის პასაჟს, სადაც პესონაჟს აძლევენ დავალებას: ,,წადი იქ! არ ვიცი სად... მოიტანე ის! არ ვიცი რა...“. ჩვენში ჩნდება სურვილი, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ამ სურვილით ბოლომდე განვიმსჭვალოთ, რამოდენიმე წუთში გვინდება სრულიად სხვა რამ, მერე კიდევ სხვა და ა.შ. რას ვიღებთ შედეგად? შედეგად ჩვენი გონება ემსგავსება იმ კომპიუტერს, რომელსაც ერთდროულად ზედმეტად ბევრი ბრძანება მისცეს, მან ვერ მოასწრო მათი სათითაოდ გადამუშავება და ამიტომ უბრალოდ ,,გაჭედა“. გონებას არ მიეწოდა მკაფიო სიგნალი კონკრეტული მიზნის შესახებ, ვერ გაიგო რა თანმიმდევრობით შეასრულოს მიწოდებული ბრძანებები (სურვილები). შედეგად გონებამ დაწერა Error. გონებაში იწყება ქაოსი, რადგან არის ათი გენერალი და ერთი რიგითი რომელმაც აღარ იცის რომელ ბრძანებას მოუსმინოს. შედეგად დგება ან უაზრო, ქაოსური და უმნიშვნელო ქმედებები, ან საერთოდ უმოქმედობა და დივანზე კოტრიალი.

როგორ ხდება, რომ დალაგებული და მწყობრი სურათის მაგიერ, ჩვენს გონებაში ასეთ ლაბირინთს ვაჩენთ? საიდან გაჩნდა ჩვენს გონებაში ეს თვითდარწმუნებები და სტანდარტები? მაგალითად, ვეკითხებით ადამიანს რაშია მისი პრობლემა. ის გვაპასუხობს, რომ მისი შვილი სკოლაში ცუდ ნიშნებზე სწავლობს. ჩვენ ვეკითხებით: და რას აკეთებ შენ ამის გამოსასწორებლად? ის გვპასუხობს, რომ შვილს ემუქრება თუ კარგად არ ისწავლი ქამრით გცემო, ზოგჯერ კი კიდეც ცემს ხოლმე. ვუსვამთ სრულიად ბუნებრივ კითხვას: შენ რომ ვინმემ სამსახურში ქამრით გცემოს, შენ იქ უკეთესად იმუშავებდი? ან გაგეღვიძებოდა ამ საქმისადმი მეტი ინტერესი? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია. მაშინ რატომ ფიქრობ, რომ ეს ბავშვზე იმუშავებს, ან რატომ აგრძელებ ასე მიდგომას, თუ ამან ამდენი ხნის მანძილზე სასურველი შედეგი ვერ გამოიღო? ხომ უნდა გაჩენილიყო ბუნებრივი ეჭვი, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებს? როგორც აინშტაინი იტყოდა: ,,სისულელეა, აკეთებდე მუდამ ერთი და იგივეს და ელოდე განსხვავებულ შედეგს!“. საიდან ჩნდება ასეთი უაზროდ განმეორებადი ქმედებები, რომლებსაც შედეგი არ მოაქვს? საქმე იმაშია, რომ გონება იწყებს თამაშს, თუ თქვენ მისით სწორად არ სარგებლობთ, მაშინ ის აკეთებს იმას, რაც მოცემული რესურსით შეუძლია. და რა შეუძლია მას? გონება მუდმივად მოლოდინის რეჟიმშია და ელის, როდის გამოიყენებთ მას. მაგრამ თქვენ მას არ იყენებთ, არ უსახავთ ქმედების სტრატეგიას. ამიტომ ჩვენი გონება მინიმალურ დონეზე მუშაობის რეჟიმში. მას არ ეძლევა საშუალება სრული დატვირთვით იმუშაოს. შესაბამისად ის ირჩევს მუშაობისთვის ყველაზე მარტივ ბუნებრივ კრიტერიუმებს. გონება ცდილობს გააკეთოს ისე, რომ თქვენ არ იგრძნოთ ტკივილი. ამიტომ მისი ყოველი გადაწყვეტილება არის არც თუ ისე შორსმიმავალი და საკმაოდ ზედაპირული. რადგან სიღრმეში ჩასასვლელად საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, გონების მეტად დაძაბვა. ხოლო მინიმალურ რეჟიმში მომუშავე გონება მუშაობს მხოლოდ იმდენად, რომ ვიცოცხლოთ და გავექცეთ ტკივილს. ამიტომ ადამიანთა უმრავლესობას აქვს სწორედ ტკივილისგან და სირთულეებისგან გაქცევის სტრატეგია. შესაბამისად ისინი ვერ მიელტვიან დიდ მიზნებს, ,,მათი ხომალდები ვერ შედიან ოკეანეებში“, ვერ რისკავენ ქმედების დაწყებას. მაქსიმალურად ცდილობენ შეეგუონ არსებულ მოცემულობას, ყურადღება გადააქვთ ყოველდღიურ წვრილმანებზე და მთლიანად ერთვებიან რუტინული ყოფიერების ჭაობში. მათ უკვე იმდენად აშინებთ ქმედება და ამ კომფორტული უმოქმედობიდან გამოსვლა, რომ ყველაფერზე მიდიან ოღონდ რეალური საქმე არ დაიწყონ, რეალურ ქმედებას თავი აარიდონ. ზოგი საერთოდ უმოქმედოა, სხვები აზარტული თამაშებით ერთობიან, ზოგი ინტერნეტში ,,ტროლავს“, შედის სხვადასხვა სოციალურ ქსელში და ყველას ლანძღავს, ან აკრიტკებს ვინც მასზე წარმატებულია.

