სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში
სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში
დღეს ჩვენი განხილვის თემა იქნება ადამიანის სმენის ვექტორი სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში.
მისი წარმომადგენლები სხვებისგან იმით გამოირჩევიან, რომ მათ პრაქტიკულად არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ მატერიალური სამყაროს მიმართ. სამყაროსეული კანონზომიერებანი, სიცოცხლის საზრისის ძიება, პირველმიზეზები, კითხვები ღმერთის შესახებ - ეს არის ის რისკენაც სმენის ვექტორის მქონე ადამიანის ყურადღება მიილტვის.
თავის მხრივ, სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია წარმოადგენს განსხვავებულ ხელსაწყოს საკუთარი თავისა და ახლობლების გაგების თვალსაზრისით. მისი მეშვეობით შესაძლებელია შეცდომის თავიდან არიდება, ჰარმონიის მიღწევა და ადამიანებთან უთიერთობის მოგვარება. ვექტორის სწორი განვითარება ადამიანს გაცნობიერებულად შეაძლებინებს გამორჩეული თვისებებისა და ტალანტების სრულქმნას, რომელთა განითარებაც მოცემული ტიპის ადამიანისათვის აუცილებელია. თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში სმენის ვექტორის მქონე ადამიანმა, სწორედ ეს იქნება ჩვენი განხილვის საგანი.
სმენის ვექტორის მქონე ადამიანთა ღირსება
სმენის ვექტორის მქონე ადამიანის უმთავრესი ღირსებებია შემოქმედებითი ინტუიცია, ინტელექტისა და ერუდიციის მაღალი დონე. ამ ადამიანებს აქვთ შესანიშნავი მეხსიერება და გააჩნიათ უნარი დაიტიონ ინფორმაციის უზღვავი მარაგი. ამიტომაც არის, რომ სმენის ვექტორიანები ინტელექტუალურ ტელეშოუში იღებენ მონაწილეობას და საპრიზო ადგილებსაც მოიპოვებენ ხოლმე.
სმენის ვექტორის მქონე ადამიანთა პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ სმენის ვექტორიანები ინტელექტუალურად დაჯილდოებული ადამიანები არიან, მათ პრობლემები მაინც გააჩნიათ. მაგალითად ინფორმაციის წარმოების და დამუშავების სიჩქარე მათ დაბალი აქვთ. ყველაზე მარტივ კითხვაზე პასუხის გასაცემადაც კი გარკვეული პაუზა სჭირდებათ, რათა შეძლონ საკუთარი შინაგანი „მე“-დან გამოსვლა. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის ეკიდება, და სანამ კითხვაზე უპასუხებს, რამოდენიმეჯერ ხელახლა სვამს კითხვას, თითქოს ვერ გაარჩია ნათქვამი. სმენის ვექტორიანი ადამიანს არ შეუძლია გახდეს კარგი ორატორი ან მომღერალი, რადგან იგი უმეტესწილად ძალიან ჩუმად საუბრობს და საკუთარი ხმის ჟღერადობით უკმაყოფილოა.
სმენის ვექტორიანები უმეტესწილად ვირტუალურ მიწერ-მოწერას არჩევენ ხოლმე, მათ ასე უფრო უმარტივდებათ ურთიერთობა. საუბრის დროს, გარე სამყაროსაგან მოწყვეტილნი, სრულად კონცენტრირდებიან ხმაზე და ინტონაციაზე. ბუნებრივია, რომ სმენის ვექტორიანები მათ მსგავსებთან მეგობრობას არჩევენ. სმენის ვექტორის წარმომადგენლები რთულად ეწერებიან საყოველთაოდ მიღებულ დღის წესრიგის ჩარჩოებში. ღამით თავს უფრო ფხიზლად გრძნობენ, ვიდრე დღისით, ამიტომ საღამოს გვიანობამდე აჯანჯლებენ დაძინებას, დილით კი ძლივს პოულობენ ძალას გასაღვიძებლად. სმენის ვექტორიანი ადამიანი ძალიან ზემგრძნობიარეა ამინდის ცვალებადობის მიმართ. მისი ორგანიზმი მყისიერად რეაგირებს ამინდის უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი. ადამიანებმა სმენის ვექტორით არ იციან საკუთარი თავის და საკუთარი ტალანტების სწორად წარმოჩენა. გააჩნიათ რა დიდი ცოდნა და უნარები, არ იციან როგორ გამოიყენონ ისინი და იძულებულნი არიან მიზერული სარგებელი მიიღონ საკუთარი არაპრაქტიკულობის გამო.
