რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)


რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია
(პირველი ნაწილი)

  თითოეულ ვექტორს აქვს საკუთარი მექანიზმი, რომლითაც აზროვნებს, აგებს ურთიერთობებს, რანჟირდება გარე სამყაროსთან და ა.შ. ამჯერად ჩვენ გადავდივართ ადამიანის ურთიერთობის შესაძლებლობების განხილვაზე, ეს არის მცენარეული დონე ადამიანის შიგნით, ის არის ფსიქიკის მესამე ფენა, ფსიქიკური სხეულის მოცულობის და აზროვნების დონის შემდეგ, მაგრამ მეორეა ცნობიერების დონეებს შორის, რადგან ფსიქიკური სხეულის მოცულობის დონეზე, არის მხოლოდ არაცნობიერი და ქვეცნობიერი, ცნობიერება კი მოდის აზროვნების დონიდან. მეგობრობა ურთიერთობის თვისებაა, შესაბამისად თითოეული ვექტორი სამეგობრო წრეს ირჩევს თავისი ურთიერთობის თვისებებიდან გამომდინარე.

მეგობრობა კუნთის ვექტორში

კუნთის ვექტორიანებს ურთიერთობების კუთხით აქვთ ერთი უცნაურობა. კერძოდ: კუნთის ვექტორი კოლექტიური ფსიქიკის ვექტორია, მას არ გააჩნია საკუთარი ,,მე“, ის საკუთარ თავს არ აღიქვამს ჯგუფისგან გამოცალკევებულად, არამედ არის ერთიანი ჯოგური ,,ჩვენ“-ის ნაწილი. მისი ,,მე“, ანუ მისი ინდივიდუალობის ხარისხი, ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე, ხოლო მისი ფსიქიკა გაერთიანებულია კოლექტივთან. ,,სადაც სხვები, იქაც მე“, ,,როგორც იტყვით ისე გავაკეთებ“, და ა.შ. კუნთის ვექტორისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ჯგუფისგან ჩამოშორებაა, სწორედ კუნთის ვექტორიანთათვისაა ყველაზე მტკივნეული ციხის ,,კარცერში“ მარტო ჩასმა, ჯგუფისგან გაძევება, მოკვეთა...

მეგობრობა როგორც ასეთი კუნთის ვექტორში პრინციპში საერთოდ არ არსებობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მეგობრობა ინდივიდების, განსხვავებული ,,მე-ების“ ურთიერთობას გულისხმობს, კუნთს კი ,,მეს“ განცდა არ აქვს. ერთვეტორიანი კუნთი შეიძლება ბმად ემორჩილებოდეს ვინმეს, იყოს გამყოლი, მიმდევარი, ერთგული, მაგრამ არა მეგობარი. მას არ აქვს საკუთარი სურვiლები (გარდა სხეულებრივისა), საკუთარი ნება, არ აქვს ის ბაზა, რომელზეც მეგობრულ ურთიერთობას ააგებს. თუ ვინმემ უთხრა ჩემი მეგობარი ხარო, ერთვექტორიანი კუნთი ამას უპირობო მოცემულობად ჩათვლის და მიიღებს ისე, რომ ვერც კი გააანალიზებს ეს რას ნიშნავს. რა თქმა უნდა ,,მეგობარს“ არ უღალატებს, ამისთვის ასევე არანაირი მოტივაცია არ აქვს, ბოლომდე ბრმად გაყვება, მაგრამ ეს იქნება მორჩილება და არა მეგობრობა.

