რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)
რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)
წინა ლექციაში განვიხილეთ მეგობრობა ქვედა ვექტორებში. მოცემულ ლექციაში შევეხებით ზედა ვექტორებში მეგობრობას. უნდა აღინიშნოს რომ ზედა ვექტორებთან, ქვედებისაგან რამდენადმე განსხვავებული მდგომარეობაა. პირველ რიგში ეს განსხვავება გამომდინარეობს ზედა და ქვედა ვექტორებს შორის სხვაობით (იხ. ლექციები: ,,განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის“), მეორე მხრივ კი იმით, რომ ნებისმიერ ზედა ვექტორს ერთვის მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი მაინც და ქმნის მასთან კომბინაციას, ეს კი რამდენადმე ცვლის ზედა ვექტორის მსოფლმხედველობრივ მოდელს. ვექტორულ კომბინაციებს დაწვრილებით მომდევნო ლექციებში განვიხილავთ, ამ ლექციაში კი შევეხებით საკითხს თუ რომელ ზედა ვექტორს რა დამოკიდებულება აქვს მეგობრობასთან და რა იცვლება ამა თუ იმ ქვედა ვექტორთან კომბინაციისას.
მეგობრობა ორალურ ვექტორში
როგორც იცით ორალური ვექტორის ფუნქციაა - ადამიანების გაერთიანება ვერბალური კავშირებით. სიტყვა - ესაა ადამიანებს შორის კავშირის, ინფორმაციის გაცვლის, სურვილების გაზიარების საშუალება. თუ შევხედავთ ორალური ვექტორის არსს, შევხვდებით მთელ რიგ უნიკალურობებს. ჩვენს თემასთან კავშირში მთავარი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ორალურ ვექტორს არ გააჩნია საკუთარი სურვილები, ადამიანებს შორის ვერბალური კავშირების გაბმის და მათი ვერბალურად გაერთიანების გარდა. როგორ ახერხებს ამას ორალის ვექტორიანი? ის იჭერს ადამიანთა ცხოველურ სურვილებს და აჟღერებს მათ ვერბალურად. შედეგად ადამიანს ექმნება განცდა, რომ ამ ადამიანმა მისი სათქმელი თქვა, რომ ასე კარგად თავადაც ვერ იტყოდა, რეალურად ეს ასეცაა. ორალი იჭერს მის სურვილებს აჟღერებს მათ და ამით უზრუნველყოფს მისდამი მსმენელის ინტერესს.
რას გვაძლევს ეს მეგობრობის კუთხით? საქმე იმაშია, რომ ორალი ზედა ვექტორია, მისი არსი სიტყვებშია, სიტყვებს კი მეგობრები არ ყავთ, ისინი აბსტრაქციის მნიშვნელობაშეძენილი და შეთანხმებული ფორმებია. ორალებს უყვართ ხალხმრავლობა, ხმაურიანი კომპანიები, ჯგუფები, სამეგობროები, თითქმის ყველა შეკრებაზე ყურადღების ცენტრში ექცევიან, ხდებიან ნებისმიერი ჯგუფის ,,სული და გული“, თამადობენ, ხუმრობენ, ყველაზე მეტს საუბრობენ, ყველასთან უშუალონი, მეგობრულები და გახსნილები არიან. მაგრამ სისტემურად თუ შევხედავთ, ეს ყველაფერი მისთვის გზაა ფუნქციის (ადამიანების გაერთიანება ვერბალური კავშირებით) შესრულებისაკენ. ამ მხრივ ორალი ჯგუფური ვექტორია და არა ინდივიდუალური, მეგობრობა კი ინდივიდუალურ კავშირებს გულისხმობს.
იმის მიხედვით, თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის ორალს, გარკვეულწილად იცვლება ადამიანებთან მისი დამოკიდებულებაც.
კუნთ-ორალის შემთხვევაში კუნთის ვექტორი ვერ უზრუნველყოფს ორალს განვითარებისთვის საჭირო თვისებებით, შესაბამისად ვიღებთ არქეტიპულ ორალს (ხშირად კანიბალური მიდრეკილებებით). ურთიერთობებში ის უფრო კუნთური ტიპაჟია, მეგობრობის კუთხით კი მან უბრალოდ არც იცის ეს რას ნიშნავს. თუმცა შესაძლოა ეს სიტყვა ხშირად ახსენოს.
ანალ-ორალთან სიტუაცია იცვლება. ამ კომბინაციაში (კარგი განვითარებისას) ორალი ბაზად იღებს ანალურ ინფორმირებულობას, მსჯელობისმოყვარეობას და ნამდვილ ორატორად გვევლინება. თავის მხრივ კი ხდება ანალურ ფასეულობათა გამჟღერებელი და საკუთარ ფასეულობათა დონედ სწორედ ანალური ვექტორის ფასეულობებს იღებს. მათ შორის მეგობრობას. ანალ-ორალები საკმაოდ კარგი მეგობრები არიან, შეუძლიათ მეგობარს გვერდით დაუდგნენ, თუმცა თუ ვიზუალი, ან სმენა არ ერთვით მათგან საიდუმლოს შენახვას მაინცდამაინც არ ელოდოთ (ნუ გამოსცდით ორალის სურვილს ,,დაითრიოს მსმენელი“ ნებისმიერ ფასად).