შინაგანი სიმშვიდე
შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ რა იმალება სმენის ვექტორიანების შინაგანი სიმშვიდის მიღმა. მათი ქცევა ხშირად არაპროგნოზირებადია. მაგალითად, როდესაც სმენის ვექტორის მქონე ადამიანი სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტს, იგი მმართველს უჩუმრად, მიზეზის აუხსნელად დაუდებს განცხადებას მაგიდაზე.
ეს ადამიანები ურთიერთობაში ყველაზე რთულები არიან. ისინი მუდამ მშვიდები და ჩაფიქრებულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათში ემოციების მთელი
ქარბუქი მძვინვარებდეს. მათ ხშირად უწოდებენ არაკონფლიქტურებს, რადგან ისინი ჩხუბს გაურბიან, არასოდეს არ უწევენ ხმას და არ ისწრაფვიან მათი სიმართლის დამტკიცებისკენ. საკუთარი სურვილებისა და პრეტენზიების შესახებ მხოლოდ მცირე მინიშნებების გაკეთება შეუძლიათ, პირდაპირ კი ამის შესახებ არამც და არამც იტყვიან რამეს. თუკი რაიმე არ მოეწონებათ საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვას უმეტესწილად წასვლას ამჯობინებენ ხოლმე. სმენის ვექტორის მქონე კლიენტები ხშირად ყველაზე რთულები არიან, რადგან საკუთარი მოსაზრების შესახებ ისინი არასოდეს არაფერს იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გააჩნიათ ის. თუკი რაღაც აღარ მოსწონთ ისინი უბრალოდ თქვენი მომსახურების მიღებას შეწყვეტენ.
სმენის ვექტორიანი ადამიანის გარეგნობა
სმენის ვექტორის მქონე ადამიანებს არ უყვართ ყურადღების მიპყრობა. მათი სამოსი უმეტესწილად მუქ ტონებშია, იყენებენ მინიმალურ მაკიაჟს და აქსესუარებს. სმენის ვექტორიანი ადამიანების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება ყურები. ისინი შეიძლება უჩვეულო ფორმის ან ძალიან დიდი ზომის იყოს. უმეტესწილად სმენის ვექტორიანები წელში მოხრილები არიან, წვრილად ნაგები სხეულით, აქვთ არც თუ ისე განვითარებული კუნთები. ასეთი ადამიანები გამუდმებით ცდილობენ მათი მგრძნობიარე ზონის მოფრთხილებას, ამიტომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ისინი ყურებს ხელის გულებით იფარავენ, ჩვეულებრივ შემთხვევაში კი ცდილობენ ისინი გრძელ თმაში დამალონ. სმენის ვექტორის წარმომადგენლები ჩუმები არიან და გაურბიან დიდ ხმაურიან კამპანიებს, ისინი თანამოსაუბრის მოსმენას ამჯობინებენ ხოლმე. აქვთ ძალიან ნატიფი იუმორის გრძნობა და ვერ იტანენ ვულგარულ ხუმრობებს.
ადამიანი სმენის ვექტორით და მუსიკის როლი მის ცხოვრებაში
სმენის ვექტორის მრავალ წარმომადგენელს მშვენიერი მუსიკალური სმენადობა აქვთ. თუმცა ისინიც, ვისაც ეს ტალანტი არ გააჩნიათ ჰარმონიული ბგერების გარემოცვაში ყოფნისკენ მიილტვიან. მუსიკისადმი დიდი სიყვარული ამ ადამიანების საკვებია. იმისათვის რომ სასიამოვნო მელოდიას არც ერთი წამით არ განშორდნენ, ხშირად ისინი პლეიერით და ყურსასმენებით დადიან. ხარისხიანი მუსიკალური ტექნიკით არის აღჭურვილი ამ ადამიანთა ყოველი სამყოფელი. მანქანაში ძლიერი დინამიკები აქვთ, სახლი და სამუშაო ადგილი აღჭურვილია სპიკერებით და აუდიოაპარატურით.