მეგობრობა ანალურ ვექტორში

როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობებზე ანალურ ვექტორში, უნდა გვახსოვდეს, რომ ურთიერთობა ანალების მშობლიური სიტყვაა, ანალური ვექტორი ურთიერთობების ვექტორია. ნებისმიერი ურთიერთობა რომელსაც ანალის ვექტორიანი ამყარებს, გამომდინარეობს იქიდან, რაც უკვე მის ტვინშია ჩაბეჭდილი. მათ არ შეუძლიათ რაღაცას ,,მოერგონ“, ამ სიტყვას საერთოდ ვერ იტანენ, ამიტომ თავის ნათქვამზე ყოველთვის მყარად დგანან, ჯიუტადაც კი. ვინ არიან სხვები, მათ აზრზე რომ გადავიდეს და მათ წესრიგს შეეწყოს. ანალის ვექტორიანის ფსიქიკა რაღაცით მოგაგონებთ ტროლეიბუსს, ის მუდამ ერთი და იმავე ხაზზე დადის, ერთი და იმავე გზით და ამ გზიდან არფრისდიდებით არ გადაუხვევენ. ანალის ვექტორიანებს უყვართყველაფრისთვის ადგილის მიჩენა. მათ ფსიქიკაში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, როგორც ნივთებს - ისე ადამიანებს.

ანალის ვექტორიანები ხარისხობრივად აზროვნებენ, როდესაც ანალის ვექტორიანი პოულობს საკუთარ ხარისხს, თავისნაირი ხარისხის მქონე ადამიანებთან კი არ კონკურირებენ, არამედ - მეგობრობენ. ,,შენ ჩემნაირი ხარ“ - ეს ანალურ ვექტორში ნიშნავს ერთნაირ ხარისხს. თუ ანალის ვექტორიანმა ჩათვალა რომ თქვენ და მას ერთნაირი ხარისხი გაქვთ, მას თქვენს მიმართ პატივისცემის გრძნობა უჩნდება.

რას ნიშნავს ანალმა გაღიაროთ მისნაირი ხარისხის მქონედ? ამისთვის უნდა შევხედოთ თუ როგორ აღიქვამს სამყაროს ანალის ვექტორიანი. ანალებისთვის სამყარო დაყოფილია ხარისხებად, სადაც მას, საკუთარი თავისთვის ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს მინიჭებული. თუ მან ვინმე თავისნაირი ხარისხის მატარებლად ჩათვალა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს უმაღლესი ხარისხი მიანიჭა და ის აღიარა თავისნაირად, ამიტომ მას პატივს სცემს.

ანალის ვექტორიანები წარსულის ხალხია, ისინი ამოდიან წარსულიდან, ნებისმიერი მოვლენა მათთვის ფიქსირებულია წარსულში და ვერ შეიცვლება, ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც ხდება, ანალებისთვის ხდება ერთხელ და სამუდამოდ (განსაკუთრებით ერთვექტორიანი ანალებისთვის). ისინი ქორწინდებიან ერთხელ და სამუდამოდ, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ (ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე სურთ), პროფესიას ირჩევნ ერთხელ და სამუდამოდ და მეგობრობითაც ერთხელ და სამუდამოდ მეგობრობენ. ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში არსებობს მოვლენა - სისხლით ძმად შეფიცვა. ეს ნიშნავდა, რომ ანალის ვეტორიანმა ვიღაც ძმად მიიღო, რომ მათი მეგობრობა სისხლითაა გამყარებული და ვერასოდეს ვერაფერი დაარღვევს. საერთოდ ანალები ყველაზე ერთგული მეგობრები არიან, განსაკუთრებით კარგად განვითარებული ანალები.

ანალური მოგობრობის შესანიშნავი მაგალითია ,,ბეჭდების მბრძანებელში“ აღწერილი სემ გენჯის მეგობრობა ფროდოსთან. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გასცილებია საკუთარ სოფელს, სემი მიყვება ფროდოს, მისთვის სიცოცხლით რისკავს, მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს, გვერდით უდგას და მაშინაც კი არ ტოვებს, როცა სიგიჟის ზღვარზე მისული ფროდო წასვლას უბრძანებს.

ანალურ ვექტოში საქმე გვაქვს ერთ უცნაურობასთან, კერძოდ: ერთვექტორიან ანალებში არ არსებობს მეგობრობა საწინააღმდეგო სქესის ადამიანთა შორის. ანალური მეგობრობა - ესაა ერთნაირი სქესის ინდივიდთა მეგობრობა. რატომ? იმიტომ რომ ანალის ვექტორიანები განსხვავებულ სქესს განსხვავებულ ხარისხად აღიქვამენ, განსხვავებული ხარისხი კი ანალისთვის ნიშნავს რომ თქვენ მისნაირი არ ხართ და თუ მისნაირი არ ხართ თქვენთან ვერ იმეგობრებს.