ჩვენ ვცდილობთ გაჩვენოთ, რომ თუ ჩვენს გონებას კითხვებს ჩვენ არ დავუსვავთ, მაშინ ის ამას დამოუკიდებლად გააკეთებს და თავად შექმნის თვითდარწმუნებების სისტემას. მაგრამ ის პასუხები, რომელსაც თავად მიიღებს, არ გადის კრიტიკულ შემოწმებას, ამ დროს გონება კარგავს კრიტიკულ აღქმას საკუთარი დასკვნებისადმი და ვეღარ აანალიზებს სწორია თუ არა მისი დასკვნები. მთავარი ხდება ის, რომ ამ დროს ირთვება ბუნებრივი ინსტიქტები და კონკრეტულ სიტუაციაში ეს დასკვნები ჩვენ გვეხმარება თვითგადარჩენაში და ე.წ. კომფორტული უმოქმედობის ჩამოყალიბებაში. დივანზე კოტრიალი ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ბარვა, ან თოხნა. მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, ეს დასკვნები ჩვენს წინაღმდეგაა, რადგან პასიურობა გვართმევს რეალიზების შესაძლებლობას. პასიურობა, გაქცევაა. პასიურმა გონებამ შექმნა ისეთი რეალობა, როგორიც შეეძლო მინიმალური მუშაობის რეჟიმისას. ამ თვითდარწმუნებების სისტემის კვანძი, მდგომარეობს იმაში, რომ ეს დასკვნები ერთმანეთთან მუდმივად წინააღმდეგობაში მოდიან. შედეგად გვიჩნდება სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინაღმდეგო აზრები. ზოგჯერ კი ეს იქამდე მიდის, რომ ჩვენ საერთოდ ვწყდებით რეალობას და მას ვეწინაღმდეგებით კიდეც. ჩვენ ერთი მხრივ გვინდა რაღაც, მაგრამ მეორე მხრივ გვინდა გავაგრძელოთ დივანზე კოტრიალი. ის რომ ჩვენ გვინდა ესა და ეს, ეს თავის მხრივ ჩვენგან მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს. ეს ქმედებები კი უკვე გვაშინებს. გონება ბადებს ეჭვებს: გამოგვივა? რომ ვერ შევძლოთ? ამაზე ცუდად რომ გავხდეთ? ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნებები ჩვენივე პასიურობითაა გამოწვეული. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ფიქრების უმეტესობას ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ. არ ვართ საქმის კურსში იმის შესახებ, თუ როგორი პრინციპით მუშაობს ჩვენი გონება. ჩვენ ვერ ვიაზრებთ კავშირს მიზნებსა და ქმედებებს შორის. ეს მაშინ როცა ზოგადად მაინც გვაქვს წარმოდგენა მიზნებზე, ხშირ შემთხვევაში კი ისიც არ ვიცით რა გვინდა, ან საერთოდ გვინდა თუ არა რამე. რა თქმა უნდა აქვთ ოცნებები, აქვთ სურვილი იყვნენ მდიდრები და წარმატებულები, მაგრამ ამის უკან ვერ ხედავენ თავის როლს, ვერ ხედავენ ქმედებას.