ორვექტორიანი კან-ორალის მეგობრობა უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა, კანს სასარგებლო სანაცნობო ჰყავს და არა მეგობრები, საკუთრივ არც ორალია მეგობრობის ვექტორი. ამ ორის სიმბიოზი გვაძლევს საკმაოდ გახსნილ, კონტაქტურ, ენერგიულ, კარგი იუმორის მქონე ადამიანს, მაგრამ როგორც მეგობარი ის თქვენთან მხოლოდ მაშინ იქნება თუ რამეში ჭირდებით.
ურეთრალ-ორალის კომბინაციაში ცალსახად დომინირებს ურეთრალური ფასეულობები. ეს არის ურეთრალი, რომლის სამსახურშიც დგას ორალური მჭერმეტყველება. როგორც წინა ლექციაში აღვნიშნეთ, ურეთრალისთვის ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა: თქვენ ან მისი ჯგუფის წევრი ხართ, ან არავინ. თავისი ჯგუფის წევრებზე პასუხისმგებლობა აქვს, სხვები კი ინდივიდუალურად არც არსებობენ. ამ მხრივ არც ორალთან კომბინირება ცვლის ბევრ რამეს. ურთიერთობებში ურეთრალ-ორალი გახსნილია, ქარიზმატული, თავისუფალი. მაგრამ ის ბელადია, ამიტომ მისი ურთიერთობები ჯგუფის ინტერესიდან გამომდინარეობს.
მეგობრობა ვიზუალურ ვექტორში
ვიზუალური ვექტორი ემოციების, გრძნობების, ურთიერთობების ვექტორია. ვიზუალის ვექტორიანები ნებისმიერ ჯგუფში შესამჩნევები, ზოგჯერ კი აშკარად დემონსტრაციულები არიან. თუ შევხედავთ ვიზუალის არსს, ესაა მორალურ-ეთიკური დონის დანერგვა, უკვე მიღწეულის შენარჩუნება, ასევე თითოეული უნიკალური სიცოცხლის გაფრთხილება. ვიზუალური ვექტორის ფსიქიკა რაღაცით წააგავს ანალური ვექტორისას, ერთი შეხედვით თითქოს მოქნილი ფსიქიკა აქვთ, მაგრამ როდესაც საქმე მათ ფასეულობებს და ამ ფასეულობათა დაცვას ეხება, ვიზუალები ანალებზე დიდ სიჯიუტეს იჩენენ. ორივესთვის (ანალისთვისაც და ვიზუალისთვისაც) მნიშვნელოვანია ერთი-ერთზე ურთიერთობები, ორივე მათგანი ურთიერთობების ვექტორია. რაღაც აზრით ორივეს ემოციები მართავს, უბრალოდ ანალური ვექტორის ემოციები წარსულის გამოცდილებას ემყარება, ვიზუალისა კი ფასეულობათა დონის შეგრძნებას.
ანალური ვექტორის ურთიერთობათა განხილვისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ანალის ვექტორიანი ურთიერთობს ხარისხებით, მეგობრობს მასთან - ვისაც თავისნაირ ხარისხს მიანიჭებს. ამასთან ერთად აღვნიშნეთ, რომ ანალურ ვექტორში (თუ სხვა ვექტორები არ ერთვის) არ არსებობს საწინააღმდეგო სქესთან მეგობრობა. ვიზუალის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირადაა, ანალები ხარისხს ინფორმაციით და წარსულიდან გამომდინარე აღიქვამენ, ვიზუალი კი ზედა ვექტორია, აზოვნების მის ფორმას ეწოდება ინფორმაციულ-გრძნობითი ინტელექტი. ანუ ნებისმიერ ურთიერთობაში მათთვის მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ის, თუ რამდენად თავსებადია ადამიანი მათ ფასეულობათა დონესთან, ხოლო მეორე მხრივ ის, თუ რას გრძნობენ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ვიზუალური ვექტორი ანალურისგან განსხვავებით მეგობრულ ურთიერთობებს ერთი სქესის ჩარჩოებში არ კეტავს. ფასეულობათა დონის თავსებადობა შეიძლება ჰქონდეთ როგორც ერთნაირ, ისე განსხვავებული სქესის ინდივიდებს.
რას გვაძლევს ვიზუალის ეს მახასიათებლები ურთიერთობების, კერძოდ კი მეგობრობის კუთხით? მოკლედ თუ ვიტყვით ვიზუალები მეგობრობენ მათთან, ვისთანაც აქვთ ემოციური თავსებადობა, ანუ მათთან, ვისაც შეუძლია გაიგოს მათი მაღალი ემოციურობა, ვისაც შეუძლია მათ გაუგოს და საჭიროებისას უთანაგრძნოს. ასეთი ადამიანები ვიზუალებს უყვართ და ვინც უყვართ, ის მათი გარემოს ნაწილი ხდება. თუმცა აქაც გვაქვს ერთი უცნაურობა, კერძოდ: თუ საქმე არ ეხება ადამიანურ დონეზე განვითარებულ ვიზუალს, რომელსაც სიყვარული მდგომარეობაში აქვს ასული, სხვა შემთხვევებში ვიზუალის სიყვარულიც და მეგობრობაც ანალურად სამუდამო არ არის, ის საშუალო ხანგრძლივობისაა და შესაძლოა საკმაოდ სწრაფად შეიცვალოს განწყობის, მანძილის სიშორის, ყურადღების ნაკლებობის, ახალი სამეგობრო წრის გამოჩენის და ა.შ. შემთხვევაში.
რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვედა ვექტორთან კომბინირებისას ეს სურათიც რამდენადმე იცვლება.
კუნთ-ვიზუალი
უკვე აღვნიშნეთ, რომ თუ ზედა ვექტორს ქვედებიდან ერთვის მხოლოდ კუნთი, მას არ ჰყოფნის განვითარებისთვის საჭირო თვისებები და ზედა ვექტორი რჩება არქეტიპულ დონეზე. კუნთ ვიზუალის შემთხვევაში ვიღებთ ადამიანს, რომელიც ძირითადად იქცევა ერთვექტორიანი კუნთივით, თუმცა მისგან განსხვავებით ძალზე მშიშარა, გულჩვილი და სუსტია. ასეთი ადამიანი შესაძლოა იყოს ძალიან მოსიყვარულე (თუ ვინმე თბილად დაელაპარაკება) და მორჩილი, მაგრამ მეგობრობის ფასეულობებამდე მისი თვისებები ვერ ადის.
ანალ-ვიზუალი
თუ ვისაუბრებთ ანალ-ვიზუალის კომბინაციაზე (სხვა ვექტორების გარეშე, ან მხოლოდ დართული კუნთის ვექტორით), ისინი ყველაზე თბილი, მოყვარული, ალერსიანი და ,,ბუნჩულა“ ადამიანები არიან. ნორმალური განვითარების პირობებში ანალურ ერთგულებას და მეგობრობას, ვიზუალური ვექტორი მატებს სიყვარულის და სითბოს გამოვლენის არნახულ უნარს. ამასთან ერთვექტორიანი ანალისაგან განსხვავებით ანალ-ვიზუალი მეგობრობაში არ არის სქესში შეზღუდული. ანალ-ვიზუალები ყველაზე ერთგული, თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი მეგობრები არიან. ანალ-ვიზუალი არის ადამიანი რომელიც მუდამ მზადაა მეგობრის დასახმარებლად, მზადაა მისთვის ყველაფერი გააკეთოს, მისდამი მუდმივად ყურადღებას იჩენს და მეგობრებს არასოდეს ღალატობს.
თუმცა ამ ერთი შეხედვით იდეალურ მეგობარს აქვს ერთი სასაცილო თვისება, ის წარმოუდგენლად ბუტიაა. საქმე იმაშია, რომ ის ურთიერთობებით ცხოვრობს, მისთვის მეგობარი უბრალოდ საურთიერთო ადამიანს არ ნიშნავს, არც მეგობრობაა უბრალოდ ურთიერთობა. ანალ-ვიზუალი თვლის, რომ მეგობრობა ყურადღებას და პასუხისმგებლობას გულისხმობს. მას არასოდეს დაავიწყდება მეგობრის მოკითხვა, მისთვის დაბადების დღისა თუ დღესასწაულების მილოცვა, მუდმივად ზრუნავს, მუდმივად სითბოს იჩენს, მაგრამ სანაცვლოდ იგივეს ელის, ხოლო თუ ამას ვერ იღებს - იბუტება. მას აზრადაც არ მოუვა, რომ მეგობარს შეიძლება მისთვის დღესასწაულის მილოცვა უბრალოდ დაავიწყდა. მას ხომ არასოდეს არაფერი ავიწყდება! ამიტომ სხვებისგანაც იგივეს ელის. ის გასცემს ყურადღებას, მთლიანად იხარჯება და ასევე ელის, რომ მისდამი სხვებიც ასეთივე სითბოს და ყურადღებას გამოიჩენენ. ამიტომ ჩვენს ანალ-ვიზუალს ხშირად უცრუვდება იმედი, პატარა უყურადღებობა შეიძლება საშინლად ეწყინოს და ამის გამო კვირეების მანძილზე გაიბუტოს. თუმცა მისი შემორიგება საკმაოდ ადვილია, საკმარისია თბილად ჩაეხუტოთ, ბოდიში მოუხადოთ და უთხრათ, რომ ეს უყურადღებობა თქვენდა უნებურად გამოიჩინეთ და რომ ძალიან გიყვართ. ამის შემდეგ ის ისევ ძველებურად თბილი და მეგობრული იქნება. თუმცა სადღაც გულში ეხსომება, რომ ერთხელ მისთვის დაბადების დღის, ან ახალი წლის მილოცვა დაგავიწყდათ და ამას პერიოდულად აუცილებლად შეგახსენებთ ხოლმე.
კან-ვიზუალი
მეგობრობის კუთხით ამ კომბინაციაში ვხვდებით ერთ უცნაურობას. საქმე იმაშია, რომ ამ ვექტორების სიმბიოზი ქმნის უნიკალურ კომბინაციას. კან-ვიზუალზე საკმაოდ ბევრი ლექცია გვქონდა, თუმცა საჭიროა რამოდენიმე მნიშვნელოვანი შტრიხი დავამატოთ.