მეგობრობა კანის ვექტორში

კანის ვექტორთან სრულიად სხვა სიტუაციაა, კანს არ ჰყავს მეგობრები (ამ სიტყვის ანალური მნისვნელობით), მას ყავს სასარგებლო ნაცნობები. მეგობრობა თავისი არსით დროში ხანგრძლივ ურთიერთობას და უანგარო ურთიერთდახმარებას გულისხმობს, ეს კი კანის თვისებები არ არის. კანს პატარა, მაგრამ მოქნილი ფსიქიკა აქვს. ამ ფსიქიკას შეუძლია ადაპტირდეს ნებისმიერ მდგომარეობასთან, მაგრამ როცა მდგომარეობა იცვლება, კანი ამ მდგომარეობასთან ერტად იწყებს ცვლას და შესაბამისად ახალ მდგომარეობას ერგება. მითუმეტეს კანური თვისება არაა უანგარობა. რას ნიშნავს იყოს უანგარო ვინმესთვის? ეს ნიშნავს რაღაც გააკეთოს და არ მიიღოს ამაზე უკუკავშირი, არ მიიღოს სარგებელი. ეს კი კანისთვის წარმოუდგენელია. რატომ უნდა აკეთოს რამე ტყუილად? კანის ფუნქცია ადაპტაციაა, აწმყოსთან მორგება. მეგობრობა კი წარსულის გამოცდილებიდან წამოსული ურთიერთკავშირია. კანისთვის წარსული უსარგებლო ნაგავია (თუ რა თქმა უნდა ამაში ფულს არ უხდიან).

კანის ვექტორი ურთიერთობს სასარგებლოობის პრინციპით. შოთას მანქანა ყავს, ვალერის გავლენიანი სანაცნობო, ანზორის არცერთი. ე.ი. შოთასთან და ვალერისთან ,,დამეგობრება“ ღირს, ანზორისთან არა. მაგრამ თუ ანზორი ერთადერთი დამაკავშირებელია შოთასა და ვალერისთან, მაშინ ანზორიც სასარგებლოა, მანამ მაინც სანამ მისთვის სასარგებლო ხალხთან დამაკავშირებელი რგოლია. თუ მოცემულობა იცვლება, მასთან ერთად იცვლება კანის ვექტორიანის დამოკიდებულებაც.

თუ ანალისთვის მეგობრობა მყარი და უცვლელი მოცემულობაა, კანისთვის ის ლავიებადი დროებითობაა. თუ ანალის ვექტორიანმა ვინმეს მეგობრობა შეფიცა, ის მისი მეგობარი იქნება ნებისმიერ მოცემულობაში. მაშინაც, როცა მეგობარს უჭირს და მაშინაც როცა ბედნიერია. კანის ვექტორიანისთვის ასეთი დამოკიდებულება უაზრობა და რესურსის ფლანგვაა. იმეგობროს მასზე წარუმატებელთან, ეს მისთვის ნიშნავს რესურსის უაზროდ გაფლანგვას. ამიტომ კანი ურთიერთობს მათთან, ვისთან ურთიერთობაც სასარგებლოდ მიაჩნია და მიდის, როცა ეს ურთიერთობა მისთვის უსარგებლო ხდება.

რა თქმა უნდა კანს შეუძლია ვინმეს მეგობარი დაარქვას, შესაძლოა მასთან რაღაც დროით ურთიერთობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა მოცემულობაზე იქნება დამოკიდებული და მოცემულობის ცვლასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს.

მეგობრობა ურეთრალურ ვექტორში

ურეთრალურ ვექტორთან სიტუაცია სრულიად სხვაა. საქმე იმაშია, მეგობრობა ერთის ერთთან ურთიერთობაა, ურეთრალური ვექტორი კი ჯგუფური კატეგორიებით აზროვნებს. ის ბელადია და პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ მთელ ჯგუფზე. ინდივიდუალური ადამიანები მისთვის ორ კატეგორიად იყოფა: თქვენ ან მისი ჯგუფის წევრი ხართ, ან არავინ. ურეთრალური ვექტორი არ კონკურირებს სხვა ადამიანებთან, შესაძლოა მისი ჯგუფი სხვა ჯგუფთან კონკურირებდეს, მაგრამ მას პირადად გასაყოფი არავისთან არაფერი აქვს.