ამ ყველაფრიდან ვიღებთ ორ მნიშვნელოვან დასკვნას: 1. ჩვენი აზრების უმეტესობა ურთიერთ წინაღმდეგობრივია. ისინი ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ან ეწინააღმდეგებიან სამყაროს ბუნებრივი მოწყობის მექანიზმს. 2. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენივე აზრების უმრავლესობას. არ გვაქვს გაცნობიერებული საკუთარი ბუნებრივი სურვილები, რომ არაფერი ვთქვათ წარმატების მიღწევის სტრატეგიაზე.

ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ორი რამის გაკეთება: 1. ვიპოვოთ წინააღმდეგობა. როდესაც თქვენ გრძნობთ რაღაც დისკომფორტს, ძალზე მნიშვნელოვანია დაინახოთ სად არის წინააღმდეგობის წერტილი. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა სწორად გამოიყენოთ საკუთარი გონება. 2. მთავარია შევძლოთ გონებისთვის კითხვების დასმის დაწყება, შემდეგ კი ამ კრიტიკული კითხვების წყალობით, აღმოვაჩინოთ წინააღმდეგობის წერტილი.

როგორ ვიპოვოთ წინააღმდეგობის წერტილი? ძირითადი მეთოდი ამის მისაღწევად კითხვების დასმაა. აზრები კითხვა პასუხის პრინციპითაა მოწყობილი, თუ გინდათ, რომ გონებამ გამართულად იმუშაოს, მას კითხვები ხშირად უნდა დაუსვათ. რა გავაკეთე დღეს? რა ვერ გავაკეთე? რის გაკეთება შემეძლო უკეთესად? ვარ თუ არა დღეს გუშინდელზე განვითარებული? მივუახლოვდი თუ არა ჩემს მიზანს დღევანდელი დღის შემდეგ? ეს კითხვები გამუდმებით უნდა უმეოროთ საკუთარ თავს. ასევე არის ერთი მთავარი კითხვა: ,,რა მინდა მე“. ეს კითხვა საკუთარ თავს რაც შეიძლება ხშირად უნდა დაუსვათ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით უნდა დაფიქრდეთ რა გსურთ, რას აკეთებთ ამის მისაღწევად და შეესაბამება თუ არა თქვენს მიზნებს თქვენი ქმედებები. ჩვენ ვცდილობთ დაგანახოთ წინააღმდეგობის წერტილი და ის თვითდარწმუნებები, რომლებიც გვზღუდავს ჩვენ და მუშაობს ჩვენივე საწინაამდეგოდ. როგორ ვიპოვოთ ისინი? პირველ რიგში უნდა შევძლოთ გასვლა ე.წ. ,,კომფორტის ზონიდან“. როდესაც ამას გავაკეთებთ დასაწყისში გაგვიჩნდება დისკომფორტის განცდა, მაგრამ სხვანაირად ნამდვილი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია. ჩნდება შინაგანი კონფლიქტი, ჩვენ გვეზარება ქმედება, არ შეგვიძლია საკუთარი აზრის დაცვა, ადვილად ვთმობთ პოზიციებს, ეს ცუდია. რეალურად ნებისმიერი დისკომფორტი არის რაღაც სახის შინაგანი კონფლიქტის შედეგი. საიდან მოდის ტანჯვა? იქიდან, რომ ჩვენ დარღვეული გვაქვს ბალანსი და ჩვენში არის გაჩენილი წინააღმდეგობა, ჩვენი ერთი აზრი, ეწინააღმდეგება მეორეს. ერთი მხრივ ჩვენ გვსურს რაღაც, ხოლო მეორე მხრივ გვსურს სრულიად სხვა რამ. მაგრამ ვერ გავრკვეულვართ კონკრეტულად საით გადავდგათ ნაბიჯი, ამიტომ ვიტანჯებით. ჩვენ გვტანჯავს, რომ არ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება, ამიტომ ვეფლობით პასიურობაში. ამიტომ აუცილებელია ვიპოვოთ წინაღმდეგობის წერტილი, სადაც ჩვენი ერთი სურვილი ეწინაღმდეგება მეორეს. მაგალითად: დაუშვათ ვიღაცას ვეკამათებით. ერთი მხრივ ჩვენ გვსურს წყნარი, თავდაჯერებული ტონით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ისეთი ,,რკინის“ არგუმენტებით გავამყაროთ, რომ ჩვენს ოპონენტს დანებების გარდა სხვა შანსი არ დავუტოვოთ. მაგრამ ამის მაგივრად ხდება სრულიად სხვა რამ: ჩვენ ვჭორჭმანებთ, უკან ვიხევთ, არ გვყოფნის გაბედულება. ან პირიქით ყვირილს ვიწყებთ და ისტერიკაში ჩავარდნილები ლანძღვაზე გადავდივართ. მაგრამ რატომ ხდება, რომ ჩვენ სხვა რამე გვინდოდა, მაგრამ შედეგი სრულიად სხვა დადგა? დაუსვით ეს კითხვა თქვენს თავს და ეცადეთ პასუხი გულწრფელად გაცეთ. შეიძლება თქვენ ერიდებით ვიღაცის განაწყენებას, ან შეიძლება თქვენში პირადი შიშები ჭარბობს და ეს გაშინებთ. რეალურად ამით თქვენ ჯერ კიდევ თავის მართლებას ცდილობთ საკუთარ თავთან, გინდათ, რომ თქვენი არათავდაჯერებულობა შენიღბოთ იმით, რომ თქვენს თავს უმტკიცებთ: არ მინდა ვინმეს ვაწყენინოო. ეს პირველი ,,გამოსავალია“ რომელიც თქვენმა გონებამ იპოვნა თავის გასამართლებლად. თუ თქვენ ამაზე არ შეჩერდებით და განაგრძობთ კითხვების დასმას საკუთარი გონებისთვის, თანდათან წამოვა უფრო გააზრებული და სიღრმისეული პასუხები. ამ კითხვების დასმა უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ ზედაპირზე არ ამოტივტივდება და არ გაცნობიერდება ყველაზე ღრმად ჩაფლული და მიძინებული კომპლექსები. დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს. დავსვათ შემდეგი კითხვა: და რა მოხდება, თუ მე ჩემი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებით ვინმეს ვაწყენინებ? თუ თქვენი პასუხი იქნება რომ ადამიანების წყენინება ცუდია. ავტომატურად მოდის შემდეგი კითხვა: რატომაა ადამიანების წყენინება ცუდი? ან რას ნიშნავს ეს? იქნება კი მართლა საწყენი თქვენი პოზიციის დაცვა? ეცადეთ იპოვოთ წინაღმდეგობის წერტილი. ერთი მხრივ გინდათ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაცვა, მეორე მხრივ არ გინდათ ვინმეს აწყენინოთ. ამათგან ერთი თქვენი ბუნებრივი სურვილია, ხოლო მეორე კი თქვენი გონების მიერ ,,შემოგდებული“ ხაფანგი. მთავარია დაიჭიროთ ეს ორი კონტრარული სურვილი და თქვენ მიხვდებით საიდან იწყება ,,არეულობა“. სწორედ ეს იქნება თქვენი გააზრების დასაწყისი.