ეს კომბინაცია ვიზუალურ ვექტორს ძენს ერთგვარ კაპრიზულ მანერულობას. ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ეს ასე მხოლოდ კან-ვიზუალ ქალებს აქვთ, მაგრამ ასე არ არის. საერთოდ კან-ვიზუალის კომბინაცია უფრო მეტად მდედრობითი რეალიზაციის მატარებელია, მაგრამ რეალურად ამ კომბინაციის წარმომადგენლები ორივე სქესში აბსოლუტურად ერთნაირი ინტენსივობით ავლენენ თავს და ასევე თანაბარი პროცენტით იბადებიან. რატომ ითვლება ეს საკითხი არამამაკაცურ თემად? პასუხი მარტივია: ჩვენ უკვე აგიხსენით, რომ კაცობრიობამ განვლო სამი ფაზა: კუნთური, ანალური და დღეს კანურ ფაზაში ვიმყოფებით. უკვე უკან დარჩა ანალურ ფასეულობათა ფაზა. რომელიც ითვლებოდა ანალური გაგებით ,,ნამდვილი მამაკაცების” ფაზად. ანალური გაგებით ითვლებოდა რომ ნამდვილი ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო წვერებიანი, ძლიერი, ვაჟკაცური. ანალური გაგებით მამაკაცს არ შეჰფერის მოდური კოფთები, ლამაზი ვარცხნილობები, ამდაგვარად ჩაცმულ მამრს ანალის ვექტორიანები ,,პედერასტად” მოიხსენიებენ. ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა, რომ აღარაფერი ვთქვათ შინაგან ფასეულობებზე. ანალები თვლიან რომ შინაგანად ნამდვილი ვაჟკაცი კლდესავით უდრეკი უნდა იყოს, მას უნდა შეეძლოს თავის სიტყვაზე მტკიცედ დგომა, ვაჟკაცი არ უნდა ტიროდეს, უკიდურეს შემთხვევაში თუ დედა მოუკვდა შეუძლია ერთი შეკავებული კურცხალი გადმოღვაროს. მაგრამ ვექტორს სქესი არ აქვს, ნებისმიერი ვექტორი შეიძლება ჰქონდეს ქალსაც და კაცსაც. კან-ვიზუალები ანალებს არაფრით ჰგვანან. ისინი იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ ყველაფერზე შეუძლიათ იტიროთ. მათთვის ცხოვრება თეატრივითაა, ისინი ოცნებით დაფრინავენ ზეცაში, წარმოსახვით აცოცხლებენ საყვარელ პერსონაჟებს, მთელი ცხოვრება ფარფატია, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. მათ არ შეუძლიათ იყვნენ გულგრილნი არც კარგის და არც ცუდის მიმართ. ისინი იქცევიან მანერუულად, ტუჩები ბანტივით პრუწავენ, ამის დამნახავი ნებისმიერი თავმოყვარე ანალი ჭკუიდან გადავიდოდა. ასე იქცევიან არა მხოლოდ კან-ვიზუალი გოგონები, არამედ ხშირად კან-ვიზუალი ბიჭებიც, ეს კი საკმაოდ არამამაკაცურად ჩანს, განსაკუთრებით იქ, სადაც დომინანტი ანალური ფასეულობებია. ამიტომ როდესაც კან-ვიზუალი ბიჭები ჩნდებიან, ანალები მათ მაშინვე მიაკუთვნებენ შესაბამის სახელს. ხოლო კუნთურ და ანალურ ფაზებში ხშირად მსხვერპლად წირავდნენ, ანუ უბრალოდ კლავდნენ. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ეს კომბინაცია მხოლოდ ქალებს აქვთ.
რა მახასიათებლებს ავლენს ამ კომბინაციის ადამიანი მეგობრობაში? ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული განვითარების დონეზე. ერთი მხრივ ის კანია, ეძებს სარგებელს, გამორჩენას, მეორე მხრივ აქვს ვიზუალური ვექტორი რაც მას ძენს უზარმაზარი სიყვარულის უნარს. თუ ამ კომბინაციაში კანის ვექტორი ვიზუალზე უკეთ განვითარებულია, ურთიერთობებში ის ძირითადად კანივით მოიქცევა, ვიზუალი კი მის ქცევებს მხოლოდ მანერულობას და დემონსტრირებულობას თუ შესძენს. თუმცა თუ მისი ვიზუალური ვექტორი განვითარებულია, მას აქვს სიყვარულის, თანაგრძნობის და მეგობრობის საკმაოდ დიდი უნარი, თუმცა არა ანალურად ,,სამარადჟამოდ“.
ურეთრალ-ვიზუალი
ამ კომბინაციის მატარებელი ადამიანი პირველ რიგში ურეთრალია, ის ბელადია, თავს ავლენს ურეთრალურად, თუმცა არ არის ერთვექტორიანი ურეთრალივით ,,გალიიდან გამოშვებული ვეფხვი“. ვიზუალური ვექტორი მას დახვეწილობას, ესთეტიკას და მორალურ ფასეულობებს ძენს, ამასთან რამდენადმე არბილებს მის ხასიათს. მეგობრობის კუთხით ამ კომბინაციაზე თითქმის იგივე უნდა ითქვას, რაც წინა ლექციაში ერთვექტორიანი ურეთალის მეგობრობაზე ვთქვით. იმ განსხვავებით, ურთიერთობებში ურეთრალ-ვიზუალი ბევრად უფრო მეგობრული და დახვეწილი ჩანს.