სმენის ვექტორის წარმომადგენელთა უმეტეს ნაწილს არ შეუძლია ისეთ ადგილთან ახლოს მუშაობა სადაც ხმაურია. იმისათვის რომ რაიმეზე კონცენტრირება შეძლონ, მათ აბსოლუტური სიჩუმე სჭირდებათ. მათ შეიძლება მომუშავე ელექტრომოწყობილობებმაც კი გაუფანტოს ყურადღება და ამის გამო მათი პროდუქტიულობა დაეცეს.
ინტუიცია და სმენის ვექტორი
სმენის ვექტორიანი ადამიანი ძალიან დაკვირვებულია. ის ხედავს თანამოსაუბრეს გამჭოლ და ხშირად მისი სამომავლო ქცევების გამოცნობაც შეუძლია. მაღალი ინტელექტის წყალობით ძალიან რთულია ამ ადამიანის მოტყუება. ის ხმის ინტონაციის მცირედი ცვლილების შემთხვევაშიც კი აღმოაჩენსტყუილს. თუმცა ვინც მოატყუა, ვერასოდეს მიხვდება, რომ მისი საიდუმლო ამოხსნეს. სმენის ვექტორიანი არ მოაწყობს ხმამაღალ სკანდალს, ნაცვლად ამისა იგი უჩუმრად გადახედავს თქვენთან ურთიერთობებს და გარკვეულ დასკვნებს გამოიტანს.
სმენის ვექტორიანი ადამიანის ხასიათი
სმენის ვექტორის წარმომადგენლები ძალიან გულკეთილი და გულისხმიერი ადამიანები არიან. თუმცა საკუთარ შინაგან სამყაროში გამოკეტილობის გამო მათი ყურადღების მიპყრობა რთულია. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამოა მიჩნეული, რომ სწორედ სმენის ვექტორის მატარებელნი განიცდიან ყველაზე ღრმა ემოციებს, განსაკუთრებით ურთიერთობებში. ისინი საკუთარ გრძნობებს არასოდეს გამოიტანენ სააშკარაოზე, არადა შიგნით შესაძლოა ემოციათა მთელი ქარბუქი ჰქონდეთ. მათზე ხშირად ამბობენ „ამ სამყაროდან არ არის“. უცნაურები და ჩუმები, ისინი ძალიან შერჩევითად ეკიდებიან მეგობრების და ნაცნობების არჩევას. მათ უმეტესობას არ შეუძლია საკუთარი კითხვისა და განცდების ვერბალურად სწორად გამოხატვა. ყველაზე ხშირად გადაწყვეტილების ამოხსნა მათ აზრებში თავისთავად მოდის ხოლმე.
მაგალითად სმენის ვექტორის მატარებელი ფიზიკოსი ვერასოდეს ვერ იტყვის, რომ ის სამყაროსეულ საკითხებს წყვეტს. ის გულწრფელად ფიქრობს, რომ მუშაობს ერთ ჩვეულებრივ საკითხზე, რომელზე პასუხიც მანამდე არავის უპოვნია. სმენის ვექტორის მქონე ადამიანები ძალიან ზომიერები და აუჩქარებლები არიან. ეს ეხება ყველაფერს კითხვებზე პასუხების მოძებნიდან დაწყებული ომის დროს მათი ქცევებით დამთავრებული. ხშირად უფიქრდებიან ცხოვრების უმაღლეს საზრისს, და ამიტომ ხშირად არიან რელიგიურნი.
პროფესიის არჩევა სმენის ვექტორის მქონე ადამიანების მიერ
ადამიანი სმენის ვექტორით იშვიათად ხდება ლიდერი და პროფესიის არჩევამდე ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. ის ვერ გაართმევს თავს მმართველის ან კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობებს. პროგრამისტობა, სისტემური ადმინისტრატორობა, ან ნებისმიერი ინფორმაციული პროდუქტის შემუშავება - ეს ის მიმართულებებია სადაც სმენის ვექტორიანმა ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავის რეალიზება სრულად მოახდინოს.