საკუთარ ჯგუფში ურეთრალის ვექტორიანი ბელადია, ჯგუფის წევრებისადმი მის დამოკიდებულებას ეწოდება ბელადის გულმოწყალება. ის ზრუნავს საკუთარ ჯგუფზე, მის კეთილდღეობაზე, რა თქმა უნდა შესაძლოა ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მის ცალკეულ წევრებთანაც ურთიერთობდეს, მაგრამ ეს ჯგუფის ინტერესებიდან წამოსული ურთიერთობაა და არა მეგობრობა.

ზოგადად ურეთრალის ფსიქიკა არ ცნობს ცალკეულობას, ის ხედავს ტყეს და არა ცალკეულ ხეებს. ერთერთ ლექციაში ურეთრალის აღსაწერ მაგალითად მოვიყვანეთ ძაღლებშებმული მარხილი, სადაც წინ დგას ერთი ძაღლი, ყველა დანარჩენი კი მის უკანაა. ძაღლი, რომელიც გარბის პირველი ყველაფერს უყურებს, ხედავს ტუნდრის უკიდეგანო სივრცეს, ხედავს როგორ ამოდის მზე, ხედავს ცას, მიწას, ხედავს ჰორიზონტს რომელიც დროის ყოველ მონაკვეთში ძალიან შორია, და მის წინ იშლება ხედვის არეალი, აბსოლუტურად თავისუფალია მისი შეგრძნება და აზროვნება. რაღაც მომენტში ეს მას აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს საით აიღოს მიმართულება მარჯვნივ თუ მარცხნივ. სად შეიძლება იყოს საფრთხე რომ მოახდინოს სწრაფი რეაგირება. უკვე გასაგებია, რომ მოწინავე ძაღლი ხედავს როგორ იცვლება გარშემო ლანდშაფტი. ის პირველი ანელებს სირბილს ტყეში შესვლისას და პირველი აჩქარებს სირბილს ტუნდრაში. მას ერთადერთსა აქვს შესაძლებლობა იყუროს წინ. მის ქმედებაზეა დამოკიდებული მთელი მარხილის და ყველა დანარჩენი ძაღლის ბედი, ამიტომ თუ ის ყოველი ძაღლის, ყოველ წვრილმან აწკავწკავებაზე გაჩერდა, ჯგუფი წინ ვერ წავა, ამასთან ყურადღების უკან კონცენტრაციამ შესაძლოა მხედველობიდან დააკარგვინოს წინ არსებული საფრთხე.

ასევეა ურეთრალიც, ის არ კონცენტრირდება თითოეულ ინდივიდზე, ყველაფერს, რასაც აკეთებს, აკეთებს ჯგუფისთვის და ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა ურეთრალს აქვს ინდივიდუალური ურთიერთობები, მაგრამ ეს არ არის არც ანალივით ხარისხებით ურთიერთობა და არც კანური სასარგებლო ნაცნობობა.

  როდესაც ურეთრალის ვექტორიანი ბავშვობაში, ან მოზარდობისას იწყებს საკუთარი ფუქციის მოსინჯვას, მის გარშემო ხშირად იკვრება გარკვეული ჯგუფი. როგორც წესი ამ ჯგუფში ურეთრალი ყველაზე გამოკვეთილად ორალის ვექტორიანთანაა დაახლოებული (განსაკუთრებით ანალ-კან-ორალთან), ისინი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს, ორივეს მძლავრი ფსიქიკა აქვს, ორივეს უშრეტი ენერგია გააჩნია. ხშირად ეს ურთიერთობა შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდეც გაგრძელდეს და ის მართლა ძალიან ჰგავს მეგობრობას, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ თუ ჯგუფის ინტერესებმა მოითხოვა და არჩევანის წინაშე დადგა მეგობარსა და ჯგუფს შორის, ურეთრალი პრიორიტეტს სწორედ ჯგუფს მიანიჭებს.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • ვექტორები და სიკვდილი

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)