მეგობრობა ყნოსვის ვექტორში
ყნოსვის ვექტორის არსია ჯგუფის ფუნქციური რანჟირება, გადარჩენა ნებისმიერ ფასად, მატერიის შენარჩუნება და საფრთხის არიდება როგორც ჯგუფისთვის, ისე მთელი მატერიისთვის. გასაგებია, რომ ეს ფუნქცია ძალზე რთულია და მოითხოვს განსაკუთრებელ თვისებებს, ამისთვის ყნოსვის ვექტორს თანდაყოლილი აქვს განსაკუთრებული მექანიზმი - ინტუიციური აზროვნება. დღეისთვის სხვადასხვა ჯგუფებში, ეზოთერულ ფორუმებსა თუ პირად საუბრებში ადამიანები ბევრს საუბრობენ ინტუიციაზე, ბევრი მიიწერს ამ თვისებას (განსაკუთრებით ვიზუალები, რომლებსაც აქვთ ადამიანის თუ მოვლენის ემოციური შეგრძნების უნარი, რაც ერთი შეხედვით მართლა წააგავს ინტუიციას), მაგრამ რეალური, თითქმის მისტიციზმის საბურველში გახვეული ინტუიცია მხოლოდ ყნოსვის ვექტორიანებს აქვთ. ეს თვისება ყნოსვის ვექტორიანებს აჯილდოებს ადამიანთა ეგოისტური სურვილების, დარღვევებისა და უკმარისობების ჭვრეტის უნარით. როდესაც ადამიანები ესაუბრებიან ყნოსვის ვექტორიანს, ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, თითქოს ვიღაცამ რენტგენის ქვეშ დააყენა და მათ ყველაზე ფარულ საიდუმლოებებს წვდება.
ეს ყველაფერი იძლევა იმას, რომ ყნოსვის ვექტორიანი ჯგუფისგან ერთგვარად ცალკე დგას, ის ბელადზე გავლით იღებს ძალაუფლებას და ბელადის ხელით მართავს ჯგუფს. თუ ვისაუბრებთ თავად ყნოსვის ვექტორზე და მის არსზე, მას არც ჰყავს მეგობრები. ის ცალკეა, ჩრდილს შეფარებული. მას სხვებზე რთული ფუნქცია ერგო, ის ინტუიციურად შეიგრძნობს ადამიანებს, მათ ყველაზე ფარულ, ყველაზე საშინელ სურვილებს. მისთვის ყველა ადამიანი ეგოს სუნად ყარს. ყარს ანალური სიბინძურე, წყენა და სადიზმი, ყარს ვიზუალური შიშები, კანური სითავხედე, ბელადის სიამაყე. ამ ყველაფერს ყნოსვა იჭერს, ხედავს ადამიანების უარყოფით მხარეებს და მათდამი მელანქოლიანარევი ამპარტავნული ზიზღი აქვს. ყნოსვა რჩება ადამიანებს შორის, მაგრამ არა მათ გვერდით.
ამას ემატება ისიც, რომ ყნოსვა ჯგუფური კატეგორიის ვექტორია, ის იჭერს ხელში ძალაუფლების ძაფებს, ადამიანებით მანიპულირებს, მართვას მათ მათივე უკმარისობებითა და განუვითარებლობით. ამიტომ ასეთ ადამიანს მეგობრები, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით არ ჰყავს (აქ ვსაუბრობთ უშუალოდ სცენარით ყნოსვაზე). თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი, ყნოსვის ვექტორი სრული ინტრავერტია, იმდენად რომ ყველაფერს შიგნით იხვევს, მისი ყველა თვისება შიგნითაა მომართული, ეს კი განსაზღვრულ კომბინაციებში იძლევა უნარს, რომ ადამიანების მცირე, მისთვის რჩეული კატეგორია საკუთარ ,,მესთან“ გააიგივოს, შედეგად ისინი ხდებიან მისი ნაწილი და მათ ისევე იცავს, როგორც საკუთარ თავს. რა თქმა უნდა ყნოსვა არ არის ვიზუალივით თბილი და მოსიყვარულე, მაგრამ თუ მან ვინმე შიგნით, თავის ნაწილად მიიღო, მას ნებისმიერ ფასად იცავს. თუცა ეს მას ხელს არ უშლის, რომ საჭიროების შემთხვევაში მათითაც მანიპულირებდეს.
პრინციპში ამ კუთხით დართული ქვედა ვექტორები (გარდა ანალურისა) ბევრს ვერაფერს ცვლის, ყნოსვის ვექტორი ნებისმიერ კომბინაციაში ყნოსვად რჩება. მასზე დომინაციის უნარი მხოლოდ ურეთრალურ და სმენის ვექტორებს აქვთ, თუმცა ურეთრალ-ყნოსვის შემთხვევაშიც ის მაინც ინარჩუნებს ყნოსვურ მანიპულატორობას. ერთადერთი სცენარი, სადაც ყნოსვის ვექტორიანი შეიძლება იყოს კარგი მეგობარი, არის მაშინ თუ მას ერთვის ანალი, ვიზუალი და სმენა, თანაც მაშინ თუ სცენარით ანალ-სმენაა და მეგობრობა სმენურ იდეამდე აქვს აყვანილი. ამ შემთხვევაში ვიზუალი მას რამდენადმე აკეთილშობილებს, ხოლო სმენური იდეა, მის მანიპულატორულ ბუნებას მნიშვნელოვნად თოკავს, ამიტომ ამ სცენარში მისგან შესაძლოა კარგი მეგობარი მიიღოთ, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ საფრთხის შემთხვევაში მისი ყნოსვა სმენის ზეწოლას თავს არ დააღწევს.