ურეთრალ-სმენის კომბინაცია ადამიანში
მე უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ერთ ადამიანში შეიძლება ერთდროულად რამოდენიმე ვექტორი თანაარსებობდეს. ამ კომბინაციათაგან ერთ-ერთია ურეთრალურ-სმენის ვექტორი. ურეთრალური ვექტორი და სმენის ვექტორი - ეს ორი საპირისპირო პოლუსია ვექტორულ ფსიქოლოგიაში და შეუძლებელია, რომ ისინი ერთ ადამიანში ერთად წარმოვიდგინოთ. პირველები - აქტიურები, ძალიან რეაქტიულები და ინიციატიურები არიან, მეორენი კი - შენელებულნი, საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაძირულნი. ადამიანები ურეთრალურ-სმენის ვექტორით ამ ორ განსხვავებულ მდგომარეობას ერთმანეთს უთავსებენ. ისინი ერთი ფაზიდან მეორეში გადადიან, მაგრამ ძალიან რთულად გადააქვთ ეს მკვეთრი ცვალებადობა. ბევრს არ შეუძია ჰარმონიის მიღწევა, რადგან ამისათვის საჭიროა საკუთარ თავში ორივე ვექტორის მიღება და მათი სწორად განვითარება.
ვიზუალ-სმენის კომბინაცია ადამიანში
ვიზუალური და სმენის ვექტორიანი ადამიანები ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისინი კეთილები, გულისხმიერნი და ერთნაირად არაპრაქტიკულები არიან. ამ ორი ვექტორის შეთავსება ადამიანს პროდუქტიულს ხდის. ასეთი კომბინაცია ავსებს ერთიმეორეს, როგორც ერთ ადამიანში ისე მათში, ვინც ერთ ტერიტორიაზე მუშაობს ან ცხოვრობს.
სმენის ვექტორის სწორი განვითარება შესაძლებლობას იძლევა ადამიანმა საკუთარ თავში გამოავლინოს ტალანტები და განსაკუთრებულობანი, ამიტომაა, რომ აუცილებელია ჯერ კიდევ ბავშვობაში იქნეს მიგნებულისმენის ვექტორის პატარა წარმომადგენლის აღზრდის სწორი მეთოდი.
სმენის ვექტორიანი ბავშვების სწორად აღზრდა
ბავშვები სმენის ვექტორით ხშირად სვამენ კითხვას ცხოვრების აზრზე და სამყაროზე. აუცილებელია, რომ მათთან ეს თემები მთელი სერიოზულობით განვიხილოთ, გავუღვიძოთ დამოუკიდებლად ფიქრისა და დასკვნების გამოტანის უნარი. სმენის ვექტორის წარმომადგენლმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა „გამოგლიჯოთ“, ან იჩქაროს პასუხის მიგნება. მათ კონცენტრირებისათვის დრო სჭირდებათ. მასთან კამათის დროს სჯობს, ხმას არ ავუწიოთ, არამედ ჩვენი პრეტენზიები მშვიდი ტონით გამოვხატოთ. ხმამაღალი ბგერები უარყოფითად მოქმედებს სმენის ვექტორის მქონე ადამიანის ფსიქიკაზე და მის ტრამვირებას განაპირობებს. აუცილებელია სმენის ვექტორის მქონე ადამიანს საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობა მიეცეს. კლასიკური მუსიკა მას ამშვიდებს და აწონასწორებს. არახმამაღალი მუსიკა ან სიჩუმე - ეს არის იდეალური პირობები სმენის ვექტორის მქონე ადამიანისათვის.
დასკვნები
სმენის ვექტორის მქონე ადამიანები უდიდეს პოტენციალს ფლობენ, მათი ინტელექტის დონე ძალიან მაღალია. გონებრივი შესაძლებლობების სწორი და დროული განვითარების შემთხვევაში ისინი შეიძლება გენიოსებიც კი გახდნენ. მრავალ გამოჩენილ სწავლულს, ფიზიკოსს, მწერალს და სხვა დიადი გონებების მატარებალს კარგად განვითარებული სმენის ვექტორი ჰქონდა. სწორედ ისინი აკეთებდნენ გრანდიოზულ აღმოჩენებს მეცნიერებაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მომავალი ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე მოხდეს ამ ვექტორის აღმოჩენა და მისი რეალიზება.
აქ დავასრულებთ ჩვენს მცირე შეჯამებას სმენის ვექტორის ადგილის შესახებ სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში. ვიმედოვნებ, რომ ეს მონათხრობი გამოსადეგი იქნება თქვენთვის და შესაძლებლობას მოგცემთ, გაიაზროთ თქვენი ხასიათის სუსტი და ძლიერი მახასიათებლები.
წყარო
მთარგმნელი: მამუკა გურული