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ერთერთ ლექციაში ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერი მეცნიერება იწყება დაკვირვებიდან. დაკვირვება საკუთარ თავზე, პირველი ნაბიჯია თვითგამოსწორებისკენ. მაგრამ პრინციპში მუშაობა გონებასთან ამით მხოლოდ იწყება და ეს საკმაოდ დიდი პროცესია. თვითდაკვირვება კი მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ გზაზე. თქვენ ნელნელა უნდა ააწყოთ საკუთარი გონების ,,რუკა“. ჩვენი ლექციების მიმდინარეობის პროცესში ჩვენ პერიოდულად მივუბრუნდებით ხოლმე ამ თემას და თანდათან მოგაწვდით სისტემური მიდგომის მექანიზმებს. სისტემური მიდგომა ის მოვლენაა, რომელიც თანმიმდევრულად ხსნის გონების მექანიკას. ხსნის მთელ წინაღმდეგობებს და გვეხმარება შევიტანოთ სინათლე ამ გაურკვევლობაში. ამჯერად კი შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ გონებასთან მუშაობისთვის საჭირო რამოდენიმე ნაბიჯს:

1. თუ თქვენ გინდათ სწორად ისარგებლოთ თქვენი გონებით და შეძლოთ მისი ,,მოთვინიერება“, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რას ნიშნავს თვითდარწმუნება და როგორი პრინციპით მუშაობს ის (ეს ამ ლექციაში უკვე განვმარტეთ). ესენია ის აზრები, რომლებიც ჩვენში ჩაიჭედა და ჩვენ აღარ შეგვიძლია მათი კრიტიკულად შეფასება. თუ გავიგებთ როგორ მუშაობს ის, მაშინ ჩვენ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი გონების მუშაობის მექანიზმის გაგებისკენ.

