კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება


კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

ნებისმიერი ვექტორის ქონა გულისხმობს არამარტო ამ ვექტორისათვის დამახასიათებელი ხასიათის შტრიხების, თვისებებისა და სურვილების ქონას, არამედ ამ სურვილების ავსებისა და ვექტორის ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო უნარსა და ენერგიასაც. ეს გულისხმობს, რომ სწორი განვითარების პირობებში, ყველა ადამიანს გვაქვს უნარი და შესაძლებლობა, სრულად შევასრულოთ ყველა ვექტორის ფუნქცია.

ფსიქოლოგიაში უმეტესად დაზიანებებსა და პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ეს გასაგებია, რადგან სწორედ დაზიანებები და სირთულეები “გვტკივა“ და მოითხოვს ჩვენს ყურადღებას.

თუმცა, კარგი იქნება, სადმე, გონების რომელიმე თაროზე, სწორად განვითარებული ვექტორების სურათიც გვედოს და ვიცოდეთ, რას ნიშნავს ბოლომდე რეალიზებული ესა თუ ის ვექტორი.

დღეს კანის ვექტორზე ვისაუბრებთ.

იდეალურად განვითარებული კანი, ჯგუფზე და ჯგუფის რესურსებზე ისევე ზრუნავს, როგორც საკუთარზე, რადგან ის უკვე იაზრებს, რომ ჯგუფი მისთვის აუცილებელია და ჯგუფის კეთილდღეობა მის კეთილდღეობას ზრდის.

სხვადასხვა ვექტორებთან კომბინაციაში იდეალურად განვითარებულ კანს იპოვით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, განსაკუთრებით მათი შექმნა, გამოგონება და ოპტიმიზაცია, საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ბიზნესში, საინჟინრო სფეროში, ხელოვნებაში, სპორტში, ასევე ყველგან, სადაც მათი ორგანიზატორული ნიჭი იპოვის გამოვლინებას - სწორად განვითარებული კანები ცდილობენ არამარტო თვითონ მიიღონ სარგებელი, არამედ გასცენ, „მოაწყონ“ სამყარო ყველასთვის სასარგებლოდ და ამით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ.

განვითარებული კანები ხშირად არიან კანონმდებლები, კანონის დამწესებლები, ისინი ვინც აწესებენ ზღვარს დაშვებულსა და დაუშვებელს შორის და ამით ასრულებენ თავიანთ ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას, დაუდონ ყველაფერს საზღვარი, მისცენ ფორმა.

კანის თვისებები, მოერგონ გარემოს, ჰქონდეთ უსწრაფესი რეაქცია, მიიღონ სარგებელი თითქმის ყველა სიტუაციიდან, ოპტიმალურად გაანაწილონ და გამოიყენონ რესურსები მაქსიმალური შედეგის მისაღებად - იდეალური განვითარების შემთხვევაში, პიროვნებიდან ჯგუფის დონეზე ადის და ზემოთჩამოთვლილ უნარებს ის უკვე საზოგადოების კეთილდღეობას ახმარს.

კანის ვექტორი, როგორც ვიცით, არქეტიპულად მონადირე, შემგროვებელი და რესურსების გადამანაწილებელია. მენეჯერი, რომელიც წყვეტს, როგორ განაწილდება ყველაფერი, რამდენი დაიხარჯება, რამდენი შეინახება და ა. შ. რესურსებში კი იგულისხმება ყველაფერი, დროის, ენერგიისა და ადამიანების ჩათვლით. ჯარისკაცია, რომელსაც ესმის დისციპლინის, რეჟიმისა და კონტროლის ფასი. ადამიანია, რომლის გონებაც ლოგიკურად აზროვნებს და რაციონალიზაცია სისხლში აქვს გამჯდარი.

გინახავთ სრულყოფილად მოწესრიგებული ადამიანი? რომელსაც ვერც ერთ დღეს ვერ გამოიჭერთ, რომ არ ეცვას გარემოს შესაბამისად, არ ჰქონდეს ყველაფერი თავის ადგილზე, თმის თუნდაც ერთი ღერი არ იყოს მიჩენილ ადგილას? - ეს კანური მოწესრიგებულობაა. მათთვის კანის სისუფთავე და მოსახერხებელი სამოსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ, განვითარებული კანი ყოველთვის მოწესრიგებულად და სიტუაციის შესაბამისადაა ჩაცმული. ამასთან მისი სამოსი ყოველთვის კარგადაა მორგებული და ხარისხითაც გამოირჩევა.