კუნთ-ყნოსვა
ვინაიდან კუნთს არ აქვს უნარი ზედა ვექტორი ,,მოამარაგოს“ განვითარებისთვის საჭირო თვისებებით. კუნთ-ყნოსვის შემთხვევაში ყნოსვა გადადის არქეტიპში და ძირითადად ხდება ან სრული დეგენერატი, ან მანიაკი მკვლელი. რა თქმა უნდა ამ სცენარში მეგობრობის თვისებების არსებობაზე საუბარიც ზედმეტია.
ანალ-ყნოსვა
ანალურ ვექტორთან ერთად ყნოსვას პრინციპში შეუძლია მეგობრობა (განსაკუთრებით თუ ვიზუალიც ერთვის), რადგან ის საურთიერთო ბაზად იღებს ანალურ ხარისხობრივ აზროვნებას, თუმცა ეს მაინც არაა ერთვექტორიანი ანალების, ან ანალ-ვიზუალების მეგობრობა. ყნოსვა მუდმივად საფრთხის დასანახადაა ჩასაფრებული, მუდმივად ფრთხილობს და ბოლომდე არავის ენდობა. თუ მისი უსაფრთხოებისთვის გახდა აუცილებელი, ის საბოლოოდ მეგობარს მაინც მოიშორებს, ან გაწირავს, თუმცა ანალურ ვექტორში ამის გამო შეიძლება დანაშაულის შეგრძნება დარჩეს.
კან-ყნოსვა
კანთან ერთად ყნოსვური მანიპულატორული ბუნება ყველაზე მეტად შლის ფრთებს, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კან-ყნოსვაში ვლინდება ყველაზე მკაფიოდ ყნოსვის ყველა მახასიათებელი. ამიტომ ამ სცენარის მატარებლის მეგობრობაზე საუბარი უბრალოდ ფანტასტიკის სფეროა.
ურეთრალ-ყნოსვა
ამ კომბინაციის მატარებელი ადამიანი ასევე ურეთრალია, თუმცა ყნოსვა მას სტრატეგიულობას, დიპლომატიურობასა და შემპარავობას სძენს, ის უფრო ფრთხილია, ვიდრე სხვა ურეთრალები, თუმცა ყნოსვის გამო მისი გულმოწყალება ხშირად შესაძლოა დიქტატორობისადმი სწრაფვამ შეცვალოს. რაც შეეხება მეგობრობას უკვე აღვნიშნეთ რომ არც ურეთრა და არც ყნოსვა, როგორც ასეთი მეგობრობის ვექტორები არ არიან, მითუმეტეს ურეთრალ-ყნოსვა. თუმცა ურთიერთობებში მას საკმაო მომხიბვლელობა და ქარიზმატულობა გაჩნია.
მეგობრობა სმენის ვექტორში
თუ გახსოვთ ,,ქმნილების განვითარების ოთხ სტადიაში“ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ თითოეულ დონეს (არაცოცხალს, მცენარეულს, ცხოველურს, ადამიანურს) მომდევნო დონეზე გადასვლამდე აქვს გარდამავალი საფეხური. არაცოცხალ დონეზე ეს იყო წყალი, რომელიც თავად არაა ცოცხალი, მაგრამ მის თვისებათა ბაზაზე იწყებს გაცოცხლებას არაცოცხალი ბუნება. ადამიანურ დონესაც აქვს საკუთარი მწვერვალი. ადამიანის არსი ვითარდება კუნთურიდან სმენის ვექტორამდე, სმენის ვექტორი კი ვლინდება გარდამავალ საფეხურად ადამიანურ და სულიერ დონეებს შორის. სწორედ სმენის ვექტორია ის, ვისაც სხვადასხვა სულიერ სწავლებებში ,,მოპოვებულ სულად“ მოიხსენიებენ.
სმენა თავისი არსით მიესწრაფვის სამყაროს არსის შეცნობას, ის არის ერთადერთი ვექტორი, რომლის ყველა თვისება მეტაფიზიკურია. სმენა, როგორც ასეთი არ კონცენტრირდება მატერიალურ სამყაროზე, ერთადერთი რაც ამ სამყაროში მას აინტერესებს თავად სამყაროს არსის შეცნობაა. სწორედ ამიტომ სმენის ვექტორი რაღაც აზრით მთლიანად მეტაფიზიკური ვექტორია. თავისი არსით ის აბსტრაქციაა, იდეაა. იდეები კი არ ურთიერთობენ, არ მეგობრობენ, არ მტრობენ. იდეები ერთმანეთს ავსებენ ან ვერ ავსებენ, ან თავსებადნი არიან, ან არა. მაგრამ როგორც აბსტრაქცია სმენის ვექტორში არსებობს იდეური თავსებადობა-შეუთავსებლობა და არა მეგობრობა.
სმენის ვექტორი არ კონცენტრირდება დეტალებზე, ის აერთიანებს მთლიანობას და ხედავს მთლიანობის არსს. მისი ყურადღება მიმართულია კაცობრიობაზე და არა პიროვნებებზე, ტყეზე და არა ცალკეულ ხეზე. ურთიერთობათა კუთხით ის როგორც ასეთი, არაა ერთი-ერთზე ურთიერთობების ვექტორი. ამიტომ სმენის ვექტორისთვის რეალურად არსებობს ერთი-ერთზე ურთიერთობის მხოლოდ სამი ფორმა:
1. მოსწავლე-მასწავლების, როცა ერთი ადამიანი მიჰყვება მეორეს (რაღაც პერიოდი, რაღაც დონემდე და რაღაც კუთხით) იდეის თვალსაზრისით, და ერთი (მოსწავლე) მიღებით იღებს ავსებას, მეორე კი (მასწავლებელი) გაცემით.
2. იდეური თანამებრძოლები - როცა ამ ადამიანებს დაახლოებით ერთნაირი განითარების სმენა აქვთ და თან ერთ იდეას, ან ერთი დონის იდეას იზიარებენ, მიჰყვებიან ან არეალიზებენ. ესეც შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს და შეიცვალოს, თუ იდეურ დონეებში გაყოფა, ან განვითარებაში სხვაობის ზრდა მოხდება.
3. ადამიანურ დონეზე განვითარებულ ვიზუალთან ურთიერთობა. რომელიც სმენას აწვდის ჰუმანიზმისა და სიყვარულის ფასეულობებს, ხოლო სმენა თავის მხრივ მას იდეებს უზიარებს.
რეალურად სმენის ვექტორი მარტოა საკუთარ თავთან, საკუთარი გონების სიღრმეებში ჩაკარგული და მეგობრები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, სინამდვილეში არ ჰყავს. ეს ყველაფერი ეხება სმენის სცენარში მყოფ ადამიანებს, ანუ მათ, ვისაც სმენა სმენის მდგომარეობაში აქვთ. სხვა შემთხვევაში სმენა სხვა ვექტორების მდგომარეობაში შედის და შესაბამისად მეგობრობის თემაც ამ ვექტორის შესაბამისი ხდება. ვიზუალის მდგომარეობაში მყოფ სმენას მეგობრობის სულ სხვა გაგება აქვს, კანის მდგომარეობაში სხვა და ა.შ.
რას ნიშნავს სმენა სხვა ვექტორის მდგომარეობაში? ეს ნიშნავს, რომ სმენის ვექტორი წამყვან იდეად იღებს სხვა ვექტორის ფასეულობებს, ან თვისებას და ხდება ამ იდეის მატარებელი, შედეგად მისი სმენურობა მთლიანად ერწყმის იმ ვექტორს, რომლის ფასეულობებიც აიღო იდეად. ამ დროს სმენს ვექტორი თითქმის არაფერში ჩანს, გარდა იმ ფასეულობისადმი ფანატიკური დამოკიდებულებისა, რომელიც წამყვან იდეად აიღო.
ჩვენ უკვე განვიხილეთ თითოეული ვექტორის დამოკიდებულება მეგობრობისადმი, შესაბამისად დეტალურად აღარ მოვყვებით იმის განხილვას, თუ რომელი ვექტორის მდგომარეობაში როგორი დამოკიდებულება აქვს სმენას მეგობრობასთან, რადგან ამისთვის საკმარისია ნახოთ თითოეული ვექტორის მეგობრობასთან დამოკიდებულებები. თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ერთი კონკრეტული გამონაკლისი, კერძოდ: თუ სმენას იდეაში აყვანილი ჰყავს ანალური ვექტორის ფასეულბები, აქ ყველაფერი გასაგებია, მას მეგობრობასთან ექნება ისეთივე დამოკიდებულება, როგორც ნებისმიერ სხვა ანალის ვექტორიანს. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როდესაც სმენა იდეად იღებს არა ვექტორის მთელ ფასეულობებს, არამედ ერთ კონკრეტულ სურვილს, ან თვისებას. მათ შორის მეგობრობასაც.
რა ხდება მაშინ, როდესაც სმენის ვექტორიანს იდეაში მეგობრობა ჰყავს აყვანილი? ასეთ დროს ის ხდება მეგობრობის მქადაგებელი, ფანატი და თავგადაკლული მეგობარი, რომელიც არა მხოლოდ მზადაა მეგობრისთვის თავი გაწიროს, არამედ ოცნებობს კიდეც, რომ მეგობრისთვის სიცოცხლის შეწირვამ მოუწიოს, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ მზადაა მეგობრისთვის მოკვდეს. ასეთი სმენები მეგობრობაზე წერენ წიგნებს, მუსიკას. მეგობრებს აღმერთებენ, მეგობრებისთვის ცოცხლობენ. თუ კონკრეტული მეგობარი არ ჰყავთ, შეუძლიათ არარსებული, აბსტრაქტული სამეგობრო არსება, ან პიროვნება მოიგონონ.
შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ასეთი სმენა იმდენად ერთგული მეგობარია, რომ ზოგჯერ თავის მეგობრებს ამ მეგობრობით ,,ახრჩობს“, ის მათ მაშინაც კი არ შორდება, როცა ეს ამ უკანასკნელებს ჭირდებათ. თუმცა არის მეორე მხარეც: ზოგჯერ ის იმდნადაა გართული თავისი მეგობრობის მტკიცებით და მეგობრობის იდეით, რომ ავიწყდება კონკრეტული ადამიანები, ისინი, ვისთანაც მეგობრობს. მისთვის მეგობრობა ხდება იდეა, აბსტრაგირდება და ადრესატებს კარგავს.
რა თქმა უნდა დართული ვექტორები სმენის დამოკიდებულებას მეგობრობასთან მნიშვნელოვნად ცვლიან, რადგან დართული ქვედა ვექტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ბაზას, რომელსაც სმენა იღებს საკუთარი რეალიზაციის მიმართულებად.
კუნთ-სმენა
როგორც ზემოთ ვთქვით, კუნთის ვექტორს (სხვა ქვედა ვექტოების გარეშე) არ შეუძლია ზედა ვექტორის უზრუნველყოფა განვითარების თვისებით, ამიტომ კუნთ-სმენები ან ძალიან მალე კვდებიან, ან სრულ არაქმედითუნარიან დეგენერატად იზრდებიან, ხშირად მათ დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლიათ, არათუ რამის შეცნობა-გააზრება. რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში მეგობრობის თვისებებზე უბრალოდ ვერ ვისაუბრებთ, რადგან ასეთი რამ არც არსებობს.
ანალ-სმენა
ამ კომბინაციაში სმენა საწყის ბაზად ანალურ უზარმაზარ ინფორმირებულობას იღებს და აქცევს მას საკუთარი იდეების საყრდენად. ანალ-სმენები ხშირად არიან მეცნიერები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამასთან ერთად ანალი სმენის ვექტორს აძლევს არნახულ ნებისყოფას და მიზანმიმართულობას.
მეგობრობის მხრივ ანალ-სმენები საკმად კარგი მეგობრები არიან, მათ შეუძლიათ ანალური მეგობრობა (თუ ეს მეგობრობა წინააღმდეგობაში არ მოდის მის სმენურ იდეებთან), თუმცა მეგობრებს ანალურად კი არა სმენურად ირჩევენ. ანალურ ბავშვობისდროინდელ მეგობრებთან ურთიერთობას, ისეთი სამეგობრო ურჩევნიათ, რომლებიც მის იდეებს, მის აბსტრაქტულ აზროვნებას გაიგებენ.
პრინციპში ანალური ვექტორი ერთადერთია, რომელთან კომბინაციის დროსაც სმენის ვექტორიანს მეგობრობა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით) შეუძლია.
კან-სმენა
კან-სმენური კომბინაცია გვაძლევს კლასიკურ იდეოლოგს, ან იდეის ფანატიკოსებს. რელიგიათა ყველაზე ფანატი მიმდევრები სწორედ კან-სმენები იყვნენ. კან-სმენები იყვნენ ისინიც, ვინც უკვე არსებული რელიგიის რადიკალიზაციას, ან მოდერნიზაციას აკეთებდა. ლუთერი, კალვინი და მსგავსი რელიგიური რეფორმატორებიც კან-სმენები იყვნენ.
ალბათ სრულიად გასაგებია, რომ ამ კომბინაციაში მეგობრობა, როგორც ასეთი არ არსებობს. მეტ-ნაკლებად განვითარებული კან-სმენა ან თავადაა ვინმეს მიმდევარი, ან მას ჰყავს მიმდევრები. რა თქმა უნდა კან-სმენა საკმაოდ ხშირად კანურად საჭირო სანაცნობოსთან, ან სმენურად იდეურ თანამოაზრეებთან ურთიერთობს, მაგრამ რეალური მეგობრები როგორც ასეთი მას არ ჰყავს და დიდად არც საჭიროებს.
ურეთრალ-სმენა
ეს სრულიად განსაკუთრებული კომბინაციაა, რადგან ის ბელადია როგორც ფიზიკურ, ისე მეტაფიზიკურ დონეზე. მისი უმაღლესი რეალიზაცია სულიერი ბელადობაა. ის ქმნის სულიერების ახალ დონეს, იწყებს იდეურ რევოლუციებს, მისი იდეები და ამ იდეების გაძღოლის უნარი იმდენად მძლავრია, რომ მას შეუძლია მთელი კაცობრიობის მდგომარეობაზე იქონიოს გავლენა (როგორც ქრისტეს, ან მუჰამედს).
ურეთრალ-სმენის ურთიერთობათა მაგალითად გამოდგება სიუჟეტი სახარებიდან, როცა ქრისტეს ეუბნებიან, რომ მასთან მივიდნენ მისი დედა და ძმები, ხოლო იესო პასუხობს: ,,ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.“ (მათეს სახარება თავი მეთორმეტე, მუხლი 48-50).
ურეთღალ-სმენა ბელადია, ის ბელადია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი გაგებით, ამიტომ მას როგორც სულიერ ბელადს, პრინციპში არ ჰყავს მეგობრები, ჰყავს მხოლოდ ჯგუფი, რომელიც მას მიჰყავს თავისი იდეებით.
ავტორი: სერგო ღამბაშიძე
მსგავსი სტატიები