2. იმის შემდეგ, რაც გავიაზებთ რა არის თვითდარწმუნებები და როგორ მუშაობენ ისინი, ვიგებთ, რომ ჩვენ გვჭირდება გამოვიმუშაოთ საჭირო უნარ-ჩვევები. როდესაც გამოვიმუშავებთ სწორი კითხვების დასმისთვის საჭირო უნარებს, ჩვენ ვიქნებით ისინი, ვისაც შეუძლია საკუთარ გონებასთან სწორად მუშაობა. ამის შემდეგ უკვე ,,მუსიკას ჩვენ ვუკვეთავთ“, ჩვენ ვკარნახობთ გონებას თამაშის წესებს. ჩვენ ვაძლევთ მას მიმართულებას და ის ემორჩილება ჩვენს ნაჩვენებ გზას. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ არის, არის მთელი რიგი ნიუანსები, მაგრამ მთავარი ისა, რომ ეს შესაძლებელია.

3. შემდეგი ნაბიჯია ვისწავლოთ როგორ ვიპოვნოთ ჩვენ გონებაში ჩამალული თვითდარწმუნებები. თქვენ ამ დროისთვის უკვე იცით, რა არის თვითდარწმუნება და იცით, რომ გონებაში ბევრი ასეთი რამ გაქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, კონკრეტულად რა სახით თვითდარწმუნებულობებია თქვენში. პირველი ორი ნაბიჯის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენს გონებაში მიმალული თვითდარწმუნებები. შედეგად თქვენ მიიღებთ იმის რუკას რაც ხდება თქვენს გონებაში. რუკა კი დაგეხმარებათ შეძლოთ ორიენტირება.

4. როდესაც ჩვენ ვიპოვნით იმ თვითდარწმუნებულობებს, რომლებიც ჩვენშია გამჯდარი, დაგვჭირდება ვიპოვოთ წინააღმდეგობის წერტილი, ის გადაკვეთა, სადაც ეს თვითდარწმუნებულობები, წინააღმდეგობაში მოდიან ჩვენს რეალურ სურვილებთან. ამ ყველაფრის აღმოჩენა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს შევცვალოთ ჩვენი გონების რუკა და ჩვენვე მოვხაზოთ მისი ნამდვილი კონტურები. (სამწუხაროდ ეს ფორმატი არ იძლევა საშუალებას მოცემულ ლექციაშივე განვმარტოთ ამ ყველაფრის მუშაობისთვის საჭირო მექანიზმები, რადგან ეს ყოველივე მოითხოვს საკითხისადმი ბევრად მეტ ჩაღრმავებას).

5. ჩვენ ვიპოვეთ ეს თვითდარწმუნებები, მაგრამ აქ უკვე ჩნდება კითხვა: ,,თუ თვითდარწმუნებების სისტემა გვაძლევს ფიქსირებულ შაბლონს სამყაროს, ან თავად ჩვენი მოწყობის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ის სიმართლეს შეესაბამებოდეს?“. რეალურად არა. შეიძლება მასში იყოს სიმართლის მარცვალი, ან გამართლებული იყოს რაღაც კონკრეტული ხედვის წერტილიდან, მაგრამ ის არ არის უტყუარი ჭეშმარიტება. მაგალითად: როდესაც ორ მხარეს აქვს კონფლიქტი, თითოეული მათგანი თავდაჯერებულია იმაში, რომ მოწინააღმდეგე ბოროტია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ჩვენივე ფანტაზიის შედეგია, რომლითაც ჩვენთვის არასასურველი პირის, ან პირების დემონიზაციას ვახდენთ. ამიტომ შემდეგი ნაბიჯი მდგომარეობს იმის გაგებაში, რომ ცხოვრებას ვყოფთ დიდ მონაკვეთებად და ბლოკებად, ამიტომ ჩვენი მიზანია დავდგეთ ამ ვიწრო ჩარჩოების ზემოთ და შევძლოთ ამ ყოველივეს ზემოდან შევხედოთ. დავინახოთ ჩვენი ცხოვრება ზემოდან. შევძლოთ ერთიანობაში აღვიქვათ წარსული, აწმყო და მომავალი. ძირითადი წესი, რომლითაც ჩვენი ცხოვრება მუშაობს, არის ,,ტკივილისა და ტკბობის“ წესი. სწორედ ეს წესია ადამიანის მთავარი მამოძრავებელიც. ამ ყველაფრით, ჩვენ შევძლებთ აღვწეროთ თვითდარწმუნებების ნაკრები. და გავასხვავოთ დაშენებული თვითდარწმუნებები, იმათგან, რომლებიც არ ეწინაღმდეგებიან რეალობას. შემდეგ კი ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ,,ტკივილისა და ტკბობის“, იგივე ,,მათრახისა და ნამცხვრის“ წესი. ეს კი გახდება ფუნდამენტი, რომელზეც შევძლებთ ყველაფერ დანარჩენის აშენებას და დაშენებული თვითდარწმუნებულებების ნაცვლად, გაზრებული თავდაჯერებულობის მიღებას.

6. შემდეგი ნაბიჯია ყურადღების მექანიკა, ანუ იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ყურადღების მოკრების მექანიზმი. ეს საკმაოდ ,,მსუყე“ თემაა. იმიტომ, რომ თუ დაფიქრდებით, განცვიფრებულები აღმოაჩენთ, რომ ის რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს სწორედ ჩვენი ყურადღების უნარს უნდა ვუმადლოდეთ. ჩვენ მივდივართ იქით, საითაც ჩვენი ყურადღებაა მიმართული. მაგალითად: თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ადამიანები ცუდები არიან და ყურადღებას აქეთ მივმართავთ, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში სწორედ ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან, იმიტომ რომ ჩვენი ყურადღება ნეგატივზეა მიპყრობილი და ნებისმიერ ადამიანი შეიძლება დავინახოთ რაღაც ცუდი. ჩვენი ყურადღების ობიექტი, რაღაც სახით აუცილებლად პოვებს გამოვლენს ჩვენს ცხოვრებაში. თუ თქვენ ისწავლით შეწყვიტოთ ყურადღების ცუდზე მიპყრობა, მაშინ ბევრ ნეგატივს აიცილებთ თავიდან. სადაც თქვენი ყურადღებაა, თქვენც იქ ხართ. და რაც მთავარია, ის, რაზეც თქვენი ყურადღება მიპყრობილი, გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს გარემოცვაზეც. რა კავშირია გონებას, თვითდარწმუნებებსა და ყურადღებას შორის? ძალზე უბრლო, თქვენი თვითდარწმუნებების სისტემა, რომელიც მოცემულ მომენტში გამსჭვალავს თქვენს გონებას, მართავს თქვენი ყურადღების მიმართულებას. ჩვენი ყურადღების მიმართულება, მიედინება ჩვენს აზრებში, ისევე როგორც წყალი მიედინება მისთვის სპეციალურად მოწყობილ მილებში. თქვენი თვითდარწმუნებები ავტომატურად მიმართავენ თქვენს ყურადღებას განსაზღვრული მიმართულებით. ეს კი გაძლევთ შესაბამის ცხოვრებისეულ რეზულტატს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ისწავლოთ ყურადღების საჭირო მიმართულებით კონცენტრირება.

7. შემდეგი ნაბიჯია ისწავლოთ საჭირო თვითდარწმუნებების სისტემის გავრცელება საკუთარ თავზე. თუ გახსოვთ ლექციაში ვთქვით, რომ ჩვენ საკუთარ თავს შეიძლება ბევრი სხვადასხვა რამ დავაჯეროთ. თუ საკუთარ თავს დააჯერებთ, რომ უიღბლო ხართ ასეც იქნება, რადგან ეს იქცევა თვითდარწმუნებად და თქვენი ყურადღება მთლიანად აქეთ გახდება მიმართული. თქვენი ცხოვრება ამის ირგვლივ დაიწყებს ბრუნვას. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ იმ თვითდარწმუნებების დიაგნოსტიკას, რომლებიც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში და მათგან თანდათან გათავისუფლებას. ამის შემდეგ თქვენი გონება თითქმის სრულად თავისუფლდება გარე დაშენებებისგან.

წყარო

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე


მსგავსი სტატიები

  • აშშ. ვექტორული ანალიზი

  • ყოფნა – არ ყოფნა. ნიჭის მარცვალი

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მესამე ნაწილი)

  • სექსი – განვითარების ფაზების მიხედვით

  • მისი უდიდებულესობა შოპინგი

  • წყვილში ურთიერთობა

  • დაწინაურებული მომხმარებლებისათვის

  • ეჭვიანობა (ნაწილი მეორე)