კი, მაგრამ, ასე ხომ განვითარებული ანალიც ყოველთვის სუფთაა და აკურატულია? გაგიჩნდებათ კითხვა. დიახ. თუმცა კანისათვის სისუფთავეცა და მოხერხებული სამოსიც სხვა საწყისებიდან მოდის. პირველ რიგში, კანი მისი ეროგენული ზონაა, ამიტომ მისი მოვლა მნიშვნელოვანია. ხარისხიანი მატერიის საჭიროებაც აქედან მოდის - კანს არაფერი უნდა უხეხავდეს, არაფერი უნდა აწუხებდეს და შესაბამისად, უწევს ყურადღება სამოსის შემადგენლობაზე გაამახვილოს.

რაც შეეხება მოწესრიგებულობასა და შეხამებით ჩაცმას - ეს მოდის გარემოსთან შეხამებისა და ფეხის აწყობის მოთხოვნილებიდან - კანს, ანალისგან განსხვავებით აქვს მოთხოვნილება, „შესაფერისად“ ეცვას, ხაზი გაუსვას თავის მაღალ რანგს, ან თანამდებობას, საკუთარ პოზიციას, ამიტომ აქვთ სიტუაციების შესაბამისი „უნიფორმები“ - ჯარისკაცის ფორმა, ბიზნესმენის კოსტუმი, საოფისე ჩაცმულობა - რომლებსაც იდეალურად მოწესრიგებულად ატარებენ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი განსხვავდებიან ანალებისაგან - კანებს ხშირად აცვიათ ტანზე მომდგარი სამოსი, მაქსიმალურად მოხერხებული, ისე, რომ ხელს არ უშლიდეს მათ მოძრაობას - ეს უკანასკნელი კი, მათთვის აუცილებელია. ანალები, ირჩევენ ფართო სამოსს, პირველ ადგილზე სისუფთავესა და კომფორტს აყენებენ. ანალებს იშვიათად აქვთ რაიმე მოჭერილი, მაშინ, როცა კანებს შეუძლიათ თმაც კი მეტისმეტად გადაიჭიმონ( განსაკუთრებით ომის მდგომარეობაში მყოფ კანებს)

გყოლიათ მეგობარი, რომელსაც არასდროს ჩაეძინება დილით, არ დააგვიანდება შეხვედრაზე, არ დაუჯდება ტელეფონი მოულოდნელად, არ დაავიწყდება სახლში მნიშვნელოვანი დოკუმენტები, „რადგან აგვიანდებოდა და გამოიქცა“ - ესეც განვითარებული კანია, რომლისთვისაც ორგანიზებულობა და რეჟიმი ბუნებრივი მდგომარეობაა.

ზოგადად, კანებისათვის დრო ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია, ამიტომ მას მეტისმეტი პატივისცემით ეპყრობიან, ცდილობენ არც ერთი წუთი დაკარგონ და სხვისგანაც იგივეს მოითხოვენ. განვითარებული კანი უაღრესად პუნქტუალურია, დროზე მოდის და ცდილობს, ყოველთვის დროზე წავიდეს. ეს განსაკუთრებით ადვილი დასანახი სამსახურებშია, სადაც საქმეში ანაზღაურების საკითხიც ერთვება - კანი წუთი-წუთზე მოდის და ასევე ზუსტად სამუშაო დროის დასრულებისთანავე ცდილობს წასვლას.

ალბათ იცნობთ ადამიანს, რომელიც დღეში წარმოუდგენელი რაოდენობის საქმეს ასწრებს? ესეც სწორად განვითარებული კანი გახლავთ და ამაში მას ორი რამ ეხმარება - მულტიფუნქციურობა და დროის ეფექტიანად გამოყენების ნიჭი.

საუკეთესოდ განვითარებულ კანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს და ყველა ბოლომდე მიიყვანოს. მისი გონება ანალის გონებისგან(რომელიც ერთი საქმის ბოლო დეტალამდე შესრულებაზეა აქცენტირებული) განსხვავებულადაა ორგანიზებული, მას შეუძლია ერთდორულად რამდენიმე პროცესი აკონტროლოს, რომლებიც იდეალურად აწყობილი მექანიზმის ნაწილებივით ჩასხდებიან კანის მიერ შედგენილ დროის ბადეში.

სწორად განვითარებული კანის სახლში ნივთები, როგორც წესი, ყველაზე ერგონომიულადაა განაწილებული - სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული და კიდევ ერთი დეტალი - მოძრაობასა და გადაადგილებას ხელს არაფერი უშლის. კანისათვის სივრცეც რესურსია, რომელიც ასევე ოპტიმალურად უნდა გამოიყენოს. აქ ყურადღება ერთ დეტალს უნდა დავუთმოთ სახლის მოწესრიგებაა და ზოგადად მოწესრიგებულობაა. ეს არ გახლავთ ანალური სისუფთავის მოყვარულობა, რასაც ბევრი მიამსგავსებდა. კანი ასე არ ფიქრობს. ეს არის რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მოთხოვნილება. მან იცის, რომ ჯანმრთელი უნდა იყოს, რისთვისაც სისუფთავე, ჯანსაღი მასალები, საკმარისი სივრცე, სწორად მოწყობილი სახლი და წესრიგია საჭირო. ამიტომ ის სახლს და ნებისმიერ გარემოს, სადაც უწევს ყოფნა - აწესრიგებს, ირგებს ისე, რომ მაქსიმალურად მოხერხებულად იყოს და ნებისმიერი რამის ასაღებად მინიმალური ძალისხმევა დასჭირდეს.

კანებზე საუბრისას ხშირად მოგვიწევს სიტყვა ოპტიმალურის გამოყენება. ის ზუსტად შეესაბამება კარგად განვითარებულ კანს. დაზიანებების, სტრესების ან/და განუვითარებლობის შემთხვევაში კანები ან მეტისმეტად ძუნწები ან უაზროდ მფლანგველები ხდებიან, იდეალური განვითარების შემთხვევაში კი ახერხებენ დააბალანსონ და ზუსტად საკმარისი რაოდენობის, ასე ვთქვათ ადეკვატური რაოდენობის რესურსები გამოიყენონ.

განვითარებული კანები კარგად იმახსოვრებენ რიცხვებს, ციფრებს, ახსოვთ ტელეფონის ნომრები, ფასები, რაოდენობები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თუ განუვითარებელი კანები მხოლოდ ეკონომიის გაკეთებას ცდილობენ და ხარისხთან მიმართებაში ფასი უფრო პრიორიტეტულია, მაღალგანვითარებული კანი უკვე ორივეს ითვალისწინებს და ხარისხის შესაბამის ღირებულებას აღიქვამს.

განვითარებული კანისათვის რესურსის და სარგებლის საზომი მხოლოდ ფული აღარაა. მას უკვე შეუძლია, ასე ვთქვათ „რეალური“ სარგებელი გამოთვალოს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ასევე პრიორიტეტული ხდება გრძელვადიანი სარგებელიც, ჯგუფისა და, შესაბამისად, თავისთვისაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეალური განვითარების კანმა იცის, რომ ჯგუფის კეთილდღეობა გაცილებით მეტად სარგებლიანია მისთვის სწორედ მას აყენებს წინა პლანზე.

ალბათ ყველანი შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი იციან სწორი კვების შესახებ. იციან რა, როდის, როგორ რა რაოდენობით მიირთვან და ნებისყოფაც ყოფნით, წლობით დაიცვან სწორი კვების რეჟიმი? ისეთები, ვინც რეგულარულად დადიან სპორტდარბაზში, დარბიან, ცეკვავენ, იოგას მისდევენ და ამ ყველაფერს ერთი მიზნით აკეთებენ - მათი სხეული ჯანსაღი და მოქნილი უნდა იყოს, საკვები, რასაც იღებენ, აუცილებლად სასარგებლო, საკმარისი(და არასდროს ზედმეტი - ეს ხომ რესურსების უაზრო ხარჯვა იქნება!). მაშინ თქვენ განვითარებული კანის კიდევ ერთი ნიშან-თვისება გინახავთ - ჯანსაღი და მოქნილი სხეული სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელია.

დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა კი ამ ყველაფერში ძალიან გამოსადეგი ხდება. განვითარებული კანები აუცილებლად იცავენ რაიმე რეჟიმს, აქვთ დაგეგმილი დღე და ზოგადად მათი „მოტტო“ ორგანიზებულობაა.

განვითარებული კანები თითქმის არ კარგავენ დროს, მაქსიმალურად აბალანსებენ სამუშაოსა და დასვენებას, არ სხედან უქმად და ცდილობენ ყველა წუთი შედეგიანად გამოიყენონ. უბრალოდ, დაზიანებების მქონე კანებისგან განსხვავებით, დასვენებაც დროის შედეგიანად გამოყენებად მიაჩნიათ.

რეჟიმი, დისციპლინა, მოქნილი გონება და ძლიერი ნერვული სისტემა მართლაც ეხმარება მათ ენერგიისა და დროის სწორად გამოყენებაში, ამიტომ როგორც წესი, მალევე სწავლობენ ლიდერობას, ავლენენ მენეჯერულ თვისებებს, შესაბამისად კარიერულ და პროფესიულ საქმიანობაშიც წარმატებულნი არიან, გვევლინებიან მმართველობით პოზიციებზე და იქაც თავიანთი ღირებულებების საზოგადოებისათვის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობენ.

ავტორი: ნუცა ნიკოლიშვილი

მსგავსი სტატიები

  • როგორ აყალიბებს სტრესი მდგომარეობებს

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (პირველი ნაწილი)

  • კანის ვექტორის საუკეთესო განვითარება

  • ვექტორები და სიკვდილი

  • განსხვავება ზედა და ქვედა ვექტორებს შორის (მეორე ნაწილი)

  • ფსიქოტიპები სისტმურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში

  • რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია (ნაწილი მეორე)

  • მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი